კონსტანტინეს ნაბოძვარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XIII საუკუნის ფრესკა, სადაც გამოსახულია, თუ როგორ გადასცემს კონსტანტინე დიდი რომის პაპ სილვესტრს საჩუქარს. სანტი კვატრო კორონატი, რომი

კონსტანტინეს ნაბოძვარი– ყალბი დოკუმენტი, რომელსაც რომის პაპები შუა საუკუნეებში იყენებდნენ თეოკრატიული პრეტენზიების დასასაბუთებლად.

[რედაქტირება] დოკუმენტის შექმნის ისტორია

ფრანკთა მეფემ პიპინ II–ის მეთაურობით ორგზის (754 და 756 წწ.) ილაშქრეს და სასტიკად დაამარცხეს ლანგობარდების მეფე აისტულფი. ეს უკანასკნელი კი 756 წელს იძულებული გახდა, პაპ სტეფან II–სათვის გადაეცა რავენას ეგზარქატის მიწები (ბიზანტიის იმპერიის ყოფილი ტერიტორია) და რომის ოლქის ტერიტორიები. ასე ჩაეყარა პაპების საერო ხელისუფლებას იტალიაში. ამგვარად, VIII საუკუნეში შეიქმნა პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შემდეგ, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

რავენის ეგზარქატის მიწებისა და რომის ოლქის ტერიტორიების პაპისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არცთუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს კაროლინგებისადმი დაქვემდებარებულს ხდიდა. მოპოვებული საერო ხელისუფლება „კანონიერი“ რომ გაეხადათ, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება, იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა პიპინ მოკლესაგან, არამედ იმპერატორ კონსტანტინე დიდისაგან (306337). ასე ჩაეყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ (Donatio Konstantini).

პაპები კონსტანტინეს პიროვნებაზე შემთხვევით არ შეჩრებულან. იგი იყო პირველი ოფიციალური პიროვნება, იმპერატორი, რომელიც ქრისტიანული წესით მოინათლა და რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, თუმცა, ეს ფაქტი პაპებმა სხვაგვარად წარმოსახეს წინასიტყვაობაში, რომელიც „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ წარუმძღვარეს. მათი აზრით, იმპერატორის განკურნება საშინელი სენისაგან (კეთრისაგან) შეუძლებელი გახდა, სანამ საქმეში არ ჩაერია პაპი სილვესტრი. ამ უკანასკნელმა 323 თუ 324 წელს იმპერატორი მონათლა და იგი კეთრისგან განკურნა. სამაგიეროდ, იმპერატორმა პაპს უბოძა საიმპერატორო ნიშნები: ქალაქი რომი, იტალიისა და მთელი დასავლეთის ქვეყნები და ქალაქები, სამაგიეროდ თავისთვის დაიტოვა იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. კონსტანტინეს პიროვნება პაპებისთვის იმიტომაც იყო მისაღები, რომ მას უფრო ადვილად წარმოაჩენდნენ ეკლესიის ქველმოქმედად, რადგან იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ეკლესიათა და სამრვდელოების მატერიალური უზრუნველყოფისათვის; ასევე მის სახელს უკავშირდება ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა პალესტინასა და სხვა ადგილებში. ამას ემატება დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში 330 წელს და, რამდენადაც პაპი კვლავ რჩებოდა რომში, ამ გარემოებას შეეძლო წარმოეშვა აზრი ხელისუფლებათა გამოყოფის შესახებ.

კონსტანტინეს ნაბოძვარს საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა პაპების თეოკრატიული პრეტენზიები. დიდი ხნის მანძილზე ამ დოკუმენტის სიმართლეში ეჭვი არავის შეუტანია. თვით დანტე ალიგიერსაც სჯეროდა მისი. ღვთაებრივი კომედიის ერთ–ერთ სტროფში ვკითხულობთ: „ო, კონსტანტინე! რაოდენი დაჰბადა ცოდვა არათუ შენმა მონათვლამან, არამედ ძღვენმა, რომელიც პირველ მდიდარ პაპსა შენ უთავაზე“ (ჯოჯოხეთი, ქება 19, 115). ცხადია, დანტეს ოდნავი ეჭვიც არ ეპარებოდა, „კონსტანტინეს ნაბოძვარის“ წარმომავლობაში, კონსტანტინეს მხოლოდ იმას საყვედურობდა, რომ მას არ უნდა გაეღო ძღვენი, რადგან მან ამით უამრავ ცოდვას დაუდო საფუძველი.

[რედაქტირება] სიყალბის დამტკიცება

პირველი, ვინც მეცნიერულად დაასაბუთა დოკუმენტის სიყალბე, XV საუკუნის იტალიელი ჰუმანისტი ლორენცო ვალა იყო. მან ამ მიზნით სამგვარი არგუმენტი მოიშველია: რელიგიური, ისტორიული და ფილოლოგიური.

რაფაელის სახელოსნო, „კონსტანტინეს ნაბოძვარი“, ვატიკანი

რელიგიური არგუმენტაციის თანახმად, პაპ სილვესტრისათვის ამგვარი საჩუქარი კიდეც რომ შემოეთავაზებინა კონსტანტინეს, წმ. პეტრეს მემკვიდრეს იგი არ უნდა მიეღო, რადგან სახარება კატეგორიულად კრძალავს საერო ხელისუფლების გადაცემას სასულიერო პირზე.

ისტორიული არგუმენტაციის მიხედვით, კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა რომის იმპერიას. იმპერია მან, ეუროპეუსის მოკლე ისტორიის თანახმად, თავის სამ ვაჟს დაუტოვა. ვალა ნუმიზმატიკურ მონაცემებსაც იშველიებს და ამტკიცებს, რომ კონსტანტინესდროინდელ არც ერთ მონეტაზე არც პაპია გამოსახული და არც პეტრე მოციქული. ის აზრიც არ უნდა იყოს სწორი, რომ კონსტანტინე მოინათლა 323–324 წლებში, როგორც ეს სიგელის წინასიტყვაობაშია ნათქვამი: ვალას აზრით, როგორც ამას კონსტანტინეს თანამედროვე ისტორიკოსებიც ადასტურებენ, იმპერატორმა ქრისტიანობა მიიღო სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 337 წელს. ვალა ეჭვქვეშ აყენებს დედაქალაქის კონსტანტინოპოლში გადატანასაც 323–324 წლებში, რადგან კონსტანტინოპოლი იმ დროს არ არსებობდა. იმპერატორმა ქალაქების მშენებლობას მხოლოდ 329330 წელს ჩაუყარა საფუძველი.

ფილოლოგიური არგუმენტაციის თანახმად, თუ დავუშვებთ იმას, რომ კონსტანტინეს ნაბოძვარი დაწერილია IV საუკუნეში, იგი აუცილებლად კლასიკურ ლათინურზე უნდა იყოს შექმნილი, მაშინ, როცა სიგელის ავტორი ბარბაროსულ ლათინურზე მეტყველებდა.

ლორენცო ვალას,მარტინ ლუთერისა თუ სხვათა კრიტიკის მიუხედავად, რომის პაპის სახელმწიფომ, ანუ რომის პაპის საერო ხელისუფლებამ 1870 წლამდე მაინც იარსება, იგი კვლავ აღდგა 1929 წლის ლატერანის გადაწყვეტილებით, რომელიც დაიდო პაპ პიუს XI-სა და მუსოლინის შორის, მაგრამ რა იმ ოდენობით, რაც გაუქმებამდე იყო, არამედ დღევანდელი ვატიკანის სახით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 69–71
  • კონსტანტინეს ნაბოძვარი, თარგმანი გურამ კუტალიასი. შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, V, თბ., 2003
  • დანტე ალიგიერი, „ღვთაებრივი კომედია“, თარგმანი კონსტანტინე ჭიჭინაძისა და კონსტანტინე გამსახურდიასი, თბ., 1941.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე