კოზონაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოზონაკი

კოზონაკი (რუმ. [Kozoˈnak]) ან კოზუნაკი (ბულგ. козунак [kozoˈnak]) — ტკბილი საფუარიანი პური, რომელიც ტრადიციულად მზადდება რუმინეთში, ბულგარეთსა და სერბეთში[1]. შეიცავს დიდი რაოდენობით კვერცხს, რძესა და კარაქს და ძირითადად მზადდება სააღდგომოდ ბულგარეთში, თუმცა, სხვა დღესასწაულებზეც და აღნიშვნებზეც ამზადებენ ხოლმე (მაგ. შობა, აღდგომა, ახალი წელი, სულთმოფენობის დღესასწაული) რუმინეთში და მოლდოვაში. სახელი ბერძნულიდან მომდინარეობს: ϰοσωνάϰι (kosōnáki) ან ϰοσώνα (kosṓna). [2]

კოზონაკი წარმოადგენდა რუმინეთის ეროვნულ დესერტს ევროკავშირის (კერძოდ ავსტრიის) ინიციატივაში Café Europe, 2006 წლის ევროპის დღეს. [3]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არ არის გამორიცხული, რომ პირველი კოზონაკი მზადდებოდა ძველ ეგვიპტეში, მას თაფლით ატკბილებდნენ და შიგთავსად თესლებს იყენებდნენ. სწორედ ეგვიპტელებისგან გადმოიღეს ინტერესი და ცოდნა ბერძნებმა სამზარეულოს, საფუარისა და საფუარიანი ცომისადმი.

რა თქმა უნდა, წარსულში ბერძნებიც აქტიურად მიირთმევდნენ კოზონაკს. ისინი მას თაფლით, ქიშმიშით და ნიგოზით ამზადებდნენ. ბერძნულ cozonac-ს ეწოდება plakoús (πλακούς). საფუარი და საფუარიანი პურები კი პირველად გაავრცელეს რომაელებმა, კოზონაკის ჩათვლით, რომელთაც ისინი ჩირს უმატებდნენ. თავდაპირველად პურის მხოლოდ ორი სახეობა არსებობდა, რომელთაც libum და placenta ერქვათ. Libum იყო პატარა ნამცხვარი, რომელსაც ღმერთებისთვის შესაწირავად იყენებდნენ.

მოგვიანებით გამოჩნდა ნამცხვრის ვერსიები, რომლებიც არა მარტო ღმერთების, არამედ ადამიანების მიერაც მიირთმეოდა. პლაცენტას, უფრო დახვეწილ კოზონაკს, რომელიც მზადდება ყველის, ქიშმიშის და არაქისისგან, მიირთმევდნენ ტკბილ ღვინოსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ რომაელებმა ბერძნებისა და ეგვიპტელებისგან მზად გადმოიღეს საფუარი, სწორედ რომაელებმა აღმოაჩინეს ყველა შესაძლო შესაძლებლობა საფუარის ცომში დამატებისა და ამგვარად გახდნენ საკონდიტრო ნაწარმის ნამდვილი ოსტატები. შუა საუკუნეებში ევროპელი მცხობელები ხშირად ამზადებდნენ კოზონაკს ჩირით, რადგან ისინი ადვილად არ ფუჭდებოდნენ.

დიდ ბრიტანეთში, კოზონაკის პირველი რეცეპტი ჩნდება 1718 წელს, მზარეულის წიგნში და ამბობს, რომ ის უნდა გამოცხვეს გრძელ და ვიწრო ფორმებში. აღნიშნული რეცეპტით კოზონაკის მომზადების წესი დღესაც ძალაშია და მას დღემდე იყენებენ.

ინგრედიენტები და მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზონაკი კაკლის შიგთავსით

კოზონაკი არის ტკბილი პური, რომელშიც შერეულია რძე, საფუარი, კვერცხი, შაქარი, კარაქი და სხვა ინგრედიენტები. მას ხშირად გარკვეული დროით ტოვებენ ასაფუებლად, შემდეგ კი აცხობენ. ბულგარეთში კოზონაკს ამზადებენ ცომის მასაში ლიმნის წვენის დამატებით, ისევე როგორც რუმინეთში.

რუმინეთში პურის ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონებს შორის. ცომი არსებითად მსგავსია მთელ ქვეყანაში; ჩვეულებრივი ტკბილი პური, რომელიც მზადდება ფქვილის, კვერცხის, რძის, კარაქის, შაქრისა და მარილისგან. რეგიონიდან გამომდინარე, მას შეიძლება დაემატოს: ქიშმიში, ლოკუმი, გახეხილი ფორთოხლის ან ლიმონის კანი, კაკალი ან თხილი და ვანილის ან რომის არომატი. კოზონაკს შეიძლება მოაყარონ ყაყაჩოს თესლიც. ზოგიერთი სახეობა შიგთავსსაც შეიცავს, ჩვეულებრივ დაფქვილი კაკლის და დაფქვილი ყაყაჩოს თესლის ნარევს, კაკაოს ფხვნილით[4]. ცომს ჯერ აბრტყელებენ და შიგთავსს უსვამენ, შემდეგ კი ისე ახვევენ, რომ შიგთავსი ბორბალს წააგავდეს.

მსგავსი პურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზონაკი არის ტკბილი, კვერცხით მდიდარი პური, რომლის ფესვებიც დასავლეთ და ცენტრალური აზიის სამზარეულოებიდან მოდის.[5] სხვა კულტურებში მსგავსი პურის მაგალითებია: badnji kruh ხორვატიულ სამზარეულოში, folar de páscoa პორტუგალიურ სამზარეულოში, brioche ფრანგულ სამზარეულოში, kulich რუსულ სამზარეულოში, panettone იტალიურ სამზარეულოში hot cross bun ინგლისურ სამზარეულოში, challah ებრაულ სამზარეულოში ან stollen გერმანულ სამზარეულოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://revistaflacara.ro/istoria-cozonacului/ (რუმინული)
  2. სიტყვის ეტიმოლოგია (რუმინული)
  3. ყავა და ტკბილეული (ინგლისური)
  4. კოზონაცი კაკაოთი (რუმინული)
  5. Толковìй словарь живаго великорусскаго язîка, Dal' V.I., IAS, 1869