კლარა ცეტკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკა

კლარა ცეტკინი (5 ივლისი, 1857 - 20 ივნისი, 1933) — გავლენიანი გერმანელი სოციალისტი პოლიტიკოსი და ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი. 1917 წლამდე ის იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაში, შემდეგ კი შეუერთდა გერმანიის დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (USPD).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლაიფციგის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული 18 წლის კლარა აისნერისგან ბრწყინვალე პედაგოგი ვერ დადგა, როგორც ამას მისი მასწავლებლები იმედოვნებდნენ. გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვეში გოგონა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. მშობლები შოკში იყვნენ და მისი შინაპატიმრობით დასჯაც სურდათ, მაგრამ კლარას მტკიცე ნებისყოფა აღმოაჩნდა. მისი იდეოლოგი, ოდესელი პოლიტიკური ემიგრანტი ოსიპ ცეტკინი თანასწორუფლებიანობის შესახებ ისე მჭევრმეტყველობდა, რომ გოგონა მას თვალს ვერ წყვეტდა.

ის ლამაზი არ იყო, თუმცა ინტელექტი ძალიან მიმზიდველს ხდიდა. როდესაც მიხვდა, რომ კლარას შეუყვარდა, მისგან თავი შორს დაიჭირა. კლარა კი დანებებას არ აპირებდა. მალე ის "ველურადაც" მონათლეს. ეს ზედმეტსახელი მას მეგობრებმა იმ გზნებისთვის შეარქვეს, რომელსაც ის რევოლუციური იდეების გავრცელებაში იჩენდა.

1880 წელს ოსიპი გერმანიიდან გააძევეს, ის საფრანგეთში გადავიდა. კლარა კი პარტიულ დავალებებს ავსტრიასა და შვეიცარიაში ასრულებდა. ის საყვარელ მამაკაცთან ჩასვლას ცდილობდა, მაგრამ პარიზში გამგზავრების ნებართვა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მიიღო. მან მალევე იპოვა ოსიპი, საცხოვრებლად მასთან გადავიდა და ცეტკინის გვარიც მიიღო, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.

ოსიპი თავს დროებითი სამუშაოთი ირჩენდა, მაგრამ კლარას სირთულეები არ აშინებდა. მათ ორი შვილი ეყოლათ. კლარამ დროებით პოლიტიკური მოღვაწეობა მიატოვა და ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა. როდესაც ოსიპი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, კლარა 32 წლის იყო, თუმცა 45 წლის ქალს ჰგავდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარა შვილებთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. ის შტუდგარდში დაბინავდა, სადაც გაზეთ "თანასწორობის" პასუხისმგებელი მდივანი გახდა. გამოცემის ბიუჯეტი მუდმივი მხატვრის დაქირავების საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ კლარა დროებით სამუშაოს აკადემიის სტუდენტებს სთავაზობდა. ასე გაიცნო მან 18 წლის მხატვარი გეორგ ფრიდრიხ ცუნდელი.

სიყვარულს მოწყურებული 36 წლის ქალი ახალგაზრდა მხატვრის მიმართ ძლიერ ლტოლვას განიცდიდა. ლტოლვას ვაჟის მხრიდან ინტერესიც აღვივებდა. შესაძლოა, გეორგი მასთან მხოლოდ დროებით ურთიერთობას აპირებდა, მაგრამ კლარამ მისი შენარჩუნება შეძლო. მათ იქორწინეს და ეს ქორწინება ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა. მათ სტაბილური სამსახური, დიდი სახლი და მთელ ოლქში პირველი ავტომობილი ჰყავდათ. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ გეორგმა განქორწინება ითხოვა: მას ახალგაზრდა პაულუ ბოში შეუყვარდა. გეორგი საყვარელ ქალზე დაქორწინებაზე ოცნებობდა, კლარა კი მას არ უშვებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ 58 წლის ქალი 40 წლის მეუღლის შეჩერებას ვერ შეძლებდა. გეორგმა კლარა მაინც მიატოვა, განქორწინება კი ოფიციალურად მხოლოდ 11 წლის შემდეგ მიიღო.

მოგვიანებით მოხუცი კომუნისტი კლარა ცეტკინი მუშა ქალბატონებთან შეხვედრებზე სქესისა და ქორწინების საკითხებს ხშირად განიხილავდა. "ძველი გრძნობებისა და ფიქრების სამყარო ყოველთვის იმსხვრევა", - ამბობდა კლარა.

ლიტერატურა[რედაქტირება]