თბილისის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის საეპისკოპოსო — დაარსდა V საუკუნის მიწურულს, ვახტანგ გორგასალის დროს. დვინის საეკლესიო კრებაზე (506) დამსწრე ქართველ ეპისკოპოსთა შორის იხსენიება ვინმე „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა“. თბილისის ეპისკოპოსი (იგივე „ტფილელი“, თბილისელი“) XVI საუკუნის დამდეგიდან ატარებდა მთავარეპისკოპოსის, ხოლო XVII ს. მიწურულიდან მიტროპოლიტი იყო დომენტი ორბელიანი. თბილისის ეკისკოპოსს უწოდებდნენ აგრეთვე „სამეუფო ქალაქის საჭეთმყოფელს“ საკათედრო ტაძარია სიონის ღვთიშობლის მიძინების სახელობისა თბილისი მოიცავდა თბილისს თავისი გარეუბნებითურთ და ტერიტორიას ქალაქის სამხრეთით მდინარე ქციამდე თბილისში მოსახლე ყველა მართმადიდებელი ქრისტიანი განურჩევლად სოციალური წოდებისა ეკლესიურად თბილელ ეპისკოპოსს ემორჩილებოდა. გამონაკლისს შეადგენდა მეფის ოჯახი (მეფე დედოფალი და ბატონიშვილები), რომელთაც საეკლესიო-რელიგიურ მსახურებას პირადად პატრიარქი უწევდა, ხოლო სვეტიცხოვლის კუთვნილ ყმებს თბილისში (ვაჭარ ხელოსნებს გლეხებს) პატრიარქის ხელქვეითი სამღვდელოება. ზოგჯერ ამ კატეგორიის მოსახლეობის ნაწილი „მიბარებით“ თბილისის ეპისკოპოსს გადაეცემოდა. მეფისა და პატრიარქის კართან სიახლოვე თბილისის ეპისკოპოსის ავტორიტეტს დიდად ზრდიდა, მაგრამ ისეთ პერიოდებში როცა თბილისი მტრისგან შევიწროების ან სრული ოკუპაციის გამო პრაქტიკულად აღარ იყო საქართველოს დედაქალაქი, თბილელი ეპისკოპოსის გავლენაც ეცემოდა. თბილისის, როგორც ეკონომიური სამეურნეო და საეკლესიო ცენტრის აღმავლობის და დაცემის პერიოდები ემთხვვევა თვით ქალაქის ისტორიას. გარეშე მტერი ქვეყნის დაპყრობას მისი სატახტო ქალაქის აღებით და იქ ფეხის მოკიდებით იწყებდა. ხშირი თავდასხმები და დროდადრო ოკუპაციაც, პირველ რიგში აზიანებდა ქალაქის ქრიტიანულ მოსახლეობას და ეკლესიებს. იღუპებოდა ეკლესიებში დაცული ისტორიული დოკუმენტებიც. საქართველოში მუსლიმთა ბატონობის პერიოდში, მით უფრო, როცა თბილისი ტერიტორიულად მთლიანად ან ნაწილობრივ მტერს ეკავა, მისი ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად დიდი როლი ეკისრებოდა აქ მოქმედ ქრისტიანულ ეკლესიებს. თბილისში, მიუხედავად ცალკეული ეკლესიების მტრისაგან დანგრევისა, დაცარიელებისა და მრევლის ფიზიკურად შემცირებისა, არ შეწყვეტილა ქართული მღვდელმსახურება და კულტურულ-საგანანმანათლებლო საქმიანობა. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით ხვარაზმშის შაჰი ჯალალედინი (XIII ს) თბილისის აღების შემდეგ, შეუდგა ეკლესიების ნგრევას „საფუძვლამდე“. მასვე დაუწყია სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევა. სიონიდან გამოტანილი ხატები ხიდის თავთან პირაღმა დაუწყვიათ და მოსახლეობას აიძულებდენ ფეხით გაეარათ მათზე, უარეყოთ ქრისტიანობა. ამ დროს ასიათასამდე მოქალაქე, ვინც არ შეასრულა შაჰის ბრძანება, — მოკლესო — დასძენს ისტორიკოსი XIV საუკუნეში. თემურ ლენგის დროს ქალაქში თბილელობა (ესეიგი თბილისის ეპისკოპოსის პატივი) გაუქმდა, ის მხოლოდ მეფე კონსტანტინემ (1407–1411) აღადგინა. როგორც ჩანს ამ დროს გაუერთიანებიათ თბილისის და მანგლისის კათედრები. XVI საუკუნეში თბილისის ერთ-ერთი ოკუპაციის დროს მტერს გაუძარცვავს და შეუბილწავს თბილისის სიონის ტაძარიც, როცა ქართვველებმა ეკლესიები დაიბრუნეს წირვა–ლოცვის განახლებისთვის წესის თანახმად აიზმით განწმინდეს. ეს წესი 1552 მეფე ლუარსაბის თაოსნობით პატრიარქ ზებედე I-ს და თბილელ მთავარეპისკოპოსს იოსებს შეუსრულებიათ. ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის საკათედრო ეკლესიისთვის სიონისთვის მატერიალური დახმარებაც აღმოუჩენიათ, გლეხების სავაჭრო დუქნების შეჭრულობების და სხვა სახით. ასევე დიდი ზიანი განიცადა თბილისში შაჰ აბას I-ის შემოსევების დროს (XVII საუკუნე) თბილელმა ელსემ. შაჰ აბასისგან აოხრებული სიონის ტაძარი 1637 „აღაშენა მეორედ და შეამკო ფრიადითა“. აღა მაჰმად ხანმა 1795 თბილისის სიონის დანგრევა ვერ მოასწრო, სამაგიეროოდ გაძარცვა და ცეცხლს მისცა იგი. ამ დროს განადგურდა ტაძრის ხის ნაწილები, კანკელი კედლის მხატვრობა. XVIII საუკუნეში თბილისში შემავალი ეკლესიები და მათი მრევლი განუწყვეტი თავდასხმებისგან საკმაოდ შემცირდა. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII) წერს „ყოფილან ძველად მრავალნი ეკლესიანი თფილისს კალასა და ისანს არამედ აწ შემუსვრილნი არიან თბილისში ახ. ეკლესიების მშენებლობასა და ძველის აღდგება–განახლების საქმეს XVII-XVIII საუკუნეებში ღვაწლი დასდეს პატრიარქებმა დომენტი III-მ (1660–1676), ნიკოლოზ VII–მ, თბილისელმა მთავარეპისკოპოსებმა იოსებმა (XVI), ელისემ (1628-1659), მეფეებიდან ლუარსაბ I–მა, როსტომ მეფემ და მისმა მეუღლემ მარიამმა და სხვა. თბილისში ცალკეული სამრევლო ეკლესიების გაჩენას უძველესი დროიდან ხელს უწყობდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა. სიახლოვე მცხეთასთან, ხოლო შემდგომ უშუალოდ მისი სატახტო ქალაქად ქცევა XVIII საუკუნეში თბილისში (საკუთრებრივ თბილისი ისანი, კალა გარეთუბანი) მოქმედებდა 14–ამდე სამრევლო მართმადიდებლური ეკლესია (ახალგაუქმებული იყო ერთი მონასტერი (მეტეხის) და ორი ეკლესია). აღსანიშნავია ღვთისმშობლის მიძინების ანჩისხატის (ძველი წელთ აღრიცხვის მარიამის), იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნიკოლოზის, კლოუბნის წმინდა გიორგის, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიები, მთაწმინდის წმინდა დავითის სავანე და სხვა. ქალაქის მოსაზღვრე სოფლებში მოქმედი სამრევლო ეკლესიებიდან ცნობილია სოფელ ვერეში ლურჯი მონასტერი და წმინდა ევსტატეს ეკლესია მახათას მთაზე, წმინდა ელიასი (ილია) თაბორის მთაზე, ფერისცვალებისა და ძველ ავლაბარში დარეჯან დედოფლის კარის ეკლესია („მოწამეთა ირაკლი და დარეჯანისა“). წმინდა გიორგია სოფელ ნავთლუღში (ამჟამად მის ადგილზეა წმინდა ბარბარეს ეკლესია XIX საუკუნე), სოფელ ჩუღურეთში კვირაცხოვლის წმინდა ნიკოლოზის, სოფელ კუკიაში 2 ეკლესია, სოფელ დიდუბეში ღვთისმშობლის ეკლესია, ახლანდელი ღვთისმშობლის შობის ეკლესიის (1884) ადგილზე. თბილისი მსხვილ ფეოდალურ სამეურნეო ორგანიზაციას წარმოადგენდა. მის შემოსავალს ქმნიდა საეკლესიო გადასახადები ეპარქიიდან და საკუთარ ყმა გლეხთა საბატონო ბეგარა. გადასახადებს თბილისის მეურნეობაში დიდი ადგილი ეჭირა სავაჭრო აღება–მიცემობის საქმეში. საამისოდ თბილელს ქალაქში ჰქონდა დუქნები და სახელოსნოები. თბილისმა ერთგვარ ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია მამა–შვილის თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II–ის მეფობის დროს. XIII საუკუნის დოკუმენტის (განგება „დარბაზობისა“) ცნობით თბილელ ეპისკოპოსს საქართველოს მღვდელმთავრებში 29 ადგილი უჭირავს, XVIII საუკუნის შუა წლების დოკუმენტის ცნობით კი მე–9 ადგილი ქიზიყელ–ბოდბელ მეტროპოლიტის შემდეგ. თბილისის სიონის ღვთიშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი ამავე დროს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე თვალსაჩინო კულტურულ–საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მეცნიერები, მხატვრები, კალიგრაფები და ასე შემდეგ. თბილელი ეპისკოპოსები მნიშვნელოვან დიპლომატიურ საქმეებსაც ეწეოდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებთან. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკრფალია გაუქმდა (1811 30 ივნისი). თბილისის სიონის ტაძარი საქართველოს ეგზარქოსის კათედრად იქცა. საქართველოს ეგზარქოსი იმ დროს ასევე იყო თბილისის მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917) თბილისშიც აღდგა. დღეს თბილისისა და მცხეთის საპატრიარქო კათედრები გაერთიანებულია. მას განაგებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, რითიც იწოდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსად. საკათედრო ტაძრებია მცხეთის სვეტიცხოველი და თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მცხეთა თბილისის ეპარქიაში (ყოფილ თბილისში) ამჟამად შედის შემდეგი ეკლესიები: სიონის კათედრალური საპატრიარქოს ეკლესია, ქაშვეთის ეკლესია, წმინდა გიორგის, ანჩის ხატის, კარის წმინდა ნეველის, წმინდა სამების, მთაწმინდის მამა დავითის, იოანე ღვთისმეტყველის, მეტეხის ღვთისმშობლის, შობის ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნიკოლოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა პანტელეიმონის, კუკიის სასაფლოს, წმინდა ნინოს, ავლაბრის, პეტრე–პავლეს, მიხელი ტვერილის, ნავთლუღის, წმინდა ბარბარეს და სხვა ასევე მცხეთაში მოქმედი რამდენიმე ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენციკლოპედია, თბილისი, თბ., გვერდი 950-951