ვილჰელმ კანარისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილჰელმ კანარისი

ვილჰელმ ფრანც კანარისი (გერმ. Wilhelm Franz Canaris; დ. 1 იანვარი 1887, აპლერბეკი (დორტმუნდი) – გ. 9 აპრილი 1945, ფლოსენბიურგის კონცენტრაციული ბანაკი) — გერმანელი ადმირალი და ვერმახტის საგარეო დაზვერვი (აბვერი) შეფი მესამე რაიხის პერიოდში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კანარისი დაიბადა დორტმუნდში და იზრდებოდა დუისბურგში, სადაც შტაინბარტის გიმნაზიაში სწავლა-განათლება მიიღო. 1905 წელს იგი საზღვაო კადეტად შედის ფლოტში და 1916 წლისთვის უკვე კაპიტან-ლეიტენანტია. 1917 წელს იგი მუშაობდა კატაროში, წყალქვეშა ნავების შტაბში, სუბმარინების კომანდანტის მოადგილედ "სავაჭრო ომში".

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კანარისი ფრაიკორპსის მეთაურის ჰერმან ერჰარდტის თანაშემწე და დაახლოებული პირია. 1919 წელს იგი მონაწილეობდა "ლიუტვიც-კაპის პუტჩში", რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა, თუმც ციხეში დიდი ხანი არ დაუყვია და მალევე გაათავისფლეს. 1921 წელს კანარისი დაინიშნა ბალტიის ზღვის ფლოტის საადმირალო შტაბის პირველ ოფიცრად, 1927 წელს კი საზღვაო ძალების შეფის შტაბის რეფერანტად. 1931 წელს კანარისი ხდება ჩრდილოეთის ზღვის ფლოტის შტაბის შეფი.

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი ხდება და ინიშნება აბვერის შეფად. 1944 წელს კანარისი, უკვე ადმირალი, ინიშნება ვერმახტის მთავარსარდლობის ეკომომიკური ომის წარმოების განყოფილების უფროსად.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულში კანარისი კავშირს ამყარებს ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ოფიცრებთან და გენერლებთან. იგი ავალებს მის უახლოეს თანამშრომლებს, ჰანს ოსტერს და ჰანს ფონ დონანის აბვერის საფარველის ქვეშ შეიმუშაონ ჰიტლერის დამხობის კონკრეტული გეგმები. 1944 წლის თებერვალში იგი გადაყენებულ იქნა აბვერის შეფის თანამდებობიდან და ჰიტლერზე 1944 წლის 20 ივლისის თავდასხმიდან 3 დღის შემდეგ მისი უშუალო მტრის, რაიხის უშიშროების მთავარი სამსახურის (RSHA) VI განყოფილების შეფის, სს-ის ბრიგადენფიურერის ვალტერ შელენბერგის მიერ დაპატიმრებულ იქნა.

1945 წლის აპრილში დიდი ხნის ძებნის შემდეგ აბვერის ერთ-ერთ სეიფში აღმოაჩინეს კანარისის დღიურები, რომლებიც შეთქმულების ბევრ დეტალს ფარდას ხდიდა. ჰიტლერმა ბრძანება გასცა "ყველა შეთქმულის დაუყოვნებლივი განადგურების" შესახებ და 1945 წლის 9 აპრილს ადმირალი კანარისი და მისი თანაშემწეები, ჰანს ოსტერი, კარლ ზაკი, ლუდვიგ გერე და დიტრიხ ბონჰიოფერი ფლოსენბიურგის საკონცენტრაციო ბანაკში ჩამოხრჩობილ იქნენ.

თუმცა, ზოგიერთი ავტორიტეტული წყარო მიიჩნევს, რომ კანარისმა მაშინ თავი დააღწია ჰიტლერის რისხვას და არგენტინაში გაიქცა. ბოლოს იგი 1947 წელს სწორედ ბუენოს აირესში ნახეს.