ვეჯინის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეჯინის ციხის კომპლექსი

ვეჯინის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით 2 კილომეტრზე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ვიკიციტატა
„ბაკურციხის ჩრდილოთ ცივი მთის ძირს არს ვეჟინი. მის ზეით მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაებისა გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ენდრონიკაანი.“

ისტორიულად ვეჯინი ცნობილია როგორც ჰერეთის სამთავროს ერთ-ერთი საერისთავო და საეპისკოპოსო ცენტრი. ვეჯინის ციხე, რომელიც ისტორიულ წყაროებში ჰერეთის ციხედაცაა ცნობილი, თავის დროზე მნიშვნელოვან საუკუნეებში ქართულ სამეფოთა ურთიერთშორის ბრძოლის ასპარეზი და მტრის შემოსევების ჟამს საიმედო თავდაცვითი ობიექტი იყო. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნის დასაწყისში, როცა ვეჯინის ციხესთან აფხაზთა მეფე კონსტანტინე III და კახეთის მთავარი კვირიკე I დაუზავდნენ ჰერეთის მმართველს ადარნასე პატრიკს. XI საუკუნის 80-იან წლებში სულთანმა მალიქ-შაჰმა გიორგი II-ეს „მოსცა კახეთი და ჰერეთი. თან წამოაყოლნა საპანი დიდი, ჟამსა სთვლისასა“ გიორგი მეფე თავისი და თურქთა ჯარით კახეთს მივიდა და ვეჯინის ციხეს შემოადგა. მეფემ ციხე ვერ აიღო. პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ კი მიატოვა იგი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1781 წელს ვეჯინში ყოფნისას გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი.

მთა რომელზეც ციხეა გაშენებული კახეთიდან ქართლში გადასასვლელთან მდებარეობს. აღმოსავლეთიდან იგი შემოსაზღვრულია ვეჯინის ხევით, დასავლეთიდან ძირკოკის ხევით, ხოლო სამხრეთი ნაწილი ვიწრო ყელითაა დაკავშირებული გომბორის ქედთან. დროთა განმავლობაში ციხე ბევრჯერ გადაუკეთებიათ, საფუძვლიანად კი XVIII საუკუნეში.

მთის რელიეფიდან გამომდინარე, ციხე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და საკმაოდ უსწორო გეგმა აქვს. ნაგებია რიყის ქვით. შედგება ორი ნაწილისგან - ქვედა და ზედა ციხისგან. ციხეს დასავლეთ მხრიდან ციცაბო კლდე ესაზღვრება, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან - მკვეთრად დაქანებული ფერდობები, ხოლო ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ადვილად მისადგომია. ამიტომ ამ მხრიდან, გალავნის წინ მოწყობილი ყოფილა განიერი და ღრმა თხრილი რომლის სიგანეა 6 მეტრი, სიღრმე 3 მეტრი და სიგრძე 100 მეტრამდე.

ქვედა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ციხის კედლები გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებითა და სწორკუთა ბურჯებით, რომლებშიც მეტწილად ერთმანეთისგან მცირე მანძილით არიან დაცილებულნი. კედლები გარედან შელესილია, სამაგრისათვის კედლებში ალაგ-ალაგ ჩასმულია ხის ძვლები ზოგ ადგილას კი დატანილებული აქვს პატარა ხვრელები-გრუნტში მოხვედრილი ატმოსფერული ნალექების გამოსასვლელად. გალავნის კედლებდან შედარებით უკეთ არის შემორჩენილი აღმოსავლეთ კედელი, თუმცა ისიც ეზოს მხრიდან მიწის პირამდეა დანგრეული. გალავნის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრი სიმაღლის კედლის ფრაგმეტი რომელშიც სამი სათოფურია მოწყობილი. გალავნის სამხრეთ კედელში, ციტადელის სამხრეთის ბოლოდან 80-იოდე მეტრზე ჩართულია დიდი მასიური ბურჯი, რომელიც ეზოს მხარეს სწორი კედლითაა დასრულებული, გალავნის ხაზს გარეთ კი ნახევარწრიული შვერილის სახით გამოდის. ბურჯის დასავლეთით გალავნის კედელი რელიეფის შესაბამისად მომრგვალებულია და ციტადელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხისკენ მიემართება. ციტადელთან ახლოს კედელი წყდება და იწყება დიდი ფრიალო კლდე რომელიც გრძელდება გალავნის ჩრდილოეთ კედლამდე. გალავანის შესასვლელი ამჟამად აღმოსავლეთიდანაა. სოფლიდან მომავალი გზაც ციხეს ამ მხრიდან ადგება.

ზედა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა ციხე ანუ ციტადელი ციხის შუაშია და მთის წვერი აქვს მოკავებული. აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან იგი შემოზღუდულია ფრაგმენტულად შემორჩენილი კონტრფორსებიანი გალავნით, რომელიც მთის რელიეფს მიჰყვება. დასავლეთ მხარეს კი ქარაფია. ქვედა ციხის მსგავსად ციტადელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და საკმაოდ რთული მოხაზულობა აქვს.

ციტადელის სამხრეთ ბოლოში, ყველაზე მაღალ ადგილას, სქელი, კონტრფორსებიანი გალავნით შემოზღუდული ეზოს სამხრეთ კიდეში აღმართულია მძლავრი სამსართულიანი კოშკი. იგი გეგმით ოთხკუთხაა რასაც გარედან დასავლეთით ორივე კუთხე მომრგვალებული აქვს. კოშკი ნაგებია შერჩეული რიყის ქვით, რომელიც დაწყობილია თანაბარი სიმაღლის თარაზულ რიგებად. კოშკის ქვედა ორი სართული თარაზულად ყოფილა გადახურული ხის კოჭებით, ხოლო ზედა - ქვის კამარით, რომელიც დაყრდნობილი იყო ერთ საბჯენ თაღზე. კოშკის I სართულიდან შემორჩენილია, აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ კედლები და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილი. 2001 წელს სართულის მიწისა და ჩამონაშალი ქვებისგან გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა იატაკში ჩაფლული სამი ქვევრი. მოგვიანებით სართულის ნაწილი მიწით ამოუვსიათ და შიგ ორი ქვევრი ჩაუფლავთ. II სართულის სამხრეთ კედელში მოწყობილია ორი განიერი და მაღალი, ნახევარწრიული თაღით გადახურული და გარეთკენ მკვეთრად დავიწროვებული ღიობი რომელთა გარეთა ხვრელები მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგ სათოფურები მოუწყვიათ. სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორჩენილია ორი მცირე ზომის სარკმელის ქვედა ნაწილი. კედლების ქვედა ნაწილი. კედლების დაზიანების გამო სხვა არქიტექტურული ელემენტის კვალი არ ჩანს. III სართულის კედლებიდან მხოლოდ სამხრეთისაა შემორჩენილი. მასში მოწყობილია ნახევარწრიულთავიანი ორი სარკმელი რომელთა ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე კამარის ქუსლის ნაშთებია- საბჯენი თაღის ქუსლის ფრაგმენტით შუაში. კოშკის გარდა ციტადელის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია, კარის ეკლესია. და ერთი საერთო ნაგებობა.

ამაღლების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების ეკლესია დგას ციტადელის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეში. სავარაუდოდ განეკუთვნება XIV საუკუნის მრავალჯერადი დანგრევისა და გადაკეთება შეკეთებების გამო ძლიერაა სახეშეცვლილი. თავდაპირველი ნაგებობიდან, რომელიც ამ ადგილას მდგარა და შესაძლოა ციხის თანადროულიც კი იყო, შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი - მოყვითალო ფერის ქვიშაქვის თლილი ქვის წყობის ორი რიგი, რომელიც ამჟამად ეკლესიის საყრდენი კედლის ნაწილს წარმოადგენს. ეკლესია დარბაზულია გეგმით არაწესიერი მოხაზულობის ოთხკუთხედი, ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის უფრო დაბალი და ვიწრო, ორი სხვადასხვა პერიოდის სათავსოსგან შედგენილი მინაშენი. მსგავსი მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდანაც ჰქონია, რომლისგანაც შემორჩენილია საძირკველი და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი ეკლესიის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში. ეკლესია ძირითადად ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურიც. წყობა ირეგულარულია — ტლანქი. კედლები გარედან შელესილია. შესასვლელი ორია; დასავლეთიდან და სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან დარბაზის გრძივი კედლებიდან ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდია რომელშიც განიერი, ისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ჩრდილოეთით სწორკუთხა ღრმა ნიშაა. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. ჩრდილოეთ კედლის ღმოსავლეთ კიდეში ნახევარწრიული თაღით დასრულებული ღრმა ნიშაა, რომელიც შესაძლოა ადრე ამ ადგილას არსებული კარის ნაცვლად მოაწყვეს, საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სარკმელია გაჭრილი ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველი დასრულებულია წესიერი ფორმის კონქით.

კონქის თაღი ისრულია, მსგავსი ფორმისაა კამარაც. იგი ეყრდნობა წყვილ პილასტრზე გადაყვანილ საბჯენ თაღს. პილასტრების დასავლეთ წყვილი და ათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ბევრად უფრო განიერია, ვიდრე აღმოსავლეთისაა, რაც გადაკეთების შედეგია. გადაკეთება-შეკეთებების გამო ეკლესიის არქტექტურული ფორმები მოკლებულია სიზუსტესა და სიმკვეთრეს. განსხვავებული და მოგვიანებით ნაწილის კედლის სისქეც. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა.

მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ღვისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი, მეორე რეგისტრში ექვსი მღვდელმთავარი. წმინდანთა ვინაობა ირკვევა ბერძნული წარწერებით. მოხატულობას ქვემოთ შემოუყვება ორნამენტის ზოლი. ბემის ზედა ორი რეგისტრი დათმობილი აქვს სახარების სცენებს, უმთავრესად ქრისტეს სასწაულებს. თითოეულ რეგისტრში ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ორ-ორი სცენაა. მათი ზუსტი განსაზრვრა არ ხერხდება, მხოლოდ სამხრეთით მეორე რეგისტრში ფრაგმენტულად შემორჩენილი ასომთავრული წარწერებით ირკვევა რომ ორივე სცენა განკურნებას ასახავს. ამავე კედელზე, მესამე რეგისტრში გაირჩევა წმინდანთა ნახევარფიგურები. მოხატულობის კვალი ჩანს კედლის ქვედა ნაწილსიც რომელიც დაფარულია გვაინდელი ნალესობით. მოპირდაპირე მხარეს ჩრდილოეთ კედელზე სახარების სცენების ქვემოთ მოცემულია „ხატი მანდილისაი“ რომელიც ხელთ უპყრია ანგელოზს. აქვე აღმოსავლეთ მონაკვეთში კიბორიუმის ქვეს გამოსახულია ქრისტე-ევმანოელი. კონქის შუბლზე წარმოდგენილია „სულიწმინდის მოფენა“. კამარის ცენტრალურ ნაწილსი წარმოდგენილია ქრისტე-პანტოკრატორი, გარშემორტყმული მახარებელთა სიმბოლოები. აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთები შევსებულია ორნამენტული გამოსახულებით. დარბაზში ძირითადად ორი რეგისტრია შემონახული ჩრდილოეთ კედელზე. აღმოსავლეთ მონაკვეთის ზემოთ- ხარება ქვემოთ - ფერისცვალება. ამ უკანასკნელი სცენის ქვემოთ დარჩენილია ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებანი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ზემოთ გამოსახულია „ბრმათა თვალთახელა“, ქვემოთ - „ სამარიტული დედაკაცი“, ცენტრში - „ლაზარეს აღდგინება“ და მისგვერდით - „იერუსალიმს შესვლა“. დასავლეთ კედელზე მოცემულია „განკითხვის დღე“.

საბჯენი თაღის პილასტრებზე ორი მთავარანგელოზის ფიგურაა. ერთ მათგანს, სამხრეთ მხარეს, ახლავს ასომთავრული წარწერა „ანგელოზი უფლისა“. მხატვრობაში გამოყენებულია რთული არქიტექტურა დამთიანი ფონები. წმინდათა გამოსახულებანი და თვით კომპოზიციები შედარებით მცირე ზომისაა, კოლორიტს მუქი ელფერი დაჰკრავს. ძირითადად გამოყენებულია მუქი ლურჯი, ყავისფერი, თეთრ, მწვანე, ყვითელი და ოქრო. ეკლესიის ფასადები შელესილი ყოფილა აღმოსავლეთ ფასადს ქვემოთ გასდევს ფასადის სიბრტყიდან რამდენიმე წინწამოწეული საყრდენი კედელი რომლის ქვედა ნაწილი დიდი ზომის ქვისაქვის ფილებითაა ნაგები, ხოლო ზედა რიყის ქვითა და აგურით. ფრონტონის წვერთან წყობაში ჩასმული ცისფრად მიჭიქული აგურებით გამოყვანილია ჯვრის გამოსახულება. სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში ნათლად ჩანს მინაშენის გადაბმის ადგილი გადაბმის ადგილთან ახლოს აღმოსავლეთით გაჭრილია ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი რომლის მარჯვნივ 1,5 მ მანძილზე შეიმჩნევა ადრე არსებული ღიობის კვალი. ფასადის აღმოსავლეთ კიდეში კედელი გასქელებულია და კუთხე დაბრეცილია რაც ამ ადგილას აღმოსავლეთ კედლის მინაშენის არსებობაზე მიგვანიშნებს. დასავლეთ ფასადის ღერძზე გაჭრილი ვიწრო და მაღალი შესასვლელი ნახევარწრიული ტიმპანითაა დასრულებული შესასვლელის ზემოთ, ფრონტონის ძირის დონეზე, პატარა სწორკუთხა სარკმელია, რომელიც კედლის სიბრტყის ოდავ შეღრმავებულ არეში ზის. ფასადები დაგვირგვინებულია დიდი ზომის ქვიშაქვთის კვადრებით გამოყვანილი მაღალი ლაგარდნით, რომლის პროფლის თარო, წრეთარგი და ლილვი შეადგენს. შენობა გადახურულია კრამიტით დაბურული, ორქანობიანი სახურავით. ჩრდილოეთ მინაშენი ძირიტადად აგურითაა გამოყვანილი საკმაოდ ტლანქად; შედგება ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ნაწილისგან. აღმოსავლეთ ნაწილში მოგრძო, აფსიდიანი სამლოცველოა. დასავლეთით გეგმით თითქმის კვადრატული ეგვტერი. სათავსები ერთმანეთს სამლოცველოს დასავლეთ კედელში გაჭრილი ისრულთაროვანი კარით უკავშირდებიან. მინაშენის იატაკის დონე ეკლესიის იატაკის დონეზე დაბალია. სამლოცველო აღმოსავლეთით დასრულებლია არაწესიერი მოხაზულობის ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც დაბალი ისრული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშაა. ორივე ნიშა გადახურულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორ-ორი აგურით. სამლოცველო განათებულია ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ორი თაღოვანი სარკმლით. მინაშენის დასავლეთ სათავსში შესასვლელი დასავლეთიდაა, სათავსს აშუქებს ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სარკმელი, მათგან ჩრდილოეთისა თაღოვანია დასავლეთისა სწორკუთხა. მინაშენის ორივე სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო მეორე-ეკლესიის კედელზე მიშენებულ ორ-ორ თაღზე. სამლოცველოში თაღები ისრული ფორმისაა, უკვტერში მშვილდისებრი. დასავლეთ სათავსი მოხატული ყოფილა. აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტები იმდენად შემჭვარტლულია რომ ძნელი გასარჩევია.

მინაშენის დასავლეთ ფასადი მთლიანად სირიმის ნატალი ქვებითაა,მოპირკეთებული. განიერი, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ შესასვლელის წირთხლებს უხეშად ნაკვეთი სამმაგი გრეხილი ლილვი აუყვება. შესასვლელის მარცხნივ სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც სამმაგი გლუვი ლილვი ევლება. სარკმლის ქვემოთ ფასადის ჩრდილოეთ კიდესთან ახლოს. ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, გრძელი ქვედა მკლავით. ჯვრის ზედა მკლავების კიდეები სამკუთხედადაა ჩაკვეთილი. მსგავსი ჯვრის გამოსახულებაა შესასვლელის მარჯვნივ რომლის ასწვრივ დაბალ მოგრძო ფილაზე გვერდი-გვერდ განლაგებულია წრეში ჩასმული ჯვარი ბრტყელთავიანი დარარული კოპი და გეომეტრიული ორნამენტით შევსებული მცირე ზომის წრე. ამ უკანასკნელის თავზე კიდევ ერთი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადი დასრულებულია ქვიშაქვის ძალზე მაღალი თარო, წრეთარგი და ლილვი შეადგენს. მინაშენის ჩრდილოეთ ფასადზე სამლოცველოს და ეგვტერის საზღვარზე აგებულია პლასტრისებრი შვერილი. ეგვტერის შუა არეში თაღოვანი სარკმელია. ფასადს ქვის პროფილირებული ლავგარდანი ასრულებს. სამლოცველოს ცრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სიგანის ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ფასადი დასრულებულია აგურის სამსაფეხურებიანი ლავგარდნით.

წმინდა მარიამის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეჯინის ციხის წმინდა მარიამის ეკლესია

წმინდა მარიამის ეკლესია დგას ამაღლების ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე. სამხრეთიდან მასზე მიდგმულია ორსათულიანი სამრეკლო, რომლის ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი I სართული ეკლესიის კარიბჭის მოვალეობას ასრულებს. ეკლესია სავარაუდოდ XIV საუკუნით თარირდება, სამრეკლო XVI საუკუნით. გიორგი ჩუბინაშვილი მას კახეთის სამრეკლოთა შორის უძველესად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის ქვით. კამარა, კონქი და კარ-სარკმელთა თაღები კვადრატული აგურით. შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი, სწორკუთხაა. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდის მხარეების ხაზზე შემორჩენილია კანკელის ნაშთი.

ეკლესიის დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთ სარკმელს ნახევარწრიული თავი აქვს, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა კი თარაზულადაა გადახურული ბრტყელი რიყის ქვებით. ფასადები დასრულებულია შირიმის მარალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, წრეტარგი და ლილეი შეადგენს. ეკლესია ამჟამად გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით, ადრე გადახურული ყოფილა დიდი ზომის ქვისაქვის ლორფინებით. სამრეკლოს I სართული გეგმით კვადრატულია, ნაგებია რიყის ქვით, ოთხივე კუთხეში მდგომ კვადრატები. ბურჯებზე ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი. თაღების ქუსლების დონეზე წყობიდან შვერილი რიყის ქვებით გამოყვანილია თარო. სართული გადახურულია სფერული კამარით, რომლის წრიული საფუძველი შექმნილია ოთხივე კუთხეში გამოყვანილი აფრისებრი ელემენტებით. სამივე ფასადზე თაღები ჩასმულია საფეხურებით. ჩაღრმავებულ ოთხკუთხა არეში, რომელთა ზემოთ თანაბარი მანძილით დაცილებული სამ-სამი დეკორიც ნიშაა. II სართული აგურით ნაგები რვაწახნაგა ფანჩატურია. მისი ოთხი წახნაგი შეწყვილებული თაღებითაა გახსნილი, ოთხი კი ყრუა. თაღით გახსნილი წახნაგები ყრუ წახნაგებთან შედარებით ბევრად უფრო განიერია და ქვედა სართულის კედლებთან ერთ სიბრტყეშია მოქცეული. შიგნით ქვედა ნაწილი რვაწახნაგაა და ზემოთკენ თანდათან სიმრგვალეში გადადის სართული გადახურული სფერული, კამარით რომლის ქუსლები მცირედაა ნაშვერი და ემყარება ფანჩატურის მომრგვალებულ კედლებს. კამარის წვერში კვერცხისებრი შეღრმავებაა, სადაც ზარის საკიდია მოწყობილი. გარედან ყველა წახნაგის შუაში, თაღების დონეზე, თითო კოპია ჩასმული, რომლეტა ზემოთ ლილვისებრი შვერილია, შემდეგ ვიწრო კედელი და პროფილირებული ლავგარდანი. ფანჩატური აგურის რვაწახნაგა, კარვისებრ სახურავიტაა დასრულებული, შეკეთებისას იგი აუმაღლებით. რის გამოც წახნაგების დახრილობა მნიშვნელოვნად გაიზრდილია. XIX საუკუნეში სამრეკლის II სართულზე ასასვლელად ჩრდილოეთიდან. ბურჯზე დასავლეთიდან რიის ქვით ნაგები კიბე მიუდგამთ.

აღდგომის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამრეკლოს სამხრეთით 4 მეტრზე დგას XVI საუკუნეში აგებულია აღდგომის ეკლესია. იგი დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, კონქი, საბჯენი თაღი და კარ-სარკმლები გამოყვანილია კვადრატული აგურით. შესასვლელი ორია დასავლეთიდან და ჩრდილოეთ-დასავლეთიდან. დასავლეთი შესასვლელის წინ ბაქანი ყოფილა. აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდია თაღოვანი სარკმლით. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთით რელიეფი მაღლდება, რის გამოც სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. დასავლეთ კედელთან ორგანყოილებიანი საძვალეა. მასში ჩასასვლელი ოთხკუთხა ხვრელი ქვის ფილებით იყო გადახურული. შიგნით ეკლესია, გადახურული იყო აგურის კამარით, რომელიც დაყრდნობილი იყო აგურისავე საბჯენ თაღზე, თაღი კი ქვის კრონსტეინებზე. ეკლესიის სამხრეთით ორიოდე მეტრზე ციტადელის ზედა ტერასაზე დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია. იგი კომპლექსის ეკლესიებიდან ყველაზე პატრაა. ეკლესია მნიშვლევნადაა დაზიანებული დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია. სხვადასხვა სიმაღლეზე შემორჩენილია ღმოსავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილები. კამარა და კონქი აღარ არსებობს. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებული ყოფილა ნალისებრი აფსიდით. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლის ნაწილი. მიაჩნიათ რომ ეს კარის ეკლესია იყო. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის წინ შემორჩენილია კედლის ნაშთი, რომელიც შესაძლოა ციტადელის ზედა ტერასის საყრდენ კედელს წარმოადგენდა. ამაღლების ეკლესიის სამხრეთით 5 მეტრზე შემორჩენილია XVIII საუკუნის საერო ნაგებობა, ეს არის ერთსართულიანი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა შენობა სარდაფით. ნაგებია რიყის ქვისა და კვადრატული აგურის რიგების მონაცვლეობით. სარდაფში ჩრდილოეთ კედელს ჰქონდა ისეთივე სისქის კედელი, როგორც ჩანს, არსებული კედლის გასამაგრებლად. ამ კედლის მოხსნის სემდეგ, თავდაპირველად კედლეზე გამოვლინდა ექვსი შეისრული ნიშა. სარდაფის ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ აღმოსავლეთ კედელში გამოცნდა ბუხარი, ორი ნიშა და ორი სარკმელი, დასავლეთ კედელში კი ორი ნიშაა. სარდაფის იატაკი მოგებული იყო კვადრატული აგურით. ზედა სართულის კედლებიდან სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედელი სამხრეთ ნაწილში იყო შემორჩენილი. სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო ოი ბუხარი. ამაღლების ეკლესიის აღმოსავლეთით 6 მეტრის მანზილზე ციტადელის გალავნის ზირში, აგურით ნაგები კვადრატული გეგმის სამარხია, რომელიც ეკუთვნის გენერალ-მაიორ სვიმონ შალიკაშვილს. ბრინჯაოს დიდ ფილაზე ამოკვეთილია ეპიტაფია თარიღიტ 1863 წელს. სამარხში შესასვლელი ჩრდილოეტიდანაა, აღმოსავლეთით და დასავლეთ კედლებში კი თითო თაღოვანი ღიობი, დახურულია აფრებზე დამყარებული ნახევარსფერული გუმბათით. ფასადები გაფორმებულია შეღრმავებული ჯვრებითა და რომბებიტ. ლავგარდანი აგურის სამსაფეხურიანი წყობითაა გამოყვანილი.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის ჩრდილოეთით ღრმა ხევში კოდისწყლის მარჯვნივ ნაპირზე, დგას ეგრეთ წოდებული წელის კოშკი, რომლის ქვეშ ციხიდან გამომავალი გვირაბი გადის. კოშკი ცილინდრულია ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. IV სართული, როგორც ჩანს, კედელშემოვლებული რია ბანი იქნებოდა. სართულები ერთმანეთს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდება. კოშკის I სართულის კედელი თითქმის ყრუა. სართულზე მხოლოს ერთი, მდინარის მხარეს მიმართული სათოფური და კიბის უჯრედში შესასვლელი ღიობია. შესაძლოა სართული გვირაბთანაც იყო დაკავშირებული,რისი დადგენაც გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. II სართულზე ოთხი ღრმა, ნახევარწრიული თაღით დასრულებული ნიშაა. მათგან სამში, სამ-სამი სათოფურია მოწყობილი, ხოლო ერთში-ერთი. სათოფურები ძირითადად ჩდილოეთ ხეობისკენაა მიმართული. ამავე სართულზეა კოშკში შესასვლელიც. კარი შიგნიდან ხის ძელებით ყოფილა გადახურული თარაზულად, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით. III სართულზე ნიშების განლაგება და მათში მოწყობილი სათოფურების რაოდენობა II სართულის ანალოგიურია. სამხრეთ მხარეს ამ სართულზეც კარია რომელიც როგორც ჩანს აივანზე გადიოდა. კარის გვერდით II სართულზე ჩასასველი კიბის უჯრედში თაღოვანი შესასვლელია, მის გვერდით კი ბანზე ასასვლელი კიბის შესასვლელი. სართულშუა შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები. 1989-1990 წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები. 1898-1890 წლებში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა აღდგომის ეკლესიას, სვიმონ სალიკაშვილის სამარხსა და ციტადელის გალავნის ჩრდილოეთ კედლის 50-მეტრიან მონაკვეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]