გურჯაანის მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
KM-Gurjaani-ka.svg

გურჯაანის მუნიციპალიტეტი  დროშა გურჯაანის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

გურჯაანი

რეგიონი

კახეთის მხარე

გამგებელი

გივი გერგიძე     

დეპუტატი პარლამენტში

გიორგი ღვინიაშვილი     

სიმჭიდროვე

85.8 [1] კაცი/კმ²

ფართობი

846 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

73.200 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 98.4%
ოსები 0.6%
სომხები 0.5%
რუსები 0.3%
აზერბაიჯანელები 0.1%[2]

გურჯაანის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930-დან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტს საზღვრავს 5 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი. დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ყვარლის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. კახეთის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტი ყველაზე პატარა რაიონია (ფართობი 846 კმ²)

გეოგრაფია[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რელიეფი მის უდიდეს ნაწილში დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალმთიანი რელიეფიც. ტერიტორიის ძირითადი სიმაღლე მერყეობს 300-450 მეტრიდან 850-1000 მეტრამდე. მუნიციპალიტეტი მდინარე ალაზნის აუზში ვრცელდება. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია გომბორის საშუალდაბალმთიანი ქედი. გომბორის ქედი აქ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იჭრება. იგი აგებულია ცარცული და ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, კონგლომერატებითა და ტუფოგენური დანალექი წყებებით. ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური ფორმაციაა ე.წ. ცივის წყება, რომლის ჯამური სიმძლავრე თითქმის 2000 მ-ია. გომბორის ქედის ჰიდროგრაფიული ქსელი უმეტესწილად მცირეწყლიანია. ძირითადად დანაწევრებულია ხშირი ხევ-ხეობების ქსელით. მასზეა მთები: ცივი, მანავისცივი, გომბორი, ვერონა, კოდა, ჟატისმთა, მთავარი მოწყალე, ტბისწვერი, ხარისთავი და ა.შ. გადასასვლელებიდან აღსანიშნავია ჩალაუბნის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 750 მ). გურჯაანის მუნიციპალიტეტის გარეთ გომბორის ქედი თანდათანობით დაბლდება, ბორცვნალ სერად იქცევა და უერთდება ივრის ზეგანს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება ივრის ზეგნის მონაკვეთი. იგი აგებულია ძირითადად ნეოგენურ მეოთხეული თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. მას ახასიათებს ვაკე-ბორცვიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის ზეგანი წარმოადგენს ტალღოვან ვაკეს, რომლის სიმაღლე 400-500 მეტრია. აქ ზეგნის კალთები მშრალი ხევ-ხეობებით არის დანაწევრებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვრცელდება ალაზნის მთათაშორისი ვაკე. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძე დაახლოებით 32 კმ-ია, სიგანე კი 13-14 კმ, სიმაღლე 380 მ-იდან 450 მ-დე. იგი აგებულია მეოთხეული თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით. ვაკის ჩამოყალიბება დაიწყო ნეოგენიდან. დაძირვა თანამედროვე ეპოქაშიც გრძელდება. ალაზნის ვაკე მის უდიდეს ნაწილში იდეალური სიბრტყით ხასიათდება, მხოლოდ აქა-იქ არის პატარა სიმაღლის გორაკები, რომლებიც ართულებენ ბრტყელზედაპირიან შეხედულებას.

აღსანიშნავია აგრეთვე ახტალა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე. მისი სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელიც სამკურნალოდაა გამოყენებული. მის ბაზაზე აშენებულია კურორტი ახტალა.

შიგა წყლები[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელი არც თუ ისე მჭიდროა. ტერიტორია ძირითადად დასერილია ვიწრო და მშრალი ხევ-ხეობების ქსელით. უმეტესი ნაწილი უწყლო და მშრალია. მთავარი სამდინარო არტერიაა მდინარე ალაზანი და მისი მცირეწყლიანი მოკლე შენაკადები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის უმთავრესი შენაკადებია ჭერმისხევი, შენაკად ფაფრისხევით, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა, მღვრიე ხევი. მათგან ყველაზე დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობისაა მდინარე ჭერმისხევი, რომელიც სათავეს იღებს გომბორის ქედის საშუალომთიან ზონაში ზღვის დონიდან 1118 მ-ზე. სოფელ ჭერმამდე მდინარეს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება, მის შემდეგ კი დინება საკმაოდ ცვალებადია. ალაზნის ველზე გამოსვლისას მისი მცირე მონაკვეთი იტოტება კიდეც. ჭერმისხევის მთლიანი სიგრძეა 35 კმ, აუზის ფართობი კი 155 კმ² . იგი იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯია 1.8 მ³/წმ.

ჭერმისხევის მთავარი შენაკადია მდინარე ფაფრისხევი (სიგრძე 22 კმ), რომელიც თავის მხრივ იწყება გომბორის ქედის დაბალმთიან ზონაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ლაკბე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. ლაკბე სათავეს იღებს გომბორის ქედზე. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა. მთავარი შენაკადებია : კარათხევი, ჯიმითისწყალი (მარჯვენა), მყრალი ოლე (მარცხენა).

ჰავა[რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აქ კარგად გამოსახული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და საკმაოდ ცხელი ზაფხულით.

ზღვის დონიდან 420]მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4°, იანვრის 0.9°, აგვისტოს 23.6°. ნალექები 800 მმ-მდე, საერთოდ ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 800 მმ ნალექი იცის. მხოლოდ ზეგნისკენ კლებულობს ნალექი 500-600 მმ-მდე.

აქაური კლიმატისთვის ნიშანდობლივია ასევე საკმაოდ ძლიერი თავსხმა წვიმები.

ნიადაგები[რედაქტირება]

გამოზიდვის კონუსებსა და გომბორის ქედის კალთებზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზემი ნაწილებში კი გაბატონებულია საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები. გარე კახეთის ზეგანზე გვხვდება მცირე და საშუალო სისქის შავმიწები. ალაზნის ვაკეზე კი გაბატონებულია ალუვიური უკარბონატო ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები :

  1. ალუვიური ნიადაგები, ჭალის ტყის მცენარეულობით,
  2. ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, მდელო სტეპის მცენარეულობით,
  3. შავმიწისებურ დამლაშებული ნიადაგები, კრინოჰალოფილური მცენარეულობით,
  4. შავმიწა ნიადაგები, უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი ატეპური მცენარეულობით,
  5. ტყის ყავისფერი ნიადაგები, დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარით.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

ფაუნა[რედაქტირება]

აქაურ მიწაზე საკმაო რაოდენობითაა ფაუნის წარმოდგენლები. მ.შ. გვხვდება მგელი, კურდღელი, ტურა, მაჩვი, დედოფალა; ტყეებში გვხვდება მურა დათვი, შველი, გარეული ღორი. მღრღნელებიდან არის მემინდვრია, ტყის თაგვი, ძილგუდა და სხვ. ორნითოფაუნას შეადგენენ მწყერი, ხოხობი, ყვავი, კაკაბი, შაშვი და ა.შ.

ქვეწარმავლებიდან არის ხვლიკი, გველის რამდენიმე სახეობა და კუ.

ფლორა[რედაქტირება]

გომბორის ქედის მთისწინეთზე გაბატონებულია ასკილი, კუნელი, ძეძვი, ჯაგრცხილა და სხვ. დაბალმთიანეთში იზრდება მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი მცენარეულობა.

მდინარე ალაზნის გასწვრივ გავრცელებულია ჭალის ტყის ფრაგმენტები. აღსანიშნავია ისიც რომ ალაზნის მარჯვენა სანაპიროს პირველადი მცენარეული საბურველი, რომელიც ძირითადად ტყით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ალაზნისპირა ნაწილშია შემონახული.

ივრისა ზეგანზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური მცენარეულობა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა — 73 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 86 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 31 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 30 სოფელი. დიდი სოფლებია: ველისციხე (6,2 ათასი), გურჯაანი (5,2 ათასი), კარდანახი (5,8 ათასი).

მმართველობა[რედაქტირება]

რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მევენახეობა და მეცხოველეობა. ვაზის კულტურას უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 20%. მრეწველობის მთავარი დარგია მეღვინეობა, რაიონში რამდენიმე ღვინის და სპირტის ქარხანაა, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

კულტურა[რედაქტირება]

რაიონში 32 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი (თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის კახეთის ფილიალი სოფ. ბაკურციხეში), 34 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 5 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია საკმაოდ ბევრი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია VIII-IX სს ქართული ძეგლი, გურჯაანის ყველაწმინდა, ნაგები რიყის ქვით. მნიშვნელოვანია ასევე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ყველაწმინდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სოფელ ვაჩნაძიანიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით.

სოფელ ვეჯინთან ახლოს დგას ციხესიმაგრე, რომელიც რიყის ქვითაა აგებული. ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესიაა, რომელთაგან აღსანიშნავია აღდგომის ამაღლებისა და წმინდა მარიამის ეკლესიები.

სოფელ კარდანახში შემონახულია XIII ს. საბაწმინდის ეკლესია, რომელიც საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული. ჭერემთან ახლოს დგას ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი „წვერდაბალი“, აქვეა ნაქალაქარი.

სხვა ისტორიული ძეგლებია: ვაზისუბნის სამნავიანი ბაზილიკა, მონასტერი „სანაგირე“ და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სულხანიშვილი ნ., ზარდალიშვილი გრ., ქსე, ტ. 3, გვ. 317-318, თბ., 1978;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]