ადარნასე პატრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე.

ადარნასე პატრიკი — ჰერეთის მეფე (დაახლოებით 906–943 წლებში). ტახტზე ავიდა X საუკუნის დასაწყისში, გრიგოლ ჰამამის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობის ხანს ჰერეთს შეუტია კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა. იგი დაუკავშირდა აფხაზთა მეფეს, კონსტანტინეს და შემდგომ ერთად გაილაშქრეს ჰერეთის წინააღმდეგ (დაახლოებით 915 წ). კვირიკე ბრძოლაში დამარცხდა და მოკავშირეებმა ჰერეთი გაინაწილეს. ვეჯინის შეთანხმების თანახმად, ადარნასე იძულებული გახდა კვირიკესათვის დაეთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტინესათვის — გავაზნი და არიში („პარასკევსა ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მისცა აფხაზთა მეფესა არიში, ხოლო კჳირიკეს ორჭობი“). შემდგომში მდგომარეობა ისევ ჰერეთის სასარგებლოდ შეიცვალა. X საუკუნის 30-იან წლებში (936 წ.) კახეთმა, აზერბაიჯანის მფლობელ საჯთა შემოსევა განიცადა: „მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი“. მუსლიმთა შემოსევისა და მათ მიერ კახეთის დარბევის შემდეგ, ადარნასე პატრიკმა ისარგებლა ამით და კახეთზე ილაშქრა და დაიბრუნა დაკარგული პუნქტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]