ერეტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ერეტრია
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 38°24′03″ ჩ. გ. 23°48′07″ ა. გ. / 38.4009694° ჩ. გ. 23.8022000° ა. გ. / 38.4009694; 23.8022000
ფართობი 169 კმ²
ცენტრის სიმაღლე 8 მეტრი
მოსახლეობა 4 373 (2021),
3 166 (2001),
2 960 (1991),
4 166 (2011),
1 788 (1951)
სატელეფონო კოდი 2229
საფოსტო ინდექსი 340 08
ერეტრია — საბერძნეთი
ერეტრია

ერეტრია (ბერძ. Ερέτρια) — ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში, კუნძულ ევბეის დასავლეთით, ისტორიული, ამავე სახელწოდების ქალაქის ადგილზე. ქალკისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კილომეტრზე და ათენიდან ჩრდილოეთით 46 კილომეტრში. ერეტრიის დიმის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4166 ადამიანი.[1]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეტრიის ტერიტორიაზე გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ზომიერად ცხელი, მშრალი ზაფხული, მაგრამ რბილი და „მოკლე“ ზამთარი. საკურორტო სეზონის დროს ჰაერი თბება + 26°С-მდე. წლის განმავლობაში ერეტრიაში დაახლოებით 500-600 მმ ნალექი მოდის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამფორა, აღმოჩენილია ერეტრიაში, ლუვრი

ძველი ერეტრია იყო საბერძნეთის პოლისი და დიდი ხნის განმავლობაში კონკურენციას უწევდა ქალკისს. პირველი დასახლება, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ერეტრიის წინამორბედად, გაჩნდა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ახლანდელი ქალაქის გვერდით, ნაყოფიერი ხეობის შუაგულში. თუმცა, შემდეგ დასახლება უნდა გადასულიყო ბორცვზე, სადაც მოგვიანებით განთავსდა ქალაქის აკროპოლისი. მიკენური პერიოდიდან დასახლება უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ერეტრია მოიხსენიება „ილიადაშიც“. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან „ἐρέσσω ή ἐρέττω“, რაც ითარგმნება როგორც „ნიჩბის მოსმა“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სულ მცირე ჰომეროსის დროიდან ქალაქის მაცხოვრებლები ნაოსნობას ეწეოდნენ.

ძვ. წ. 825 წელს დიდი ხანძრის შედეგად ერეტრიელები იძლებულები გახდნენ მიეტოვებინათ სახლები და გადასულიყვნენ ქალაქის სიახლოვეს ნოტიოს-ევოიკოსის სრუტისაკენ. ქალაქმა სწრაფად დაიწყო ზრდა და აყვავება. საზღვაო გზების კვეთაზე მოხერხებულმა მდებარეობამ (კონტინენტურ საბერძნეთს აკავშირებდა ეგეოსის ზღვისა და მცირე აზიის კუნძულებთან) სწრაფად აქცია ერეტრია მაშინდელი ელადის ერთ-ერთ წამყვან პოლისად. მან თავის სამფლობელოებს შემოუერთა კუნძლი ანდროსი, ტინოსი, კეა და ბეოტიის მიწების ნაწილი.[2] ქალაქმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საკუთარი მონეტის მოჭრა.

ერეტრიაში სამეფო ძალაუფლების შესახებ ცნობები არ არის შემონახული, რაც შესაძლოა მის ადრეულ გაუქმებაზე მიუთითებდეს. ყოველ შემთხვევაში ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის ძალაუფლება თავმოყრილი იყო ე. წ. „ცხენოსნების“ ჰიპეისების ხელში. სტრაბონი ირწმუნება, რომ ადგილობრივი არმია მოითვლიდა 3000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს, 600 მხედარს და 60 ეტლს, რომელთა აღჭურვა იმდროინდელ პირობებში მხოლოდ კლანური თავადაზნაურობის წარმომადგენლებს თუ შეეძლოთ.[2]

ბრძოლა პირველობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეტრია ერთ-ერთი პირველი იყო საბერძნეთში, რომელმაც დაიწყო საკუთარი კოლონიების შექმნა. მათგან უძველესად შეიძლება ჩაითვალოს პითეკუსი იტალიაში, რომელიც ქალკიდასთან ერთად დაიპყრეს ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე მეოთხედში. ქალკიდელებისაგან დამოუკიდებლად დააარსეს კოლონია კუნძულ კერკირაზე, საიდანაც კორინთოელებმა განდევნეს ძვ. წ. 730 წელს. მეტროპოლიამ უარი თქვა დევნილების მიღებაზე და ისინი დასახლდნენ ორიკეში და აბანტიდეში (ილირია) და მეტონეში (ქალკიდეა). ამავე წელს ერეტრიელებმა დააარსეს მენდუ, რამაც გამოიწვია კონფლიქტი დიდი ხნის პარტნიორთან — ქალკიდასთან.

ლელანტის ომში ერეტრიას ერთდროულად მოუწია ბრძოლა როგორც ქალკიდასთან და კორინთოსთანაც. მიუხედავად იმისა, რომ თავად ერეტრიას მხარს უჭერდნენ საკუთარი კოლონიები, მილეტუსი, მეგარა, ეგინა და არგოსი, ომის მთლიანობაში არ იყო მისთვის სასარგებლო შედეგით დასრულებული. მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს ერეტრიელების გამოფიტვა მცირე შეტაკებებით, გაანადგურეს მათი სიმაგრეები ანდროსზე და თავად ლელანტის დაბლობზე, საბოლოოდ გადამწყვეტი დარტყმა კი მიაყენეს საკუთარ ტერიტორიაზე. საყოველთაო დამარცხების შედეგად, ერეტრიამ დაკარგა თავისი საკუთრება ბეოტიასა და კიკლადებში, ნაყოფიერი მიწები ევბეაში, ხოლო ეგეიდა თავის მოკავშირე მილეტს დაუთმო. ერეტრიელებმა დამარცხების მიუხედავად განაგრძეს აქტიური კოლონიზაციის პოლიტიკა, თუმცა ძირითადად თრაკიის სანაპიროზე.

შინაგანი წინააღმდეგობების გამწვავებამ და არისტოკრატიის წარმომადგენლებს შორის გაზრდილი კონკურენციით ისარგებლა დიაგორმა და ლელანტის ომის შემდეგ ცოტა ხანში ძვ. წ. 545 წელს ერეტრიაში ტირანია დაამყარა. მოგვიანებით ქალაქში ძალაუფლება ზომიერი დემოკრატიის მომხრეებს გადაეცა. ძვ. წ. VI საუკუნის ბოლოს ერეტრია უახლოვდება ათენს. ამას ხელს უწყობდა ეთნიკური ნათესაობა, პოლიტიკური რეჟიმების სიახლოვე და ქალკიდასთან საერთო მტრობა.

ძვ. წ. IV საუკუნეში ცნობილი ტირანი თემისონი თებეს მოკავშირეა. მის შემდეგ ცნობილია ტირანები: მენესტრატი, პლუტარქე და კლეიტარქე. ყველა მათგანი ათენს დაუპირისპირდა და დიდხანს ვერ დარჩა ხელისუფლებაში.

განადგურება და აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იონიელების აჯანყების დროს (ძვ. წ. 500—494 წწ.) მხოლოდ ერეტრიელები და ათენელები უწევდნენ დახმარებას თანატომელებს. სწორედ ამის გამო სპარსელმა დამპყრობლებმა დატისმა და არტაფერნ II-მ ძვ. წ. 490 წელს მთლიანად გაანადგურა ქალაქი ერეტრია და მისი მოსახლეობა მონებად გაყიდა. მაცხოვრებლების ნაწილმა თავიდან აირიდა ეს საშინელი ბედი და ათენში გაიქცნენ. ერეტრია მალევე აღადგინეს 600-მა ერეტრიელმა ჰოპლიტმა მონაწილეობა მიიღო პლატეის ბრძოლაში. ქალაქი შეუერთდა დელოსის კავშირს, თუმცა ძვ. წ. 446 წელს სხვა ევბეურ თემებთან ერთად აჯანყდება ათენის ჰეგემონიის წინააღმდეგ. აჯანყების ჩახშობამ ერეტრია ათენის მოკავშირეების რიგებში დააბრუნა, მაგრამ უკმაყოფილება ნელ-ნელა განელდება. ერეტრიასთან ბრძოლაში სპარტელების გამარჯვების შემდეგ (ძვ. წ. 414 წ.) ევბეელები გამარჯვებულებს შეუერთდნენ. ოთხი წლის შემდეგ კუნძული ათენის კონტროლს დაუბრუნდა. ძვ. წ. 349 წელს ერეტრიელებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, ძვ. წ. 343 წელს მოექცნენ მაკედონიელების გავლენის ქვეშ, ძვ. წ. 341-338 წლებში კვლავ ათენის ხელშია. ქერონეასთან დამარცხების შემდეგ ქალაქი საბოლოოდ მაკედონიის მმართველობის ქვეშ მოექცა.

ელინისტური დროიდან მოყოლებული, ერეტრია უფრო ცნობილია, როგორც ფილოსოფოს მენედემეს სამშობლო, რომელმაც აქ დააარსა თავისი ფილოსოფიური სკოლა.

ძვ. წ. 198 წელს დაიპყრეს და გაძარცვეს რომაელებმა. ძვ. წ. 146 წლიდან შედიოდა რომის პროვინცია მაკედონიის შემადგენლობაში. ძვ. წ. 87 წელს მითრიდატული ომების დროს რომაელებმა ქალაქი საბოლოოდ დაანგრიეს.

1824 წელს საბერძნეთის რევოლუციის დროს, ძველი ერეტრიის ადგილზე დაარსდა პატარა დასახლება, სადაც დასახლდა კუნძულ ფსარის მოსახლეობა. თუმცა მალევე მალარიის ეპიდემიის გამო სოფელი თითქმის დაცარიელდა. დასახლება აღდგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევბეა საბერძნეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური თეატრი ერეტრიაში

1890-1894 წლებში ამერიკელმა არქეოლოგებმა ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე აწარმოეს გათხრები და აღმოაჩინეს ანტიკური თეატრი.

2005 წელს ცნობილი გახდა კიდევ ერთი აღმოჩენის შესახებ. აპოლონ დაფნოფორის საკურთხევლის ნანგრევებზე ნაპოვნი სხვადასხვა ამფორებზე, თასებსა და ნამსხვრევებზე 65 წარწერა დაფიქსირდა. აღნიშნული კერამიკა თარიღდება საბერძნეთის ბნელი ხანით (ძვ. წ. 750-700 წწ.).[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა, ადამიანი
1981 3711
1991 2960[4]
2001 3166[4]
2011 4166[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Πίνακας αποτελεσμάτων Μόνιμου Πληθυσμού-Απογραφής 2011. Ελληνική Στατιστική Αρχή (2014-03-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-24. ციტირების თარიღი: 2017-10-22.
  2. 2.0 2.1 სტრაბონი. გეოგრაფია. X, 1, 10
  3. Артем Космарский. (2016-10-19) Родина «эллинского чуда». Индикатор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-02. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  4. 4.0 4.1 Μόνιμος και Πραγματικός Πληθυσμός της Ελλάδος. Σύνολο Ελλάδος, νομοί, δήμοι/κοινότητες, δημοτικα/κοινοτικά διαμερίσμα και οικισμοί. Απογραφές πληθυσμού 2001 και 1991. Ελληνική Στατιστική Αρχή. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-16. ციტირების თარიღი: 2017-06-22.