დრანდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
დრანდა
დრანდის ტაძარი
დრანდის ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი დრანდა
კოორდინატები 42°52′18″ ჩ. გ. 41°09′12″ ა. გ. / 42.87167° ჩ. გ. 41.15333° ა. გ. / 42.87167; 41.15333
მოსახლეობა 3205 კაცი (2011)
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

GEO-AB-GLSH.svg

Red pog.svg

დრანდა მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

დრანდა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:ათარბეკოვკა, ზემო ფშაფი, ქვემო ფშაფი, შაუმიანოვკა). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე პატარა კოდორის ნაპირას, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალსა და შავიზღვისპირა გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 40 მ, გულრიფშიდან 9 კმ., სოხუმიდან 18 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]

დრანდის ეკლესია[რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი დრანდის ეკლესია. დრანდას VI-IX საუკუნეების ძეგლია. ქართველი მეცნიერი გიორგი ჩუბინაშვილი დრანდას მცხეთის ჯვრის ერთ-ერთ ვარიაციად განიხილავდა, სადაც ქართულ მხატვრულ გაგებასთან ბიზანტიური ხასიათის ელემენტებია შერწყმული. სხვა შეხედულებით დრანდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის ბრძანებით, 551 წელს აიგო და თავიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის, აბაზგიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო.

მე-8 საუკუნეში, დრანდა აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეპარქიის ცენტრად იქცა, რომელმაც აქ მე-17 საუკუნემდე იარსება. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი აბაზებისა და აბსარების შემოსევების გამო იძულებული გახდა იერუსალიმში წასულიყო.

1637 წელს, ტაძარი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს თურქმა დამყრობლებმა. 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ტაძარი ხელმეორედ დაიწვა და ფრესკები განადგურდა. 1880 წლიდან, რუსული კოლონიური მმართველობის პერიოდში, სხვა ტაძრებთან ერთად ხდება დრანდის „რუსიფიკაციაც“. დრანდას ჯერ კიდევ მაშინ დაადგეს რუსული ყაიდის ხახვისებრი გუმბათი.

1928 წელს კომუნისტებმა დრანდის ტაძარი გააუქმეს, ეკლესიის შენობის ნაწილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებად, ციხედ გადაკეთდა, რომელიც დღემდე მოქმედებს, ნაწილში კი გულრიფშის რაიონის რაიოკომი და სკოლა-ინტერნატი განთავსდა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში დრანდის ტაძრის რესტავრაცია განხორციელდა. 2006 წელს დრანდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2011 წელს, კი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ 40-მდე ტაძარი, მათ შორის დრანდაც, ე.წ „აფხაზურ ეკლესიას“ უვადო სარგებლობაში გადასცა. ტაძარი ოკუპაციის შემდეგ რუსულ ყაიდაზე, მთლიანად თეთრად გადაღებეს; ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც დახვრიტეს ეკლესიის კედლები; დაამონტაჟეს ვიდეოსათვალთვალო სისტემა; ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ მომხდარა. რეკონსტრუქციამ შეიწირა ტაძრის უნიკალური სანათლავი ემბაზი, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.