ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა
Bayburtlu Kara İbrahim Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი, 1683
მმართ. დასასრული: 18 ნოემბერი, 1685
წინამორბედი: ქარა მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: სარი სულეიმან-ფაშა
მონარქი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1620
დაბ. ადგილი: ბაიბურთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1687
გარდ. ადგილი: როდოსი
რელიგია: ისლამი

ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Bayburtlu Kara İbrahim Paşa; დ. 1620, ბაიბურთი — გ. 1687, როდოსი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1683–1685 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში. დიდი ვეზირის ბეჭედი გადაეცა ოსმალეთის სასტიკი მარცხის შემდეგ ვენაში, 1683 წელს.

იბრაჰიმი დაიბადა 1620 წელს, ბაიბურთში. სწორედ მისი წარმოშობის გამო შეერქვა მას ბაიბურთლუ, რაც ბაიბურთელს ნიშნავს. 1669 წელს დაინიშნა ეგვიპტის გამგებლად. ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშამ ეს თანამდებობდა შეინარჩუნა ოთხი წლის განმავლობაში და 1673 წელს დედაქალაქში გამოიძახეს.

1677 წელს იბრაჰიმ-ფაშა დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის საზღვაო ფლოტის მეთაურად, ანუ კაპუდან-ფაშად. ის იმპერიის ფლოტს ხელმძღვანელობდა 1678 წლამდე. 1683 წელს მონაწილეობა მიიღო ჰაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელშიც ოსმალეთის არმია დამარცხდა.

როცა ოსმალეთის იმპერიის არმიამ უკან დაიხია და ბელგრადში იმყოფებოდა, სულთან მეჰმედ IV-მ ბრძანება გასცა, რომ სიკვდილით დაესაჯათ იმპერიის იმდროინდელი დიდი ვეზირი ქარა მუსტაფა-ფაშა. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, 25 დეკემბერს ქარა იბრაჰიმ-ფაშა ოფიციალურად გახდა დიდი ვეზირი.

ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშას მმართველობა საკმაოდ ცუდ დროს მოუხდა. მწვავედ მიმდინარეობდა დიდი თურქული ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ და მანაც საკუთარი მმართველობის ორი წელი სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა. ქარა იბრაჰიმ-ფაშას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვეს 1685 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მის ნაცვლად დიდ ვეზირად დაინიშნა სარი სულეიმან-ფაშა.

ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა გარდაიცვალა 1687 წელს, კუნძულ როდოსზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danişmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul: Türkiye Yayınevi.
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.423-425
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5,