ოსმალეთის იმპერიის განვითარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსმალეთის იმპერიის განვითარება (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Yükselme Dönemi; 29 მაისი, 1453 — 11/12 სექტემბერი, 1683) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში წარმოშობის შემდეგ, მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებიდან 1683 წლამდე, სტაგნაციის პერიოდამდე. ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.

ოსმალეთის იმპერიამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს სულეიმან I-ის (1520-1566 წწ.) პერიოდში მიაღწია, როცა მან ოთხივე მხარეს მნიშვნელოვნად გააფართოვა ოსმალეთის საზღვრები, დაამარცხა ირანი და რამდენიმეჯერ დაამარცხა ევროპის გაერთიანებული ძალები, რომლებიც ოსმალების განდევნას ცდილობდნენ. ასევე, სულეიმანმა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებმაც ოსმალეთის განვითარება უფრო დააჩქარა.

სულეიმანის შემდეგ რამდენიმე სულთნის დროს იმპერიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა შემდეგში დაიწყო შინააშლილობები და მრავალი აჯანყება, მოიშალა შიდა მმართველობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს ნაკლებად ეხებოდა ოსმალეთის ტერიტორიებს რუკაზე. მხოლოდ აბას I-მა დაიკავა რამდენიმეჯერ ოსმალეთის ტერიტორიები, მაგრამ, ძირითადად, ოსმალები მალევე ახერხებდნენ მის დაბრუნებას.

თუმცა, ევროპასა და ირანთან ერთად ოსმალეთის საუბედუროდ მოძლიერდა რუსეთი. ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთის სამეფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ორივეს სურდა კავკასიაზე გაბატონება, ამიტომ მათი გზები ხშირად იკვეთებოდა და უწევდათ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელში გამარჯვებული ძირითადად რუსეთი რჩებოდა ან ოსმალეთი იძულებული ხდებოდა დაედო მისთვის საზიანო ზავი. სწორედ რუსეთმა ითამაშა ერთ-ერთი უმნიშვნლოვნესი როლი ოსმალეთის სტაგნაციის დაწყებასა და საბოლოოდ მის დაშლაშიც.

მეჰმედ II-დან სულეიმან I-მდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჰმედ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჰმედ II-ის მინიატურა
ოსმალეთის იმპერია მეჰმედის გარდაცვალების წელს

მეჰმედ II-ის მმართველობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდი მხოლოდ კონსტანტინიპოლის დაცემით არ შემოფარგლულა. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ის იყო ბრწყინვალე მხედართმთავარი და მისი მეთაურობით ოსმალეთის არმიამ 1460 წელს დაიპყრო მორეა, 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია. ამას გარდა, ბოსნია, კ. ევბეა, ყირიმის სახანო და ალბანეთი. მისი მმართველობის პერიოდში შედგა ოსმალეთის იმპერიის კანონების პირველი კრებული. მეჰმედის დროს ცენტრალურ ანატოლიაში ოსმალეთის ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა და გამყარდა. სულთან მეჰმედ II-ის მმართველობის პერიოდში იყო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის დაპყრობის პირველი მცდელობა, თუმცა იგი უშედეგოდ დასრულდა. მეჰმედი გარდაიცვალა 1481 წელს, 49 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა ბაიაზიდ II, რომელმაც დაამარცხა ძმა ჯემ სულთანი.[1]

ბაიაზიდ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიაზიდი მამის გარდაცვალებამდე ამასიას მართავდა, ხოლო მისი ძმა — ჯემი, ქარამანს, რომელიც ამასიასთან შედარებით ბევრად ახლოს იყო დედაქალაქთან, მაგრამ მაცნე, რომელიც ჯემთან მამის გარდაცვალები ამბის შესატყობინებლად მიდიოდა, ბაიაზიდის მომხრეებმა შეაფერხეს. შედეგად, დედაქალაქში პირველი ბაიაზიდი ჩავიდა და სულთნის ტახტი დაიკავა. მოგვიანებით ჯემი ეგვიპტეში გაემგზავრა და იქიდან ედავებოდა ძმას ტახტს, თუმცა 1495 წელს იგი ბაიაზიდის ბრძანებით მოწამლეს.

ბაიაზიდის მმართველობის პერიოდში ოსმალეთი უწყვეტად ებრძოდა სპარსეთს, ვენეციას, პოლონეთს, უნგრეთსა და ეგვიპტეს. ეს ომები დიდი წარმატებით არ მიმდინარეობდა და შედეგად ოსმალეთი მნიშვნელოვნად დასუსტდა. ბაიაზიდის მმართველობის ბოლო წლებში მის ვაჟებს შორის მიმდინარეობდა ტახტისთვის ბრძოლა. 1512 წელს ბაიაზიდი იძულებული გახდა ტახტი უმცროსი ვაჟისთვის, სელიმისთვის დაეთმო. იგი იმავე წელს გარდაიცვალა.[2]

სელიმ I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთი 1520 წელს

სელიმმა ტახტზე ასვლისთანავე მოაწყო შიიტების ჟლეტა ირანში. მისი მმართვლობის პერიოდში ომებისაგან დაქანცული ოსმალეთის იმპერია საგრძნობლად მოძლიერდა და გაფართოვდა, რის გამოც მიჩნეულია ოსმანების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მმართველობამ მხოლოდ 8 წელს გასტანა, მან მრავალი რამის სასიკეთოდ გაკეთება მოასწრო ამ პერიოდში. სელიმმა დაიპყრო ქურთისტანი, სომხეთი, სირია, ერაყი, პალესტინა და ეგვიპტე, დაასრულა ანატოლიის დაპყრობა. 1517 წელს მიითვისა ხალიფას ტიტული, რამაც ძლიერ აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსლიმანურ სამყაროში. ხასითის გამო შეარქვეს იავუზი (Yavuz — მრისხანე). გარდაიცვალა 1520 წელს. მისი მემკვიდრე გახდა სულეიმან I, რომლის დროსაც ოსმალეთმა სიძლიერის მწვერვალს მიაღწია.[3]

სელიმს ტახტს ორი ძმა ედავებოდა - ქორქუთი და აჰმედი. თუმცა სელიმმა ორივე მათგანის დამარცხება მოახერხა და სიკვდილით დაასჯევინა 1513 წელს.

სულეიმან I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულეიმან I
მოჰაჩის ბრძოლა

სულეიმან I ტახტზე ავიდა 1520 წელს. მის მთავარ მიზანს ბელგრადისა და დამასკოს დაპყრობა წარმოადგენდა. 1521 წელს მან ბელგრადისა და დამასკოს დაპყრობა მოახერხა. 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში, რომელშიც მისი არმია ოთხჯერ აღემატებოდა მოწინააღმდეგის არმიას (სულეიმანის არმია შეადგენდა 100 000 მებრძოლს, ლაიოშისა კი — 25 000-ს) დაამარცხა უნგრეთის მეფე ლაიოშ II და ოსმალეთის იმპერიამ, ამ გამარჯვები შედეგად, მიიღო უნგრეთის დიდი ნაწილი. 1532 წელს განაახლა დროებით შეწყვეტილი ომი ირანთან და თამაზ I-ს წაართვა თავრიზი და ბაღდადი. დაიბრუნა ბითლისი. ასევე, დაიპყრო ტრიპოლიტანია, ალჟირი, როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა მნიშვნელოვანი კუნძულები. 1537 წელს უშედეგოდ სცადა რომის აღებია. მისი მმართველობის პერიოდში, 1541 წელს შეიქმნა ოსმალეთის უნგრეთი. გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა და შექმნა ახალი კანონები (კანუნნამე), რამაც დააჩქარა ოსმალეთის იმპერიის განვითარება. როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ეზიზღებოდა თამაზ I და მას ლაჩრად მოიხსენიებდა, თუმცა 1555 წელს იძულებული გახდა 23 წლის წინ დაწყებული ომი დაესრულებინა ამასიის ზავით, რომლითაც ირან-ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს.[4]

ოსმალეთის იმპერია სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ

სულეიმანმა სიკვდილით დასაჯა საკუთარი ორი შვილი: შეჰზადე მუსტაფა 1553 წელს და შეჰზადე ბაიაზიდი 1561 წელს. ორივე მათგანს ბრალი ედებოდა ღალატში. სინამდვილეში, არც ერთი მათგანი მოღალატე არ ყოფილა. მუსტაფა დაისაჯა ჰიურემ სულთანის შეთქმულების გამო, ხოლო ბაიაზიდის სიკვდილით დასჯაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე მისმა შვილმა სელიმმა.

სულეიმანი გარდაიცვალა 1566 წლის 7 სექტემბერს, უნგრეთის მეორე ლაშქრობის დროს. მას დარჩა ერთადერთი მემკვიდრე — სელიმი და სწორედ ის ავიდა ტახტზე მისი გარდაცვალების შემდეგ. სულეიმანს გარდაცვალების შემდეგ უწოდეს „კანუნი“ (კანონმდებელი) და „დიდებული“.

მისი გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის იმპერია ასე ძლიერ აღარავის განუვითარებია და გაუძლიერებია. არც მანამდე ყოფილა მისნაირი ძლიერი სულთანი ოსმალეთის სათავეში. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულეიმანი არის ოსმალეთის იმპერიის საუკეთესო სულთანი, რომელიც კი მას ჰყოლია. მისი 46-წლიანი მმათველობა იმპერიისთვის ოქროს ხანადაა მიჩნეული.

სელიმ II-დან მუსტაფა I-მდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმ II და მურად III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში ოსმალეთს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. მან დაასრულა არაბეთის ნახევარკუნძულისა და კვიპროსის დაპყრობა. 1573 წელს, მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ლეპანტოს ბრძოლა. 1574 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთის ტახტზე მისი უფროსი შვილი, მურად III ავიდა.[5]

მურადმა 1578 წელს განაახლა ომი ირანთან. ოსმალეთის მიზანს კავკასიის ქვეყნები წარმოადგენდნენ. ამავე წელს მოეწყო მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა საქართველოში. მურადი სახელმწიფო საქმეებს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა და ძირითადად დროს ჰარამხანაში ატარებდა. 1590 წელს დასრულდა ირან-ოსმალეთის ომი ოსმალეთისათვის სასარგებლო ზავით. გარდაიცვალა 1595 წელს. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მეჰმედ III.[6]

მეჰმედ III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტზე ასვლისთანავე მეჰმედმა სიკვდილით დასაჯა საკუთარი 19 ძმა და შემოიღო ტრადიცია, რომლის მიხედვით შეჰზადეებს ეკრძალებოდათ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში და ისინი გამოკეტილნი იყვნენ სპეციალურ გისოსებში. 1596 წელს მეჰმედი უნგრეთისაკენ დაიძრა და გაიმარჯვა ბრძოლაში, თუმცა შემდეგ მაინც დედაქალაქში დაუბრუნდა განებივრებულ ცხოვრებას. 1603 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა აჰმედ I.

აჰმედ I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან აჰმედის მეჩეთი

აჰმედის მმართველობის დასაწყისში ანატოლიაში მიმდინარეობდა აჯანყება, რომელიც მამამისის დროს დაიწყო. გარდა ამისა, ოსმალეთის იმპერია ერთდროულად ეომებოდა ავსტრიასა და ირანს. შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა ირანის შაჰმა აბას I-მა და ოსმალები განდევნა საქართველოსა და აზერბაიჯანიდან. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ოსმალებმა ვერ მოახერხეს ამ ტერიტორიების დაბრუნება და 1612 წელს, იძულებულნი გახდნენ, სამშვიდობო ზავით, ეღიარებინათ აბას I-ის დაპყრობილი ტერიტორიები.[7]

სულთან აჰმედის ბრძანებით, კონსტანტინოპოლში აშენდა სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელიც ასევე ცნობილია ცისფერი მეჩეთის სახელით. სულთან აჰმედის მეჩეთი ითვლება მუსლიმანური არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად და იგი შენდებოდა 1609-1616 წლებში. აჰმედ I გარდაიცვალა 1617 წელს, 27 წლის ასაკში, ტიფით. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ძმა მუსტაფა I-მა, რომელიც სულიერად დაავადებული იყო.

მუსტაფა I-დან სტაგნაციამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსტაფა I და ოსმან II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან მუსტაფა სულიერად იყო დაავადებული, მას სახელმწიფოს მართვა არ შეეძლო. 1618 წლის დასაწყისში იგი ტახტიდან ოსმან II-მ ჩამოაგდო. 1622 წელს, იანიჩარების აჯანყების შედეგად ტახტიდან ოსმანიც ჩამოაგდეს და დააბრუნეს მუსტაფა. მუსტაფას მმართველობამ არც ახლა გასტანა დიდხანს. 1623 წელს იგი მეორე ძმისშვილმა, მურად IV-მ ჩამოაგდო ტახტიდან და გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

მურად IV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერია 1639 წელს

მურადის მმართველობის პირველ წლებში მთელი ძალაუფლება ხელთ მის დედასა და სასახლის საჭურისებს ეპყრათ. შედეგად, შაჰ-აბასმა, 1624 ბაღდადი და ერაყის არაბული ნაწილი დაიპყრო. მურადი ნელ-ნელა გათავისუფლდა დედისგან და იმპერიაზე კონტროლი აღადგინა. მისი ბრძანებით, 25 000-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დაისაჯა. 1634 წელს ირანთან ომი განაახლა და 1638 წელს სპარსელები ბაღდადიდან განდევნა. 1639 წლის შეთანხმებით დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები. 1640 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტი ერგო იბრაჰიმ I-ს.[8]

იბრაჰიმ I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთანი იბრაჰიმი სისასტიკითა და მფლანგველობით გამოირჩეოდა, რის შედეგად თავიდანვე დაიმსახურა იანიჩრების სიძულვილი. 1645 წელს იბრაჰიმმა ომი გამოუცხდა ვენეციას კუნძულ კრეტის დასაპყრობად, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდა და დაბრუნდა დედაქალაქში. იგი თითქმის არ უხდიდა ხელფასს იანიჩარებს, რის გამოც მათ 1648 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და ცოტა ხანში გაგუდეს. მის შემდეგ ტახტზე 6 წლის მეჰმედ IV აღმოჩნდა, რომელიც ოსმალეთის სიძლიერის პერიოდის ბოლო სულთანია.

მეჰმედ IV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერია ვენაში შეჭრის წელს

მისი მმართველობის პირველ წლებში მისი დედისა და ბებია ხლართავდნენ ინტრიგების ქსელებს, რის შედეგადაც ვენეციელებმა დაამარცხეს ოსმალეთის საზღვაო ფლოტი. 1669 წელს ოსმალეთმა ვენეციას წაართვა კუნძული კრეტა. 1672 წელს, თავად მეჰმედის სარდლობით, დაიწყო ომი პოლონეთთან, რომელშიც პოლონელებმა დათმეს უკრაინის ნაწილი და პოდილიე. 1683 წელს, ასევე მეჰმედის მეთაურობით, ოსმალეთის არმია შეიჭრა ავსტრიაში, ვენაში ჰაბსბურგების სამფლობელოში და დაიწყო ომი, რომელიც 1699 წლამდე გაგრძელდა. ხოლო 1683 წლის ბრძოლაში, ოსმალეთის არმია სასტიკად დამარცხდა[9].

ამ მოვლენით დასრულდა ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილების ხანა, რასაც მოჰყვა ოსმალეთის იმპერიის სტაგნაცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]