ალექსანდრე ვალევსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაფი ალექსანდრე ვალევსკი

ალექსანდრე ფლორიან იუზეფ კოლონა-ვალევსკი (პოლ. Aleksander Florian Józef Colonna-Walewski; დ. 1810 წლის 4 მაისს ვალევიცეში, ვარშავის ახლოს, გ. 1868 წლის 27 სექტემბერს სტრასბურგში) — ნაპოლეონ ბონაპარტისა და პოლონელი დიგვაროვანი ქალბატონის, გრაფინია მარია ვალევსკას ქორწინებისგარეშე ვაჟი, ფრანგი დიპლომატი.

ნაპოლეონის ვაჟი[რედაქტირება]

მარია ვალევსკა რომ დაფეხმძიმდა, ნაპოლეონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ელეონორ დენუელის შემდეგ, რომელსაც 1806 წელს იმპერატორისგან ვაჟი, შარლ ლეონი შეეძინა, რითაც დადასტურდა, რომ ჟოზეფინა უშვილო იყო და რის გამოც ნაპოლეონმა მასთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, მარია იყო ერთადერთი ქალი, რომლის შვილის მამობაში ნაპოლეონს ეჭვი არ ეპარებოდა.

ალექსანდრე ვალევსკი ვალევიცეში, კოლონა-ვალევსკების საგვარეულო სასახლეში დაიბადა. მარია ვალევსკას მეუღლემ, გრაფმა ატანასიუშ კოლონა ვალევსკიმ ის თავის კანონიერ შვილად აღიარა და თავისი გვარი და გრაფის ტიტული მისცა.

ვაჟის დაბადების ამბავი რომ შეიტყო, ნაპოლეონმა პარიზში მიიწვია მარია, რათა შვილი ენახა. 1810 წლის ბოლოს მარია პატარა ალექსანდრესთან ერთად პარიზში ჩავიდა. იმპერატორმა ალექსანდრე ვალევსკი თავის ქორწინებიგარეშე შვილად აღიარა, იმპერიის გრაფის ტიტული უბოძა და ყველაფერი გააკეთა მარიასა და მისი ვაჟის მომავლის უზრუნველსაყოფად. ნაპოლეონისა და მარიას ვაჟის ნახვის სურვილი ჟოზეფინამაც გამოთქვა, რომელთანაც იმპერატორი უკვე განქორწინებული იყო, და პატარა გრაფი უხვად დაასაჩუქრა. როცა კი საშუალება ეძლეოდა, ნაპოლეონი მცირე ხნით ეწვეოდა ხოლმე მარიას ან თავის სასახლეში ეპატიჟებოდა დედა-შვილს.

ფონტენებლოდან ნაპოლეონი მარია ვალევსკას სწერდა: „დიდი სიამოვნებით გინახულებთ თქვენც და თქვენს ვაჟსაც, რომლის მიმართ ჩემი გრძნობები მუდამ უცვლელი იქნება. იყავით ჯანმრთელი, ნუ განაწყენდებით, სიყვარულით მომიგონეთ და არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი ჩემში. N“

1814 წლის იანვარში მარია ოთხი წლის ვაჟთან ერთად ჩავიდა კუნძულ ელბაზე, სადაც ნაპოლეონი სიხარულით შეხვდა პატარა ალექსანდრეს. თავის ანდერძში ნაპოლეონ ბონაპარტი მარია ვალევსკასთან შეძენილ შვილზე წერდა: „მე მსურს, რომ ალექსანდრე ვალევსკი სამხედრო სამსახურში იყოს საფრანგეთში.“

პოლონური პერიოდი[რედაქტირება]

1817 წელს, როცა მარია ვალევსკა გარდაიცვალა, შვიდი წლის ალექსანდრეზე მეურვეობა ბიძამ, თეოდორ ლაჩინსკიმ იკისრა. ალექსანდრე სამი წელი კიერნოზიაში, ლაჩინსკების საგვარეულო მამულში ცხოვრობდა, სადაც კერძო მასწავლებლები ამეცადინებდნენ. 1820 წელს ბიძამ შვეიცარიაში, ჟენევის პრესტიჟულ პანსიონში გაგზავნა სასწავლებლად. 1824 წელს სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე ვალევსკი თავისი ასაკისთვის საოცრად განვითარებული, განათლებული და მიმზიდველი ჭაბუკი იყო. გარდა ამისა, მის გარშემო მუდამ ცოცხლობდა დიდი ნაპოლეონისა და ულამაზესი მარია ვალევსკას სიყვარულის ისტორია – ვარშავის არისტოკრატიიისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა ალექსანდრეს წარმომავლობის ამბავი. სწორედ ამ ღირსებების გამო იყო, რომ ალექსანდრე ვალევსკი მალე შეამჩნიეს უმაღლეს საზოგადოებაში. მაგრამ სწორედ ამავე მიზეზებით, მისი პერსონით პოლონეთში რუსეთის მეფისნაცვლის, რუსეთის დიდი მთავრის, კონსტანტინ რომანოვის ჯაშუშებიც დაინტერესდნენ. ნაპოლეონ ბონაპარტის ვაჟმა, რომელიც, ამასთან, ისტორიულ პოლონურ გვარს ატარებდა, შეაშფოთა რუსეთის მეფისნაცვალი. კონსტანტინ რომანოვი ჯერ შეეცადა დაეახლოვებინა ალექსანდრე და, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, პირადი ადიუტანტის თანამდებობაც კი შესთავაზა. მაგრამ ალექსანდრე რუსეთის ჯარში სამსახურის წინააღმდეგი იყო და შეთავაზება არ მიიღო. ამის შემდეგ ხელისუფალთა მისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა – მას, როგორც რუსეთის იმპერიისთვის არასანდო პირს, პოლიციამ მეთვალყურეობა და თვალთვალი დაუწყო.

ფრანგული პერიოდი[რედაქტირება]

პოლონეთში რუსეთის მეფისნაცვლის მიერ მისადმი დაწესებულ შეზღუდვათა გამო ალექსანდრემ გადაწყვიტა საფრანგეთში გამგზავრებულიყო. პარიზში ახალგაზრდა ვალევსკი 1827 წელს ჩავიდა. პარიზშიც მას თან სდევდა მისი წარმომავლობის რომანტიკული ისტორია, რასაც ადასტურებდა ალექსანდრეს საოცარი მსგავსება იმპერატორთან, თუმცა თავად ალექსანდრეს არასოდეს დაუკავშირებია თავი იმპერატორ მამასთან, მამად მუდამ გრაფ ვალევსკის აღიარებდა და არავის აძლევდა უფლებას, მისი ოფიციალური წარმომავლობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ.

მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, საფრანგეთის მთავრობამ უარი უთხრა რუსეთის ხელისუფლებას ალექსანდრე ვალევსკის ექსტრადირებაზე.

პოლონეთის ნოემბრის აჯანყება[რედაქტირება]

1830 წლის დეკემბერში, პოლონეთში აჯანყების დაწყების შემდეგ, ალექსანდრემ პირველი დიპლომატიური დავალება მიიღო. პოლონეთის ნოემბრის აჯანყება, რომელსაც 1830-31 წლების პოლონეთ-რუსეთის ომს და კადეტთა რევოლუციასაც უწოდებენ, დანაწევრებული პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აჯანყება იყო. ის 1830 წლის 29 ნოემბერს ვარშავის სამხედრო აკადემიის ახალგაზრდა პოლონელი ოფიცრების ამბოხებით დაიწყო, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობდა და მალე პოლონეთის დიდ ტერიტორიას მოედო. საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე საიდუმლო დავალებით მიავლინა აჯანყებულთა ხელმძღვანელობასთან. დაკისრებული მისია რომ შეასრულა, ვალევსკი პოლონეთის ჯარში ჩაეწერა და ერთხანს აჯანყებულთა საბრძოლო ნაწილების მთავარსარდალ მიხალ რაძივილის ადიუტანტიც იყო. პოლონეთის ჯარში მან კაპიტნის ჩინი მიიღო და გროხოვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო – ვირტუტი მილიტარის ოქროს ჯვარი დაიმსახურა.

რამდენიმე ლოკალური მნიშვნელობის წარმატების მიუხედავად, საბოლოოდ რუსეთის იმპერიის არმიამ, რომელსაც ივან პასკევიჩი სარდლობდა, აჯანყება ჩაახშო. დამარცხების საფრთხე რომ იგრძნეს, აჯანყების ლიდერებმა ვალევსკი საგანგებო მისიით გაგზავნეს ლონდონში. მას უნდა დაერწმუნებინა დიდი ბრიტანეთი, მხარი დაეჭირა აჯანყებისათვის. სწორედ ლონდონში შეიტყო ალექსანდრემ რუსეთის არმიის მიერ ვარშავის აღებისა და აჯანყების დამარცხების შესახებ.

სამხედრო და დიპლომატიური სამსახური საფრანგეთში[რედაქტირება]

ვარშავის დაცემის შემდეგ, 1832 წელს, ალექსანდრე ვალევსკიმ პოლონეთი დატოვა და საფრანგეთის არმიის უცხოელთა ლეგიონში დაიწყო სამსახური. უცხოური ლეგიონის კაპიტანი ვალევსკი ალჟირში მსახურობდა, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი საფრანგეთის არმიის კავალერისტთა კორპუსში ჩაირიცხა.

1837 წელს ვალევსკიმ სამხედრო სამსახურს თავი დაანება და, საფრანგეთში დაბრუნებულმა, პრესისა და თეატრისთვის წერა დაიწყო. იმავე წელს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპის პრემიერ-მინისტრმა ტიერმა ვალევსკი დიპლომატიური მისიით გაგზავნა ეგვიპტეში, ხოლო პრემიერ-მინისტრ გიზოს დროს ვალევსკი დიპლომატიური დავალებით იმყოფებოდა ბუენოს-აირესში.

გრაფ ვალევსკის შემდგომი დიპლომატიური კარიერა განსაზღვრა საფრანგეთის ხელისუფლებაში მისი ბიძაშვილის, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტის მოსვლამ. ვალევსკი საგანგებო ელჩად მიავლინეს ჯერ ტოსკანასა და ესპანეთში, შემდეგ კი ლონდონში, სადაც მან ისეთი მოქნილი დიპლომატიური მუშაობა გასწია, რომ დედოფალმა ვიქტორიამ აღიარა საფრანგეთის მეორე იმპერია. სწორედ ვალევსკიმ მოაწყო ნაპოლეონ მესამის ვიზიტი ინგლისში და დედოფალ ვიქტორიას ვიზიტი საფრანგეთში, აგრეთვე უზრუნველყო ამ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა ყირიმის ომის დროს. დიპლომატიურ ასპარეზზე მოპოვებული წარმატების გამო 1855 წელს გრაფი ალექსანდრე ვალევსკი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და ეს პოსტი 1860 წლამდე ეკავა, შემდეგ კი, 1863 წლამდე საფრანგეთის კულტურისა და ხელოვნების მინისტრი იყო. 1866 წელს გრაფ ვალევსკის ჰერცოგის ტიტული უბოძეს. ვალევსკი არჩეული იყო აგრეთვე საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრად.

პარიზის კონგრესი[რედაქტირება]

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, 1856 წლის თებერვალ-მარტში, ყირიმის ომის შემდეგ, გრაფი ვალევსკი საფრანგეთის მხარეს წარმოადგენდა და თავმჯდომარეობდა პარიზის კონგრესს – ომისშემდგომ სამშვიდობო კონფერენციას, რომელზეც ის დამარცხებულ რუსეთს თავის პირობებს უყენებდა. 30 მარტს ვალევსკიმ საფრანგეთის სახელით ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას. კონგრესის მსვლელობისას იმპერატორმა ალექსანდრე ვალევსკი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრით დააჯილდოვა და სენატორად დანიშნა. პარიზის კონგრესზე გრაფმა ვალევსკიმ წამოაყენა წინადადება, რომ განეხილათ „შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების მდგომარეობა“, რომელშიც იგულისხმებოდა საქართველო და, საერთოდ, კავკასია, და განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ პრობლემისთვის. კონგრესის პროგრამაში შეიტანეს კიდეც კავკასიის საკითხი, მაგრამ გრაფმა ორლოვმა, რომელიც რუსეთის მხარეს წარმოადგენდა, კატეგორიული უარი განაცხადა ამ საკითხის შესახებ მსჯელობაზე და მიაღწია იმას, რომ კონგრესის დღის წესრიგიდან ამოეღოთ ყველაფერი, რაც საქართველოს და კავკასიას შეეხებოდა.[1]

ამ კონგრესზე გრაფმა ვალევსკიმ წამოაყენა შავი ზღვის ნეიტრალიზაციის საკითხიც, რომლის მიხედვითაც შავი ზღვა ნეიტრალურად ცხადდებოდა, მისი წყლები და პორტები – ღიად ყველა სახელმწიფოს ნაოსნობისთვის და სამუდამოდ დახურულად შავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ფლოტებისთვის. ნეიტრალური შავი ზღვის სანაპიროებზე სამხედრო-საზღვაო ფორტების შენარჩუნება ან აგება აღარც საჭირო იყო და აზრსაც ჰკარგავდა. ასეთი იყო შავი ზღვის საკითხის ვალევსკისეული ფორმულირება. დამარცხებული რუსეთი იძულებული გახდა დათანხმებოდა პარიზის საზავო ხელშეკრულების მძიმე პირობებს, რომელთაგან ყველაზე არასასიამოვნო მისთვის შავი ზღვის ნეიტრალიზაციის შესახებ შეთანხმება იყო, რომლის შედეგადაც ალიანსის მიერ დასჯილმა რუსეთმა შავი ზღვის სამხედრო ფლოტი დაკარგა. და თუმცა რუსეთის სუვერენული უფლებები შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რუსეთს, რომელმაც მოახერხა, დაეთანხმებინა ნაპოლეონ მესამე, კავკასიის საკითხი არ განხილულიყო, საშუალება მიეცა განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა კავკასიაში და შეენარჩუნებინა ფორტები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ალექსანდრე ვალევსკი ორჯერ იყო დაქორწინებული. 1831 წელს მან ლედი კეტრინ კეროლაინ მონტეგიუზე, სენდვიჩის გრაფის ქალიშვილზე იქორწინა. კეტრინთან შეძენილი ორი შვილი ჩვილობის ასაკშივე დაიღუპა, ხოლო თავად კეტრინი ქორწინებიდან სამ წელიწადში გარდაიცვალა. 1846 წელს გრაფმა ვალევსკიმ ცოლად შეირთო გრაფინია მარიან პონიატოვსკა დე რიჩი, პოლონეთის უკანასკნელი მეფის, სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკის შთამომავალი და პრინც იუზეფ პონიატოვსკის ბიძაშვილი. მეორე ქორწინებიდან მას სამი შვილი დარჩა. ერთი ვაჟი კი, სახელად ასევე ალექსანდრე, რომელიც შვილადაც აღიარა და გვარიც მისცა, გრაფ ვალევსკის ფრანგული სცენის ცნობილ მსახიობ რაშელ ფელიქსისგან ჰყავდა.

გრაფი ალექსანდრე ვალევსკი პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული.[3]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ლევან ზ. ურუშაძე, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები), ბურუსი, 2010
  2. როსტომ ჩხეიძე, ნაპოლეონის ხმა ვალევსკის ბაგეთაგან, ჟურნალი „ომეგა“, N6, 2001
  3. ქეთი ტოროტაძე, გრაფი ვალევსკი - ნაპოლეონ ბონაპარტის ვაჟი, ჟურნალი „ისტორიანი“, N10, 2012