ნაირა გელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელაშვილი.
ნაირა გელაშვილი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1947(1947-10-28) (76 წლის)
დაბადების ადგილი ნუკრიანი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა და პოეზია
Magnum opus ამბრნი, უმბრნი და არაბნი
ჯილდოები პრემია „საბა“, პრემია „საბა“ და გივი მარგველაშვილის პრემია
მეუღლე გივი მარგველაშვილი

ნაირა გელაშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1947, სოფ. ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი) — ქართველი მწერალი, გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, გარემოსდამცველი, საზოგადო მოღვაწე. კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1994 წლიდან. სალიტერატურო-ფილოსოფიურ ჟურნალ „აფრის“ მთავარი რედაქტორი 1997 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაირა გელაშვილი 1947 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში დაიბადა. მამა ვლადიმერ გელაშვილი ცნობილი მეღვინე იყო. დედა ნინო ნოზაძე — რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.

სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, 1965 წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო გერმანისტიკის განხრით. შემდეგ კი ასპირანტურაში, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით (1970–73).[1]

1969 წლიდან მთარგმნელობით მოღვაწეობას იწყებს. მის მიერ თარგმნილი გერმანული ფილოსოფიისა და პოეზიის ნიმუშები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალებში და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში.“ 1970 წელს ნაირა გელაშვილი გერმანულენოვან მწერალსა და ფილოსოფოსზე გივი მარგველაშვილზე ქორწინდება.[2]      

1972 წელს საბჭოთა ძალოვანი უწყება ნებას არ რთავს ნაირა გელაშვილს გაემგზავროს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასპირანტურის ბოლო კურსის გასასრულებლად.[3][4] 1975 წელს გივი მარგველაშვილსა და ნაირა გელაშვილს ქალიშვილი ანა შეეძინათ.[5]

1975–1982 წლებში თბილისის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და გერმანული ლიტერატურის ისტორიაში ლექციების კურსს კითხულობს. 1982 წელს უნივერსიტეტიდან იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიზეზით ითხოვენ.[6][7]

1981 წლიდან ნაირა გელაშვილი სამწერლო მოღვაწეობას იწყებს. მისი პირველი მოთხრობები ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება. შემდეგ კი „განთიადსა“ და „ცისკარში“[8]

1982 წელს ნაირა გელაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში რედაქტორად, სადაც გერმანულიდან თარგმნილი ლიტერატურის სიზუსტისა და მხატვრული ხარისხის უზრუნველყოფა ევალება.[9] ამავე დროს იგი აყალიბებს რ. მ. რილკეს შემოქმედების მთარგმნელთა ჯგუფს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით რილკეს ნაწარმოებებს ქართულად თარგმნის. ბევრს თარგმნის თვითონ ნაირაც. 1985–86 წლებში მომზადებული რილკეს თხზულებათა ხუთტომეული ნაირა გელაშვილის მიერ შედგენილი დაწვრილებითი კრიტიკული აპარატით  მხოლოდ 2007 წელს გამოდის უკვე ხუთტომეულად.[10]

1983 წელს ნაირა გელაშვილისა და გივი მარგველაშვილის ოჯახური თანაცხოვრება სრულდება, თუმცა ადამიანურად ღრმა კავშირს ერთმანეთთან მთელი ცხოვრება ინარჩუნებენ. 1984 წელს ნაირა გელაშვილი საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი ხდება, რომელსაც პროტესტის ნიშნად 1989 წელს ტოვებს.[11]

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ქართველი ულტრანაციონალისტები და საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი აუქმებენ „მთარგმნელთა კოლეგიას“, რადგან იგი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანთა  მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ორგანიზაცია იყო. ათეულობით ცნობილი მთარგმნელი და ინტელექტუალი, მათ შორის ნაირა გელაშვილიც, ქუჩაში რჩება, იყიდება შენობა.[12] 1988 წლიდან  ნაირა გელაშვილი საქართველოს ეკოლოგებთან (შემდეგში „მწვანეებთან“) თანამშრომლობს, ითვლება მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებლად.[13] თავისი ნაწერებით იგი არა მხოლოდ აკრიტიკებს ტექნოკრატიული ძალების მიერ საქართველოს ბუნების განადგურების ფაქტებს, არამედ ქმნის ეკოლოგიური მოძრაობის მსოფლმხედველობრივ საფუძველსაც. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა  მისმა თხზულებამ „ტექნოკრატია. ეკოლოგია. პოეზია“ (1989). იგი იღებს სატელეფონო მუქარებს გიგანტური მშენებლობებით დაინტერესებული პირების მხრიდან. თავისი თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობით ნაირა გელაშვილმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას. ამ მიზანს ემსახურება მისი საბავშვო ლიტერატურაც: ზღაპრები, ლექსები, სიმღერები და მუსიკალური დისკები. ბუნების განადგურების პრობლემა მხატვრულად მუშავდება მის რომანებშიც.

1990 წელს ნაირა გელაშვილი საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ლიდერთან ზურაბ ჟვანიასთან ერთად აფუძნებს საერთო კავკასიურ მოძრაობას „კავკასია — ჩვენი საერთო სახლი.“ იგი წერს „მიმართვას კავკასიის ხალხებისადმი“ და ხან მარტო, ხან თანამოაზრეებთან ერთად მოგზაურობს მთელ კავკასიაში, რაც აფეთქებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად უკვე სახიფათო იყო. მყარდება კონტაქტები სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის მეცნიერებთან, დემოკრატიულად განწყობილ წრეებთან, ეკოლოგებთან. ამ მუშაობის შედეგი იყო 1990 წელს თბილისში გამართული პირველი საერთო კავკასიური (სამდღიანი) კონფერენცია, რომელშიც კავკასიის ყველა ხალხის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. არჩეულ იქნა კავკასიის ეკოლოგიური საბჭო. მოგროვდა დიდძალი ინფორმაცია კავკასიის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. გაგრძელდა შეხვედრები კავკასიის სხვადასხვა დედაქალაქებში.[14][15][16]

1989–91 წლებში მწერალი თავდასხმების ობიექტი ხდება ქართველი ნაციონალისტების მხრიდან იმის გამო, რომ იცავს დეპორტირებული მუსლიმი მესხების უფლებებს, რომლებიც 1944 წელს სტალინის რეჟიმმა შუა აზიაში გადაასახლა და რომლებიც ახლა ჩამოსვლას ითხოვენ საქართველოში. ქართველი ნაციონალისტები და ქრისტიანი ფუნდამენტალისტები ჩამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ქართველი ნაციონალისტი ლიდერები, პირველ რიგში ზვიად გამსახურდია, მრავალათასიან მიტინგებს მოუწოდებს, დასაჯონ „სამშობლოს მოღალატეები“, მათ შორის ნაირა გელაშვილი, რომლებიც „თურქ-სელჯუკთა ნახევარმილიონიან არმიას მოუძღვებიან საქართველოსკენ.“ მწერლისა და მისი ქალიშვილისთვის სახლიდან გასვლა საშიში ხდება.[17]

1992 ნაირა გელაშვილს იწვევენ სახელმწიფო საბჭოს წევრად, რომელსაც ის რამდენიმე თვეში ტოვებს პროტესტის ნიშნად, რადგან სამხედრო ძალები ცდილობენ   საბჭო დაიქვემდებარონ.[18] 1993 წელს იგი პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მრჩეველია ეროვნულ უმცირესობათა საკითხში. ამავე წელს ბერლინში გამოდის ნაირა გელაშვილის დოკუმენტური წიგნი „სამოთხე ნანგრევებში“, რომელიც გერმანულენოვანი სამყაროსათვის გზამკვლევის როლის შესრულებას იწყებს საქართველოს რთულ პოლიტიკურ და ისტორიულ ვითარებაში. 1994 წელს ნაირა გელაშვილი ყოფილი „მთარგმნელთა კოლეგიის“ ბაზაზე აფუძნებს „საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრს „კავკასიურ სახლს,“ რომლის პრიორიტეტებია: კულტურა, განათლება, სამშვიდობო მოღვაწეობა; საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენისათვის ხელშეწყობა; ინტელექტუალური საფუძვლების შექმნა დიდი კავკასიური შერიგებისა და თანამშრომლობისათვის, საქართველოსა და კავკასიაში  დემოკრატიისა და მშვიდობის დამკვიდრებისათვის; საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურული ინტეგრაცია.[19]

1999–2000 წლებში ნაირა გელაშვილი და „კავკასიური სახლი“ განიცდიან თავდასხმებს რუსული ტელემედიის მხრიდან, რადგან დახმარებას უწევენ ჩეჩენ ლტოლვილებს. ისინი „კავკასიურ სახლში“ თავშესაფარს აძლევენ მათ, უწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას და აპროტესტებენ მათ ექსტრადიციას რუსეთში.[2]

1995 წლიდან ნაირა გელაშვილთან და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ სხვადასხვა დასავლური ფონდები (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფონდი „ჰორიზონტი,“ „დიაკონიშეს ვერკ“-ი და სხვ). ფონდი „ჰორიზონტი“ „კავკასიური სახლის“ მუშაობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს „კავკასიური სახლის“ ოფისის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას (გალაკტიონის ქ. 20-ში) და ასევე ნაირა გელაშვილის მშობლიური სოფლის სკოლის სამსართულიანი შენობის რესტავრაციას, სადაც „კავკასიური სახლის“ ფილიალი იქმნება.[20]

ნაირა გელაშვილი არის 1999 წელს მის მიერ დაარსებული რ. მ. რილკეს საზოგადოების თავმჯდომარე; 1997 წელს მის მიერ დაფუძნებულ ჟურნალ „აფრის“ მთავარი რედაქტორი (ჟურნალში იბეჭდება  ქართულად თარგმნილი დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის  ძეგლები). 2006 წელს მის მიერ დაფუძნებული რეგიონული საზოგადოებრივი ჟურნალის „ჩვენი სოფელი“ რედაქტორი; მის მიერ დაფუძნებული რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის „Кавказский  Акцент“ თანარედაქტორი 1999 წლიდან.[21]

2009 წელს ნაირა გელაშვილს გადაეცა ჯილდო – „ტოლერანტობის ქომაგი“, რომლითაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, აჯილდოებენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[22] 2017 წელს იმავე ჯილდოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გადაცემა გააპროტესტა და ამის ნიშნად სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს[23] მიღებული ჯილდო უკან დაუბრუნა.[24][25]

2010 წლის 14 ივლისს გამოდის საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც უფლება „კავკასიური სახლის“ ოთხსართულიან ოფისზე გადაეცა „სმირნოვების მუზეუმს“, რომელიც მანამდე „კავკასიური სახლის“ ნაწილს წარმოადგენდა. ეს იყო გამოხატულება იმისა, რომ ნაირა გელაშვილისა და მისი „კავკასიური სახლის“ წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ამ ეტაპზე წარმატებას მიაღწიეს. მაგრამ ამ ფაქტის გამო საქართველოსა და  დასავლეთში აზვირთებული დიდი საზოგადოებრივი პროტესტის, განსაკუთრებით, გერმანელი მეგობრების მხარდაჭერის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ბრძანების მოქმედება შეაჩერა.[3] ამასთან დაკავშირებით 63 წლის მწერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ეს არის საქართველოს ისტორიის არსებითი შტრიხი და ჩემი საკუთარი გამოცდილების მწარე შინაარსიც: შექმნის ჩვენს ქვეყანაში ერთი-ორი თავდადებული ადამიანი რაღაც კარგსა და აუცილებელს, რაღაცას მნიშვნელოვანს, დააცხრება ცოტა ხანში შინაური თუ გარეშე მტერი, ადამიანთა მასა, არაფერი რომ არ შეუქმნია და გაანადგურებს. არაფერი არ გრძელდება, არც ტრადიცია იქმნება, არც კულტურული პერმანენტობა და კონტექსტი, ამიტომ ვუწოდე ერთგან ქართულ კულტურას წერტილოვანი კულტურა“.[26]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაირა გელაშვილის შემოქმედება მოიცავს პროზას, პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკასა და კვლევას, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი შინაარსის პუბლიცისტიკას, საბავშვო ლიტერატურას, პოეტური ნაწარმოებებისა და ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებების თარგმანს გერმანულიდან და რუსულიდან, საბავშვო სიმღერებსა და საბავშვო მუსიკას. გამოცემულია ნაირა გელაშვილის თხზულებათა 15 ტომი.

1991 წელს გამოდის ნაირა გელაშვილის  წიგნი „ტრაგიკული გრადაცია“, რომელიც შეიცავს როგორც ლიტერატურულ, ასევე პუბლიცისტურ წერილებს მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებზე.

2017 წელს გამოცემულ რომანში — „...ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე...“[27][28] ასახულია ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოს დაატყდა თავს უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე და განსაზღვრა მძიმე კრიზისი ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური, რელიგიურ-მეცნიერული, საგანმანათლებლო, დემოგრაფიულ-ეკოლოგიური თუ  ინტელექტუალურ-მორალური სფეროები. რომანში მხილებულია დასავლეთის მიერ აქტიურად მხარდაჭერილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დამყარებული ფსევდოდემოკრატიის ანტიადამიანური სახე — რეპრესიული რეჟიმი დემოკრატიის ნიღბით. საქართველოს მაგალითზე მინიშნებულია ადამიანის სულიერი კრიზისის მსოფლიო მასშტაბები.[29][30]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მოთხრობები“ (1983)
  • „მთვარით განათებული ბაღი“ (1990)

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სიმშვიდის, მწუხარებისა და ნუგეშის შესახებ“ (ოთხი პოემა. 1997)
  • „დრო, პური და ღვინო“ (ლექსების, პოემებისა და სიმღერების კრებული. 2006)

გერმანულენოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Georgien – ein Paradies in Trümmern (mit Gesprächen mit Eduard Schewardnadse) Aufbau Verlag, Berlin 1993 ISBN 978-3-7466-0155-7.
  • Georgische Erzählungen des 20. Jahrhunderts (Herausgeberin), Suhrkamp Verlag, Frankfurt/M. 2000, ISBN 978-3-518-39522-6.
  • Ich bin sie. Roman (aus dem Georgischen von Lia Wittek), Verbrecher Verlag, Berlin 2017, ISBN 978-3-95732-230-2.
  • Ich fahre nach Madrid. Novelle (aus dem Georgischen von Lia Wittek), Verbrecher Verlag, Berlin 2018, ISBN 978-3-95732-308-8

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბა: 2010 — რომანისთვის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“
  • საბა: 2013 — რომანისთვის „მე ის ვარ“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნაირა გელაშვილი — გამგეობის თავმჯდომარე
  2. გივი მარგველაშვილი 85 წლის გახდა
  3. მას არაოფიციალურად აცნობებენ მიზეზს: ურთიერთობა დასავლელ მეცნიერებთან, რომლებიც დრო და დრო ჩნდებიან თბილისში. სადისერტაციო ნაშრომი („ჰიოლდერლინის გვიანდელი ლირიკა; „მხსნელი“ და „ამოუხსნელი“ პიროვნულ სივრცეში“) დაიწერა, მაგრამ  დასაცავად არ გატანილა, რადგან ავტორს არ სურდა კომპრომისზე  წასვლა და ნაშრომის მარქსისტულ-ლენინური ლიტერატურათმცოდნეობისთვის მისადაგება, რაც აუცილებელი იყო.
  4. Naira Gelaschwili. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-16. ციტირების თარიღი: 2020-07-16.
  5. GIVI MARGVELASHVILI - LIFE.
  6. გათავისუფლების მიზეზს საპროტესტო სტუდენტური მოძრაობის და ქართველი დისიდენტების მხარდაჭერა, მარქსისტულ-ლენინურ ლიტერატურისმცოდნეობასთან ლექციების მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა წარმოადგენს. მიუხედავად სტუდენტების რამდენიმეწლიანი პროტესტისა და თხოვნისა, უნივერსიტეტის რექტორატი ნაირა გელაშვილს უკან აღარ იღებს.
  7. NAIRA GELASCHWILI
  8. [1]
  9. იგი ადარებს თარგმნილ ლიტერატურას ორიგინალს და აძლევს ობიექტურ შეფასებას, რის გამოც მრავალი „კეთილმოსურნე“ უჩნდება.
  10. ნაირა გელაშვილი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა
  11. რადგან მწერალთა კავშირი, ავლენს რა თავის რეპრესიულ ბუნებას, ებრძვის „მთარგმნელთა კოლეგიას“ და მის თავმჯდომარეს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და ინტელექტუალს ოთარ ნოდიას.
  12. დადიანის ქ. N 2-ში, სადაც დღეს ნატო-ს საინფორმაციო ცენტრია.
  13. წერილები ზურაზე
  14. საქართველოს პრეზიდენტმა იორგ ალექსანდერ ჰენლე „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა
  15. მაგრამ საერთო კავკასიურ მოძრაობას უპირისპირდება 1989 წელს დაფუძნებული „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“ (შემდეგში „კონფედერაცია“) და როგორც აფხაზური, ასევე ქართული ნაციონალიზმი ზ. გამსახურდიას მეთაურობით.
  16. ნაირა გელაშვილი — „ინტელექტუალები უფრო დიდი დამნაშავეები არიან, ვიდრე ის, ვინც კონკრეტულ დანაშაულს სჩადის“
  17. დეპორტაციის 60 წლისთავი
  18. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომისიის „მშვიდობიანი კავკასია“ შექმნის შესახებ
  19. ისტორია და მისია
  20. Caucasian House
  21. Кавказский акцент
  22. ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო — ვინ და რა კრიტერიუმებით გასცემს მას საქართველოში? ისტორია. imedinews.ge. ციტატა: „მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო სახალხო დამცველს დაუბრუნა. კავკასიურმა სახლმა, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ნაირა გელაშვილია, ეს ჯილდო 2009 წელს მიიღო. ამ ფორმით მწერალმა იმავე ჯილდოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის გადაცემა გააპროტესტა.“ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  23. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 2020-11-05.
  24. ნიკა გვარამია — „ნაირა გელაშვილი სამარცხვინო მოფაშისტო მოღვაწეა“. akhalitaoba.ge. ციტატა: „ნაირა გელაშვილის მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს უკან დაბრუნებას ნიკა გვარამია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: „ნაირა გელაშვილი შესანიშნავი მწერალია. ნაირა გელაშვილი სამარცხვინო საზოგადო მოღვაწეა. დიახ, ასეთ მოფაშისტო ელემენტებს ტოლერანტობის ჯილდო არ უნდა ქონდეთ. კარგი უქნია, თუ დააბრუნა. ქსენოფობიის ჯილდოს გადასცემს კორკოტა.““ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
  25. ნიკა გვარამია: ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის ჯილდო. euronews.ge. ციტატა: „„ნაირა გელაშვილი მიმაჩნია ძალიან კარგ მწერლად, მაგრამ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურად. მისი აზრი საზოგადოებრივ მოვლენებზე საერთოდ არ მაღელვებს, რადგან მგონია, რომ ფაშისტია. ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ტოლერანტობის ჯილდო, მაგრამ ჩვენ არაფრის დაბრუნებას არ ვაპირებთ, ვამაყობთ აღებული ჯილდოთი და ნაირა გელაშვილს, როგორც უნდა ისე მოიქცეს. მე მას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, პატივს არ ვცემ, როგორც მწერალს კი ძალიან დიდ პატივს ვცემ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა მიღებული ჯილდო — ტოლერანტობის ქომაგი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს უკან დაუბრუნა. როგორც თავად განმარტავს, არ სურს ჯილდოს ფლობით გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან, როგორც სიცრუის კონვეიერთან, იყოს გათანაბრებული.“ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
  26. „რუსკი კლუბი“ vs „კავკასიური სახლი“
  27. ნაირა გელაშვილის ახალი რომანის — „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“… წარდგენა გაიმართება
  28. „...ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე...“
  29. ნაირა გელაშვილის რომანის „... ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე...“ განხილვა
  30. რომანი ღმერთისა და ქვეყნის შესახებ // თბილისის უნივერსიტეტი: გაზეთი: № 9 / 2017[მკვდარი ბმული].