გარემოს დაცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.

ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.

ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას.

გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.

მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.

გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის (ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური.

დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.

გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით (მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით (არა მომჭირნედ გამოყენებით).

ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.

განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთი მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორე მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების „დასახლებით“, რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Всемирная стратегия охраны природы // Природа, 1980, № 12. — С. 40—41.