კავკასიური სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური სახლი
დევიზი ძებნაში ახლის გახსოვდეს სახლი, კავკასიური სახლი
შეიქმნა 1999 წელი
სტატუსი აქტიური
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი საქართველოსა და კავკასიის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენა, საქართველოსა და კავკასიაში სამშვიდობო პოლიტიკის წარმოება.
შტაბ-ბინა

0105 თბილისი, საქართველო,

გალაკტიონ ტაბიძის 20
აღმასრულებელი დირექტორი ივანე აბრამაშვილი
გამგეობის თავმჯდომარე ნაიარა გელაშვილი
მთავარი ორგანო წევრთა საერთო კრება და გამგეობა
caucasianhouse.ge

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი — კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. „კავკასიური სახლი“ ხელს უწყობს საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენას; იმ სულიერ-ინტელექტუალური საფუძვლების შექმნას, რაც აუცილებელია საქართველოსა და კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიული აღმშენებლობისათვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. „კავკასიური სახლი“ ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციასა და დემოკრატიზაციაზე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, საერთო პროგრესს. „კავკასიური სახლის“ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადამიანის უფლებების დაცვა, რელიგიურ-ეთნიკური შემწყნარებლობა, განსხვავებულ კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის ნორმების დანერგვა. „კავკასიურ სახლს“ სურს მუდმივად იყოს ტრიბუნა კონსტრუქციული ალტერნატიული აზრისა და მოქალაქეობრივი სათქმელისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კავკასიური სახლი“ შეიქმნა 1993 წელს „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ბაზაზე, (რომელიც 1974 წლიდან ფუნქციონირებდა). „კავკასიური სახლის“ ადგილსამყოფელია ყოფილი „სმირნოვების სახლი“, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იყო კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში. ძველი რუსული არისტოკრატიული ოჯახის უკანასკნელმა მემკვიდრემ - მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა (1919-1985) ეს შენობა და საგვარეულო მუზეუმი უანდერძა საქართველოს, კერძოდ, მთავარ სარედაქციო კოლეგიას, რომლის უფლებამონაცვლეც არის „კავკასიური სახლი“. [1]

განვლილი გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის - ოთარ ნოდიას (1928-1993) ინიციატივით დაარსდა „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“. ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურისა მსოფლიო ენებზე; თავი მოუყარა რა თავის ჭერქვეშ ენებისა და სხვა ქვეყნების კულტურის საუკეთესო მცოდნეებს, ფილოლოგებსა და მთარგმნელებს, კოლეგია თანდათან გარდაიქმნა ერთგვარ მულტიკულტურულ ინტელექტუალურ ცენტრად, თავისუფალი და დემოკრატიული აზროვნების კერად. იგი იყო სხვადასახვა კულტურათა დიალოგის ადგილი და სახლი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი ერთად მუშაობდა. კოლეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კავკასიის ხალხთა ლიტერატურის შესწავლასა და თარგმანს. 1994 წელს, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – „კავკასიური სახლი“, რომელიც „კოლეგიის“ უფლებამონაცვლეა. 1999 წლის 4 ნოემბერს საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ, სახლის ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“, რომელიც უცხოელი პარტნიორების, დონორებისა და თანამოაზრეების დახმარებით ახორციელებს საგანმანათლებლო, სამშვიდობო, კვლევით, კულტურულ და გარემოსდაცვით პროექტებს.

სმირნოვების სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა, რომელშიც დღეს „კავკასიური სახლი“ ფუნქციონირებს აშენდა 1859 წელს არქიტექტორ ოტო სიმონსონის [2] პროექტითა და ვაჭარ იგორ თამამშევის შეწევნით. მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვი თავისი გვარის პირველი წარმომადგენელია, რომელიც თბილისში დასახლდა. 1867 წელს მან ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტი დაასრულა და სამუშაოდ თბილისში გამოემგზავრა. მან იქორწინა იგორ თამამშევის შვილიშვილზე ელიზაბედ (ლიზა) თამამშევაზე. მათ შეეძინათ ერთადერთი ვაჟი გიორგი მიხეილის ძე სმირნოვი, რომელიც ამ სახლში მცხოვრები სმირნოვების მეორე თაობის წარმომადგენელია. გიორგი მიხეილის ძე სმირნოვმა თბილისის გიმნაზიისა და პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისი ცხოვრება კავკასიის გეოლოგიის შესწავლას მიუძღვნა. იგი დაქორწინდა ევგენია ფონ შლეიერზე და შეეძინა ვაჟი მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი, რომელიც ამ გვარის უკანასკნელ წარმომადგენლად ითვლება. მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ფილოლოგიის მიმართულება და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიში“, რომელსაც 1984 წელს საგვარეულო სახლთან ერთად სრული ქონება საჩუქრად გადასცა. [3]

სახლის რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აშენებული სმირნოვების საგვარეულო სახლი მეოცე საუკუნის მიწურულისათვის უკვე საკმაოდ ამორტიზებული იყო, საჭირო გახდა შენობის ძირეული რესტავრაცია რაც საკუთარ თავზე ფონდმა ჰორიზონტმა აიღო და 1998-2000 წლებში გალაკტიონის 20 ნომერში არსებულ სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის სრულმა ხარჯმა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

კავკასიური სახლის განყოფილებები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპულ-ამერიკული განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კავკასიური სახლის“ ევროპულ-ამერიკული განყოფილება მუშაობს ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ახალ თარგმანებზე, გამოსცემს წიგნებს და სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ ჟურნალ „აფრას“ 1997.

კავაკასიური განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოსცემს კავკასიის ხალხთა ფოლკლორის მრავალტომეულს.
  • ბეჭდავს სამეცნიერო ბროშურებს კავკასიელი ხალხების შესახებ.
  • იბრძვის გაქრობის პირას მისული, არქაული კავკასიური ენების გადარჩენისათვის. ცენტრის თანამშრომლები ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ასწავლიან კავკასიურ ენებს: აფხაზურს, ჩეჩნურს, ადიღეურსა და ოსურს.
  • ზრუნავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ჩართულობაზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში.
  • ემსახურება მსოფლიო კულტურის ისტორიაში ქართული და კავკასიური კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.
  • შეისწავლის კავკასიის ხალხთა თანამედროვე ისტორიას, მათ ეთნოფსიქოლოგიას, პოლიტიკურ აზროვნებას და ეთნიკური კონფლიქტების ბუნებას.
  • აწვდის ინფორმაციას ამ რეგიონების შესახებ კავკასიით დაინტერესებულ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს.
  • მასპინძლობს კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს, ეხმარება მათ საქართველოს გაცნობასა და სახვადასხვა ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებაში.

აღმოსავლური განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიური სახლის აღმოსავლური განყოფილება წარმოადგენს კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია ორიენტალისტი გიორგი ლობჟანიძე. გიორგი ლობჟანიძეს თარგმნილი აქვს აღმოსავლური პროზისა და პოეზიის არაერთი შედევრი, სპარსული და არაბული ენებიდან. მისი ხელმძღვანელობით ცენტრმა გამოსცა ყურანის მეცნიერული თარგმანი არაბული ენიდან, რომელსაც თან ერთვის შიიტური და სუნიტური კომენტარები.

ამ პროექტს დიდი კულტურული დანიშნულება აქვს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს ქართველი მუსლიმები შეადგენენ, მათ აქამდე არ ჰქონდათ არაბული ორიგინალიდან თარგმნილი ქართული ყურანი.

„კავკასიური სახლის“ გამომცემლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კავკასიური სახლის“ საგამომცემლო საქმიანობა მიზნად ისახავს:

  • შეძლებისდაგვარად შეავსოს წიგნის, თარგმანის, რელიგიურ-ფილოსოფიური და მეცნიერული ინფორმაციის ნაკლებობა საქართველოში და მიაწოდოს მკითხველს ძველი და ახალი, დასავლეთსა და აღმოსავლეთის ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომები.
  • იყოს ხიდი სიძველესა და თანამედროვეობას, დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს შორის.
  • ხელი შეუწყოს სინამდვილის მხატვრულ-ფილოსოფიურ და ჟურნალისტურ გააზრებას.
  • შეეწიოს საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციას და ადამინის სიახლოვეს მარადიულ ღირებულებებთან.

სათემო განვითარების ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოძრაობის სახით დაწყებული მუშაობა, რომლის დევიზი იყო ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”, ეყრდნობოდა „კავკასიური სახლის“ ზოგად ხედვასა და ღირებულებებს: სოფლის თემის შესაძლებლობების განვითარებას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით. 2008 წლიდან რეგიონში მიმდინარე ცალკეული პროექტები გაერთიანდა ერთი პროგრამის ქვეშ: „საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამა“ და სოფელ ნუკრიანში დაწყებული საქმიანობა გავრცელდა ქალაქ გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულშიც. რეგიონში მუშაობის ათწლიანი გამოცდილების საფუძველზე „კავკასიურმა სახლმა“ გადაწყვიტა, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამა დამოუკიდებელ ორგანიზაციად დაეფუძნებინა და 2010 წლის დეკემბრის ბოლოს დაარსდა „სათემო განვითარების ცენტრი“

კავკასიური სახლის პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურულ-საგანამანათლებლო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: საქართველოში კრიტიკული აზროვნებისა და ლიტერატურული პროცესების სტიმულირებისა და ახალი თაობის ხელოვანთა მხარდაჭერის მიზნით ძველი და თანამედროვე ეპოქების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშების წარმოჩენა და მხატვრული თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმნა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ,,კავკასიური სახლი“ გამოსცემს ყოველწლიურ ჟურნალ „აფრას“ . ჟურანალი დაარსდა 1997 წელს და დღემდე გამოსულია ჟურნალის ოცდახუთი ნომერი. „აფრა“ სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალია. მისი მიზანია როგორც მხატვრული და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმანი, ასევე კრიტიკული აზროვნების სტიმულირება საქართველოში. ჟურნალი უმეტესწილად გათვლილია უმაღლესი სასწავლებლებისათვის, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეებისათვის, თუმცა იგი საზოგადოების სხვა წრეებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი გამოცემა ბოლო პერიოდამდე რჩება ,,კავკასიური სახლის“ პრიორიტეტად. 1996 წლიდან მოყოლებული „კავკასიური სახლი“ თარგმის და გამოსცემს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების ქართულ ენაზე. ყოველწლიურად ითარგმნება და გამოიცემა დაახლოებით ხუთი სხვადასხვა თემატიკის: ფილოსოფიური, მხატვრული, თეოლოგიური, ფოლკლორული და საცნობარო წიგნი. კავკასიური სახლი აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ავტორებსა და ქართული ლიტერატურის განვითარებას. ავტორთა მხარდაჭერის მიზნით ,,კავკასიური სახლი“ ყოველწლიურად განიხილავს საპროექტო წინადადებებს და შერჩეულ ნაშრომებს გამოსცემს ფონდ - ჰორიზონტის დაარქივებული 2020-07-16 საიტზე Wayback Machine. ფინანსური მხარდაჭერით. იქედან გამომდინარე, რომ ახალბედა შემოქმედებს განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი ნაშრომების მიწოდება საზოგადოების ფართო ფენებისთვის, „კავკასიური სახლი“ იძიებს ფინანსურ რესურსებს მათი ლიტერატურული ტექსტების გამოცემისათვის; ასევე ახალგაზრდა პოეტთა და მწერალთა პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზაცია ხშირად მართავს ლიტერატურულ საღამოებს. „კავკასიური სახლი“ უსასყიდლოდ უთმობს საკუთარ დარბაზებს სხვადასხვა სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს, სათვისტომოებს, ეთნიკურ უმცირესობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს; შეხვედრების, შემოქმედებითი საღამოების და სხვადასხვა ერთჯერადი ღონისძიებების ჩატარების მიზნით. შედეგად „კავკასიური სახლი“ იქცა მრავალი სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ადგილად, რაც ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული ფინანსური, ან დროითი რესურსების ხარჯვის გარეშე, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „კავკასიური სახლი“ წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს საქართველოს რეგიონებში, ძირითადად კახეთში. ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს პროექტები ძირითადად კულტურულ–საგანმანათლებლო სახისაა; თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პროექტთა ნაწილი გასცდა „კავკასიური სახლის“ ძირითადი საქმიანობის სფეროს, დაარსდა შვილობილი ორგანიზაცია – სათემო განვითარების ცენტრი.

სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამის მიზანია: რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა მუშაობს კავკასიური კვლევების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის საქმიანობების დაგეგმვა ხდება კვლევებიდან მიღებული საჭიროებების მიხედვით. პროგრამა მუდმივად ეყრდნობა კვლევების შედეგად გაკეთებული პოლიტიკის ანალიზს.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კავკასიური სახლის ისტორია
  2. ოტო სიმონსონი
  3. ,,სმირნოვები სახლი - საჩუქრად საქართველოს" თბილისი, 2009 ISBN 978-9941-0-1264-8
  4. სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-23. ციტირების თარიღი: 2018-10-11.