შინაარსზე გადასვლა

ჩილეს ისტორია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილეს ისტორია
ბრაზილიის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ადრეული ისტორია
მონტე-ვერდე
მაპუჩე
ინკების იმპერია
პატაგონია
კოლონიალიზმი
ჩილეს დაპყრობა
გენაერალ-საკაპიტნო
არაუკოს ომი
ერის ჩამოყალიბება
დამოუკიდებლობის ომი
პატრია-ვიეხა
სამოქალაქო ომი
კონფედერაციის ომი
რესპუბლიკური ერა
წყნარი ოკეანის მეორე ომი
საპარლამენტო ერა
სამოქალაქო ომი
სამხედრო გადატრიალება
საპრეზიდენტო პერიოდი
სოციალისტური რესპუბლიკა
რადიკალური მთავრობა
სამხედრო რეჟიმი
სამხედრო გადატრიალება
თანამედროვე ეპოქა
გარდამავალი დემოკრატია
ჩილეს პოლიტიკა

 
  •  •  

ჩილეს ისტორია იწყება ძვ. წ. 12 000 წლიდან, მას შემდეგ, რაც მოხდა მისი დასახლება ადამიანის მიერ. XVI საუკუნეში იწყება მისი დაპყრობა ესპანელი კონკისტადორების მიერ, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ჩილეს ისტორია 1520 წლამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით ძვ. წ. 30 000 წელს ამერიკის კონტინეტზე პირველი მოსახლეები გადავიდნენ ბერინგის სრუტის გავლით. მათი დასახლებები თანდათანობით გავრცელდა სამხრეთისაკენ. ძვ. წ. მეათე ატასწლეულისთვის უკვე ათვისებული იყო ცეცხლოვანი მიწა. თანამედროვე ჩილეს პირველი მოსახლეები იყვნენ არაუკანები (მაპუჩე), რომლებიც დასახლდნენ დაახლოებით ძვ. წ. მეთორმეტე ათასწლეულში ანდების ნაყოფიერ ხეობებში და უდაბნო ატაკამის ოაზისებში.

ძვ. წ. 8 000 – 2 000 წწ. ჩილეს ტერიტორიაზე არსებობდა ჩინჩოროს კულტურა, რომლის წარმომადგენლებიც ახდენდნენ კაცობრიობის ისტორიაში პირველ მუმიფიცირებას. ჩრდილოეთის მკვიდრი მოსახლეობა ძვ. წ. 2000 წლიდან ეწეოდა თევზჭერას და ნადირობას; მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას (იყენებდნენ საირიგაციო სისტემას); ამუშავებდნენ ლითონს.[1] დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს პოლინეზიელებით დასახლდა აღდგომის კუნძული. მათი აყვავების ხანა გრძელდებოდა შემდეგი 400 წლის მანძილზე და შექმნეს მოაის კულტურა.

ესპანელების დაპყრობამდე თანამედროვე ჩილეს ტერიტორიაზე ცხოვრობდა ასევე სხვადასხვა ინდიელი ტომების მსხვილი ეთნიკური გაერთიანებები: აიმარას, ჩანგოს, ატაკამენიოს ინდიელები ცხოვრობდნენ ჩილეს ჩრდილოეთით მდინარეების ლაუკასა და კოპიაპოს შორის. სამხრეთით მდინარე აკონკაგუამდე სახლობდნენ დიაგუტები. უფრო სამხრეთით კი მაგელანის სრუტემდე ცხოვრობდნენ ჩონისა და ალაკალუფის ტომის ინდიელები. ცეცხლოვანი მიწა კი ეკავათ იამანის, სელკნამისა და ხაუშის ხალხებს.

პუკარა-დე-კიტორი

ხელისუფლებაში მე-10 საპა ინკას ტუპაკ ინკა იუპანკი (1471-1493) მოსვლის შემდეგ, XV საუკუნეში, ჩილეს ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრები ინდიელები ინკებმა დაიპყრეს და ქვეყნის ეს ნაწილი შევიდა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. ამავე საუკუნის დასასრულისათვის ინკების ექსპანსია ქალაქ კურიკომდე გავრცელდა. აქ ინკები წააწყდნენ მაპუჩეს ტომელთა მედგარ წინააღმდეგობას და შეუძლებელი გახდა მათი წინსვლა უფრო სამხრეთისაკენ. ინკების ხელისუფლება ფაქტობრივად მთელს ჩრდილოეთ ჩილეს ტერიტორიაზე გავრცელდა. სან-პედრო-დე-ატაკამის მახლობლად ინკებმა აღმართეს პუკარა-დე-კიტორის (Pukara de Quitor) ციხესიმაგრე, რომლის მახლობლადაც 1540 წელს, გაიმართა ბრძოლა ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ.

XVI საუკუნის დასაწყისში ჩილეს მკვიდრი მოსახლეობა გვაროვნული წყობილების სტადიაში იყო, მიწები თემთა საკუთრებას წარმოადგენდა. ინდიელების საერთო რაოდენობა 1 მლნ. კაცს აღემატებოდა. ამ პერიოდში იწყება თანამედროვე ჩილეს ტერიტორიის დაპყრობა ესპანელი კონკისტადორების მიერ.

ესპანური კოლონიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პედრო დე ვალდივია

პირველი ევროპელი, რომელმაც ჩილეს მიწაზე ფეხი დადგა იყო ფერნანდო მაგელანი. 1520 წელს იგი გადავიდა თანამედროვე პუნტა-არენასის ტერიტორიაზე. სწორედ მისი სახელი ეწოდა მაგელანის სრუტეს. 1533 წელს ესპანელების სამხედრო ძალამ ფრანსისკო პისაროს ხელმძღვანელობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ხელთ იგდო ინკების სიმდიდრე, მაგრამ ვერ გაბედეს ატაკამის უდაბნოს სამხრეთით წასვლა.

ფრანსისკო პისარო

XVI საუკუნის 30-იან წლებში ესპანელი კონკისტადორები დიეგო დე ალმაგროსა და პედრო დე ვალდივიას მეთაურობით შეიჭრნენ ჩილეს ტერიტორიაზე. 1536 წლის 4 ივნისს ალმაგრო გადავიდა კოპიაპოს ხეობაში, მას მდინარე მაულემდე წონააღმდეგობა არ შეხვედრია. მაგრამ მდინარე იტატისთან გადაეყარნენ მაპუჩეს ტომის ინდიელებს. მათთან მძიმე ბრძოლების შემდეგ კონკისტადორები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. პისაროსა და ალმაგროს შორის კონფლიქტმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. კონფლიქტის კულმინაციურ მომენტში 1538 წელს პისარომ სალინასთან ბრძოლაში ალმაგრო დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა იგი. თუმცა მოკლული ალმაგროს შვილმა მის თანამოაზრეებთან ერთად პისაროს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და 1541 წლის 26 ივნისს მოკლა იგი.

1540 წელს პისაროს ოფიცერი – პედრო დე ვალდივია 100 ჯარისკაცთან და ავანტიურისტთან ერთად პერუდან ჩილეში გაემგზავრა, სადაც მაპუჩეს ინდიელების წინააღმდეგობის მიუხედავად დააარსა პირველი ევროპული საფორტიფიკაციო დასახლებები: სანტიაგო, ლა-სერენა და ვალპარაისო. მალე ინდიელებმა დაიწყეს აქტიური წინააღმდეგობა. უკვე 1541 წლის სექტემბერში თავს დაესხნენ სანტიაგოს. ესპანელებს ბრძოლა მოუხდათ 20 000 მაპუჩესთან და მხოლოდ ინეს დე სუარესის (ვალდივიას საყვარელის) გამჭრიახობის წყალობით ესპანელებმა სასწაულებრივად შესძლეს თავიდან აეცილებინათ მარცხი.

სანტიაგოს დაარსება

ესპანელები განაგრძობენ თავიანთ დაპყრობებს სამხრეთით: 1550 წელს მათ დააარსეს ქ. კონსეფსიონი, 1552 წელს – ქ. ვალდივია. მაპუჩეს ტომმა ლაუტაროს ხელმძღვანელობით ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია მომხდურს. 1553 წელს მათ დაამარცხეს ესპანელები ნავსადგურ ტუკაპელთან და მოკლეს ტყვედ აყვანილი პედრო დე ვალდივია.

სულ მალე ჩილეს გუბერნატორი გახდა გარსია ურტადო დე მენდოსა, რომელმაც მაპუჩეს ტომის ინდიელების სასტიკი დევნა დაიწყო. მისი ბრძანებით ფრანსისკო დე ვილიაგრამ დაიწყო შეტევა ინდიელებზე. 1554 წლის 26 თებერვალს ესპანელებმა განიცადეს გამანადგურებელი მარცხი. ინდიელებმა 1555 წლისათვის დაიკავეს კონსეფსიონიც და სანტიაგოც. მაგრამ ინდიელების წინააღმდეგობა გატეხა 1557 წლის 1 აგვისტოს მათი ლიდერის, ლაუტაროს ვერაგულმა მკვლელობამ, ესპანელების მოულოდნელი თავდასხმის დროს.

ესპანელებისა და მაპუჩეს ტომის წარმომადგენლებს შორის ბრძოლები აღწერილი აქვს ესპანელ პოეტს ალონსო დე ერსილია ი სუნიგას, რომელიც ესპანელთა გამარჯვების მეხოტბეა, მაგრამ მაინც თანაგრძნობით ასახავს ინდიელთა ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

ადგილობრივი მოსახლეობა შემდეგშიც არაერთხელ აჯანყებულა ესპანელების წინააღმდეგ. აღსანიშნავია 1571, 1655 და 1723 წლების გამოსვლები. საბოლოოდ არაუკოს ომის 300-წლიანი ისტორია XIX საუკუნეში დამთავრდა ჩილეს დამოუკიდებლობით.

ჩაკაბუკოს ომი, 1817 წელი

1808 წელს კოლონიური ხელისუფლება ესპანეთში დაექვემდებარა ნაპოლეონის ძალაუფლებას, რომელმაც ესპანეთის სამეფო ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა ჟოზეფ ბონაპარტი. 1810 წლის 18 სექტემბერს (ამჟამად ჩილეს ეროვნული დღესასწაული) შეიქმნა ჩილეს პირველი სამთავრობო ხუნტა საკუთარი სამხედრო ძალებით. ეს ნიშნავდა სამოქალაქო ომის დაწყებას როიალიტებსა (მეფის მომხრეებსა) და ლიბერალ პატრიოტებს შორის ხოსე მიგელ კარერას ხელმძღვანელობით. 1812 წელს კარერას გარშემომყოფებმა შეიმუშავეს ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ჩილეს დამოუკიდებლობას. მალე პატრიოტებს სათავეში ჩაუდგა ბერნარდო ო'ჰიგინსი.

ამის საპასუხოდ, პატრიოტების დაშლის მიზნით, ვალდივიაში გადავიდა ესპანეთის ჯარის ნაწილები პერუელი გენერლის მარიანო ოსორიოს ხელმძღვანელობით. 1814 წელს რანკაგუის ომის დროს ჩილეს განმათავისუფლებელმა არმიამ ხოსე მიგელ კარერასა და ბერნარდო ო'ჰიგინსის მეთაურობით დაამარცხეს ესპანელთა ჯარის ნაწილები, ხოლო მისი ხელმძღვანელები არგენტინაში გააქციეს.

1814-1817 წლებს ეწოდება რეკონკისტადორების პერიოდი. არგენტინელი ხოსე სან-მარტინის დახმარებით რეკონკისტადორებმა შექმნეს საკუთარი არმია ესპანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1817 წელს ისინი გადავიდნენ ანდებზე და 12 თებერვალს ჩაკაბუკოსთან ომის დროს სან-მარტინმა და ო'ჰიგინსმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

1818 წლის 12 თებერვალს კი ჩილეს უზენაესმა მმართველმა ბერნარდო ო'ჰიგინსმა გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამავე წლის 5 აპრილს კი პატრიოტებმა ღირსშესანიშნავ წარმატებსა მიაღწიეს მაიპუსთან ომის დროს. 1820 წელს ჩილეს ფლოტმა ტომას კოხრანის ხელმძღვანელობით აიღო ვალდივია. საბოლოო გამარჯვება ესპანელებზე მოიპოვეს 1826 წელს, როდესაც უკანასკნელი დამარცხებული ესპანელები გაიქცნენ კ. ჩილოეზე. ესპანელთა ბატონობას ჩილეში ბოლო მოეღო.[2]

1818 წელს ჩილემ მიიღო კონსტიტუცია და აირჩია რესპუბლიკური მმართველობის ფორმა. ქვეყანამ დაიწყო ურთიერთობის დამყარება სხვა ქვეყნებთან. ო'ჰიგინსი ცდილობდა მთელი რიგი პროგრესული რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართული იყო ფეოდალური წრეების წინააღმდეგ. 1822 წელს გამოქვეყნდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ახალი წყობილების შემდგომ დემოკრატიზაციას და არისტოკრატიის პრივილეგიების შეზღუდვას. ქვეყანაში მდგომარეობა გამწვავდა. ო'ჰიგინსი იძულებული იყო გადამდგარიყი და ემიგრაციაში წასულიყო პერუში. 1823 წელს პრეზიდენტი გახდა რამონ ფრეირე, რომელმაც გააგრძელა ო'ჰიგინსის პოლიტიკა. ბრძოლა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის 1830 წლამდე გაგრძელდა და კონსერვატორების გამარჯვებით დამთავრდა. 1833 წლის ახალმა კონსტიტუციამ მიწათმფლობელთა ოლიგარქიის ბატონობა განამტკიცა და 1875 წლამდე ხელისუფლებაში ფაქტობრივად კონსერვატორები იმყოფებოდნენ.

11 სექტემბრის გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიშელ ბაჩელეტი

პინოჩეტის დიქტატურის დემონტაჟის შემდეგ პირველად გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატმა პატრისიო ეილვინმა, რომელიც პინოჩეტის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, გამარჯვება მოიპოვა და დაამარცხა სამთავრობო ხუნტის ფავორიტი, 1985-1989 წწ. ეკონომიკის მინისტრი ერნან ბუში.

1994 წელს ჩილეს ისტორიაში სარეკორდო პროცენტული მაჩვენებლით (57 %) გაიმარჯვა კვლავ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ედუარდო ფრეი რუის-ტაგლემ.

1999 წელს კვლავ გამარჯვებას აღწევს სოციალისტი რიკარდო ლაგოსი, რომელიც ორივე საარჩევნო ტურში ამარცხებს ქრისტიან-დემოკრატ ანდრეს სალდივარს და ალიენდეს შემდეგ ხდება პირველი სოციალისტი პრეზიდენტი.

სოციალისტია ასევე ლაგოსის პოლიტიკური მემკვიდრე მიშელ ბაჩელეტიც, რომელსაც 2005 წელს ორი ტური დასჭირდა კონკურენტის სებასტიან პინიერას დამარცხება.

2010 წელს სოცილისტების მმართველობა დაასრულა ეროვნული-აღორძინების პარტიის კადიდატმა სებასტიან პინიერამ, რომელმაც მეორე ტურში მიიღო ხმების 51,61 % და 11 მარტს დაიკავა ჩილეს პრეზიდენტის თანამდებობა 4 წლით.

2010 წლის 27 თებერვალს ჩილეს სანაპიროსთან მოხდა 8,8 მაგნიტუდის ძალის მიწისძვრა. დაიღუპა 800 ადამიანი, 1200 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი კონსეფსიონი, რომლის მახლობლადაც იყო მიწისძვრის ეპიცენტრიც. ზარალმა საერთო მონაცემებით შეადგინა 15-30 მლრდ დოლარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქსე. ტ. XI, თბ., 1987 წ. გვ. 120
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩილეს_ისტორია“-დან