შინაარსზე გადასვლა

შიო არაგვისპირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიო არაგვისპირელი
დაბადების თარიღი 4 (16) დეკემბერი, 1867
დაბადების ადგილი თანდილაანთკარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1926(1926-01-02) (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) (დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1867, სოფ. ქაისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდელი დუშეთის რაიონი — გ. 2 იანვარი, 1926, თბილისი) — ქართველი მწერალი.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-დან), შემდეგ (1883-დან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-დან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი „მოგონება“ დაიბეჭდა 1890 წელს „ჯეჯილში“.

არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას „ახალგაზრდა სკოლის მეთაური“ უწოდა. არაგვისპირელი ძირითადად განაგრძობდა ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა „ეროვნული თვითშეგნების“ საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.

მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ (1889); სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს და მისი ეს მეტ-ნაკლებად ვრცელდება არაგვისპირელის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის „შიშველი სულის“ კვლევას. ასეთი მოტივები განაპირობებს უმთავრესად მის ნაწარმოებებს, რომლებშიც მან წარმოაჩინა „პატარა ადამიანები“, მებრძოლი სულისკვეთებისა თუ ნიჰილიზმით დაავადებული პერსონაჟების, მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამორჩეული თუ დაკნინებული ადამიანების მდიდარი გალერეა („ჩემო შვინდავ!“, 1892; „გმადლობ, უფალო, გმადლობ“, 1897; „შემუსვრილი სამი მცნება“, 1899).

არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან („აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით“, 1900; „მიწაა“, „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, ორივე 1901; „გრძნეული ციხე“, „ნინიკას მთაზე“, „მიჯაჭვული ამირანი“, 1908; „სამარცხვინო ბოძთან“, 1908; „განძი“, „საშინელებაა...“).

მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივრები; ამ „გლეხური ციკლის“ ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლოგიური კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვარი გადახრაც. ტიპურად უნდა ჩაითვალოს „ადე, ჩამოვიდა“, „ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო“ (ორივე 1893), „და-ძმა“, „ღვინის ქურდები“, „დიდი დედა მარიამი და ხატაურა“, „ოლოლოები“ და სხვა. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. მოპასანის კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა („მოგვილოცნია ახალი წელი“, 1892; „ყველაი დავკარგე“, 1892; „ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა“, 1895; „...ხითხითებს და ხითხითებს“, 1896; „...მხრებიღა ავიჩეჩე“, 1896; „წერილის ნაგლეჯი“, 1897; „... სულ ერთია“, 1897; „ბალღი ყოფილხარ!“, 1899; „გიული“, 1899 და სხვა).

განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი „გაბზარული გული“ (1920), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით („იუდა“, „ჭეშმარიტად!“, „საშობაო ჩვენება“, „ბაბდო კი...“, „ორი მკურნალი“ და სხვა). არაგვისპირელს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს“ და „შიო თავადი“.

არაგვისპირელმა ქართული კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა; მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართულ ნოველამ, რომელიც სიახლის იერსაც ატარებდა და საუკუნის დასაწყისის საზ. განწყობილებასაც ესადაგებოდა. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით არაგვისპირელმა ახალი თვისება შესძინა ქართულ რეალისტურ პროზას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისის სახელობის ქუჩა.

  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, ტ. 2, ქუთ., 1912;
  • ზანდუკელი მ., შიო არაგვისპირელი, თბ., 1966;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;
  • ჭილაია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 32.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 56, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]