შინაარსზე გადასვლა

ქვემო მაჩხაანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო მაჩხაანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაჩხაანში.

ქვემო მაჩხაანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია XVIII საუკუნის დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. კარები არქიტრავულია. დასავლეთი კარის არქიტრავად ჩადგმულია 1747 წლით დათარიღებული საფლავის ქვა. ყველა კედელში თითო საკმაოდ ვიწრო, თაღოვანი სარკმელია, რომლებიც შიგნით საკმაოდ გაგანიერებული წირთხლებით და საფეხურით ხასიათდება. ფასადები აგურის საფეხუროვანი კარნიზითაა დასრულებული.

ტაძარი კრამიტითაა დახურული. აფსიდა ნახევარწრიულია. ერთი საფეხურით ამაღლებული და ორსაფეხურიანი მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. კონქი ორსაფეხურიან შეისრულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ნიშია, რომლის ქვეშ კედელზე ვიწრო ტრაპეზია მიშენებული. მთავარი ტრაპეზი აფსიდის შუაში დგას. კამარა დასავლეთ კიდეში გაკეთებულ შეისრული ფორმის შეკიდულ თაღებს ებჯინება. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში, საკურთხევლის წინ კედელზე გრძელი მაგიდის მსგავსი მერხია გაკეთებული.

ტაძრის იატაკი აგურფენილია. დარბაზში ორი საფლავია, რომლებიც ტაძრის მღვდლებს ეკუთვნოდა. ტაძარი გარედან ნაწილობრივ, შიგნიდან კი სრულადაა გალესილი. დასავლეთ კიდეში ტაძარზე დაშენებულია ექვსთაღიანი სამრეკლოს ფანჩატური, რომელიც პირამიდული აგურის გუმბათითაა დასრულებული. დასავლეთ კედელს, ჩრდილოეთ ნაწილში რიყის ქვისგან აშენებული კედელი აქვს მიდგმული, რომლის დანიშნულება გაურკვეველია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18664