რომანოზ მელოდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომანოზ მელოდოსი, ბასილი II-ის მენოლოგიონი

რომანოზ მელოდოსი (ბერძნ.: Ῥωμανὸς ὁ Μελωδός, დ. 490 სირია — გ. 556, კონსტანტინოპოლი), ან რომანოზ ტკბილადმგალობელიწმინდანი, ერთ-ერთი უდიდესი სირიული წარმომავლობის ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი. მას მოიხსენიებენ, როგორც „რიტმული პოეზიის პინდარეს[1].“

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანოზ მელოდოსის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს ვიღებთ ბასილი II-ის მენოლოგიონიდან. ამას გარდა, მასზე ცნობებს გვაწვდის ორი ძველი წყარო: სვიდას ლექსიკონში ის წოდებულია „რომანოზ მელოდოსად“, ხოლო იერუსალიმის ბიბლიოთეკის X-XI საუკუნის ხელნაწერში დაცულ „რომანოზის ცხოვრებაში“ დამატებით ნათქვამია, რომ მის კონტაკიონთა უმრავლესობა, მისივე ხელით დაწერილი, ღვთისმშობლის ტაძარში ინახება. ამათ გარდა რომანოზის ცხოვრება აღწერილია სხვა ძეგლებშიც (Synaxarium Claromontanum, Menologium Sirmondianum, კონსტანტინოპოლის „აია სოფიას“ ტიპიკონი). ამ წყაროებზე დაყრდნობით რომანოზი დაიბადა სირიის ებრაულ ოჯახში ემესაში (თანამედროვე ჰომსი) ან დამასკოში. ბეირუთში გადასვლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს აღდგომის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით საცხოვრებლად გადადის კონსტანტინოპოლში იმპერატორ ანასტასის დროს. საფიქრალია, რომელი ანასტასი იგულისხმება აქ, ანასტასი I (491-518) თუ ანასტასი II (713-716). კარლ კრუმბახერი რამდენიმე წლის კვლევის შემდეგ რომანოზს VIII საუკუნეს მიაკუთვნებს[2]. კონსტანტინოპოლში ცხოვრების დროს მსახურობდა აია სოფიას ტაძრის მნათედ. ცხოვრების ბოლო პერიოდი გაატარა მონასტერში, სადაც დაკრძალულია თავის მოწაფე წმინდა ანანიასთან ერთად.

მეორე მოსაზრებით, რომანოზი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანასტასი I-ის დროს. შესაბამისად, მას ჰიმნების წერა უნდა გაეგრძელებინა იმპერატორ იუსტინიანეს (527-65) იმპერატორობის დროსაც. ცნობილია, რომ იუსტინიანე თავად წერდა ჰიმნებს. ამდენად, რომანოზი გამოდის ორი დიდი ბიზანტიელი ჰიმნოგრაფის, ანასტასისა და კირიაკოსის თანამედროვე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანოზის შემოქმედებიდან მხოლოდ რამდენიმე ათეულ კონტაკიონზე შეიძლება დადებითად გადაწყდეს მისი ატრიბუციის საკითხი. ასევე მას ეკუთვნის რამდენიმე სტიქარონი, თერთმეტმარცვლიანი „ვედრება“ და რამდენიმე საგალობლის ნაწყვეტი. გარდა ამისა არის რამდენიმე სრულად მოღწეული კონტაკიონი, რომლებსაც რომანოზის სახელი არ აქვს, მაგრამ შინაარსითა და აგებულებით VI საუკუნისაა და შესაძლებელია, მასვე ეკუთვნოდეს. [3]

კონტაკიონების სიუჟეტი ეხება ქრისტეს, მარიამს, მოციქულებს, ძველი აღთქმის წიგნთა პერსონაჟებს (ადამი და ევა, აბრაამი და ისააკი, ნოე...), წმინდანებსა და მოწამეებს. ასეთებია მაგალითად: საშობაო ჰიმნი, პეტრეს უარყოფა, განკითხვის დღე, მირქმა უფლისა, წმიდა მინა, წმიდა ტრიფონი, ორმოცი მოწამე I, ორმოცი მოწამე II, სვიმეონ სტილიტი, ათი ქალწული და სხვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chisholm, Hugh, ed. (1911). "Romanos". Encyclopædia Britannica. 23 (11th ed.). Cambridge University Press. p. 576–577.
  2. K. Krumbacher, Umarbeitungen bei Romanos: SB d. Bayer. Akad. d. W. 1899 B. II.
  3.  ყაუხჩიშვილი სიმონ, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, 1973, გვ. 135-147