ნიკეის ალყა (1328-1331)
ნიკეის ალყა | |||
---|---|---|---|
ოსმალო - ბიზანტიური ომების ნაწილი | |||
ერთ-ერთი სამხედრო კარიბჭე, ქალაქის დასავლეთ გალავანი | |||
თარიღი | 1328-1331 | ||
მდებარეობა | ნიკეა | ||
შედეგი | ოსმალეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ნიკეის ალყა 一 ოსმალეთის რიგით პირველი სულთნის, ოსმანის მიერ წამოწყებული და შემდგომში მისი შვილის, ორჰანის მიერ გაგრძელებული კამპანია, რომელიც მოიცავდა ნიკეის ტერიტორიის ლიკვიდირებას. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1302 წელს დაიწყო, გაგრძელდა 1331 წლამდე, კერძოდ 1328-1331 წლებში კი შეტევის დასკვნითი ეტაპი წარიმართა.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი, რის შემდეგაც ბიზანტიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა რამდენიმე სახელმწიფო: ეპირის სამეფო, ტრაპიზონის იმპერია და ნიკეის იმპერია. ამ უკანასკნელის პირველ მმართველად და დამაარსებლად თეოდორე I ლასკარისი მიიჩნევა. თეოდორემ და მისმა მემკვიდრეებმა გააფართოვეს სახელმწიფოს ტერიტორია და გაზარდეს საკუთარი გავლენა 一 ეს მანამ, სანამ 1259 წელს მიქაელ პალეოლოგოსმა ტახტი არ მიითვისა. მან 1261 წელს კონსტანტინოპოლი დაიბრუნა ლათინებისგან და აღადგინა ბიზანტიის იმპერია. ამის შემდეგ ნიკეამ დაკარგა ქალაქის სტატუსი და ნაკლებად დაცული აღმოჩნდა, რადგან ბიზანტიის იმპერატორები საკუთარ ძალაუფლებას ბალკანეთში ჰპოვებდნენ და არა დასუსტებულ ანატოლიის რეგიონებში. XIII საუკუნის ბოლოს, ნიკეადან არცთუ ისე შორს, კერძოდ დღევანდელ ესქიშეჰირის პროვინციის მიდამოებში გამოჩნდა ახალი მომთაბარე ტომი 一 ოსმალეთის ბეილიკი. ამ ტომის გამაერთიანებლისა და ერთუღრულის შვილმა, ოსმანმა, რომელიც 1281 წელს საკუთარი ტომის უჯ-ბეი გახდა, დაიწყო მასზე დაქვემდებარებული ტერიტორიის გაფართოება. 1299 წლისთვის მან დაიპყრო ყარაჯაჰისარი (დასახლება ესქიშეჰირის პროვინციაში), ბილეჯიქი, ინეგოლი, იარჰისარი, თუმცა ზოგიერთი ტერიტორია მან უომრადაც მიითვისა. მალე, მდინარე საქარიას გასწვრივ დაიწყო თურქული და ბიზანტიური სამფლობელოების განთესვა. სწორედ ამ საზღვარზე, 1280 წელს, მიქაელ პალეოლოგოსმა ააშენა ციხესიმაგრეები. 1302 წელს, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, მდინარემ მიმართულება შეიცვალა, შედეგად სიმაგრეები გამოუსადეგარი გახდა, ბერძნებმა კი ამ მიწების მიტოვება დაიწყეს, რამაც საშუალება მისცა თურქებს, უფრო გაფართოებულიყვნენ და მდინარის ბიზანტიურ ნაწილზე რაც შეიძლება დიდი ტერიტორიები დაეკავათ.
ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ცნობილი მოგზაური, იბნ ბატუტა, ეწვია ორჰანს ნიკეაში, მან ჩაინიშნა ოსმალეთის რიგით მეორე სულთნის შესახებ და წერდა[1]:
„მამამისმა მოახერხა და აართვა ბერძნებს ბურსა და, როგორც ამბობენ, ალყაში ჰყავდა მოქცეული იაზნიკი (ნიკეა) მთელი ოცი წლის განმავლობაში, თუმცა მანამ გარდაიცვალა, სანამ ქალაქის აღებას შეძლებდა. ახლა მისმა ვაჟმა, ორჰანმა ალყა შემოარტყა ქალაქს და სწორედ იქ გავიცანი ის"
თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან, რომ ნიკეის ალყამ დაახლოებით ოცდაათ წელს გასტანა.[2] 1301 წლისთვის ოსმანმა დაარბია ნიკეა და შეუტია პრუსას (ბურსა). 1302 წელს გაიმართა ბაფეუსის ბრძოლა, სადაც ბიზანტიელები დამარცხდნენ, ამან კი გამოიწვია მათი საგრძნობი შესუსტება ბითინიის ოლქში. შედეგად, წამოვიდა ახალი ლტოლვილთა ტალღა, თურქთა მხრიდან, რამაც შეცვალა დემოგრაფიული ვითარება რეგიონში 一 მთელი რეგიონი ფაქტობრივად მხოლო თურქული მოსახლეობით იყო შევსებული.[2] დაახლოებით ამ დროს (ვარაუდობენ, ბაფეუსის ბრძოლამდეც კი), ოსმანმა აიღო ახისარი, საკვანძო სტრატეგიული ერთეული თურქთათვის, რომელიც მომდევნო თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მისმა შვილმა ორჰანმა ის მოვლენების ეპიცენტრად აქცია. მამა-შვილის ჯგუფურმა ლაშქრობებმა 1304 წელს ეფექტურად უზრუნველყო კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი მარშრუტების გაკონტროლება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა ბიზანტიელთა სახმელეთო მხარდაჭერას დედაქალაქიდან. მოგვიანებით, კონურ-ალპის დახმარებით ორჰანმა აიღო თუზ-პაზარი და ორდღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ მთელი რეგიონი ოსმანთა ტომის კონტროლის ქვეშ იყო. ბიზანტირუი ციხესიმაგრეები, მათ შორის პრუსას, ნიკეასა და ნიკომედის ციხეები, ფაქტობრივად, ოსმალთა მიერ იყო ოკუპირებული (და არა ოფიციალურად), რადგან მათ პრაქტიკულად აღარ შეეძლოთ დედაქალაქიდან დახმარების მიღება.[3][4] 1305 წლისთვის ოსმანის ჯარები ყიზილჰისარისა და დერბენდის ციხეების მიმდებარე ტერიტორიებიდან ნიკეისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებდნენ.[5]
მთლიანობაში, ბიზანტიელების მდგომარეობა დასავლეთ ანატოლიაში საკმაოდ მძიმე იყო, რაც, ძირითადად, სწორედ ოსმანის ტომის პერმანენტული დარბევეით იყო გამოწვეული. იმპერატორს მოუწია, დახმარების ხელი ესპანელთათვის ეთხოვა, კერძოდ კი მას ჰქონდა სურვილი, ომში კატალონიური და ალანური არმიის ქვედანაყოფები ჩაერთო, თუმცა ამაოდ. მან სხვა ხერხსაც მიმართა, კერძოდ ჰულაგუიანებსაც მიმართა დახმარების თხოვნით. ამ ფაქტის ხელშეწყობით, გარკვეული პერიოდი განიხილებოდა ვარაუდი ბიზანტიის პრინცესას ქორწინების შესახებ ღაზან ხანთან, ხოლო ამ უკანასკნელის 1304 წელს გარდაცვალების შემდეგ უკვე ოლჯაითუ ყაენთან. მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რის ფონზეც 1304 წელს ოსმანმა ლაშქრობის წამოწყება ბრძანა საქარიას ხეობაში. საბოლოოდ 1305 წელს იხან ოლჯეიტუ დაპირდა ანდრონიკე II-ს 40 ათასიან ამალას ოსმანის ექსპანსიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბიზანტიელი ისტორიკოსი, გიორგი პაქიმერე, ამას ბიზანტიის პრინცესისა და ილხანის მოსალოდნელ ქორწინების ნიშნად მიიჩნევდა. მას შემდეგ, რაც ქორწინების შესახებ ინფორმაცია ოსმანამდე მივიდა, ამან სხვა არაფერი გამოიწვია, თუ არა ცუდი 一 მან იჩქარა მონღოლური ძალების გამოჩენამდე, ხელთ იგდო ტრიკოკიას ციხე და გაიხადა საკუთარ ბაზად, საიდანაც იგი ადვილად დაესხმებოდა თავს ბიზანტიელ-მონღოლთა გაერთიანებულ არმიას. მათი შეტაკების ადგილის იდენტიფიცირება სრული სიზუსტით შეუძლებელი იყო, თუმცა გერმანელი ისტორიკოსი 一იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი 一 ვარაუდობს, რომ ფაქტი ტრიკოკიას და ქოხჩისარის იდენტობაზე არაა დაზუსტებული საკმარისი ისტორიული ფაქტებით. საინტერესოა, რომ ოსმანმა სწორედ ეს ციხე აიღო მხოლოდ შტურმით და არა ალყით. 1308 წელს ოლჯეიტუმ საკუთარი უკვე არა 40, არამედ 30 ათასიანი ამალა გააგზავნა ანატოლიაში, ბითინიის ტერიტორიაზე, ოსმანთა დასამარცხებლად და ბიზანტიელთა დასახმარებლად. ისტორიკოსებმა თითქმის არაფერი იციან ოსმანსა და ოლჯეითის ჯარებს შორის შეტაკების შესახებ, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბითინიის ოლქის არცერთი ქალაქი აღარ დაჰბრუნებია ბიზანტიის იმპერიას.
იმ დროს არ არსებობდა ქვემეხები, შესაბამისად მომთაბარეთა ერთადერთ „ამთვისებლურ ტექნიკას“ კატაპულტირება და ალყის შემორტყმა წარმოადგენდა. სწორედ ამ გზით, 1326 წელს, პრუსის ციხე იძულებული გახდა, დანებებულიყო, შემდეგში კი ოსმანის ვაჟმა, ორჰანმა ის აღადგინა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქადაც კი აქცია.[5] ნიკეა გრძელვადიანი თავდაცვისთვის განკუთვნილი ქალაქი იყო. იბნ-ბატუტა მასზე წერდა[1]:
„იაზნიკი ტბის შუაგულში მდებარეობს და მასში შეღწევა შესაძლებელია ერთადერთი გზით 一 ხიდით, რომელზეც მხოლოდ ერთი მხედარი გაივლის. შიგნით შევხვდებით ბაღებს, სახლებს, მინდვრებს, აგრეთვე აქვთ სასმელი წყალიც, რომელსაც ჭაბურღილების დახმარებით იღებენ“
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ანონიმური ქრონიკის თანახმად, ოსმანმა შენიშნა, თუ რამდენად რთულად მისადგომი ციხე იყო პრუსა. მან ბრძანა იენიშეჰირიდან მთის მხარეს ციხე აეგოთ. მატიანეები იუწყებიან, რომ ციხის ბლოკირებისთვის მასში 40 კაცი დარჩა, რომელსაც ვინმე თაზ ალი მეთაურობდა. ეს ციხე ჯერ კიდევ XV საუკუნემდე არსებობდა და მას თაზ ალის ციხე ერქვა, ხოლო მის ძირში არსებულ წყაროს თაზ ალის მდინარე. 1328 წლისთვის გაძლიერდა ნიკეის ბლოკადა, რომელიც დიდი ხნის დაწყებული იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდი შეწყვეტილიც იყო. 1329 წელს, ბიზანტიის იმპერატორი, ანდრონიკე III პალეოლოგოსი, ცდილობდა, ბოლო მოეღო აღმოსავლური საფრთხისთვის და ოსმალთა წინააღმდეგ კასარას ბეილიკის მმართველი დაიხმარა, რომელიც ოსმანის ტომს მტრობდა და ცდილობდა მათ განდევდას ნიკომედიდან და ნიკეადან.[6] მცირე წარმატების შემდეგ, ბიზანტიელები დამარცხდნენ პელეკანონეს ბრძოლაში, 1329 წლის 1 ივნისს. ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ იმპერია უფრო და უფრო შორდებოდა მცირე აზიას და ვეღარ ეხმარებოდა ანატოლიის ბიზანტიურ ოლქებს, გაელაშქრათ თურქთა წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ბაფეუსის ბრძოლამდე, თურქებით შეშინებული ნიკეის მრავალი მკვიდრი იწყებს ბიზანტიის ევროპული მხრისკენ ემიგრაციას.[7] შედეგად, დასახლებული ქალაქი დანებდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გარეშე 1331 წლის 2 მარტს, საპასუხოდ ოსმალებმა ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობაც შეიწყალეს. იბნ ბატუტა წერდა, რომ „ქალაქი ნანგრევებშია და საკმაოდ დაუსახლებელია, გარდა სულთნის რამდენიმე ერთგული პიროვნებისა“.[1] ქალაქის დაცემის შესახებ ცნობა, აგრეთვე, შესაძლოა მოვიპოვოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იოანე XIX-ის ხალხისადმი მინაწერიდან, სადაც იგი ამხნევებს მათ[8][9][10]:
თურქები შეიძლება თქვენს სხეულს დაეუფლობს, თუმცა სულს 一 შეუძლებელია
ანდრონიკე კიდევ ორჯერ ეწვია მცირე აზიას 一 1332 და 1333 წლებში 一 არა საბრძოლველად, არამედ მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმართვისთვის იმ ბიზანტიურ მიწებთან, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. საბოლოოდ, მხარეები დაზავდნენ, რის შედეგადაც ბერძნებს ყოველწლიური ჰარაჯის გადახდა სავალდებულო გაუხდათ.[11]
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალყის შემდეგ ნიკეის დათმობამ, პრაქტიკულად, ნიშნავდა ბიზანტიელთა უარს ანატოლიის ტერიტორიებზე. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ნიკომედიის ციხის დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იყო, რადგან იმპერატორს აღარ მიუღია რაიმე ქმედება ბითინიას ქალაქების შესანარჩუნებლად. მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ, მსგავსი ენერგიული ბრძოლისუნარიანობის გამო, ორჰანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხედართმთავარი იყო ანტიბიზანტიურ კამპანიებში. მეტიც, გიორგი პაქიმერე მას „ყველაზე ძლიერ თურქ მმართველად მოიხსენიებს, რომელიც თავისი პოლიტიკით გამუდმებით ატერორებდა ბიზანტიის იმპერიას“.[12]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოსმან I
- ორჰან I
- ბიზანტიის იმპერია
- ბაფეუსის ბრძოლა
- ანდრონიკე II პალეოლოგოსი
- ანდრონიკე III პალეოლოგოსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტი ალყის შესახებ byzantium.gr-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Ibn Battuta 1929, p. 136.
- ↑ 2.0 2.1 İnalcık 1994, p. 76—77.
- ↑ Kazhdan 1991, p. 251.
- ↑ Uzunçarşılı 1988, 1. Cild, ss. 105—106.
- ↑ 5.0 5.1 İnalcık 1994, p. 77.
- ↑ A History of the Byzantine State and Society, Treadgold, W., Stanford Press, 1997
- ↑ Norwich, J.J. (1995). Byzantium: The Decline and Fall. London: Viking, გვ. 286. ISBN 978-0-670-82377-2.
- ↑ https://www.google.com/books/edition/Revista_de_istorie/wu0nAQAAMAAJ?hl=en
- ↑ https://books.google.com/books/about/Die_altosmanischen_anonymen_Chroniken.html?id=5vTfAAAAMAAJ&redir_esc=y
- ↑ https://books.google.com/books/about/Acta_Et_Diplomata_Graeca_Medii_Aevi_Sacr.html?id=ySYWbcNeIE0C&source=kp_book_description&redir_esc=y
- ↑ Сказкин 1967.
- ↑ İnalcık 1994, p. 78.