მაშრიყი
მაშრიყი (არაბ. المشرق /ალ-მაშრიყ/, /al-Mašriq/ აღმოსავლეთი) — ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძირითადად წარმოიშვა რეგიონში არაბულ-ისლამური ექსპანსიის შემდეგ VII საუკუნეში. იგი შედგება ეგვიპტის, ისრაელის, პალესტინის ავტონომიური მხარის, იორდანიის, სირიის, ლიბანისა და ერაყისაგან.
სიტყვის წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა მაშრიყი ნაწარმოებია არაბული ზმნისაგან „შარაყა“ (شرق), რომელიც ნიშნავს „ამოსვლას (მზის)“, „ნათებას“. შესაბამისად, არაბულში ცნება „მაშრიყი“ ნიშნავს ადგილს, სადაც მზე ამოდის, ანუ აღმოსავლეთს. ამგვარად, ეს სიტყვა მაღრიბის (المغرب) საპირისპირო ცნებაა, ანუ ადგილი, „სადაც მზე ჩადის, დასავლეთი“. ორივე გეოგრაფიული ტერმინი წარმოდგება VII საუკუნიდან, ადრეული ისლამური დაპყრობების პერიოდიდან.
ეგვიპტის განსაკუთრებული სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია ეგვიპტეს, ერთი მხრივ ისტორიის, ხოლო მეორე მხრივ თავისი მდებარეობის გამო აფრიკის კონტინენტზე. ეგვიპტე არაბულ-ისლამური დაპყრობების პერიოდიდან კულტურულად და ლინგვისტურად მაშრიყს მიეკუთვნება. დასავლეთით იგი მაღრიბის ქვეყნებს ესაზღვრება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VII საუკუნეში არაბული ექსპანსიის შემდეგ მაშრიყი უმაიადების დინასტიის ხალიფატის სამყოფელი იყო. თავდაპირველად იგი მდებარეობდა დამასკოში, შემდეგ კი ბაღდადში. მომდევნო საუკუნეებში რეგიონზე სხვადასხვა, უმეტესად თურქული დინასტიები ავრცელებენ გავლენას. 1517-დან 1918 წლამდე რეგიონს ოსმანები მართავდნენ. 1914 წელს ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის, 1915 წელს კი სომხების გენოციდის შემდეგ მექას ემირმა, ჰუსეინ იბნ ალიმ 1916 წელს უარი თქვა ომში დაუძლურებული ოსმალეთის უზენაესობაზე. მან თავი „არაბეთის მეფედ“ გამოაცხადა. საბოლოოდ იგი ჰეჯაზის მეფედ იქნა აღიარებული. პარალელურად, ევროპის კოლონიზატორული სახელმწიფოები საიქს-პიკოს ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მაშრიყი გავლენის სფეროებად დაენაწილებინათ. განისაზღვრა რეგიონის დაყოფა ბრიტანულ (თანამედროვე ისრაელის, იორდანიისა და ერაყის ტერიორიები) და ფრანგულ (ლიბანი, სირია) გავლენის სფეროებად. 1916—1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის არაბულ ტერიტორიებზე დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით წარმოებული არაბთა აჯანყება თურქული ბატონობის წინააღმდეგ და ჰუსეინ-მაკ-მაჰონის მიმოწერა 1915—1916 წლებში არაბთა მიერ შეფასებულ იქნა, როგორც არაბთა დამოუკიდებლობისადმი თანხმობის გამოხატვა. თუმცა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საიქს-პიკოს საიდუმლო ხელშეკრულების დადების შემდეგ, რასაც რეგიონის კონტროლირებად ტერიტორიებად დანაწილება მოჰყვა, 1916 წელს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ამის შემდეგ, 1917 წელს, ბრიტანელები ბალფურის დეკლარაციით ებრაელებს „ეროვნული ტერიტროების“ შექმნას შეპირდნენ, რასაც შედეგად 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსება მოჰყვა. მაშრიყის თანამედროვე საზღვრები, ამგვარად, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მაშინდელი ევროპის დიდი სახელმწიფოების მიერ დადგინდა.
ისრაელის განსაკუთრებული სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაშრიყში ასევე განსაკუთრებულ სტატუსს ფლობს ისრაელი, ერთი მხრივ თავისი ისტორიის, მეორე მხრივ თავისი სახელმწიფოებრიობის გამო. 1947 წლის 29 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ორი მესამედი უმრავლესობით მხარი დაუჭირა გაყოფის გეგმას, რომლის მიხედვითაც დასავლეთი პალესტინა (მთლიანი პალესტინის 22 %) ებრაულ და არაბულ სახელმწიფოდ უნდა გაყოფილიყო. მანამდე აღმოსავლეთ პალესტინა იორდანიის სამეფოდ გამოცხადდა (78 %). არაბულმა სახელმწიფოებმა ამას მხარი არ დაუჭირეს და ებრაელების განადგურებით დაიმუქრნენ. 1948 წლის 14 მაისს, პარასკევ დღეს, 16:00 საათზე, შაბათის დაწყების წინ თელ-ავივში შეიკრიბა ებრაელთა ეროვნული კრება და „ებრაელი ხალხის ბუნებრივი და ისტორიული უფლებისა და გაერთიანებული ერების პლენარულ სხდომებზე გადაწყვეტილების“ ძალით დევიდ ბენ გურიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე ღამით, მაშრიყის არაბულმა ქვეყნებმა, კერძოდ ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ლიბანმა, ერაყმა და სირიამ ისრაელს ომი გამოუცხადეს. ამას მოჰყვა ისრაელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო ებრაული ქვეყანაა. მისი სახელმწიფო ენებია ებრაული და არაბული.
პოლიტიკური დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაშრიყი მოიცავს ექვს დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ერთ დამოკიდებულ ტერიტორიას.