შინაარსზე გადასვლა

ლუი ანრი II (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ანრი II
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 13 მაისი, 1818
მმართ. დასასრული: 30 აგვისტო, 1830
წინამორბედი: ლუი ჟოზეფ I
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი, 1756
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 30 აგვისტო, 1830, (74 წლის)
გარდ. ადგილი: ვალ-დ’უაზი, საფრანგეთი
მეუღლე: ბატილდა ორლეანელი
(ქ. 1770 - გარდ. 1822)
შვილები: ლუი ანტუანი, ენგიენის ჰერცოგი
სრული სახელი: ლუი ანრი ჟოზეფ დე ბურბონ-კონდე
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი ჟოზეფ I, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ დე როანი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი ანრი II დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis Henri II de Bourbon-Condé; დ. 13 აპრილი, 1756 — გ. 30 აგვისტო, 1830) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი ჟოზეფ I-ისა და შარლოტ დე როანის ვაჟი. კონდეს უკანასკნელი პრინცი 1818-1830 წლებში.

ლუი ანრი დაიბადა 1756 წლის 13 აპრილს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი ჟოზეფ I-ისა და მისი პირველი მეუღლის, შარლოტ დე როანის უფროსი და ერთადერთი ვაჟი, თუმცა მას ასევე ჰყავდა ერთი უმცროსი და. როგორც ბურბონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, იგი დაბადებიდანვე ატარებდა მისი სამეფო უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგის წოდებას. 1760 წელს გარდაიცვალა დედამისი შარლოტი, რის შემდეგაც ლუი ანრი და მისი და სამეფო აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდნენ.

ქორწინება და კონდეთა აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1770 წლის 24 აპრილს ლუი ანრიმ ცოლად შეირთო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის ასული ბატილდა ორლეანელი. ახალგაზრდა წყვილი ვერსალის სასახლის სამლოცველოში დაქორწინდნენ, რომელიც მოწყობილი იყო ლუი XIV-ის საყვარელ მადამ დე მონტესპანის დროს, მისივე გემოვნებით. 1772 წელს დაიბადა მისი და ბატილდას ერთადერთი შვილი ლუი ანტუანი, რომელსაც ენგიენის ჰერცოგობა უბოძეს, ლუი ანრის კი ამის სანაცვლოდ ბურბონის ჰერცოგობა გადაეცა. ლუი ანრისა და ბატილდას ქორწინება არასდროს ყოფილა ბედნიერი, 1780 წელს კი ისინი საბოლოოდ გასცილდნენ, თუმცა არაოფიციალურად. ღვთისა და კანონის თვალში ისინი კვლავ ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ რეალურად ისინი ერთადაც კი აღარ ცხოვრობდნენ.

ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ლუიმ რომანი გააბა პარიზელ მსახიობ მარგარიტა მიშელოტთან, რომელმაც მას ორი უკანონო ქალიშვილი გაუჩინა. საფრანგეთის რევოლუციის განმავლობაში ლუი ანრი მამას ახლდა დევნილობაში, ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ბრიტანეთში. სულ მალე მას მისი ცოლი ბატილდაც შეუერთდა, სამეფო ოჯახმა და ლუი ანრის ვაჟმა ლუი ანტუანმა კი საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტეს.

1792-95 წლებში რევოლუციონერებმა სიკვდილით დასაჯეს მეფე ლუი XVI, დედოფალი მარია ანტუანეტა, პრინცესა ელიზაბეტი, პრინცესა მარია ტერეზა სავოიელი და ტყვეობაში გარდაიცვალა მეფე ლუი XVII-ც. 1804 წელს ტახტზე ახლად ასულმა იმპერატორმა ნაპოლეონმა ლუი ანტუანი დააკავებინა და ვენსენის ციხეში გამოკეტა. ამ ამბამდე სულ ორი თვით ადრე ლუი ანტუანმა ცოლად შარლოტ დე როანი შეირთო, რომელმაც დაფეხმძიმება ვერ მოასწრო. 1804 წელს ნაპოლეონის ბრძანებით დახვრიტეს ლუი ანტუანი, რითაც ფაქტობრივად შეწყდა კონდეს დინასტია, ვინაიდან ლუი ანრის სხვა ვაჟი ან ძმა არ ჰყავდა.

1814 წელს ნაპოლეონის ჩამოგდებისა და ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ლუი ანრი საფრანგეთში დაბრუნდა, 1818 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ კი იგი კონდეს პრინცი ხდება, 1822 წელს კი გარდაიცვალა მისი ცოლი ბატილდა ორლეანელიც, რამაც კანონიერი მემკვიდრის გაჩენისა და დინასტიის გადარჩენის შანსები ფაქტობრივად სამუდამოდ მოსპო.

1830 წელს 74 წლის ლუი ანრი II-ის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოც, რის გამოც მთელი მისი მემკვიდრეობა და ტიტულები მისმა ცოლის ძმის შვილმა, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I ორლეანელმა მიიღო.

ლეგიტიმური შვილი:

  1. ლუი ანტუანი (1772-1804), ენგიენის ჰერცოგი, ცოლად ჰყავდა შარლოტ დე როანი, თუმცა შვილები არ ჰყოლია, დახვრიტეს ნაპოლეონის ბრძანებით, რითაც ბურბონთა დინასტიის კონდეს შტო სამუდამოდ შეწყდა;

არალეგიტიმური შვილები:

  1. ადელაიდა (1780-1874), ჰყავდა მარგარიტა მიშელოტისგან, იგი პირველად ცოლად გაჰყვა რუელის გრაფ პატრის გაბრიელ დე მონტესუსს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა შომონის მარკიზ ევგენი ვიქტორზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ლუიზ შარლოტი (1782-1831), ჰყავდა მარგარიტა მიშელოტისგან, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  3. გოგონა (1817), ჰყავდა სოფია ჰარისთან, გარდაიცვალა რამდენიმე დღის;
  4. მკვდარშობილი ვაჟი (1819), ჰყავდა სოფია ჰარისთან;
  • 13 აპრილი 1756 - 2 აგვისტო 1772: მისი სამეფო უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგი;
  • 2 აგვისტო 1772 - 13 მაისი 1818: მისი სამეფო უდიდებულესობა ბურბონის ჰერცოგი;
  • 13 მაისი 1818 - 30 აგვისტო 1830: მისი სამეფო უდიდებულესობა კონდეს პრინცი;
  • Helmut Domke: Der Tod des Herzogs von Enghien. Ein Schicksal im Schatten Bonapartes. Prestel, München 1984, ISBN 3-7913-0680-4.
  • Fremont-Barnes, Gregory (2007). Encyclopedia of the Age of Political Revolutions and New Ideologies, 1760-1815: A-L. Greenwood Publishing Group. p. 216. ISBN 978-0313334467.