შინაარსზე გადასვლა

შარლოტ დე როანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტ დე როანი
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 3 მაისი, 1753
მმართ. დასასრული: 4 მარტი, 1760
წინამორბედი: კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი
მემკვიდრე: მარია კატერინა ბრინოლი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ოქტომბერი, 1737
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 4 მარტი, 1760, (22 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი ჟოზეფ I, კონდეს პრინცი
შვილები: ლუი ანრი II, კონდეს პრინცი
ლუიზ ადელაიდა, რემირემონტის აბატისა
სრული სახელი: შარლოტ გოდფრიდ ელიზაბეტ დე როანი
დინასტია: როანები
მამა: შარლი, სუბიზეს პრინცი
დედა: ანა მარი ლუიზ დე ლა ტურ დ'ოვერნი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

შარლოტ დე როანი (ფრანგ. Charlotte de Rohan; დ. 7 ოქტომბერი, 1737 — გ. 4 მარტი, 1760) — როანების ძველი გავლენიანი ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენელი. კონდეს პრინცესა 1753-60 წლებში როგორც ლუი ჟოზეფ I-ის პირველი მეუღლე. კონდეს უკანასკნელი პრინცის, ლუი ანრი II-ის დედა.

შარლოტი დაიბადა 1737 წლის 7 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო სუბიზეს პრინც შარლ დე როანისა და მისი მეუღლის, ანა მარი ლუიზ დე ლა ტურ დ'ოვერნის შუათანა ქალიშვილი. მამამისი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უსაყვარლესი და უახლოესი ბავშვობის მეგობარი და შესაბამისად მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. რაც შეეხება დედამისს, იგი გამოჩენილი მაზარინებიდან ერთ-ერთის, მარია ანა მანჩინის შვილთაშვილი იყო. დედის ხაზით, შარლოტს ბიძაშვილებად ერგებოდნენ პრინცი ევგენი სავოიელი და ლუი ჟოზეფ დე ბურბონი. გარდა ამისა, დედამისი იყო ლუი XV-ის აღმზრდელის, მადამ დე ვენტადურის შვილიშვილი. ასევე აღსანიშნავია, რომ შარლოტის ნახევა-და ვიქტორია მომავალში მეფე ლუი XVI-ის სამეფო აღმზრდელი გახდა. ვიქტორია ასევე დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა დედოფალ მარია ანტუანეტას უახლოეს მეგობარ პრინცესა დე ლამბალს.

1739 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ შარლოტმა მემკვიდრეობით მიიღო გორდეს მარკიზატი და მონშას საგრაფო. 1745 წელს კი მას მიენიჭა გინიენის ვიკონტესას წოდება.

1753 წლის 3 მაისს ვერსალის სასახლეში შარლოტი დაქორწინდა კონდეს პრინც ლუი ჟოზეფ I დე ბურბონზე, საფრანგეთის მეფის გარე ბიძაშვილზე. ცნობილია, რომ მამამისმა მას მზითვში 20 მილიონი ლივრი გაატანა.

ლუი ჟოზეფი შარლოტზე სულ ერთი წლით იყო უფროსი. შარლოტს მამამთილად ერგებოდა უკვე განსვენებული კონდეს პრინცი ლუი ანრი I, რომელმაც მოაწყო მეფე ლუი XV-ისა და პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკას ქორწინება, რის გამოც დედოფალი ყოველთვის ახლო ურთიერთობაში იყო კონდეს ოჯახთან. ამ დროს შარლოტის დედამთილიც, კაროლინა ჰესენ-როტენბურგელიც გარდაცვლილი იყო, იგი ქმრის დაღუპვიდან სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა.

შარლოტმა, კონდეს ახალი პრინცესის რანგში სამეფო კარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინვე გაერია უმაღლეს ფენებში. იგი დედოფალ მარია ლეშჩინსკასა და ორლეანის ჰერცოგინია ლუიზ ანრიეტა დე ბურბონის ახლო მეგობარი გახდა. იგი სასახლეში თავისი კეთილშობილი და უბრალო ბუნებით გახდა ცნობილი, რაც დიდი იშვიათობა იყო.

ბოლო, მესამე მშობიარობის შემდეგ შარლოტი მძიმედ დაავადდა და მისი ავადმყოფობა წლებიც კი გაგრძელდა. საბოლოოდ იგი 1760 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მან ლუი ჟოზეფს მემკვიდრეები დაუტოვა, იგი მეორედ მაინც დაქორწინდა მონაკოს პრინცის ქვრივ მარია კატერინა ბრინოლზე.

  1. მარი (1755-1759), მადმუაზელ დე ბურბონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი ანრი II (1756-1830), კონდეს პრინცი, ცოლად შეირთო ბატილდა ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, ენგიენის ჰერცოგი ლუი ანტუანი;
  3. ლუიზ ადელაიდა (1757-1824), რემირემონტის აბატისა, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  • Villemur, A. R. Monseigneur le duc de Bourbon: notice historique sur la vie et la mort de son altesse royale, p.15.
  • d'Albert de Luynes, Marie Charles Louis. Chronique de le régence et du regne de Louis XV p.238.