შინაარსზე გადასვლა

ვირჯინია მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირჯინია მედიჩი
მოდენასა და რეჯოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 27 ოქტომბერი, 1597
მმართ. დასასრული: 15 იანვარი, 1615
წინამორბედი: მარგერიტა გონძაგა
მემკვიდრე: მარია კატერინა ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 მაისი, 1568
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 1615, (46 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: ჩეზარე, მოდენას ჰერცოგი
შვილები: 10 შვილი
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო I, ტოსკანის ჰერცოგი
დედა: კამილა მარტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ვირჯინია დე’ მედიჩი (იტალ. Virginia de' Medici; დ. 29 მაისი, 1568 — გ. 15 იანვარი, 1615) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის ნაბოლარა ასული. ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგინია 1597-1615 წლებში როგორც ჩეზარე დ’ესტეს მეუღლე და მისი ათი შვილის დედა.

ვირჯინია დაიბადა 1568 წლის 29 მაისს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი საყვარლის, კამილა მარტელის პირველი და უკანასკნელი არალეგიტიმური ქალიშვილი. მისი მშობლები მხოლოდ 1570 წელს შეუღლდგნენ, რის შემდეგაც მოხდა ვირჯინიას კოზიმოს ლეგიტიმურ შვილად ცნობა. ამ ყველაფრით დიდად უკმაყოფილონი იყვნენ ვირჯინიას ნახევარ-და-ძმები, რომლებიც კოზიმოს პირველი ცოლისგან ჰყავდა. როგორც ცნობილია, მას ამის გამო ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა, ვინაიდან არისტოკრატებიცა და ნათესავებიც აიგნორებდნენ, დასცინოდნენ და არ იღებდნენ საზოგადოებაში, რის გამოც მისი ფსიქიკა ძალიან არასტაბილური გახდა.

1574 წელს კოზიმო I გარდაიცვალა და ჰერცოგი ვირჯინიას ნახევარ-ძმა, ფრანჩესკო I გახდა, რომელმაც დედამისი კამილა მარტელი სამეფო კარიდან გააძევა და მონასტერში გამოკეტა. ამრიგად, სამეფო კარზე ექვსი წლის ვირჯინია სრულიად მარტო დარჩა.

1581 წელს ფრანჩესკომ ვირჯინია მილანელ დიდგვაროვანზე, ფრანჩესკო სფორცაზე დანიშნა, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა, რადგანაც სფორცა პაპ გრიგოლ XIII-ის კურთხევით კარდინალი გახდა და უარი თქვა საერო ცხოვრებაზე.

1586 წლის 6 თებერვალს იგი დააქორწინეს ალფონსო დ’ესტესა და ჯულია დელა როვერეს ვაჟზე — ჩეზარე დ’ესტეზე, რომელიც 1597 წლიდან გვევლინება ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგად.

ამის შემდეგ ვირჯინია ქმართან ერთად ფერარაში დასახლდა და ტოსკანაში მხოლოდ რამდენჯერმეღა დაბრუნდა, კერძოდ თავისი ნახევარ-ძმის, ფერდინანდოსა და კრისტინა ლოთარინგიელის ქორწილში (1589) და მათი ვაჟის, კოზიმოს ნათლობაში (1592).

1598 წელს ჩეზარემ ფერარას ტახტი დაკარგა, რის გამოც ის და ვირჯინია მოდენაში გადასახლდნენ.

ქორწინებიდან მეათე წლისთავზე, ვირჯინიამ შეშლილობის ნიშნები აჩვენა, რაც სულ უფრო მძაფრდებოდა მის გარდაცვალებამდე. იგი 1615 წლის 15 იანვარს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მოდენას საკათედრო ტაძარში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი მისივე ქმარმა მოაწამვლინა, რომელსაც აღარ შეეძლო მისი შლეგური გამოხტომების ატანა.

  1. ჯულია (1588-1645), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. ალფონსო III (1591-1644), მოდენას ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ლაურა (1594-1630), ლუიჯის ტყუპისცალი, ცოლად გაჰყვა მირანდოლას ჰერცოგ ალესანდრო I პიკოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ლუიჯი (1594-1664), ლაურას ტყუპისცალი, საიმპერატორო არმიის გენერალი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი, მაგრამ ჰყავდა არალეგიტიმური შვილები;
  5. კატერინა (1595-1618), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. ანჯელა (1597-1651), სანტა კიარას მონასტრის აბატისა;
  7. იპოლიტო (1599-1647), მალტის ორდენის დიდი მაგისტრი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  8. ნიკოლო (1601-1640), საიმპერატორო არმიის კაპიტანი, ცოლად შეირთო სვევა დ'ავალო, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  9. ბორსო (1605-1651), საიმპერატორო არმიის კოლონელი და ფრანგული არმიის გენერალი, ცოლად შეირთო თავისი ძმის, ლუიჯის უკანონო ასული იპოლიტა დ’ესტე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  10. ფორესტო (1606-1639), საიმპერატორო არმიის კაპიტანი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  • Marcello Vannucci, Le donne di casa Medici, Newton Compton Editori, Roma 1999, ristampato nel 2006 ISBN 88-541-0526-0