კამილა მარტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამილა მარტელი
Camilla Martelli (1545-1590) by Studio of Alessandro Allori.jpg
დაბ. თარიღი 1545
ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი 30 მაისი, 1590, (44-45 წლის)
ფლორენცია, ტოსკანა
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) კოზიმო I მედიჩი
შვილ(ებ)ი ვირჯინია მედიჩი
მშობლები მამა: ანტონიო მარტელი
დედა: ელიზაბეტა სოდერინი

კამილა მარტელი (იტალ. Camilla Martelli; დ. 1545 — გ. 30 მაისი, 1590) — იტალიელი არისტოკრატი. იყო საყვარელი და მეორე ცოლი ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-სა. ასევე იყო დედა, მოდენასა და ფერარას ჰერცოგინია ვირჯინია მედიჩისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამილა დაიბადა 1545 წელს, ფლორენციელი პატრიციის, ანტონიო მარტელისა და მისი ცოლის, ელიზაბეტა სოდერინის ოჯახში. იგი თავიდანვე ძალიან ახლოს იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-თან, რომელიც მასზე 26 წლით უფროსი და ცოლ-შვილიანი კაცი იყო. მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცოლი, ელეონორა ტოლედოელი გარდაიცვალა, კოზიმომ რომანი გააბა ელეონორა ალბიცისთან, რომელიც მალევე მობეზრდა. სწორედ ამის შემდეგ ხდება კამილა კოზიმოს სამეფო საყვარელი. კოზიმო კამილასთან ერთად კასტელოს ვილაში ცხოვრობდა, სამეფო კარიდან შორს, ვინაიდანაც იგი ხანში შესული კაცი იყო და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. ამ დროის მანძილზე ტოსკანას მისი ფავორიტი ვაჟი, ფრანჩესკო მართავდა.

1568 წელს კამილას კოზიმოსგან გოგონა შეეძინა, რომელსაც ვირჯინია დაარქვეს. ამ ყოველივეთი დიდად უკმაყოფილონი იყვნენ კოზიმოს შვილები, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მიუხედავად მათი პოზიციისა, 1570 წელს კოზიმო I კამილა მარტელზე დაქორწინდა, თვით პაპ პიუს V-ის ნებართვით. ეს ქორწინება მორგანიკული იყო, რის გამოც კამილას არ მიუღია ტოსკანის ჰერცოგინიის ტიტული. ეს ქორწინება კოზიმოს ვაჟებმა პაპთან გაასაჩივრეს და მისი ანულირება მოსთხოვეს, რაზეც კოზიმომ განუცხადა:

ვიკიციტატა
„მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ცოლად ფლორენციელი დიდგვაროვანი ქალი შევირთე, კეთილშობილი ოჯახიდან.“

ამის შემდეგ, კოზიმომ ბევრის თვალში დაკარგა პატივისცემა და ზოგი თავის ჰერცოგად აღარც სცნობდა. მათი ქალიშვილი ვირჯინია ლეგიტიმირებული და ინტეგრირებული აღმოჩნდა ტოსკანური მემკვიდრეობის სიაში.

კამილა კოზიმოსა და მის შვილებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ისინი გამუდმებით მწარე რეპლიკებს ისროდნენ ახალი დედინაცვლის მიმართულებით. ამასთან, არამხოლოდ კამილას გერები, არამედ სრულიად არისტოკრაცია იყო აღშფოთებული მისი უცნაური ფუფუნებით, რომელიც ელეონორ ტოლედოელის დროინდელი დახვეწილი და ელეგანტური გემოვნების შემდეგ, ცოტა ვულგარული ჩანდა. დიდი ჰერცოგი ამ ყველაფერს ყურადღებას არც კი აქცევდა და ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას.

1574 წელს კოზიმო I-ს ინსულტმა დაარტყა, რის შემდეგაც დროებით ყველაფრის მგრძნობელობა დაკარგა, საბოლოოდ კი სისხლის მიმოქცევა შეუჩერდა და 30 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებისთანავე, ახალმა ჰერცოგმა, ფრანჩესკო I-მა კამილა გააძევა სამეფო კარიდან. იგი იძულებული გახდა ფლორენციის გარე უბანში მდებარე სანტა-მონიკას მონასტერში დასახლებულიყო. მას სამეფო კარზე შესვლის ნება მხოლოდ 1586 წლის 6 თებერვალს, ვირჯინიასა და მოდენას ჰერცოგის ქორწილში დართეს. 1587 წელს, ფრანჩესკოს გარდაცვალების შემდეგ კამილა უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდა. ახალმა ჰერცოგმა ფერდინანდო I-მა მას სამეფო კარზე დროებით დაბრუნების ნება დართო, რასაც არისტოკრატების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, ამიტომაც კამილა მალევე ისევ უკან, მონასტერში დააბრუნა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1590 წლის 30 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marcello Vannucci, Le donne di casa Medici, Newton Compton Editori, Roma 1999, ristampato nel 2006. ISBN 8854105260