ვერნერ მელდერსი
ვერნერ მელდერსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1913[1] [2] |
დაბადების ადგილი | გელზენკირხენი |
გარდაცვალების თარიღი | 22 ნოემბერი, 1941[1] [2] (28 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვროცლავი |
ჯარის სახეობა | Luftwaffe |
წოდება | პოლკოვნიკი და Oberst |
მეთაურობდა | Jagdgeschwader 51 და Jagdgeschwader 53 |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი, საფრანგეთის კამპანია, ბრიტანეთის ბრძოლა და ოპერაცია ბარბაროსა |
ჯილდოები | რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით[3] , ესპანური ჯვარი, რკინის ჯვარი, Wehrmacht Long Service Award, Wound Badge (1939) in Black[3] , Medalla de la Campaña (1936-1939), Military Medal of Spain, Front Flying Clasp for Fighters in Gold[3] და Front Flying Clasp for Fighters in Gold with Diamonds[3] |
ვერნერ მიოლდერსი (გერმ. Werner Mölders; დ. 18 მარტი 1913, გელზენკირხენი — გ. 22 ნოემბერი 1941, ბრესლაუ) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ლუფტვაფეს“ მფრინავი-ასი მეორე მსოფლიო ომის დროს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერნერ მიოლდერსი ბავშვობიდან ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე. აბიტურის ჩაბარების შემდეგ მან 17 წლის ასაკში განცხადება შეიტანა „რაიხსვერში“. ოფიცრობის 60 კანდიდატიდან „რაიხსვერმა“ მხოლოდ 3 აიყვანა, რომელთა შორისაც ვერნერ მიოლდერსიც იყო. თავდაპირველად იგი საინჟინრო ნაწილში მოხვდა, ხოლო როცა გერმანული „ლუფტვაფეს“ საიდუმლოდ აღჭურვა დაიწყო, მიოლდერსი პირადი ინიციატივით ჩაეწერა მფრინავთა რიგებში.
პირველ ტესტზე იგი ჩაიჭრა, როგორც „მფრინავად უვარგისი“, ხოლო განმეორებით ტესტზე „დამაკმაყოფილებელი“ შეფასება მიიღო. მფრინავის განათლების მისაღებად მიოლდერსი გაგზავნილ იქნა გერმანიის სამოქალაქო ავიაციის სკოლაში ქალაქ კოტბუსში. მან სკოლა საუკეთესო ნიშნებით დაამთავრა. 1935 წელს მიოლდერსს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და რამდენიმე მასზე უფროსს და გამოცდილ მფრინავთან ერთად ბომბდამშენთა ესკადრილიის ჩამოყალიბება დაევალა. იმავე წლის მაისში იგი დაჯილდოებულ იქნა „ლუფტვაფეს“ „მფრინავის ნიშნით“. 1937 წელს მიოლდერსი ობერლეიტენანტი გახდა და დაინიშნა № 334 მოიერიშე ესკადრილიის 1-ლი ესკადრონის მეთაურად ქალაქ ვისბადენში.
1938 წელს მიოლდერსი მოხალისედ ჩაეწერა „ლეგიონ კონდორში“, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ესპანეთის სამოქალაქო ომში რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წლის 25 მაისს მან ჩაიბარა ლეგენდარული მფრინავის ადოლფ გალანდის „მესერშმიტების“ ესკადრონი. ომის განმავლობაში მიოლდერსმა მოწინააღმდეგის 14 თვითმფრინავი ჩამოაგდო და სამოქალაქო ომის ყველაზე წარმატებული მფრინავი გახდა, რისთვისაც მას ვადაზე ადრე 25 წლის ასაკში ჰაუპტმანის წოდება მიენიჭა და დაჯილდოებულ იქნა „ესპანეთის ჯვრის“ ორდენით ოქროს ხმლებითა და ბრილიანტებით.
მეორე მსოფლიო ომში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მიოლდერსი "№ 53 გამანადგურებელი ესკადრილიის" ("ყვავის ტუზი", გერმ.:„Pik As“) 1-ლი ესკადრონი მეთაური იყო. 1939 წლის ოქტომბერში მას ამ ესკადრილიის III ჯგუფის ჩამოყალიბება და საზღვრის საჰაერო კონტროლი დაევალა. 1940 წლის აპრილში 7 საჰაერო გამარჯვების შემდეგ ვერნერ მიოლდერსი I კლასის "რკინის ჯვრით" დაჯილდოვდა. მაისის მიწურულს მას უკვე მოწინააღმდეგის 20 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული (რაც გერმანული რეკორდი იყო) და ამ წარმატებისათვის რაიხსმარშალმა ჰერმან გიორინგმა პირადად დააჯილდოვა "რკინის ჯვრის რაინდის ჯვრით".
1940 წლის 5 ივნისს ვერნერ მიოლდერსი მოწინააღმდეგის მიერ ჩამოგდებულ იქნა და ტყვედ ჩავარდა საფრანგეთში, თუმცა იმავე წლის 30 ივნისს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გათავისუფლებულ იქნა და სამშობლოში დაბრუნდა. 1940 წლის ივლისში მას მაიორის წოდება მიენიჭა და 20 ივლისს "№ 51 მოიერიშე ესკადრილიის" კომოდორად დაინიშნა. ესკადრილია ამ დროს მოაწილეობას იღებდა ინგლისისათვის ბრძოლაში.
1940 წლის 21 სექტემბერს მე-40 საჰაერო გამარჯვების შემდეგ ვერნერ მიოლდერსი დაჯილდოვდა "მუხის ფოთოლით" "რკინის ჯვრის რაინდის ჯვარზე". ის პირველი პილოტი იყო მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც ამდენ საჰაერო გამარჯვებას მიაღწია და მეორე გერმანელი მებრძოლი, ვინც ამ ორდენით დაჯილდოვდა. მიოლდერსის ესკადრილია ყველაზე წარმატებული იყო «ლუფტვაფეს» რიგებში. 6 თვის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე 60 გამარჯვება იყო და 1940 წლის ნოემბერში მას ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. გიორინგს უნდოდა მიოლდერსი "მოიერიშე მფრინავთა შეფად" დაენიშნა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. 1941 წლის გაზაფხულზე სსრკ-თან ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მელდერსის ესკადრილია გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრებთან იქნა გადაყვანილი.
სსრკ-თან ომის დაწყების პირველსავე დღეს ვერნერ მიოლდერსმა 4 საბჭოთა თვითმფრინავი ჩამოაგდო, რისთვისაც დაჯილდოებულ იქნა "ხმლებით" "რაინდის ჯვარზე". იგი ადოლფ გალანდის შემდეგ მეორე ჯარისკაცი იყო, რომელიც ამ ორდენით დაჯილდოვდა. ამ დროს მას მტრის 72 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული. მიოლდერსის ესკადრილიამ იმავე დღეს 96 საბჭოთა თვითმფრინავი ჩამოაგდა, რაც მისი პილოტების პროფესიონალიზმის დასტურია. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 1941 წლის 15 ივლისს ვერნერ მიოლდერსმა თავისი 101-ე გამარჯვება იზეიმა და იმავე დღეს იგი «ვერმახტის» პირველი მებრძოლი იყო, ვინც იმ დროისათვის გერმანიის უმაღლესი სამხედრო ორდენით "ბრილიანტებით" "რაინდის ჯვარზე" დაჯილდოებულ იქნა. თავისი 101-ე გამარჯვებით მას ლეგენდარული მფრინავის მანფრედ ფონ რიხტჰოფენის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
მცირე ხნის შემდეგ მიოლდერსს 28 წლის ასაკში პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და აეკრძალა საბრძოლო გაფრენები. 115 საჰაერო გამრჯვების შემდეგ მას "მოიერიშე მფრინავთა გენერლის" წოდება მიენიჭა და გადაყვანილ იქნა "რაიხის საჰაერო მიმოსვლათა სამინისტროში" ბერლინში.
რაიხის უშიშროების მთავარ სამმართველოში «გესტაპო» ამზადებდა საქმეს მიოლდერსის წინააღმდეგ (გერმ.: „Fall Mölders“). დაგროვილი იყო კომპრომატები, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი მხარს უჭერდა მიუნსტერის ეპისკოპოს ფონ გალენს და აკირიტიკებდა სახელმწიფოს ჩარევას საეკლესიო სფეროში. ამ საქმემ ჰიმლერისა და ჰიტლერის კაბინეტებამდეც მიაღწია. ფიურერმა ჰიმლერს განუცხადა: "მე არ მსურს ეკლესია ზეწოლას განიცდიდეს... შეეშვით ამ წესიერ მებრძოლს" (გერმ.: „Ich möchte nicht, dass die Kirche belästigt wird … lassen Sie die Finger von diesem anständigen Soldaten“).
სამინისტროს დავალებით გაგზავნილ ერთ-ერთი შემოწმების დროს მიოლდერსმა შეტყობინება მიიღო გენერალლუფტცოიგმაისტერის გენერალ-პოლკოვნიკ ერნსტ უდეტის თვითმკვლელობის შესახებ და სასწრაფოდ იქნდა გამოძახებული ბერლინში. მეორე დღეს აღმოსავლეთ ფრონტიდან ბერლინისაკენ გეზი აიღო «ჰენკელ ჰე 111» ტიპის საფოსტო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ვერნერ მიოლდერსი იმყოფებოდა. ბრესლაუსთან თვითმფრინავის მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და პილოტმა დაშვება დაიწყო. ბრესლაუ-შიონგარტენის აეროპორტზე დაშვებისას მარჯვენა ძრავა გაჩერდა და თვითმფრინავი მიწას დაასკდა. მიოლდერსი და ვიცე-პოლკოვნიკი გეორგ კოლბე ადგილზევე დაიღუპნენ. მიოლდერსის ადიუტანტი და ბორტის რადისტი ამ უბედურ შემთხვევას ცოცხლები გადაურჩნენ.
1941 წლის 24 ნოემბერს გიორინგმა დღის ბრძანებაში დაწერა:"პოლკოვნიკი მიოლდერსი ლუფტვაფესა და გერმანელი ხალხის ისტორიაში სამუდამოდ იცოცხლებს", ხოლო 28 ნოემბერს მიოლდერსის დაკრძალვის საზეიმო ცერემონიალზე, რომელსაც ფიურერიც ესწრებოდა, განაცხადა:"შენ უამრავი ძნელი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდი! შენი საქმეები და შენი სახელი უკვდავია.... შენ ყოველთვის მაგალითი იქნები ჩვენთვის. ხალხი, რომელსაც შენისთანა გმირები ჰყავს გამარჯვებისთვის არის დაბადებული!".
ვერნერ მიოლდერსი დაკრძალეს ბერლინში, ინვალიდები სასაფლაოზე, ერნსტ უდეტის და მანფრედ ფონ რიხტჰოფენის გვერდით.
მის ძველ ესკადრილიას "მიოლდერსის ესკადრილია" ეწოდა და პილოტებს უფლება მიენიჭათ შესაბამისი სახელწოდების სამკლაური ეტარებინათ.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანური ფრონტზე მებრძოლთა მედალი - Medalla de la Campaña
- ესპანეთის სამხედრო მედალი - Medalla Militar
- ესპანეთის ჯვარი ოქროს ხმლებით და ბრილიანტებით - Spanienkreuz mit Schwertern in Gold mit Brillanten
- გამანადგურებელთა ოქროს ფრონტის მფრინავთა სარჭი ბრილიანტებით - Frontflugspange für Jäger in Gold mit Brillanten
- ოქროს მფრინავთა და მზვერავთა ნიშანი ბრილიანტებით - Flugzeugführer- und Beobachterabzeichen in Gold mit Brillanten
- ათჯერ იქნა შეყვანილი «ვერმახტის უწყებაში» - Zehnmalige Nennung im Wehrmachtsbericht
- შავი ფერის დაჭრილის ნიშანი - Verwundetenabzeichen in Schwarz
- რკინის ჯვარი (1939) II და I კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
- რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub, Schwertern und Brillanten
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Braatz, Kurt (2009). Werner Mölders - Die Biographie. Moosburg (Germany): NeunundzwanzigSechs Verlag. ISBN 978-3-9811615-3-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვერნერ მელდერსი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის კატალოგში