შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფრანგეთის კამპანიამესამე რაიხის ჯარების შეტევითი მოქმედება საფრანგეთის წინააღმდეგ 1940 წლის 10 მაისი - 24 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთის კამპანიის მიზანი იყო ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგის ოკუპაცია და საფრანგეთის ომიდან გამოყვანა. გერმანელ ფაშისტთა სარდლობამ საბრძოლო მოქმედებები 2 ეტაპად დაგეგმა. (ოპერაცია „გელბი“ და „როტი“). ოპერაცია „გელბის“ გასახორციელებლად გენერალ-პოლკოვნიკ ვ. ფონ ბრაუხიჩს 136 დივიზია დაუქვემდებარეს. მთავარი დარტყმა მიზნად ისახავდა „მაჟინოს ხაზის“ შემოვლით მოკავშირეთა ფრონტის გაკვეთას, ნიდერლანდების დაპყრობას და ცენტრალურ ბელგიაზე დარტყმით მოკავშირეთა მთავარი ძალების შებოჭვასა და განადგურებას. მოკავშირეებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე პა-დე-კალედან შვეიცარიამდე 111 დივიზიას მოუყარეს თავი. 10 მაისს გერმანიის ჯარებმა დაიწყეს სტრატეგიული შეტევა. 14 მაისს ნიდერლანდების არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. გერმანელებმა მთავარი დარტყმის მიმართულებით მდ. მაასი გადალახეს. 21 მაისს ლა-მანშის სანაპიროს მიაღწიეს და დიუნკერკთან მიიმწყვდიეს ბელგიის 22 და ინგლის-საფრანგეთის 28 დივიზია. 28 მაისს ბელგიის არმია დანებდა, ხოლო 2 ივნისს ინგლის-საფრანგეთის ჯარები დიდი დანაკარგებით ინგლისში გადაიყვანეს. 5 ივნისს გერმანელებმა დაიწყეს ოპერაცია „როტი“. მდ. სომის ზღუდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით — არმიათა ჯგუფი „ა“. მაჟინოს ხაზის ზურგში გასასვლელად გერმანელთა ჯარები ქვეყნის სიღრმეში შეიჭრნენ. საფრანგეთის მთავრობა 10 ივნისს პარიზიდან ბორდოში გადავიდა. 14 ივნისს პარიზი უბრძოლველად ჩაბარდა მტერს. ანრი ფილიპ პეტენის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. საფრანგეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გერმანიის ფაშისტთა ჯარებმა დაიკავეს.