ედუარდზის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდზის პლატო
ედუარდზის პლატოსა და ბალკონესის ესკარპის თანამგზავრული ფოტოსურათი, NASA.
ედუარდზის პლატოსა და ბალკონესის ესკარპის თანამგზავრული ფოტოსურათი, NASA.
კოორდინატები: 30.3° ჩ. გ. 99.6° დ. გ. / 30.3° ჩ. გ. 99.6° დ. გ. / 30.3; -99.6
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ტეხასის შტატი
უმაღლესი წერტილი რეიგანის ოლქის უსახელო წერტილი
სიმაღლე 902 
ფართობი 96 770 კმ²
სიგრძე 388 კმ
სიგანე 345 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
ასაკი დაახლოებით 100 მილიონი წელი
საიტი Edwards Plateau Ecological Region
ედუარდზის პლატო — აშშ
ედუარდზის პლატო
ედუარდზის პლატო — ტეხასი
ედუარდზის პლატო
სურათები ვიკისაწყობში

ედუარდზის პლატო (ინგლ. Edwards Plateau) — მაღალი კირქვული პლატო აშშ-ში, ტეხასის შტატში. სამხრეთით და აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია ბალკონესის რღვევით, ჩრდილოეთით ლანოს აზევებითა და ლანო-ესტაკადოთი, დასავლეთით მდინარე პეკოსითა და ჩიუაუის უდაბნოთი.[1] ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 388 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 345 კმ-ზე.[2] ფართობი დაახლოებით 96 770 ათ. კმ².[3] სიმაღლე მერყეობს 140 მ-დან 902 მ-მდე.[2] კანიონების ფსკერის სიმაღლე 100 მ-მდეა. ძირითადად აგებულია კირქვებითა და დოლომიტებით.[4]

ჭარბობს ვრცელი, ბრტყელი ვაკე რელიეფი, რომელიც კონტინენტური ეროზიული პროდუქტების ფლუვიალური სედიმენტაციის შედეგია.[5] ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილები, ისევე როგორც სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილის ქედები აერთიანებს მომრგვალო, ხშირად, ტალღოვან ბორცვიან რელიეფს.[6] ჩრდილო-დასავლეთით პლატო გადადის მაღალ ვაკეებში, ხოლო ჩრდილოეთით დაბალ გორაკბორცვიან ვაკეებში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ხშირად „ჰილ-კანტრის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც წარმოდგენილია კლდოვანი და ციცაბო კალთებით, ხოლო დასავლეთი ვაკე ნაწილი, სადაც ნალექების რაოდენობა შესამჩნევად მცირდება სტოქტონის პლატოს სახელს ატარებს.[7]

ზოგადად პლატოს ტერიტორია მდინარეთა ღრმა ხეობებითაა დანაწევრებული. მაგიდა მთები, ვრცელი გამოზიდვის კონუსები და მშრალი ხევები თითქმის დამახასიათებელ ნიშნებს მოკლებული პლატოს მეტად მნიშვნელოვანი თავისებურებებია.[8] პლატოს აღმოსავლეთი და სამხრეთი კიდეების რელიეფი უსწორმასწოროა, სადაც ჩქარი მდინარეების მიერ კარბონატულ ტერიტორიაზე ვიწრო და ციცაბოკალთებიანი კანიონებია გამომუშავებული. ფართოდაა განვითარებული კარსტული რელიეფი. ამჟამად ცნობილია 130-ზე მეტი მღვიმე,[9] რომელთაგან უგრძესია ჰანი-კრიკი (სიგრძე 33,3 კმ).[10] უმნიშვნელოვანესი და მსოფლიო კლასისაა სონორის კავერნა, რომლის სიგრძე 6108 მ, ხოლო სიღრმე 45,8 მ უდრის.[11] ბევრია კარსტული ძაბრი, რომელთა შორის აღსანიშნავია დევილზისა და ბერინგის კარსტული ძაბრები.[12][13]

ედუარდზის პლატო წარმოიქმნა ცარცულ პერიოდში. 100 მილიონი წლის წინ ამჟამინდელი ტეხასის ტერიტორია ოკეანით იყო დაფარული. ცარცული პერიოდის განმავლობაში, ქვიშაქვების, კირქვების, თიხაფიქლებისა და დოლომიტების ზღვიური დანალექები აკუმულირდა ძველი ოკეანის ფსკერზე, ხოლო წყლის უკან დახევის შედეგად მოხდა ედუარდზის პლატოს გაშიშვლება.[14] პლატოს აღმოსავლეთი ნაწილის კარბონატული წყების დიდი ნაწილი მიეკუთვნება ედუარდზის ჯგუფს, რომლის დასავლური ეკვივალენტები, კერძოდ, ფრედერიქსბერგის ჯგუფი და უოშიტოს ჯგუფის ქვედა ნაწილი ჰიდროლოგიურად ტრინიტის ჯგუფის ქვეფენილ ტერიგენულ ნატეხ და კარბონატულ დანალექებთანაა დაკავშირებული. ამდენად, სახელწოდება „ედუარდზ-ტრინიტის წყლიანი ჰორიზონტი“ მიღებულია პლატოს ყველა გამტარი ცარცული ქანის აღსანიშნავად.[8] აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე ედუარდზის წყლიანი ჰორიზონტის ფართობი 11,300 კმ²-ია.[15]

თორნთუეიტის კლიმატის კლასიფიკაციით (1931) ედუარდზის პლატოზე მეზოთერმული, სემიარიდული და არიდული კლიმატია გაბატონებული. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ყველაზე დაბალი ედუარდზის პლატოსა და ლანო-ესტაკადოს საზღვარზე, უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ზაფხული ცხელია (37,7 °C), ხოლო ზამთარი ცივი (4,4 °C). ზოგადად პლატოს დასავლეთი ნაწილი აღმოსავლეთისაზე ცივია. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 13,8–21,1 °C-ს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 355–889 მმ ფარგლებში, საიდანაც სამი მეოთხედი მოდის ვეგეტაციურ პერიოდზე. ნალექების რაოდენობა იცვლება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. უფრო მშრალია პლატოს ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. თოვლი იშვიათია.[16]

ედუარდზის პლატოს დასავლეთით მიედინება მდინარე რიო-გრანდეს მარცხენა შენაკადი პეკოსი, ხოლო აღმოსავლეთით ჩამოუდის მდინარე კოლორადო. ნიადაგური თვალსაზრისით პლატოზე ძირითადად გაბატონებულია უსტოლები.[17] მთის ნიადაგი ღრმა, ქვიანი ან ხრეშიანია, ტუტე მუქი თიხოვანი ან თიხნარ-თიხოვანი. ღია ფერის ნიადაგები ციცაბო კალთებზეა, ხოლო ღრმა, ნაკლებად ქვიანი ნიადაგები ხეობებში. დაბლობის ნიადაგი უმეტესად ღრმა, მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი, ტუტე თიხნარი ან თიხოვანია. ზოგადად, ედუარდზის პლატოს ნიადაგი როგორც წესი თხელია და წვრილმარცვლოვანი.[18]

ედუარდზის პლატოზე გაბატონებულია მაღალი, საშუალო და დაბალი ბალახეულობა, რომელიც ხშირად ტყის მასივებთანაა შერეული. აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია ფართოფოთლოვანი მცენარეულობა. ჭარბობს მშრალი სტეპის ბალახეულობა, სუკულენტები, ბუჩქნარები. მრავალფეროვანია ფაუნა. პლატოს ფარგლებში გვხვდება ძუძუმწოვრების 64 და ფრინველთა 191 სახეობა;[19] საყურადღებოა ბრაკენის მღვიმე, სადაც დაახლოებით 20 მლნ. ღამურა ბინადრობს.[20] ბევრია თევზი; გვხვდება მტკნარი წყლის 14 ენდემური სახეობის თევზი. მოშენებულია საქონელი. რეგიონი ტეხასის შტატში მოჰერისა და მატყლის წარმოების ცენტრია. ქალაქები სან-ანჯელო, ოსტინი, სან-ანტონიო და დელ-რიო დაახლოებით ემთხვევა პლატოს სივრცეს. სიახლოვეს მდებარეობს ბიგ-ბენდის ეროვნული პარკი და რიო-გრანდეს ეროვნული ტყე.[21]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Demarest, D.. Edwards Plateau. Partners in Flight. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 8, 2021.
  2. 2.0 2.1 Edwards Plateau. Peakbagger.com.
  3. Southwestern Plains. Series: Defining the Southwest.
  4. Edwards Plateau Savanna. Reed Noss.
  5. Section 315D--Edwards Plateau. Southwest Plateau and Plains Dry Steppe and Shrub.
  6. Edwards Plateau. Trees of Texas - Ecoregions.
  7. The Great Plains Region. The Edwards Plateau.
  8. 8.0 8.1 Geologic History and Hydrogeologic Setting of the Edwards-Trinity Aquifer System, West-central Texas. TU.S. Geological Survey.
  9. The Texas Underground and the Caverns of Texas. gorvtexas.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-08.
  10. Texas Long Caves. www.texasspeleologicalsurvey.org.
  11. Caverns of Sonora. Texas Speleological Survey.
  12. Devil's Sinkhole. Texas Beyond History.
  13. Bering Sinkhole. Texas Beyond History.
  14. Edwards Plateau Ecological Region. tpwd.texas.gov.
  15. Texas Water Development Board. www.twdb.texas.gov.
  16. Dry Periods and Drought Events of the Edwards Plateau, Texas. www.twdb.texas.gov.
  17. 81-Edwards Plateau. Edwards Plateau - Soil Physics.
  18. Edwards Plateau Soils. Soils of Texas.
  19. Hoekstra, J. M.; Molnar, J. L.; Jennings, M.; Revenga, C.; Spalding, M. D.; Boucher, T. M.; Robertson, J. C.; Heibel, T. J.; Ellison, K. (2010). The Atlas of Global Conservation: Changes, Challenges, and Opportunities to Make a Difference. University of California Press. ISBN 978-0-520-26256-0.
  20. Grove, Noel (December 1988). "Quietly Conserving Nature". National Geographic. 174 (6): 822.
  21. Edwards Plateau. swvirtualmuseum.nau.edu.