მაღალი ვაკეები
მაღალი ვაკეები | |
---|---|
ბაფალო-უოლოუ მაღალ ვაკეებზე, 1897 წ. | |
კოორდინატები: 39° ჩ. გ. 102° დ. გ. / 39° ჩ. გ. 102° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | მონტანა უაიომინგი სამხრეთი დაკოტა ნებრასკა კოლორადო კანზასი ნიუ-მექსიკო ოკლაჰომა ტეხასი |
სიმაღლე | 550–2130 მ |
მაღალი ვაკეები (ინგლ. High Plains) — პლატო აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში. უკავია დიდი ვაკეების ვრცელი, მისი შუა ნაწილი. გადაჭიმულია სამხრეთის მიმართულებით, პაინ-რიჯის ესკარპიდან ედუარდზის პლატომდე. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ პლატოს სიმაღლე იცვლება 550–2130 მ ფარგლებში.[1] ჩაჭრილია მდინარეების პლატის, არკანზასისა და კანეიდიანის ხეობებით, რომელთა სიახლოვეს ღრმადაა დანაწევრებული ხევებისა და მდინარეების ქსელით.[2]
მდინარე კანეიდიანის სამხრეთით მდებარე ნაწილს სამხრეთი მაღალი ვაკეები ან ლანო-ესტაკადო ეწოდება. მაღალი ვაკეებისთვის დამახასიათებელია ბრტყელი და დამრეცი გორაკბორცვიანი რელიეფი. სიახლოვეს მდებარე დიდი ვაკეებისაგან საფეხურებითაა გამოყოფილი. მაღალი ვაკეები აგებულია პალეოზოური ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გადაფარებულია ლიოსისებრი თიხნარებით, უფრო იშვიათად ქვიშებით.[2]
მაღალი ვაკეების გეოლოგიური ისტორია დაიწყო 500 მილიონზე მეტი წლის წინ. კამბრიული და მესამეული პერიოდის განმავლობაში წყალმარჩხმა ზღვამ დაფარა ჩრდილოეთი ამერიკის შიგა ნაწილი. დანალექების სქელი ფენა ზოგიერთ ადგილზე 3000 მ-ზე მეტი სისქით ოკეანის საგებზე დაილექა. პერმული პერიოდის განმავლობაში ზღვამ თითქმის სრულიად გადაფარა მაღალი ვაკეები, თუმცა, უკან დაიხია მეზოზოურ ერაში, კერძოდ, ტრიასულ პერიოდში.[2]
ქვედა და შუა ტრიასული პერიოდის განმავლობაში მაღალი ვაკეები დაექვემდებარა ეროზიას, რომელიც ქვედა იურულ პერიოდშიც გაგრძელდა. იურული ასაკის ქანები კონტინენტური წარმოშობისაა და წყვეტილი ნაკადების ნალექთდაგროვებას წარმოადგენს. წყალმარჩხი ზღვა ტერიტორიას პერიოდულად ფარავდა ქვედა ცარცულ პერიოდში.[2]
მაღალ ვაკეებზე სემიარიდული კლიმატია გაბატონებული. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 6,1 °C-დან (ჩრდილოეთით) 17,2 °C-მდე (სამხრეთით).[1] დღიური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 15–30 °C ფარგლებში. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 305–840 მმ აღწევს. დაბალი სინოტივისა და მაღალი სიმაღლის გამო, ტერიტორია ექსტრემალური ტემპერატურით გამოირჩევა. დღე-ღამის ტემპერატურული დიაპაზონი ჩვეულებრივ ~16,5 °C-ია, ხოლო 24 საათიანი ტემპერატურული ცვლილება ~55,5 °C-ს აღწევს, რაზეც მეტყველებს მონტანის შტატის ქალაქ ბრაუნინგში 1916 წლის 23 იანვარსა და 1916 წლის 24 იანვარს მომხდარი ამინდის მოვლენა, როდესაც ტემპერატურა 7 °C-დან −49 °C-მდე დაეცა, რაც წარმოადგენს 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული უდიდესი ტემპერატურული ცვლილების მსოფლიო რეკორდს.[3] მაღალი ვაკეებისთვის ნიშანდობლივია მდგრადი, ზოგჯერ ძლიერი დასავლეთის ქარი.[1]
მაღალი ვაკეების ფარგლებშია მაღალი ვაკეების ანუ ოგალალის წყლიანი ჰორიზონტი, რომლის ფართობია 450 ათ. კმ².[4] პლატოზე გაბატონებულია დაბალბალახეული პრერიები, ოპუნციები და ბუჩქნარი. კლდოვანი მთების სიახლოვესაა აბზინდის სტეპი. მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი; მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა.[5] განვითარებულია სარწყავი და ურწყული მიწათმოქმედება. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადო.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 High Plains Water-Level Monitoring Study (Groundwater Resources Program). Physical/Cultural Setting
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Geohydrology of the High Plains Aquifer in parts of Colorado, Kansas, Nebraska, New Mexico, Oklahoma, South Dakota, Texas, and Wyoming. 1984
- ↑ Climatological Averages, Statistics and Records for Little Rock, Arkansas
- ↑ Changes in Water Levels and Storage in the High Plains Aquifer, Predevelopment to 2005
- ↑ High PlainsSunflower Production Handbook. Description of Sunflower Growth Stages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-16. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- ↑ Encyclopedia Britannica | High Plains, region, United States