დიმიტრი ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი ჯავახიშვილი (დ. 23 სექტემბერი, 1882, სოფ. ძევერა, გორის მაზრა — გ. 2 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ექიმი-კურორტოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მაგრამ რადგან ამ სასწავლებელს ატესტატის გაცემის უფლება არ ჰქონდა, ერევნის გიმნაზიაში გადავიდა და ატესტატიც იქ მიიღო. 1903 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე შევიდა, იღებდა თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს სტიპენდიას. როდესაც ოდესაში შავრაზმელებმა ებრაელთა დარბევა მოაწყვეს, დიმიტრი ჯავახიშვილი სტუდენტურ რაზმში გაერთიანდა და ებრაელებს თავდასხმებისაგან იცავდა. სტუდენტთა რევოლუციური მღელვარების გამო, 1905 წელს უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. დიმიტრი ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობას ფილოქსერას საწინააღმდეგო პარტიაში შეუდგა. 1907 წელს სწავლა ისევ ოდესაში გააგრძელა, მაგრამ მალე მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში გადავიდა და 1909 წელს მისი სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯერ მიხეილის საავადმყოფოში, შემდეგ სიღნაღის მაზრის სოფელ გურჯაანში ამბულატორიის გამგედ. ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც, თანამშრომლობდა გაზეთთან „კახეთის ხმა“, აქვეყნებდა სტატიებს რუბრიკით „ექიმის წერილები“. 1911 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1912 წელს მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამოქალაქო სამსახურის ექიმთა პირველი ყრილობის მუშაობაში, გამოვიდა მოხსენებით და დასვა საკითხი ახტალის ტალახით მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მობილიზაციით სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, დანიშნეს „ქვეითი ქართული ჯარის რაზმის” („დრუჟინა”) უფროს ექიმად და რაზმთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაგზავნეს. იყო ტრაპიზონში გახსნილი საველე ჰოსპიტლის უფროსი ორდინატორი, საიდანაც პირველი ქართული ცხენოსანი პოლკის უფროს ექიმად გადაიყვანეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალში. არჩეული იყო თბილისის საგუბერნიო საექიმო სამმართველოსთან შექმნილი საბჭოს თავმჯდომარედ. დიმიტრი ჯავახიშვილი დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფს და 1917 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მუშაობაში. 1917 წლის ნოემბერში იგი კოოპტაციის გზით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი გახდა. 1918 წლის მაისში, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, დიმიტრი ჯავახიშვილი მის შემადგენლობაში შევიდა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. იყო ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის კომისიის წევრი და მდივანი, ასევე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრი. მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული ფრაქციისა და მთავარი კომიტეტის ჩამოყალიბებაში, იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1918 წლის 16 ივლისს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა. 1919 წლის ეროვნული პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელ კრებაში, მაგრამ მანდატი ვერ მიიღო. 1920 არჩეული იყო ეროვნული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წლის იანვარში, დიმიტრი ჯავახიშვილი დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.

1921 წლიდან სამშობლოში დარჩა და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 კოოპტაციის წესით შევიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. 1923 წლის აპრილში დააპატიმრეს. აგვისტოს დამდეგს ციხიდან გაათავისუფლეს და აიძულეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაშლილად გამოაცხადა. ამის შემდეგ დიმიტრი ჯავახიშვილი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და სამეცნიერო-პედაგოგიურ სარბიელზე გადაინაცვლა. ჯერ დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიის კათედრის ორდინატორად, შემდეგ კი - საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის საკურორტო სამმართველოს სამედიცინო-სანიტარული განყოფილების გამგედ. 1928 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში. ამ დროიდან იყო ფიზიოთერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 1938 ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დააწინაურეს სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1934-1938 წლებში განაგებდა თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას, 1938-1959 წლებში იყო იმავე კათედრის ხელმძღვანელი თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. 1953 წელს გახდა პროფესორი, 1965 მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. პირველმა შეისწავლა კუმისის ტალახის სამკურნალო თვისებები და მეცნიერულად დაასაბუთა ახტალის ტალახის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობა. შეისწავლიდა, ასევე, წყალტუბოს, ბორჯომისა და ნაბეღლავის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის კურორტ ახტალის მშენებლობასა და განვითარებაში. ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, რამდენჯერმე იყო არჩეული თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. იყო საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე, მრავალი სხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. დაწერა ექიმთა და სტუდენტთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო კურორტოლოგიაში (1945), გამოქვეყნებული აქვს წიგნები და ბროშურები. ჰყავდა მეუღლე - ანა მაღალაშვილი და შვილები. მისი შვილი - გივი ჯავახიშვილი იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953-1975 წლებში. დიმიტრი ჯავახიშვილი საინტერესო მოგონებათა წიგნის ავტორიცაა (1969).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]