არდაშირ II
არდაშირ II | |
---|---|
სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი | |
მმართ. წლები: | 379-383 |
წინამორბედი: | შაპურ II |
მემკვიდრე: | შაპურ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 309/310 |
გარდ. თარიღი: | 383 |
შვილები: | ზრუანდუხტი, სომხეთის დედოფალი |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ჰორმიზდ II, სპარსეთის შაჰინშაჰი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
არდაშირ II (სპარს. اردشیر نیکوکار; დ. 309/310 — გ. 383) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის შაჰინშაჰი 379-383 წლებში. შაჰინშაჰ ჰორმიზდ II-ის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არდაშირი დაიბადა დაახლოებით 309, ან 310 წელს. იგი იყო სპარსეთის შაჰინშაჰ ჰორმიზდ II-ის ვაჟი. მისი დაბადებიდან მალევე მამამისი დიდებულებმა მოკლეს ნადირობისას, რის შემდეგაც ტახტს არდაშირის უფროსი ძმა, ადურ ნარსე იკავებს. რამდენიმე თვეში იგი დიდებულებმა ჩამოაგდეს, დააბრმავეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. იგივე ბედი ეწია მის ძმებსაც, გადარჩენა კი არდაშირმა მოახერხა, რომელიც რომის იმპერიაში გადამალეს. ამის შემდეგ დიდებულებმა ტახტზე არდაშირის უფროსი, მაგრამ მცირეწლოვანი ძმა, შაპურ II დასვეს, რათა უკეთ შესძლებოდათ ქვეყნის თავიანთ ნებაზე მართვა. მანამ სანამ შაპურს 16 წელი შეუსრულდებოდა, ქვეყანას მართლაც დიდებულები მართავდნენ.
344 წელს არდაშირი ნოდარდაშირაგანის მეფე-გამგებელი გახდა. რამდენადაც ცნობილია, იგი თანამშრომლობდა თავის ძმასთან, მეფე შაპურთან და იცავდა ირანს რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის თავდასხმებისაგან. ამის სანაცვლოდ, 379 წელს შაპურ II-მ არდაშირი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და პირობა დადო, რომ თავისი ვაჟი, შაპურ III ტახტზე პრეტენზიას არ განაცხადებდა.
ამ პირობის დადებიდან სულ მალე, 379 წელს შაპურ II გარდაიცვალა და ტახტი მართლაც არდაშირ II-მ დაიკავა. იგი თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში დიდ ყურადღებას უთმობდა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. ეს იმიტომ, რომ სომხეთის მეფე არშაკ II-ის უფროსი ვაჟი ჯერ კიდევ შაპურის მმართველობისას მოკლეს, რის შემდეგაც სომხები რომაელების მხარეს გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ სომხეთში რეალურ ძალაუფლებას არა სამეფო ოჯახი, არამედ მამიკონიანთა არისტოკრატიული საგვარეულო ფლობდა მუშეგ I-ის თაოსნობით. მისი თავიდან მოცილების მიზნით, არშაკ II-მ იგი რომის იმპერატორთან დაასმინა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში დასდო ბრალი, რის გამოც იგი იპერატორმა სიკვდილით დასაჯა. ამ ქმედებამ განარისხა მუშეგის ძმა, მანუელი, რომელიც არდაშირ II-ს შეეკრა და ირანელთა მხარეს გადავიდა. არდაშირის ხელშეწყობით მანუელმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და სომხეთის ტახტზე არშაკ II-ის განსვენებული ვაჟის ქვრივი, ზარმანდუხტი დასვა, რომელიც თავად არდაშირის ქალიშვილი იყო. ამით ირანელებმა სომხეთი ფაქტობრივად თავიანთ დაქვემდებარებაში შეიყვანეს, სადაც მანუელ მამიკონიანმა სპასპეტის წოდება მიიღო. ამის სანაცვლოდ მანუელმა ირანელებს საშუალება მისცა, რომ სომხეთში თავიანთი გარნიზონები ჩაეყენებინათ.
სპარსულ-სომხური ჰარმონიული თანაცხოვრება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სულ მალე ადგილობრივმა დიდგვაროვანმა, სახელად მერუჯანმა, მანუელს დეზინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ ირანული გარნიზონები მის დაპატიმრებას აპირებდნენ. განრისხებულმა მანუელმა თავისი ჯარები შეკრიბა, თავს დაესხა სომხეთში მდგარ ირანულ არმიას და მთლიანად გაანადგურა იგი. ამ დროს მან 10,000 სპარსელი ჯარისკაცი ამოხოცა. ამ ამბიდან სულ მალე, მანუელი გარდაიცვალა, რამაც ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. სასაზღვრო ზონაში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა და არდაშირ II-მ ხელშეკრულება გააფორმეს. ამ ამბიდან ძალიან მალე, უკმაყოფილო სპარსელმა დიდებულებმა 383 წელს არდაშირ II მოკლეს. ვინაიდან მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა და ისიც სომხეთში იყო გათხოვილი, სპარსეთის ახალი შაჰინშაჰი მისი ძმისწული, შაპურ III გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
- Shahbazi, A. Shapur (2005). "Sasanian dynasty". Encyclopaedia Iranica, Online Edition. Retrieved 30 March 2014.
- Shahbazi, A. Shapur (1986). "Ardašīr II". Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 4. pp. 380–381.
- Shayegan, M. Rahim (2004). "Hormozd I". Encyclopaedia Iranica, Vol. XII, Fasc. 5. pp. 462–464.
- Al-Tabari, Abu Ja'far Muhammad ibn Jarir (1991). Yar-Shater, Ehsan (ed.). The History of al-Ṭabarī, Volume V: The Sasanids, the Byzantines, the Lakhmids, and Yemen. Trans. Clifford Edmund Bosworth. Albany, NY: State University of New York Press. ISBN 0-7914-0493-5.
- Tafazzoli, Ahmad (1983). "Ādur Narseh". Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 5. p. 477.
- Daryaee, Touraj (2009). Sasanian Persia: The Rise and Fall of an Empire. I.B.Tauris. pp. 1–240. ISBN 0857716662.
- Shahbazi, A. Shapur (2004). "Hormozd (2)". Encyclopaedia Iranica, Vol. XII, Fasc. 5. pp. 461–462.
- Grenet, Franz (2006). "Mithra ii. iconography in Iran and Central Asia". Encyclopaedia Iranica.