აბჯარი
აბჯარი — ლითონის ან სხვა მასალისგან დამზადებული დამცავი აღჭურვილობა. მეომრებს ათასწლეულების განმავლობაში აბჯარი ეცვათ, რათა ომში თავი დაეცვათ. დღევანდელი აბჯარი ტყვიაგაუმტარი ჟილეტია. ძველ ბერძნებს ტილოს ან ტყავის პერანგები ეცვათ, რომელსაც გულმკერდისა და ბეჭების დასაცავად ლითონის ფირფიტები ჰქონდა დაკერებული. ჰოპლიტებს (შეიარაღებულ ქვეით მეომრებს) ტანზე მომდგარი ბრინჯაოს სამკერდული იცავდა. რომაელ ქვეითებსა და ცხენოსნებს რკინის სალტეებიანი აბჯარი ეცვათ, რომელიც ზურგსაც იფარავდა და სხეულის წინა მხარესაც. რომაელები ჯავშანსაც იყენებდნენ, რომელსაც თავდაპირველად ტყავის ჟილეტზე დაკერებული და ერთმანეთზე კრამიტივით დადებული ლითონის პატარა ფირფიტებისაგან ამზადებდნენ. მოგვიანებით აბჯარს ლითონის რგოლებისაგან ამზადებდნენ, რომელსაც რკინის პერანგი დაერქვა.
ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპელ ჯარისკაცებს ჯაჭვის აბჯარი ეცვათ. დაახლოებით 1330 წლიდან რაინდებს ერთმანეთზე გადაბმული ფოლადის ფირფიტების მძიმე აბჯარი იფარავდა. თოფის გამოგონების შემდეგ, აბჯარი თანდათან კირასასა (სამკერდულამდე) და მუზარადამდე დავიდა. XX საუკუნისათვის მხოლოდ მუზარადიღა დარჩა (ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი აბჯარს ერთი გასროლით ხვრეტავდა). 1940-იანი წლებიდან ხმარებაში შემოვიდა ახლებური აბჯარი, რომელიც ნეილონის, სხვა პლასტმასებისა და მინაბოჭკოვანისაგან მზადდება.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში აბჯარს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები (ძვ. წ. III ათასწლეული), ლილოსა და კაჭრეთში ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში — ბრინჯაოს სარტყლები. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბარკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით, მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი ემოსათ. მოსხებს დაწნული, ხარიტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ. ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს. ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისაგან ნაბოძები ჰქონდა ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მათ შორის მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ. მაგ., ქუცნა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძალის ეკლესიისათვის შეუწირავს (ამჟამად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება). ქართველ მეომრებს თავსარქმელად მუზარადი, ჩაფხუტი და ჩაჩქანი ჰქონდათ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადქვეშ — სვანურს. ტერმინი „აბჯარი“ შუა საუკუნეების დასაწყისიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა. შუა საუკუნეების მიწურულში „აბჯრის“ შინაარსი „იარაღმა“ ჩაანაცვლა და „აბჯარში“ მხოლოდ თავდაცვითი საჭურველი იგულისხმებოდა. აბჯარი საქართველოს მთაში, სადაც მას თითქმის უკანასკნელ დრომდე ხმარობდნენ, ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ „ტანს“ (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა (დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული, შემდეგ — თოფიც, დამბაჩაც, მასრებიც და საპირწამლეც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოლოყაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.
- ჩოლოყაშვილი კ., „ქართული საბრძოლო იარაღები. ფარი“, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს საელმწ. მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18B
- ჩოლოყაშვილი კ., „ქართული საჭურველი. ჯაჭვი“, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს საელმწ. მუზეუმის მოამბე», 1956
- ჩოლოყაშვილი კ., „ქართული საჭურველი. ჩაჩქანი“, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს საელმწ. მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19A, 21B
- ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, 1962
- ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5