ჯაჭვის პერანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული ჯაჭვის პერანგი (2) ჩაჩქნითა (1) და სამკლაურებით (3).

ჯაჭვის პერანგი — საბრძოლო აბჯრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შედგება ერთმანეთზე ბადისებურად დაკავშირებული მცირე ზომის ჯაჭვის რგოლებისგან — ჭიკუებისგან. ევროპაში ის ხმარებაში იყო ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით, ხოლო საქართველოში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში უფრო გვიანდელ პერიოდშიც გამოიყენებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ადრინდელი ჯაჭვის პერანგის აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაა ძვ.წ. მე-3 საუკუნით დათარღებული შუა დუნაის დაბლობზე, სლოვაკეთსა და რუმინეთში, ბელადის საფლავში ჩატანებული ჯაჭვის პერანგები.[1][2][3] ჯაჭვის პერანგის გამოგონებას ხშირად მიაწერენ კელტებს,[4] თუმცა არსებობს ეტრუსკული ჯაჭვის პერანგის ნიმუშები,[5] რომლებიც თარიღდება სულ მცირე ძვ.წ. მე-4 საუკუნით. ჯაჭვის პერანგი შესაძლოა წარმოშობილიყო ქერცლოვანი აბჯრისგან.[6] ჯაჭვის პერანგი გავრცელებული იყო ევროპაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და იაპონიაში.

რომაელი ჯარისკაცი ლორიკა ჰამატით.

ევროპაში ჯაჭვის პერანგის გამოყენება ხშირი იყო რკინის ხანასა და შუა საუკუნეებში, თუმცა მე-16 და მე-17 საუკუნეებიდან თანდათან გადავიდა ხმარებიდან, რადგანაც ცეცხლსასროლ იარაღს უკეთესად აკავებდა მეტალის ფურცლებისგან გამოჭედილი აბჯრები. მიიჩნევა, რომ რომის რესპუბლიკის ჯარები ჯაჭვის პერანგს გალების წინააღმდეგ ბრძოლაში გაეცნენ ციზალპურ გალიაში. რომაელებმა გადმოიღეს ჯაჭვის პერანგი გალებისგან და თავიანთი ლეგიონერებისთვის შეიმუშავეს ჯაჭვის პერანგის რომაული ვარიანტი — ლორიკა ჰამატა.

ჯაჭვის პერანგი ფართოდ გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში, თუმცა საკმაოდ ძვირიც ღირდა, რადგანაც მისი დამზადება დიდ დროსა და შრომას მოითხოვდა. ამ მიზეზით, როგორც წესი, ჯაჭვის პერანგი უფრო შეძლებულ მეომრებსა და თავადაზნაურობას ჰქონდა. ამიტომ ბრძოლის ველზე დაღუპულ ჯარისკაცებს ჯაჭვის პერანგებს ხდიდნენ და თავისთვის იტოვებდნენ ან ძვირად ყიდდნენ.

საბოლოოდ, რადგანაც კავალერიის შოკური შეტევებისა და მძლავრი არბალეტების წინააღდმეგ ჯაჭვის პერანგი კარგ დაცვას ვერ უზრუნველყოფდა, ის თავადაზნაურობისთვის თანდათან მეორეხარისხოვანი აბჯრის სახეობა გახდა და გზა დაუთმო მეტალის ფურცლებისგან დამზადებულ ფირფიტოვან აბჯარს. დამატებითი დაცვისთვის ჯაჭვის პერანგებს ფირფიტოვანი აბჯრის ქვეშ იცვამდნენ.

მე-14 საუკუნისთვის ფირფიტოვანი აბჯარი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენებოდა ჯაჭვის პერანგის ნაცვლად, რადგანაც არბალეტის ისრისგან, ბლაგვი იარაღებისა და კავალერიის შოკური შეტევისგან უკეთ იცავდა მეომარს. ამის მიუხედავად, ჯაჭვის პერანგი, გამბეზონთან ერთად, კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა შედარებით დაბალი სოციალური ფენის მეომრების მიერ.

დამზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჭვის პერანგში რგოლის - „ჭიკუს“ თავების შეკვრის წესით გამოიყოფა სამი მთავარი ჯგუფი: „ფარეშიანი“ (ანუ თავები შეკრულია რკინის მანჭვალით), „უფარეშო“, ანუ უბრალოდ მიახლოებულია ერთმანეთთან და „დადუღებული“.

სამივე ტიპის ჯაჭვის ყოველი შემადგენელი რგოლი - „ჭიკუ“ - ჩასმულია ოთხი მხრივ მსგავს რგოლში, ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ. გარდა ჯაჭვის კიდურა რგოლებისა, რომლის ყოველი რგოლი ერთმანეთთან ჩამაგრებულია ორი მეზობლად მდგომი რგოლით. ჯაჭვის კალთების შუაში, ოდნავ აჭრილი ადგილების განაპირა რგოლები ორმაგია - წყვილ-წყვილადაა ერთმანეთში ასხმული. ჯაჭვის საყელო დუგმებით იკვრება.

1698 წლის გერმანული ხელნაწერის ილუსტრაცია ჯაჭვის პერანგის დამზადებაზე.

ჯაჭვი საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი: კლდეეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ჯაჭვის ნაშთი, რომლის ყოველი რგოლი ფარეშანი თვლებითაა შეკრული, რაც მეტად მნიშვნელოვანია. II-III სს-ში ჯაჭვის დამზადების ტექნიკას საქართველოში უმაღლესი საფეხურისთვის მიუღწევია, რადგან ის უკვე ფარეშანია.

ხევსური მეომრები ჯაჭვის პერანგებში, აღსანიშნავია შარვლები, რომლებიც ასევე ჯაჭვისაა.

ჯაჭვები არა მარტო რგოლების შეკავშირებით, არამედ თარგითაც განირჩევა. უფარეშო ჯაჭვის პერანგები წინ გულგახსნილია, ხოლო ფარეშანი და დადუღებული ტიპი კი ჯაჭვის თავგასაყრელ სახეობას წარმოადგენს. თავგასაყრელი პერანგის სახეობა უფრო დაწინაურებულია, რადგან ბრძოლის დროს მებრძოლის მკერდი მკვიდრადაა დაცული. საინტერესოა, რომ ხევსურები დადუღებულ ჯაჭვს მიიჩნევდნენ კარგ ჯაჭვად, რომელიც იქ ძველად ხუთ ძროხად ფასობდა. გარდა ამ ტიპოლოგიურად დალაგებული ჯაჭვის სახელწოდებებისა, საქართველოში არსებობდა აგრეთვე ჯაჭვის სხვადასხვა სახელებიც, რომელნიც მომდინარეობდა სახელთა ცნების და ქვეყნების მიხედვით, სადაც მას აკეთებდნენ, მაგ.,ლ სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა, ჯაბალა.

მასალის მიხედვით ჯაჭვის პერანგები უმეტესწილად ფოლადისაგან მზადდებოდა. ფოლადის სხეპლისაგან კრავდნენ ჯაჭვის თვალს. ჭიკუს ფორმა ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო: წვეტიანი, უწვეტო, ბრტყელი და სხვ. ერთი ჯაჭვის მოსაქსოვად საჭირო იყო დაახლოებით 15-20 ათასი რგოლი, ჯაჭვთა რგოლების რაოდენობა დამოკიდებული იყო ასასხმელი ჯაჭვის მოცულობაზე.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით დადასტურებულია, რომ ოქრომჭედლის საქმიანობაში (სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი) ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ხოლო ხევსურეთში ქალებიც ქსოვდნენ ჯაჭვის პერანგებს, თავისი მამების, ძმებისა და სწორფერებისათვის. ჯაჭვის პერანგს საბრძოლო ფუნქციის გარდა ესთეტიკური დანიშნულებაც ჰქონდა. განსაკუთრებით მეფე-მთავრებისა და მთავარსარდალთა აღკაზმულობაში.

ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებასთან ერთად მთელს მსოფლიოში ჯავშნისა და ჯაჭვის პერანგის წარმოება თანდათან დავიწყებას მიეცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მთამ, კერძოდ ხევსურეთმა, სხვა კუთხეებთან შედარებით ყველაზე უკეთ შემოგვინახა, ჯაჭვის დამზადების ტექნოლოგია.[7]

ეფექტურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჭვის პერანგი ჰასტინგსის ბრძოლიდან (1066 წელი)

ჯაჭვის პერანგი ეფექტური თავდაცვითი საშუალება იყო გრძივი ალესილპირიანი იარაღების დარტყმების შესაკავებლად და გარკვეულწილად, მჩხვლეტი დარტყმების წინააღმდეგაც. ზოგადად, ჯაჭვის პერანგის ეფექტურობა განისაზღვრებოდა ოთხი ფაქტორით: ჯაჭვის რგოლების შეკავშირების მეთოდით, რგოლების მასალით, ნაქსოვის სიხშირითა და რგოლების სისქით. უფარეშო წესით დამზადებული ჯაჭვის პერანგი ვერ აკავებდა მჩხვლეტ დარტყმებს. თუმცა, როცა პერანგი ფარეშიანი იყო, მისი გარღვევა მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუ გრძივი დარტყმა მოხდებოდა კონკრეტული ტიპის იარაღით, მაგალითად, ალებარდით. ფარეშიან ჯაჭვის პერანგს ასევე არღვევდა მძლავრი მშვილდიდან და არბალეტიდან ნასროლი ისარი.[8][9]

შუა საუკუნეების ამ ევროპულ მინიატურაზე ნაჩვენებია, როგორ კვეთს რაინდი საორხელო ხმლით მოწინააღმდეგესა და მის ჯაჭვის პერანგს.

არქეოლოგიური მასალიდან არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრძოლაში ხშირად ცდილობდნენ მოწინააღმდეგის ჯაჭვის პერანგი კი არ გაერღვიათ, არამედ ისეთ ადგილში მიეყენებინათ მტრისთვის დარტყმა, რომელსაც ჯაჭვის პერანგი არ იცავდა. შვედეთში, დანიელებსა შვედებს შორის გამართულ ვისბის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ჩონჩხებს უმრავლესობას დაზიანებები აღენიშნება ფეხების არეში, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებად დაცული იყო.[10]

იმის მიუხედავად, რომ ჯაჭვის პერანგი ხშირ შემთხვევაში მაინც ეფექტური თავდაცვითი საჭურველი იყო, საორხელო ხმლების დახვეწასთან ერთად ჯაჭვის გარღვევა უფრო ადვილდებოდა. ხშირი იყო შემთხვევა, რომ რაინდი ახერხებდა ფირფიტოვანი აბჯრისა და მის ქვეშ ჩაცმული ჯაჭვის პერანგის ერთბაშად გაჭრას და მოწინააღმდეგის მოკვლას.

ჯაჭვის პერანგი ასევე არაეფექტური იყო ბლაგვი იარაღიდან მიღებული დარტყმის შეკავებაში და ხშირად ვერ იცავდა მეომარს სერიოზული დალურჯებებისა და მოტეხილობებისგან. ჯაჭვის ჩაბალახი ასევე სუსტი დაცვის საშუალება იყო თავისთვის, ვინაიდან ის ბლაგვი იარაღით, მაგალითად, უროთი მიყენებული დარტყმისგან ვერ იცავდა მეომარს თავის ტრავმისა და ტვინის შერყევისგან. ამ მიზეზით, ხშირად მეომრები ჯაჭვის პერანგისა და ჩაბალახის ქვეშ ატარებდნენ გამბეზონს, რომელიც წარმოადგენდა ბალიშებით დარბილებულ მოსაცმელს. გამბეზონები ან დალიანდაგებული მეთოდით იკერებოდა, ან გრძივი ვერტიკალური დარბილებებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://balkancelts.wordpress.com/tag/celtic-chainmail/
  2. https://www.academia.edu/3891226
  3. Rusu, M., "Das Keltische Fürstengrab von Ciumeşti in Rumänien", Germania 50, 1969, გვ. 267–269
  4. The ancient world, Richard A. Gabriel, Greenwood Publishing Group, 2007 გვ. 79
  5. Oriental Armour, H. Russell Robinson, 1967 Walker and Co., New York, გვ. 11-12
  6. Philip Sidnell, Warhorse: Cavalry in Ancient WarfareArchived 2016-05-06 at the Wayback Machine, Continuum International Publishing Group, 2006, გვ. 159
  7. ჯაჭვის პერანგი.
  8. https://www.youtube.com/watch?v=eYsr81y0Aeo
  9. "Arms & Armor 12th Century Spear VS. Riveted Mail and Ballistic Gel"
  10. Thordeman, Bengt (1940). Armour from the Battle of Wisby 1361. Stockholm, Sweden: Kungl. Vitterhets Historie och Antikvitets Akademien. გვ. 160.