ჰაიმ სუტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰაიმ სუტინი
Amedeo Modigliani 036.jpg
დაიბადა 1893
დაბადების ადგილი სმილოვიჩი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 1943
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მიმდინარეობა საპორტრეტო ფერწერა[1] და პეიზაჟი[1]
ხელმოწერა Signature of Chaim Soutine.JPG

ჰაიმ სუტინი (ფრანგ. Chaïm Soutine; დ. 1893,[2][3] სმილოვიჩი, მინსკის პროვინცია, რუსეთის იმპერია — გ. 9 აგვისტო, 1943, პარიზი, საფრანგეთი) — ებრაული წარმოშობის ფრანგი მხატვარი, პარიზული სკოლის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები, პარიზში გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1893 (ან 1894) წელს სმილოვიჩში (ახლანდელი ჩერვენის რაიონი, მინსკის რეგიონი, ბელორუსია ) ღარიბ ებრაულ, მრავალშვილიან ოჯახში და იყო თერთმეტი შვილიდან მეათე. მამამისი მკერავად მუშაობდა (სხვა წყაროების მიხედვით სინაგოგის მსახური იყო). ჰაიმმა ადრეული ბავშვობიდანვე გამოავლინა სიყვარული ხატვისა და ფერწერის მიმართ.

1907 წელს, თავი რომ დაეღწია ოჯახის გავლენისგან (მისი მშობლები არ იზიარებდნენ შვილის თვალსაზრისს მხატვრის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით) და არ შეეცვალა პროფესია, ჰაიმი სახლიდან გაიქცა მინსკში. იქ სწავლობდა იაკობ კრუგერის ხატვის სკოლაში. 1909 წელს სუტინი და მისი მეგობარი მიშელ კიკოინი გაემგზავრნენ ვილნოში, სადაც ჩაირიცხნენ სახვითი ხელოვნების სკოლაში. მომავალი მხატვრები ოცნებობდნენ პარიზის ნახვაზე.

1913 წლის ივნისში სუტინი ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაირიცხა სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფერნანდ კორმონის ატელიეში. თუმცა მან ძალიან სწრაფად გაცვალა ძალიან „აკადემიური" აკადემია ვიზიტებზე ლუვრში, რომელიც მისთვის ნამდვილი უნივერსიტეტი ხდებოდა. აქ მან შეისწავლა ფერწერის კლასიკოსების აღიარებული ნამუშევრები, ბერძნული და ეგვიპტური ქანდაკება, ფრანსისკო გოიას, ელ გრეკოს, ტინტორეტოს, ჟან ფუკეს, რემბრანდტის, კოროსა და შარდენის ნახატები. მისი თანამედროვეებიდან სუტინი ყველაზე მეტად აფასებდა გიუსტავ კურბეს და სეზანს. სუტინი დაინტერესებული იყო მუსიკით და ლიტერატურით. მის საყვარელ ავტორებს შორის იყვნენ მონტენი, რასინი, სენეკა, დოსტოევსკი, პუშკინი, ბალზაკი და რემბო, კომპოზიტორებს შორის — ბახი და მოცარტი.

სუტინის პორტრეტი მოდილიანის ნამუშევარი, 1915 წ

პარიზში პირველი წლები მხატვარი სიღარიბეში ცხოვრობდა. სანამ პარიზის სიტეზე გადავიდოდა, სუტინი ცხოვრობდა და მუშაობდა „La Ruche“-ში, ღარიბი მხატვრების საერთო საცხოვრებელში სენის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც შეიქმნა 1902 წელს მოქანდაკე ალფრედ ბუშეს მიერ. აქ სუტინი შეხვდა ლეჟერ ემილს, მარკ შაგალს, ფერნანდ ლეჟერს, რობერ დელონეს, მოქანდაკეებს: კონსტანტინე ბრანკუშს, ოსიპ ცადკინს, ანრი ლორანს, ჟაკ ლიპშიცს და ალექსანდრე არქიპენკოს. მან გაიცნო, უპირველეს ყოვლისა, მოდილიანი, რომელთანაც აკავშირებდა ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე მეგობრობა (ამ უკანასკნელის ნაადრევი გარდაცვალების გამო).

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს სუტინი გადავიდა საფრანგეთის სამხრეთით, სადაც თითქმის შვიდი წელი დაჰყო. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივი პეიზაჟების სილამაზემ. სამი წლის განმავლობაში გამაოგნებელი ტემპით მუშაობდა. 1922 წელს მან პარიზში 200-მდე ნაშრომი ჩაიტანა. ამერიკელმა კოლექციონერმა ალბერტ კუმს ბარნსმა მხატვრისგან 50-მდე ნამუშევარი იყიდა ძალიან იაფად (ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ მილიონერმა ბარნსმა თითო ნახატზე 50 დოლარი გადაიხადა). მომდევნო წელს ხელოვნების დილერმა ლეოპოლდ ზბოროვსკიმ გაყიდა სუტინის ბევრი ნახატი. პარიზში ჩასვლიდან ათი წლის შემდეგ სუტინმა სიღარიბეს დააღწია თავი და ხარჯავდა ყველაფერს, რასაც გამოიმუშავებდა.

1925 წელს, საფრანგეთის სამხრეთით გატარებული წლების შემდეგ, სუტინი დაბრუნდა პარიზში, სადაც გადავიდა ვრცელ ატელიეში მონ სენტ-გოტარის ქუჩაზე, დენფერ-როშეროს მოედანთან ახლოს. სწორედ აქ შეასრულა უამრავი ნატურმორტი.

1927 წელს პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოეწყო სუტინის პირველი პერსონალური გამოფენა. ის შეხვდა მარსელინ და მადლენ კასტენებს, რომლებიც მხატვრის სპონსორები გახდნენ ზბოროვსკის შემდეგ.

1929 წელს იგი შეხვდა ხელოვნებათმცოდნე ელი ფორეს, რომელმაც მოგვიანებით პირველი მონოგრაფია დაწერა მის შემოქმედებაზე.

ჰაიმ სუტინის და მარი-ბერტე აურენშის საფლავი

1935 წელს მხატვრის ნამუშევრები შეერთებულ შტატებში პირველად გამოიფინა ჩიკაგოში კოლექტიური გამოფენის ფარგლებში.

1937 წელს პარიზის პეტი პალეს სახელმწიფო მუზეუმში, კოლექტიური გამოფენის — „დამოუკიდებელი ხელოვნების ოსტატები 1895-1937 წწ.“ ეგიდით, მოეწყო მხატვრის 12 ნახატის გამოფენა. სუტინმა გაიცნო გერდა გროტი, გერმანელი ქალი, რომელიც ემალებოდა ნაცისტურ რეჟიმს. ის გახდა მისი მეგობარი ქალი მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

1939 წელს სუტინი გაემგზავრა იონში პარიზის მახლობლად. 1941 წელს მხატვრის მშობლები დაიღუპნენ სმილოვიჩის გეტოში. თავად სუტინმა, შეერთებულ შტატებში შესვლის უფლების მოპოვების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თავი შეაფარა პარიზის გარეუბანს შამპინიში.

გარდაიცვალა 1943 წლის 9 აგვისტოს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში. სუტინის დაკრძალვაზე მხოლოდ რამდენიმე მისი უახლოესი მეგობარი იყო, მათ შორის პაბლო პიკასო და ჟან კოქტო.

დაკრძალულია პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე საფლავი უსახელო რჩებოდა, შემდეგ დაფიქსირდა სახელწოდებით და სიცოცხლის წლები „1894-1943“, მოგვიანებით თარიღები შეიცვალა „1893-1943 წწ“. 1960 წელს იმავე სასაფლაოზე დაიკრძალა მარი-ბერტე აურენში (1906-1960) — სუტინის მეგობარი სიცოცხლის ბოლო წლებში.

შემოქმედებითი მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიმ სუტინი — ევა. ტილო, ზეთი. 65x54 სმ.1928წ. „ბელგაზპრომბანკის“ კორპორატიული კოლექციიდან

სუტინის ნახატები წარმოდგენილია საფრანგეთის, აშშ-ის, ისრაელის, შვეიცარიის უდიდეს მუზეუმებში. რამდენიმე ნახატი ინახება რუსეთის (ერმიტაჟი), ავსტრიის, დანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების კოლექციებში. ნამუშევრების დიდი რაოდენობა ინახება კერძო კოლექციებში აშშ-ში, საფრანგეთში, იაპონიაში. რამდენიმე ნახატი ინახება მილიარდერის ვიაჩესლავ კანტორის ავანგარდული ხელოვნების მუზეუმში.

2012 წლამდე მისი არც ერთი სურათი არ ყოფილა სუტინის სამშობლოში, ბელორუსიაში. ნახატი "დიდი მდელოები შარტრში" (სავარაუდოდ - 1934) 2012 წლის 8 თებერვალს კრისტის აუქციონზე 400 ათას დოლარად შეიძინა „ბელგაზპრომბანკმა“. 2013 წელს „ბელგაზპრომბანკმა“ იყიდა სუტინის ნახატი „ევა“ სოტბის აუქციონზე (გასაყიდი ფასი — 1 805 000 დოლარი), აღიარებულია „ბელარუსის ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად“. 2018 წელს კოლექცია შეივსო სუტინის მესამე ნახატით „მძინარე მკითხველი, მადლენ კასტენი“.

მოდილიანის დახატული პორტრეტების გარდა (ამედეომ დახატა სუტინი მინიმუმ ხუთჯერ), ცნობილია მიშელ კიკოინის, მარევნას, კოსტია ტერეშკოვიჩის, ივეტ ოლდის შექმნილი სუტინის პორტრეტები, ასევე არბიტ ბლატასის ქანდაკებები.

ფილმები ჰაიმ სუტინის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]