შინაარსზე გადასვლა

არტურ რემბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟან ნიკოლა არტიურ რემბო)
არტურ რემბო
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1854(1854-10-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი Charleville
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1891(1891-11-10)[1] [14] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი მარსელი[15] [16]
დასაფლავებულია Boutet Cemetery
საქმიანობა პოეტი[12] , იარაღით მოვაჭრე, მსოფლიო მოგზაური[12] , სამხედრო პირი[17] [18] , მწერალი[16] [19] და ლიბრეტისტი[16] [19]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[20]
Magnum opus Le Bateau ivre, A Season in Hell, Illuminations და File ar Fhile: Arthur Rimbaud
ჯილდოები კონკურ ჟენერალ[21]
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი პოლ ვერლენი[22]
ხელმოწერა

ჟან ნიკოლა არტურ რემბო (ფრანგ. Jean Nicolas Arthur Rimbaud; 20 ოქტომბერი, 185410 ნოემბერი, 1891) — ფრანგი პოეტი, ცნობილი თავისი ტრანსგრესიული და სიურეალისტური თემებით. მან უდიდესი გავლენა მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, რითაც წინასწარ განსაზღვრა სურეალიზმის აღმოცენება.

დაიბადა შარლევილში, წერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო და ბრწყინვალე სტუდენტიც იყო, თუმცა თინეიჯერობისას ფორმალურ განათლებაზე უარი თქვა და საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს პარიზში გაიქცა.[23] თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი მან გვიან მოზარდობასა და ადრეულ ახალგაზრდობაში შექმნა. რემბომ ლიტერატურული მოღვაწეობა 20 წლის ასაკში სრულად შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც თავის ბოლო მნიშვნელოვან ნამუშევარზე, „ილუმინაციებზე“, მუშაობა დაასრულა.

რემბო თავისუფლების მოყვარე და დაუცხრომელი სული იყო; მას ჰქონდა მშფოთვარე, ზოგჯერ ძალადობრივი რომანტიკული ურთიერთობა პოეტ პოლ ვერლენთან, რაც თითქმის ორ წელს გაგრძელდა. მწერლობის შეწყვეტის შემდეგ, ის სამ კონტინენტზე მოგზაურობდა როგორც ვაჭარი და მკვლევარი, ვიდრე 37 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვლებოდა.[24] როგორც პოეტი, რემბო ცნობილია თავისი წვლილით სიმბოლიზმში და, სხვა ნაწარმოებებთან ერთად, პოემით „ჟამი ჯოჯოხეთში“, რომელიც მოდერნისტული ლიტერატურის წინამორბედად ითვლება.[25]

ოჯახი და ბავშვობა (1854–1861)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტურ რემბო დაიბადა პროვინციულ ქალაქ შარლევილში (ახლანდელი შარლევილ-მეზიერი), ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, არდენის დეპარტამენტში. ის იყო ფრედერიკ რემბოსა (7 ოქტომბერი, 181416 ნოემბერი, 1878)[26] და მარი კატრინ ვიტალი რემბოს (ქალიშვილობის გვარით — კუიფი; 10 მარტი, 182516 ნოემბერი, 1907) მეორე შვილი.[27]

რემბოს მამა, პროვანსული წარმოშობის ბურგუნდიელი, იყო ქვეითთა კაპიტანი, რომელმაც კარიერა რიგითი ჯარისკაცობიდან დაიწყო; მან თავისი სამხედრო კარიერის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა.[28] 1844 წლიდან 1850 წლამდე მონაწილეობდა ალჟირის დაპყრობაში, ხოლო 1854 წელს „იმპერიული დეკრეტით“[29] დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით.[28] კაპიტან რემბოს ახასიათებდნენ როგორც „კეთილგანწყობილ, მშვიდ და ხელგაშლილ“ ადამიანს,[30] რომელსაც შასერთა ოფიცრისათვის დამახასიათებელი გრძელი ულვაშები და წვეტიანი წვერი ჰქონდა.[31]

1852 წლის ოქტომბერში კაპიტანი რემბო, რომელიც მაშინ 38 წლის იყო, გადაიყვანეს მეზიერში, სადაც კვირა დღეს სეირნობისას გაიცნო მასზე 11 წლით უმცროსი ვიტალი კუიფი.[32] ქალი წარმოშობით „მყარად დამკვიდრებული არდენელი“ ოჯახიდან იყო,[33] თუმცა ვიტალის ორი ძმა ალკოჰოლიკი იყო.[33] მისი პიროვნება კაპიტან რემბოს „ზუსტად საპირისპირო“ იყო: იგი ვიწრო თვალსაწიერის მქონე, „ძუნწ და ... იუმორის გრძნობას სრულიად მოკლებულ“ ადამიანად ითვლებოდა.[30] როდესაც შარლ უენმა, მისმა ადრეულმა ბიოგრაფმა, მასთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ჩაკეტილი, ჯიუტი და სიტყვაძუნწი“ აღმოჩნდა.[34] არტურ რემბო დედას პირად საუბრებში „სიბნელის პირს“ (ფრანგ. bouche d'ombre)[35] უწოდებდა და ანგლიციზმითLa Mother მოიხსენიებდა.[36]

1853 წლის 8 თებერვალს კაპიტანი რემბო და ვიტალი კუიფი დაქორწინდნენ; მათი პირმშო, ჟან ნიკოლა ფრედერიკი („ფრედერიკი“), ცხრა თვის შემდეგ, 2 ნოემბერს დაიბადა.[23] მომდევნო წელს, 1854 წლის 20 ოქტომბერს, დაიბადა ჟან ნიკოლა არტური („არტური“).[23] მოგვიანებით მათ კიდევ სამი შვილი შეეძინათ: ვიქტორინ-პოლინ-ვიტალი 1857 წლის 4 ივნისს (რომელიც რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა), ჟანა-როსალი-ვიტალი („ვიტალი“) 1858 წლის 15 ივნისს და, ბოლოს, ფრედერიკ მარი იზაბელი („იზაბელი“) 1860 წლის 1 ივნისს.[37]

მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებამ შვიდი წელი გასტანა, კაპიტან რემბოს ოჯახურ გარემოში უწყვეტად სამ თვეზე ნაკლები დრო ჰქონდა გატარებული — 1853 წლის თებერვლიდან მაისამდე.[38] დანარჩენ დროს იგი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, მათ შორის მონაწილეობდა ყირიმის ომსა და სარდინიის კამპანიაში (ორივეში მედლები დაიმსახურა)[39] — რაც იმას ნიშნავდა, რომ შარლევილში მხოლოდ შვებულების დროს ბრუნდებოდა.[38] იგი არ ესწრებოდა არც შვილების დაბადებას და არც მათ ნათლობას.[38] 1860 წელს იზაბელის დაბადება, როგორც ჩანს, ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ კაპიტანმა რემბომ შვებულებით შინ დაბრუნება საერთოდ შეწყვიტა.[40] მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად არასოდეს განქორწინებულან, დაშორება საბოლოო იყო; ამის შემდეგ მადამ რემბო და კაპიტანი რემბო თავს „ქვრივებად“ მოიხსენიებდნენ.[40][41] არც კაპიტანს და არც მის შვილებს კონტაქტის აღდგენის მცირედი სურვილიც არ გამოუმჟღავნებიათ.[41]

სკოლისა და მოზარდობის წლები (1861–1871)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის შიშით, რომ მის შვილებზე მეზობლად მცხოვრები ღარიბი ბავშვები ცუდ გავლენას მოახდენდნენ, მადამ რემბომ 1862 წელს ოჯახი კურ-დ'ორლეანში გადაიყვანა.[42] ეს უკეთესი უბანი იყო და ბიჭები, რომლებიც მანამდე სახლში დედასთან სწავლობდნენ, ახლა ცხრა და რვა წლის ასაკში პანსიონ როსატში, ძველ, მაგრამ პრესტიჟულ სასწავლებელში გაგზავნეს. პანსიონში სწავლის ხუთი წლის განმავლობაში მკაცრი დედა მაინც ახვევდა მათ თავის ნებას და აკადემიური წარმატებისკენ უბიძგებდა. ის სჯიდა შვილებს ლათინური ლექსების ასობით სტრიქონის ზეპირად სწავლის იძულებით, ხოლო ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში მათ სადილს უკრძალავდა.[43] ცხრა წლის ასაკში არტურმა დაწერა 700-სიტყვიანი ესე, სადაც აპროტესტებდა სკოლაში ლათინურის სწავლის აუცილებლობას. იგი მკაცრად გმობდა კლასიკურ განათლებას, როგორც მხოლოდ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის მისაღწევ გზას და ხშირად იმეორებდა: „მე ვიქნები რენტიე“.[43] არტურს სძულდა სასკოლო დავალებები და ვერ ეგუებოდა დედის მუდმივ მეთვალყურეობას; ბავშვებს დედის თვალთახედვის არედან გასვლის უფლება არ ჰქონდათ და სანამ ისინი თხუთმეტი და თექვსმეტი წლისანი არ გახდნენ, სკოლიდან სახლში მათ თავად მიაცილებდა.[44]

რემბო თავისი პირველი ზიარების დღეს[45]

ბავშვობაში არტური პატარა, ფერმკრთალი, ღია ყავისფერი თმითა და თვალებით გამოირჩეოდა, რომლებსაც მისი საუკეთესო მეგობარი, ერნესტ დელაე, ასე აღწერდა: „ღია ცისფერი, რომელიც მუქ ლურჯად ასხივებდა — ყველაზე მშვენიერი თვალები, რაც კი ოდესმე მინახავს“.[46] დედის მსგავსად, ისიც ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და თერთმეტი წლის ასაკში პირველი ზიარება მიიღო. ღვთისმოსაობის გამო სკოლაში მეტსახელად ფრანგ. „sale petit Cagot“ („ჭუჭყიანი პატარა კაგოტი“) შეარქვეს.[47] იმავე წელს ის და მისი ძმა შარლევილის კოლეჯში გაგზავნეს. მანამდე მისი საკითხავი ძირითადად ბიბლიით შემოიფარგლებოდა,[48] თუმცა ასევე უყვარდა ზღაპრები და სათავგადასავლო ისტორიები, მაგალითად ჯეიმზ ფენიმორ კუპერისა და გუსტავ ემარის რომანები.[49] კოლეჯში ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გახდა და ყველა საგანში ლიდერობდა, გარდა მათემატიკისა და მეცნიერებისა; მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის უნარს, სწრაფად აეთვისებინა უზარმაზარი მასალა. 1869 წელს მან საფრანგეთის აკადემიურ კონკურსებზე რვა პირველი პრიზი მოიპოვა, მათ შორის რელიგიურ განათლებაში, ხოლო მომდევნო წელს შვიდი პირველი პრიზი აიღო.[50]

რაკი მეორე შვილისთვის ბრწყინვალე აკადემიურ კარიერას იმედოვნებდა, მადამ რემბომ არტურს მესამე კლასში კერძო მასწავლებელი, მამა არისტ ლერიტიე აუყვანა.[51] მღვდელმა მოახერხა ახალგაზრდა მოსწავლეში ბერძნული, ლათინური და ფრანგული კლასიკური ლიტერატურისადმი სიყვარული გაეღვიძებინა და ის პირველი იყო, ვინც ბიჭს ლექსების წერა დააწყებინა როგორც ფრანგულ, ისე ლათინურ ენებზე. რემბოს პირველი ლექსი, რომელიც დაიბეჭდა, იყო „Les Étrennes des orphelins“ („ობოლთა საახალწლო საჩუქრები“), რომელიც 1870 წლის 2 იანვარს გამოქვეყნდა გამოცემაში La Revue pour tous; ის მაშინ მხოლოდ 15 წლის იყო.[52]

ორი კვირის შემდეგ, შარლევილის კოლეჯში მუშაობა დაიწყო რიტორიკის ახალმა მასწავლებელმა, 22 წლის ჟორჟ იზამბარმა.[53] იზამბარი რემბოს მენტორი გახდა და მალე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მჭიდრო მეგობრობა ჩამოყალიბდა; რემბო იზამბარში უფროს ძმას ხედავდა.[54] 15 წლის ასაკში რემბო უკვე ავლენდა პოეტურ სიმწიფეს; პირველი ლექსი, რომელიც მან იზამბარს აჩვენა, „Ophélie“ („ოფელია“), მოგვიანებით ანთოლოგიებში შევიდა და ხშირად რემბოს სამ-ოთხ საუკეთესო ლექსს შორის მოიხსენიება.[55] 1870 წლის 4 მაისს რემბოს დედამ იზამბარს წერილი მისწერა, სადაც აპროტესტებდა მის მიერ არტურისთვის ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონის“ მიცემას, რადგან თვლიდა, რომ წიგნი ბავშვის მორალისთვის სახიფათო იყო.[56]

საფრანგეთ-პრუსიის ომი, რომელიც ნაპოლეონ III-ის საფრანგეთის მეორე იმპერიასა და პრუსიის სამეფოს შორის მიმდინარეობდა, 1870 წლის 19 ივლისს დაიწყო.[57] ხუთი დღის შემდეგ იზამბარმა შარლევილი დატოვა და ზაფხულის გასატარებლად დუეში მცხოვრებ თავის სამ დეიდასთან გაემგზავრა.[57] ამასობაში ომისთვის მზადება გრძელდებოდა და შარლევილის კოლეჯი სამხედრო ჰოსპიტლად გადაკეთდა.[58] აგვისტოს ბოლოსთვის რემბო მოწყენილი და მოუსვენარი იყო.[58] თავგადასავლების საძიებლად მან მატარებლით პარიზში გაქცევა სცადა, თუმცა ბილეთის ფული არ ჰქონდა.[59] ჩრდილოეთის სადგურზე (Gare du Nord) ჩასვლისთანავე იგი დააპატიმრეს და მაზასის ციხეში ჩასვეს მგზავრობის საფასურის გადაუხდელობისა და მაწანწალობის ბრალდებით.[59] 5 სექტემბერს რემბომ სასოწარკვეთილი წერილი მისწერა იზამბარს, რომელმაც ციხის უფროსთან მოაგვარა, რომ რემბო მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაეთავისუფლებინათ.[60] რადგან საომარი მოქმედებები გრძელდებოდა, შარლევილში დაბრუნებამდე ის დუეში იზამბარის ნათესავებთან დარჩა.[60] რემბომ ისარგებლა შემთხვევით და პოლ დემენის, დუეში ლიტერატურული მიმოხილვის რედაქტორს, გადასცა ლექსების პირველი კრებული, რომელსაც მკვლევრები დღეს „დუეს რვეულების“ (Cahiers de Douai) სახელით მოიხსენიებენ. ეს იყო თხუთმეტი ლექსისგან შემდგარი დასტა, რომელიც მოიცავდა „ოფელიას“, „მზე და ხორცი“ (Soleil et chair) და „პირველი საღამო“ (Première soirée). 1870 წლის 27 სექტემბერს იზამბარმა რემბო საბოლოოდ ჩააბარა დედას (რომელმაც, გადმოცემით, შვილს სილა გააწნა და იზამბარი დატუქსა), თუმცა სახლში მხოლოდ ათი დღე გაძლო და ისევ გაიქცა.[61] ამ მეორე გაქცევის დროს მან დემენის „დუეს რვეულების“ მეორე ნაწილი მიაწოდა, რომელიც შვიდ სონეტს შეიცავდა, მათ შორის: „ჩემი ბოჰემა“ (Ma Bohême), „ხევში მძინარე“ (Le Dormeur du val) და „ზამთრის სიზმარი“. მოგვიანებით ის დემენის წერდა და სთხოვდა, ყველა ეს ლექსი დაეწვა.

1870 წლის ოქტომბრის ბოლოდან რემბოს ქცევა აშკარად პროვოკაციული გახდა; ის სვამდა ალკოჰოლს, უხეშად საუბრობდა, წერდა სკატოლოგიურ ლექსებს, ადგილობრივი მაღაზიებიდან იპარავდა წიგნებს და უარი თქვა მოწესრიგებულ გარეგნობაზე — თმა დაიგრძელა.[62]

1871 წლის თებერვლის ბოლოს ის კვლავ გაიქცა პარიზში, რომელიც მაშინ გერმანული ჯარების მიერ იყო ალყაში მოქცეული და ნაწილობრივ ოკუპირებული. იზამბარისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ის წიგნის მაღაზიებში დადიოდა, თუმცა რამდენიმე დღეში შინ ფეხით დაბრუნდა. იმ ვარაუდის სისწორე, რომ რემბო დედაქალაქში 1871 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა და პარტიზანად მონაწილეობდა კომუნის დაცვაში, დაუდგენელია. თუმცა, მისი სიმპათიები კომუნისადმი აისახა ამ პერიოდის რამდენიმე ლექსში. ჟენი ლონგეს თქმით, კომუნის დღეებში ის შესაძლოა მოკლე ხნით შეხვდა კიდეც კარლ მარქსს.

1871 წლის 13 და 15 მაისს მან დაწერა წერილები (რომლებსაც მკვლევრებმა მოგვიანებით „ნათელმხილველის წერილები“ — lettres du voyant — უწოდეს), შესაბამისად იზამბარისა და პოლ დემენის მიმართ. მათში ის აღწერდა თავის მეთოდს პოეტური ტრანსცენდენტურობის ან ნათელმხილველური ძალის მისაღწევად „ყველა გრძნობის ხანგრძლივი, უზარმაზარი და რაციონალური არევის“ გზით (დემენის მიმართ). „ტანჯვა დიდია, მაგრამ ადამიანი უნდა იყოს ძლიერი, უნდა დაიბადო პოეტად და მე ვიცანი პოეტი საკუთარ თავში“ (იზამბარის მიმართ).[63]

ცხოვრება ვერლენთან ერთად (1871–1875)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რემბოს გარდაცვალების ასი წლისთავზე აღმართული მემორიალური დაფა იმ ადგილას, სადაც ვერლენმა მას ესროლა და დაჭრა (ბრიუსელი)
ვერლენის მიერ 1872 წელს დახატული რემბოს კარიკატურა

რემბო რამდენიმე ცნობილ პოეტს სწერდა, თუმცა პასუხს საერთოდ ვერ იღებდა ან იღებდა იმედგაცრუების მომტან მოკლე დასტურს (როგორც თეოდორ დე ბანვილისგან). ამიტომ, მისმა მეგობარმა, კანცელარიის თანამშრომელმა შარლ ოგიუსტ ბრეტანმა, ურჩია მიეწერა პოლ ვერლენისთვის, რომელიც მაშინ ამომავალი ვარსკვლავი (და სიმბოლისტური მოძრაობის მომავალი ლიდერი) იყო და უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ორი აღიარებული კრებული.[64] რემბომ ვერლენს ორი წერილი გაუგზავნა რამდენიმე ლექსთან ერთად, მათ შორის იყო ჰიპნოზური და შოკისმომგვრელი „ხევში მძინარე“ (Le Dormeur du Val), სადაც ბუნება მოწოდებულია დაამშვიდოს ერთი შეხედვით მძინარე ჯარისკაცი. ვერლენი რემბომ დააინტრიგა და უპასუხა: „მოდი, ძვირფასო დიდო სულო. ჩვენ გელით, ჩვენ შენ გვსურხარ“ და პარიზის ცალმხრივი ბილეთი გაუგზავნა.[65] რემბო პარიზში 1871 წლის სექტემბრის ბოლოს ჩავიდა და მცირე ხნით ვერლენის სახლში დასახლდა.[66] ვერლენის ჩვიდმეტი წლის ცოლი, მატილდა მოტე, ორსულად იყო, ხოლო ვერლენს ახლახან დაეტოვებინა სამსახური და სმა დაეწყო. მოგვიანებით გამოქვეყნებულ მოგონებებში ვერლენი თექვსმეტი წლის რემბოს ასე აღწერდა: „ნამდვილი ბავშვის სახე, ფუმფულა და ნორჩი, ჯერ კიდევ მოზარდ დიდ, ძვლიან და საკმაოდ მოუქნელ სხეულზე“, „ძალიან ძლიერი არდენული აქცენტით, რომელიც თითქმის დიალექტი იყო“. მისი ხმა „ხან მაღალი იყო, ხან დაბალი, თითქოს მუტაციის პროცესშიაო“.[67]

ვერლენის სახლში ხანმოკლე ყოფნისას მას პოეტი და გამომგონებელი შარლ კრო ეწვია. ენთუზიაზმით სავსე კრომ მას პოეზიის შესახებ ჰკითხა, თუმცა რემბომ მხოლოდ ერთსიტყვიანი პასუხებითა და ირონიული შენიშვნით უპასუხა: „ძაღლები ლიბერალები არიან“.[68] მოგვიანებით, როდესაც რემბო დროებით კროსთან დაბინავდა, მას რამდენიმე ოინი მოუწყო: კროს ახლად გაწმენდილი ჩექმები ქუჩაში გაიტანა გუბეებში სასიარულოდ; მოგვიანებით კი ჟურნალი, რომელშიც კროს ლექსები იყო დაბეჭდილი, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენა; ერთ საღამოს კი პიგალის მოედანზე მდებარე კაფეში, სახელად „Rat Mort“, კროს სასმელში გოგირდმჟავა ჩაუსხა, სანამ ის საპირფარეშოში იყო. როგორც მეცნიერმა, კრომ სუნი მაშინვე იგრძნო. მიუხედავად ასეთი საქციელისა, რემბო არ გაუგდიათ და კრო აგრძელებდა კიდეც ფულის შეგროვებას მისი საცხოვრებელი ხარჯებისთვის.[69]

მალე რემბოსა და ვერლენს შორის ხანმოკლე და ვნებიანი ურთიერთობა დაიწყო. ისინი ეწეოდნენ ველურ, მაწანწალურ ცხოვრებას, რასაც თან სდევდა აბსენტის, ოპიუმის და ჰაშიშის მოხმარება.[70] პარიზის ლიტერატურული წრეები შოკირებული იყო რემბოს საქციელით, რომელიც ტიპური enfant terrible-ივით იქცეოდა, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის აგრძელებდა ლექსების წერას. მღელვარე ურთიერთობამ ისინი 1872 წლის სექტემბერში ლონდონში მიიყვანა,[71] თუმცა, ამ პერიოდის გამო რემბო მოგვიანებით სინანულს გამოთქვამდა. ამ დროს ვერლენმა მიატოვა ცოლი და ჩვილი ვაჟი (ორივეზე მანამდე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გააფთრებულმა ფიზიკურად იძალადა). ლონდონში ისინი საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობდნენ ბლუმსბერისა და კამდენ-ტაუნში, თავს ძირითადად მასწავლებლობითა და ვერლენის დედის ფულადი დახმარებით ირჩენდნენ.[72] რემბო დღეებს ბრიტანეთის მუზეუმის სამკითხველო დარბაზში ატარებდა, სადაც „გათბობა, განათება, კალმები და მელანი უფასო იყო“.[72] ორ პოეტს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდებოდა და საბოლოოდ ვერლენმა რემბო ლონდონში მიატოვა, რათა ბრიუსელში ცოლს შეხვედროდა.

„სუფრასთან“, ანრი ფანტენ-ლატურის 1872 წლის ტილო. ვერლენი ზის უკიდურეს მარცხნივ, ხოლო რემბო — მის გვერდით (მარცხნიდან მეორე).

რემბო იმ დროს ბევრს არ უყვარდა, ბევრი მას ჭუჭყიან და უხეშ ადამიანად მიიჩნევდა. მხატვარ ანრი ფანტენ-ლატურს სურდა 1872 წლის სალონისთვის პირველი რანგის პოეტები დაეხატა, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მას მოუწია რემბოთი და ვერლენით დაკმაყოფილება, რომლებსაც „დუქნის გენიოსებს“ უწოდებდნენ. ნახატზე „სუფრასთან“ („Coin de table“) რემბო და ვერლენი მაგიდის ბოლოს სხედან. სხვა მწერლებმა, მაგალითად ალბერ მერამ, უარი თქვეს ვერლენთან და რემბოსთან ერთად პოზირებაზე; მერას არგუმენტი იყო, რომ ის „არ დაიხატებოდა მაჭანკლებთან და ქურდებთან ერთად“; ნახატზე მერას ადგილი მაგიდაზე მდგარმა ყვავილების ლარნაკმა დაიკავა. მერა ასევე ავრცელებდა ხმებს სალონებში, რომ ვერლენი და რემბო ერთად იწვნენ; ამ ჭორების გავრცელება გახდა დასაწყისი ამ ორი პოეტის დაცემისა, რომლებიც კარგი რეპუტაციის მოპოვებას ცდილობდნენ.

1873 წლის ივნისის ბოლოს ვერლენი მარტო დაბრუნდა პარიზში, მაგრამ მალევე დაიწყო გლოვა რემბოს არყოფნის გამო. 8 ივლისს მან რემბოს დეპეშა გაუგზავნა და სთხოვა ბრიუსელში, „Grand Hôtel Liégeois“-ში ჩასულიყო.[73] შეხვედრამ ცუდად ჩაიარა, ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ და ვერლენი ისევ სმას მიეძალა.[73] 10 ივლისის დილას ვერლენმა რევოლვერი და ტყვიები იყიდა. დაახლოებით 16:00 საათზე, „ალკოჰოლური გააფთრებისას“, მან რემბოს ორჯერ ესროლა; ერთ-ერთი ტყვიით 18 წლის პოეტი მარცხენა მაჯაში დაიჭრა.[73]

ბრიუსელში ცეცხლნასროლი ჭრილობისგან მომჯობინებული რემბო (ჟეფ როსმანის ნახატი).

თავდაპირველად რემბომ ჭრილობას სერიოზული მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა მაინც წავიდა წმინდა იოანეს საავადმყოფოში გადასახვევად.[73] მას მაშინვე არ უჩივლია, თუმცა ბრიუსელის დატოვება გადაწყვიტა. საღამოს 20:00 საათისთვის ვერლენი და დედამისი რემბოს სამხრეთის სადგურზე (ფრანგ. Gare du Midi) აცილებდნენ. გზად, რემბოს გადმოცემით, ვერლენი „გიჟივით იქცეოდა“. იმის შიშით, რომ ჯიბეში პისტოლეტის მქონე ვერლენი მას კვლავ ესროდა, რემბო გაიქცა და პოლიციელს მისი დაპატიმრება სთხოვა.[74] ვერლენს ბრალი მკვლელობის მცდელობაში დასდეს, რასაც მოჰყვა დამამცირებელი სამედიცინო-სამართლებრივი ექსპერტიზა.[75] იგი ასევე დაჰკითხეს რემბოსთან მიმოწერისა და მათი ურთიერთობის ხასიათის შესახებ. ტყვია საბოლოოდ 17 ივლისს ამოიღეს და რემბომ საჩივარი გამოიტანა. ბრალდება შემსუბუქდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრამდე და 1873 წლის 8 აგვისტოს ვერლენს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.[75]

ხევში მძინარე

(1870)

ჭალაში, სადაც ვერცხლისფერი მოჩქეფს მდინარე
და შეშლილივით ეჭიდება ნაპირზე ხავსებს,
სადაც მთებიდან მზე იღვრება პირმომცინარე
და აქაფებულ არემარეს სინათლით ავსებს,

ყმაწვილ ჯარისკაცს ბაგეგახსნილს ჩასძინებია.
თავშიშველს, კეფა უტივტივებს ქორფა ბალახში.
წამოწოლილა ზურმუხტოვან ტახტზე ნებივრად,
ფერმკრთალ სახეზე დაჰფენია სხივთა ბადახში.

ჩასძინებია ზამბახებში ტერფებგადაშლილს.
პირზე ღიმილი შერჩენია ავადმყოფ ბავშვის.
ბუნებავ, თბილად დაარწიე: სცივა მძინარეს.

ნესტოებს სულაც არ უთრთოლებს მძაფრი სურნელი.
მზის გულზე სძინავს, უძრავ მკერდზე დაუდევს ხელი.
ორი წითელი ნახვრეტი აქვს მარჯვენა მხარეს.

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ[76]

1946 წელს ვინმე „ჟეფ როსმანის“ მიერ შესრულებული ნახატის აღმოჩენამ, სადაც რემბოს ბრიუსელში მკურნალობის პროცესია ასახული, ლიტერატურული სამყარო ააღელვა. ნახატის წარწერა გვამცნობს, რომ ის ნატურიდანაა დახატული „თამბაქოს მოვაჭრე მ. პინსემაის სახლში, ბრიუსელში“. ეს ნახატი, რომელიც ახლა არტურ რემბოს მუზეუმშია შარლევილ-მეზიერში, კვლევის საგანი გახდა მისი ავთენტურობისა და მხატვრის ვინაობის დადგენის მიზნით.

რემბო შარლევილში დაბრუნდა და დაასრულა თავისი პროზაული ნაწარმოები „ჟამი ჯოჯოხეთში“ (ფრანგ. Une Saison en Enfer) — რომელიც დღემდე მიიჩნევა თანამედროვე სიმბოლისტური მწერლობის ერთ-ერთ პიონერულ ნიმუშად. ნაწარმოების ინტერპრეტაციაში მიღებულია, რომ ის ვერლენს მოიხსენიებს როგორც „საბრალო ძმას“ (frère pitoyable) და „შეშლილ ქალწულს“ (vierge folle), საკუთარ თავს კი — „ჯოჯოხეთურ ქმარს“ (l'époux infernal), ხოლო მათ ერთობლივ ცხოვრებას „უცნაურ ოჯახს“ (drôle de ménage) უწოდებს.

1874 წელს ის ლონდონში პოეტ ჟერმენ ნუვოსთან ერთად დაბრუნდა.[77] ისინი სამი თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, როდესაც ის თავის ინოვაციურ კრებულზე — „ილუმინაციებზე“ მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ მის გამოცემაზე არ უზრუნია (კრებული მხოლოდ 1886 წელს, ავტორის დაუკითხავად დაიბეჭდა).

რემბო და ვერლენი უკანასკნელად 1875 წლის მარტში, შტუტგარტში შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც ვერლენი ციხიდან გათავისუფლდა და კათოლიკობა მიიღო.[78] იმ დროისთვის რემბოს უკვე მიტოვებული ჰქონდა ლიტერატურა სტაბილური, მშრომელი ცხოვრების სასარგებლოდ. სტეფან მალარმე, 1896 წელს (რემბოს სიკვდილის შემდეგ) დაწერილ ტექსტში, მას აღწერდა როგორც „მეტეორს, რომელიც სხვა მიზეზით კი არა, საკუთარი არსებობით აინთო, მარტო აღმოცენდა და გაქრა“, რომელმაც მოახერხა „საკუთარი თავიდან პოეზიის ქირურგიული გზით ამოკვეთა, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“.[n 1] ალბერ კამიუ, წიგნში „ამბოხებული ადამიანი“, მიუხედავად იმისა, რომ რემბოს ლიტერატურულ შემოქმედებას აფასებდა (განსაკუთრებით მის გვიანდელ პროზაულ ნამუშევრებს — „ჟამი ჯოჯოხეთში“ და „ილუმინაციები“, უწოდებდა რა მას „ამბოხის პოეტს და ყველაზე დიდს“), მკაცრად აკრიტიკებდა მის მიერ ლიტერატურისა და თავად ამბოხის მიტოვებას ცხოვრების გვიანდელ პერიოდში. კამიუ ამტკიცებდა, რომ არაფერია აღსაფრთოვანებელი, კეთილშობილური ან ჭეშმარიტად სათავგადასავლო ადამიანში, რომელმაც „სულიერი თვითმკვლელობა“ ჩაიდინა, „ბურჟუა მოვაჭრედ“ იქცა და ნივთიერ წესრიგს დათანხმდა.[79]

რამდენიმე ენის (გერმანული, იტალიური, ესპანური) შესწავლის შემდეგ, მან ბევრი იმოგზაურა ევროპაში, ძირითადად ფეხით. 1876 წლის მაისში ის ნიდერლანდების კოლონიურ არმიაში ჯარისკაცად ჩაეწერა,[80] რათა ნიდერლანდების ოსტინდოეთში (ახლანდელი ინდონეზია), კუნძულ იავაზე უფასოდ ჩასულიყო. ოთხი თვის შემდეგ ის დეზერტირი გახდა და ჯუნგლებში გაიქცა. მან მოახერხა ინკოგნიტოდ გემით საფრანგეთში დაბრუნება; როგორც დეზერტირს, დაჭერის შემთხვევაში მას ნიდერლანდური სამხედრო ტრიბუნალი და დახვრეტა ელოდა.[81]

1878 წლის დეკემბერში რემბო გაემგზავრა ლარნაკაში, კვიპროსზე, სადაც სამშენებლო კომპანიაში ქვის კარიერის ზედამხედველად მუშაობდა.[82] მომდევნო წლის მაისში მას კვიპროსის დატოვება მოუხდა ციებ-ცხელების გამო, რომელიც, როგორც საფრანგეთში დაბრუნებისას დადგინდა, მუცლის ტიფი იყო.[83]

რემბო (ავტოპორტრეტი) ჰარარიში, ეთიოპია, 1883 წელი.[84]

რემბო საბოლოოდ ადენში (იემენი) დასახლდა 1880 წელს, როგორც Bardey-ს სააგენტოს მთავარი თანამშრომელი,[85] მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა ფირმის წარმომადგენლობას ჰარარში (ეთიოპია). 1884 წელს მისი „ანგარიში ოგადენის შესახებ“ (რომელიც მისი ასისტენტის, კონსტანტინ სოტიროს ჩანაწერებს ეფუძნებოდა) წარდგენილ და გამოქვეყნებულ იქნა პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების (ფრანგ. Société de Géographie) მიერ.[86] იმავე წელს მან მიატოვა სამსახური Bardey-სთან და ჰარარში საკუთარი სავაჭრო საქმიანობა წამოიწყო, სადაც მისი კომერციული ინტერესები მოიცავდა ყავასა და (ძირითადად მოძველებულ) ცეცხლსასროლ იარაღს.

რემბოს სახლი ჰარარში, ეთიოპია

ამავდროულად, რემბო დაკავებული იყო კვლევითი საქმიანობით და მჭიდრო მეგობრობა დაამყარა ჰარარის გუბერნატორთან, „რას“ მაკონენ ვოლდე მიკაელთან, მომავალი იმპერატორის, ჰაილე სელასიეს მამასთან.[87] მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა მემკვიდრის ოფიციალურ აღმზრდელთანაც. რემბო ყავის ვაჭრობაში მუშაობდა. „ის, ფაქტობრივად, პიონერი იყო ამ საქმეში — პირველი ევროპელი, რომელიც ზედამხედველობდა ჰარარის ცნობილი ყავის ექსპორტს იმ ქვეყნიდან, სადაც ყავა დაიბადა. ის იყო მხოლოდ მესამე ევროპელი, რომელმაც ფეხი დადგა ამ ქალაქში და პირველი, ვინც იქ ბიზნესი წამოიწყო“.[88][89]

1885 წელს, ფრანგი ვაჭრის, პიერ ლაბატუტის ინიციატივით, რემბო ჩაერთო მსხვილ გარიგებაში — შოას მეფე მენელიკ II-ისთვის ძველი თოფების მიყიდვაში.[90] 1886 წლის დასაწყისში საქმეში მკვლევარი პოლ სოლეიე ჩაერთო. იარაღი ტაჯურაში თებერვალში ჩამოიტანეს, თუმცა მისი გადატანა ქვეყნის სიღრმეში ვერ მოხერხდა, რადგან ობოკის ახალი ფრანგული ადმინისტრაციის გუბერნატორმა, ლეონს ლაგარდმა, 1886 წლის 12 აპრილს გამოსცა ბრძანება იარაღით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.[91] როდესაც საფრანგეთის კონსულისგან ნებართვა მოვიდა, ლაბატუტი დაავადდა და იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საქმეს (იგი მალევე კიბოთი გარდაიცვალა), ხოლო 9 ოქტომბერს სოლეიე ემბოლიით გარდაიცვალა. როდესაც რემბომ საბოლოოდ მიაღწია შოას, მენელიკს ახალი მოპოვებული ჰქონდა მნიშვნელოვანი გამარჯვება და ეს ძველი იარაღი აღარ სჭირდებოდა, თუმცა სიტუაციით მაინც ისარგებლა და იარაღი მოსალოდნელზე გაცილებით დაბალ ფასად შეისყიდა, ამასთანავე რემბოს ლაბატუტის სავარაუდო ვალებიც ჩამოაჭრა.[92] მთელი ეს წამოწყება კატასტროფით დასრულდა.[93]

მომდევნო წლებში, 1888-1890 წლებში, რემბომ ჰარარში საკუთარი მაღაზია გახსნა, თუმცა მალევე მოიწყინა და იმედგაცრუება დაეუფლა.[94] იგი მასპინძლობდა მკვლევარ ჟიულ ბორელისა და ვაჭარ არმან სავორეს. თავიანთ გვიანდელ მოგონებებში ორივე მათგანი რემბოს აღწერდა, როგორც ჭკვიან, მშვიდ, სარკასტულ და თავისი წარსულის შესახებ ჩაკეტილ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ცხოვრობდა და თავის საქმეს სიზუსტით, პატიოსნებითა და სიმტკიცით უძღვებოდა.[95]

ავადმყოფობა და სიკვდილი (1891)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რემბოს საფლავი შარლევილში. წარწერა იუწყება: „Priez pour lui“ („ილოცეთ მისთვის“).

1891 წლის თებერვალში, ადენში, რემბოს მარჯვენა მუხლში განუვითარდა ტკივილი, რომელიც თავდაპირველად ართრიტი ეგონა.[96] მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მარტისთვის ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ მან საფრანგეთში უკეთესი მკურნალობისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.[96] გამგზავრებამდე რემბომ კონსულტაცია გაიარა ბრიტანელ ექიმთან, რომელმაც შეცდომით ტუბერკულოზური სინოვიტი დაუდგინა და სასწრაფო ამპუტაცია ურჩია.[97] რემბო ადენში 7 მაისამდე დარჩა, რათა თავისი ფინანსური საქმეები მოეგვარებინა, შემდეგ კი გემით, „L'Amazone“, საფრანგეთისკენ 13-დღიან მოგზაურობას გაუდგა.[97] მარსელში ჩასვლისთანავე იგი მოათავსეს კონსეფსიონის ჰოსპიტალში (ფრანგ. Hôpital de la Conception), სადაც ერთი კვირის შემდეგ, 27 მაისს, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.[98] ოპერაციის შემდგომი დიაგნოზი იყო ძვლის კიბო — სავარაუდოდ, ოსტეოსარკომა.[97]

23 ივლისიდან 23 აგვისტომდე როშში, ოჯახის ფერმაში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ,[99] მან კვლავ სცადა აფრიკაში დაბრუნება, თუმცა გზაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი კვლავ მარსელის კონსეფსიონის ჰოსპიტალში დააბრუნეს. მან იქ გარკვეული დრო გაატარა საშინელ ტკივილებში, მასზე მისი და, იზაბელი ზრუნავდა. 1891 წლის 10 ნოემბერს მან მღვდლისგან ბოლო ზიარება მიიღო. გარდაიცვალა 37 წლის ასაკში. მისი ნეშტი საფრანგეთის გავლით მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს და შარლევილ-მეზიერში დაკრძალეს.[100] რემბოს დაბადებიდან 100 წლისთავზე თომას ბერნჰარდმა წაიკითხა მემორიალური ლექცია რემბოს შესახებ და ასე აღწერა მისი აღსასრული:

„10 ნოემბერს, ნაშუადღევის ორ საათზე, ის უკვე მკვდარი იყო,“ — აღნიშნა მისმა და იზაბელმა. მღვდელმა, რომელიც შეძრა ღვთისადმი ასეთმა მოკრძალებამ, მას წესი აუგო. „ასეთი ძლიერი რწმენა არასოდეს მინახავს,“ — თქვა მან. იზაბელის წყალობით რემბო შარლევილში გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ქალაქის სასაფლაოზე. ის დღემდე იქ განისვენებს, თავისი დის, ვიტალის გვერდით, მარმარილოს უბრალო ძეგლის ქვეშ.[101]:148–156

არტურ რემბოს პირველი ცნობილი ლექსები ძირითადად პარნასული სკოლისა და სხვა ცნობილი თანამედროვე პოეტების, მაგალითად ვიქტორ ჰიუგოს სტილის იმიტაცია იყო, თუმცა მან სწრაფად განავითარა ორიგინალური მიდგომა, როგორც თემატურად, ისე სტილისტურად (კერძოდ, უხეში სიტყვებისა და იდეების შერწყმით დახვეწილ ლექსთან, როგორც ნაწარმოებებში: „ვენერა ანადიომენი“ (Vénus Anadyomène), „მწუხრის ლოცვა“ (Oraison du soir) და სხვა). მოგვიანებით, რემბოზე დიდი გავლენა მოახდინა შარლ ბოდლერის შემოქმედებამ. ეს შთაგონება მას დაეხმარა შეექმნა პოეტური სტილი, რომელსაც მოგვიანებით სიმბოლისტური ეწოდა.[102]

1871 წლის მაისში, 16 წლის ასაკში, რემბომ დაწერა ორი წერილი, სადაც განმარტა თავისი პოეტური ფილოსოფია; მათ ხშირად „ნათელმხილველის წერილებს“ (ფრანგ. Lettres du voyant) უწოდებენ. პირველში, რომელიც 13 მაისს იზამბარს მისწერა, რემბო განმარტავდა:

ახლა საკუთარ თავს მაქსიმალურად ვხრწნი. რატომ? მინდა ვიყო პოეტი და ვმუშაობ იმისთვის, რომ ნათელმხილველად ვიქცე. თქვენ ამას ვერ გაიგებთ და მეც თითქმის არ შემიძლია ამის ახსნა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მივაღწიოთ უცნობს ყველა გრძნობათა აღრევის (ფრანგ. dérèglement) გზით. ეს დიდ ტანჯვას გულისხმობს, მაგრამ ადამიანი უნდა იყოს ძლიერი და პოეტად დაბადებული. ეს მართლაც არ არის ჩემი ბრალი.[103][104]

მეორე წერილში, რომელიც 15 მაისს — პარიზში პირველ გამგზავრებამდე — თავის მეგობარ პოლ დემენის მისწერა, მან განავრცო თავისი რევოლუციური თეორიები პოეზიისა და ცხოვრების შესახებ. ამავდროულად, მან გაკიცხა ზოგიერთი ცნობილი წინამორბედი პოეტი (განსაკუთრებით მკაცრად გააკრიტიკა ალფრედ დე მიუსე, ხოლო შარლ ბოდლერს მაღალი შეფასება მისცა, თუმცა, რემბოს აზრით, ბოდლერის ხედვას ხელს უშლიდა ზედმეტად კონვენციური სტილი). ითხოვდა რა ახალ პოეტურ ფორმებსა და იდეებს, იგი წერდა:

მე ვამბობ, რომ ადამიანი უნდა იყოს ნათელმხილველი, უნდა აქციოს საკუთარი თავი ნათელმხილველად. პოეტი საკუთარ თავს ნათელმხილველად აქცევს ყველა გრძნობის ხანგრძლივი, უზარმაზარი და რაციონალური აღრევით. სიყვარულის, ტანჯვის, სიგიჟის ყოველი ფორმით; ის ეძებს საკუთარ თავს, თავის თავში ყველა შხამს მოიხმარს და მხოლოდ მათ კვინტესენციას ინახავს. ეს არის გამოუთქმელი წამება, რომლის დროსაც მას სჭირდება მთელი თავისი რწმენა და ზეადამიანური ძალა, და რომლის დროსაც იგი ხდება დიდებული სნეული, დიდებული დამნაშავე, დიდებული დაწყევლილი — და უდიდესი სწავლული! — ადამიანთა შორის. რადგან ის აღწევს უცნობამდე! რადგან მან საკუთარი სული — რომელიც თავიდანვე მდიდარი იყო — უფრო მეტად განავითარა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა! ის აღწევს უცნობამდე; და მაშინაც კი, თუ შეშლილმა საბოლოოდ დაკარგა თავისი ხილვების გაგების უნარი, მან ისინი მაინც იხილა! დაე, მოკვდეს ამ გამოუთქმელ და უსახელო საგნებში შეჭრით: მოვლენ სხვა საშინელი მუშაკები; ისინი დაიწყებენ იმ ჰორიზონტებიდან, სადაც ის დაეცა![105][106]

ლექსი „მთვრალი ხომალდი“ პარიზის მე-6 ოლქში, ფერუს ქუჩის კედელზე

რემბომ იგივე იდეები ჩამოაყალიბა თავის პოემაში „მთვრალი ხომალდი“ (ფრანგ. Le Bateau ivre). ეს ასსტრიქონიანი ლექსი მოგვითხრობს ხომალდზე, რომელიც თავისუფლდება ადამიანთა საზოგადოებისგან მას შემდეგ, რაც მის მესაჭეებს „წითელკანიანები“ (ფრანგ. Peaux-Rouges) დახოცავენ. თავიდან ხომალდი ფიქრობს, რომ იქ მიცურავს, სადაც მოესურვება, მაგრამ მალე აცნობიერებს, რომ მას „ზღვის პოემა“ მართავს და მიაქანებს. ის ხედავს ხილვებს, როგორც დიდებულს („მომღერალი ფოსფორების მღვიძარე ლურჯი და ყვითელი ელვარება“ — ფრანგ. l'éveil jaune et bleu des phosphores chanteurs), ისე ამაზრზენს („ბადეები, სადაც ლერწმებში მთელი ლევიათანი ლპებოდა“ — ფრანგ. nasses / Où pourrit dans les joncs tout un Léviathan). პოემა სრულდება ხომალდის ტივტივითა და განწმენდით, რომელსაც მხოლოდ ჩაძირვა და ზღვასთან შერწყმა სურს.

მთვრალი ხომალდი

(ნაწყვეტი)

მთარგმნელი გივი გეგეჭკორი

როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,
ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,
სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი
გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.

მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის
და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში
და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს
და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.

იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა
ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;
ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს
არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.

გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,
მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,
ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,
ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.

[107]

არჩიბალდ მაკლიშმა ამ ლექსის შესახებ აღნიშნა: „ვისაც ეპარება ეჭვი, რომ პოეზიას შეუძლია თქვას ის, რაც პროზას არ ძალუძს, მან უბრალოდ ერთად უნდა წაიკითხოს ეგრეთ წოდებული „ნათელმხილველის წერილები“ და „მთვრალი ხომალდი“. რაც „წერილებში“ პრეტენზიული და უმწიფარი ჩანს, პოემაში ჭეშმარიტია — უაპელაციოდ ჭეშმარიტი“.[108]

მიუხედავად იმისა, რომ „მთვრალი ხომალდი“ ჯერ კიდევ მეტწილად კონვენციური სტილით იყო დაწერილი, მისი 1872 წლის გვიანდელმა ლექსებმა (რომლებსაც ხშირად „ბოლო ლექსებს“ — ფრანგ. Derniers vers უწოდებენ) კიდევ უფრო მეტად მოახდინა ფრანგული ლექსის დეკონსტრუქცია — შემოიტანა უცნაური რიტმები, თავისუფალი რითმები და კიდევ უფრო აბსტრაქტული თემები.[109]

ნაშრომის „ჟამი ჯოჯოხეთში“ შემდეგ, რომელიც პოლ ვერლენის თქმით არის „ამ ბრილიანტის პროზით დაწერილი დიდებული ფსიქოლოგიური ავტობიოგრაფია, რომელიც მხოლოდ მისი საკუთრებაა“,[110] რემბომ დაწერა პროზაული ლექსების კრებული „ილუმინაციები“.[n 2] აქ მან საერთოდ უარყო წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურები, რათა გამოეკვლია პოეტური ენის მანამდე გამოუყენებელი რესურსები, რამაც ნაწარმოებებს წყვეტილი, ჰალუცინაციური და სიზმრისეული ხასიათი შესძინა.[111] რემბო ისე გარდაიცვალა, რომ არ სცოდნია, რომ მისი ხელნაწერები არა მხოლოდ გამოქვეყნდა, არამედ აღიარებაც მოიპოვა.[112]

ამის შემდეგ მან პოეზიის წერა საერთოდ შეწყვიტა. მისმა მეგობარმა ერნესტ დელაემ 1875 წელს პოლ ვერლენისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ რემბოს სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი პოეტური წარსული.[n 3] ფრანგი პოეტი და მკვლევარი ჟერარ მასე წერდა: „რემბო არის, პირველ რიგში, ეს დუმილი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყო და რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც წერას ცდილობს, იქვეა და მოსვენებას არ აძლევს. ის გვიკრძალავს კიდეც გაჩუმებას; რადგან მან ეს გააკეთა იმაზე უკეთ, ვიდრე ვინმე სხვამ“.[113]

ფრანგმა პოეტმა პოლ ვალერიმ განაცხადა, რომ „მთელი ცნობილი ლიტერატურა დაწერილია საღი აზრის ენით — გარდა რემბოსი“.[114] მისმა პოეზიამ გავლენა მოახდინა სიმბოლისტებზე, დადაისტებზე და სურეალისტებზე; მოგვიანებით მწერლებმა აითვისეს არა მხოლოდ მისი ზოგიერთი თემა, არამედ ფორმისა და ენის მისეული ინოვაციური გამოყენებაც.

რემბოს ბიუსტი. არტურ რემბოს მუზეუმი, შარლევილ-მეზიერი

რემბო ნაყოფიერი კორესპონდენტი იყო და მისი წერილები ნათლად ასახავს მის ცხოვრებასა და ურთიერთობებს.[115]:361–375[116] „რემბოს წერილები მისი ლიტერატურული ცხოვრების შესახებ თავდაპირველად სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში ქვეყნდებოდა. 1931 წელს ისინი შეაგროვა და გამოსცა ჟან-მარი კარემ. [fr] მრავალი შეცდომა გასწორდა 1946 წლის Pléiade-ის გამოცემაში. აფრიკაში დაწერილი წერილები პირველად გამოაქვეყნა პატერნ ბერიშონმა, პოეტის სიძემ, რომელმაც თავს უფლება მისცა, ტექსტებში მრავალი ცვლილება შეეტანა“.[117]

1891 წლამდე გამოქვეყნებული ნამუშევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Les Étrennes des orphelins“ („ობოლთა საახალწლო საჩუქრები“) (1869) – ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში La revue pour tous, 2 იანვარი, 1870
  • Première soirée“ („პირველი საღამო“) (1870) – ლექსი გამოქვეყნდა გამოცემაში La charge, 13 აგვისტო, 1870 (უფრო პოპულარული სათაურით „Trois baisers“ („სამი კოცნა“), ასევე ცნობილია როგორც „Comédie en trois baisers“ („კომედია სამ კოცნაში“))
  • Le rêve de Bismarck“ („ბისმარკის სიზმარი“) (1870) – პროზაული ნაწარმოები, გამოქვეყნდა გამოცემაში Le Progrès des Ardennes, 25 ნოემბერი, 1870 (ხელახლა აღმოაჩინეს 2008 წელს)
  • Le Dormeur du val“ („ხევში მძინარე“) (1870) – ლექსი გამოქვეყნდა ანთოლოგიაში Anthologie des poètes français, 1888
  • Voyelles“ („ხმოვნები“) (1871 ან 1872) – ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში Lutèce, 5 ოქტომბერი, 1883
  • Le Bateau ivre“ („მთვრალი ხომალდი“), „Voyelles“ („ხმოვნები“), „Oraison du soir“ („საღამოს ლოცვა“), „Les assis“ („მჯდომარენი“), „Les effarés“ („შეშინებულნი“), „Les chercheuses de poux“ („ტილების მძებნელნი“) (1870–1872) – ლექსები გამოქვეყნებული პოლ ვერლენის მიერ მის ანთოლოგიაში „დაწყევლილი პოეტები“ (Les Poètes maudits), 1884
  • Les corbeaux“ („ყორნები“) (1871 ან 1872) – ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში La renaissance littéraire et artistique, 14 სექტემბერი, 1872
  • Qu'est-ce pour nous mon cœur...“ („რა არის ჩვენთვის, ჩემო გულო...“) (1872) – ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში La Vogue, 7 ივნისი, 1886
  • Une Saison en Enfer“ („ჟამი ჯოჯოხეთში“) (1873) – პროზაული პოეზიის კრებული, გამოცემული თავად რემბოს მიერ მცირე ბროშურის სახით ბრიუსელში, 1873 წლის ოქტომბერში („რამდენიმე ეგზემპლარი დაურიგდა მეგობრებს პარიზში... რემბომ თითქმის მაშინვე დაკარგა ინტერესი ამ ნაწარმოების მიმართ“.[118])
  • Illuminations“ („ილუმინაციები“) (1872–1875 ?) – პროზაული პოეზიის კრებული, გამოქვეყნებული 1886 წელს (ეს ორიგინალური გამოცემა მოიცავდა 42 ცნობილი ნაწარმოებიდან 35-ს[119])
  • Rapport sur l'Ogadine“ („ანგარიში ოგადენის შესახებ“) (1883) – გამოქვეყნდა „გეოგრაფიული საზოგადოების“ (Société de Géographie) მიერ 1884 წლის თებერვალში

სიკვდილის შემდგომი გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Narration“ („თხრობა“) („Le Soleil était encore chaud...“ / „მზე ჯერ კიდევ ცხელი იყო...“) (დაახლ.1864–1865) – პროზა, გამოქვეყნებული პატერნ ბერიშონის მიერ 1897 წელს
  • Lettre de Charles d'Orléans à Louis XI“ („შარლ ორლეანელის წერილი ლუი XI-სადმი“) (1869 ან 1870) – პროზა, გამოქვეყნდა ჟურნალში Revue de l'évolution sociale, scientifique et littéraire, ნოემბერი, 1891
  • Un coeur sous une soutane“ („გული ანაფორის ქვეშ“) (1870) – პროზა, გამოქვეყნდა ჟურნალში Littérature, ივნისი, 1924
  • Reliquaire – Poésies“ („რელიკვიარიუმი – პოეზია“) – გამოქვეყნებული როდოლფ დარზენის მიერ 1891 წელს[n 4]
  • Poésies complètes“ („სრული პოეზია“) (დაახლ.1869–1873) – გამოქვეყნდა 1895 წელს პოლ ვერლენის წინასიტყვაობით[n 5]
  • Les mains de Marie-Jeanne“ („მარი-ჟანას ხელები“) (1871 ?) – ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში Littérature, ივნისი, 1919 (იგი ნახსენები იყო პოლ ვერლენის 1884 წლის ანთოლოგიაში Les poètes maudits, სხვა დაკარგულ ლექსებთან ერთად)
  • Lettres du Voyant“ („ნათელმხილველის წერილები“) (13 და 15 მაისი, 1871) – წერილი ჟორჟ იზამბარისადმი (13 მაისი), გამოქვეყნებული იზამბარის მიერ ჟურნალში La revue européenne, ოქტომბერი, 1928; წერილი პოლ დემენისადმი (15 მაისი), გამოქვეყნებული პატერნ ბერიშონის მიერ ჟურნალში La nouvelle revue française, ოქტომბერი, 1912
  • Album Zutique“ (1871) – პაროდიები – ამ ლექსებს შორის, „Sonnet du trou du cul“ („უკანალის სონეტი“) და კიდევ ორი სონეტი (სამივეს ერთად ეწოდება „Les Stupra“) გამოქვეყნდა ჟურნალში Littérature, მაისი, 1922; სხვები ამ ციკლიდან მოგვიანებით გამოჩნდა რემბოს სრული თხზულებების გამოცემებში
  • Les Déserts de l'amour“ („სიყვარულის უდაბნოები“) (დაახლ.1871–1872) – პროზა, გამოქვეყნდა ჟურნალში La revue littéraire de Paris et Champagne, სექტემბერი, 1906
  • Proses "évangeliques"“ („სახარებისეული პროზა“) (1872–1873) – სამი პროზაული ტექსტი, ერთი გამოქვეყნდა ჟურნალში La revue blanche, სექტემბერი, 1897, დანარჩენი ორი კი — Le Mercure de France, იანვარი, 1948 (არტურ რემბოს მათთვის სათაური არ მიუნიჭებია)
  • Lettres de Jean-Arthur Rimbaud – Égypte, Arabie, Éthiopie“ („ჟან-არტურ რემბოს წერილები – ეგვიპტე, არაბეთი, ეთიოპია“) (1880–1891) – გამოქვეყნებული პატერნ ბერიშონის მიერ 1899 წელს (მრავალი სადავო შესწორებით[117][120]

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგინალდ გრეის პორტრეტი (2011)

ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ სორელი ამტკიცებს, რომ რემბო იყო და რჩება გავლენიან ფიგურად არა მხოლოდ ლიტერატურულ და სახელოვნებო წრეებში, არამედ პოლიტიკურ სფეროებშიც, რადგან მან შთააგონა ანტირაციონალისტური რევოლუციები ამერიკაში, იტალიაში, რუსეთსა და გერმანიაში. სორელი რემბოს ახასიათებს როგორც პოეტს, რომლის „რეპუტაცია დღეს ძალიან მაღალია“ და ხაზს უსვამს მის გავლენას ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან ჯიმ მორისონი, ბობ დილანი, ლუის ალბერტო სპინეტა, პატი სმიტი და მწერალი ოქტავიო პასი.[121] დილანი თავისი კარიერის განმავლობაში რემბოს არაერთხელ მოიხსენიებდა,[122]:38–39 მათ შორის სიმღერაში „You're Gonna Make Me Lonesome When You Go“ (1975, ალბომიდან Blood on the Tracks).

რემბოს სახე სხვადასხვა მედიაში იქნა ასახული, მათ შორის:

მუსიკალური ადაპტაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რემბოს ნაწარმოებებზე მუსიკა შექმნეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ჯგუფებმა, მათ შორის:

რემბოს მიერ ამოტვიფრული საკუთარი სახელი ნახვა შესაძლებელია ლუქსორის ტაძარში, ეგვიპტეში. წარწერა გვხვდება „სამხრეთ ბოლოს განივი დარბაზის უძველეს ქვაზე“.[129]

  1. « Éclat, lui, d'un météore, allumé sans motif autre que sa présence, issu seul et s'éteignant. » / « Voici la date mystérieuse, pourtant naturelle, si l'on convient que celui, qui rejette des rêves, par sa faute ou la leur, et s'opère, vivant, de la poésie, ultérieurement ne sait trouver que loin, très loin, un état nouveau. » სრული ტექსტი Wikisource-ზე.
  2. თუმცა გაურკვეველია, დაწერა თუ არა მან „ილუმინაციების“ ნაწილი „ჟამი ჯოჯოხეთში“-მდე. ალბერ კამიუ „ამბოხებულ ადამიანში“ ამტკიცებს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ორი ძირითადი ნაშრომი „ერთდროულად განიცდებოდა“, მიუხედავად იმისა, თუ როდის შესრულდა თითოეული მათგანი.
  3. « Des vers de lui ? Il y a beau temps que sa verve est à plat. Je crois même qu'il ne se souvient plus du tout d'en avoir fait. »
  4. ეს წიგნი შეიცავდა რემბოს ადრეული პერიოდის (1870–1871) თითქმის ყველა ცნობილ ლექსს, ასევე რამდენიმეს 1872 წლიდან, რომლებიც ახლა გაერთიანებულია კრებულში Derniers vers ან Vers nouveaux et chansons („Âge d'or“ („ოქროს ხანა“), „Éternité“ („მარადისობა“), „Michel et Christine“ („მიშელი და კრისტინა“), „Entends comme brame...“ („გაიგონე, როგორ ბღავის...“)), და ასევე ოთხ ლექსს, რომლებიც მოგვიანებით სპეციალისტების უმრავლესობის მიერ რემბოს შემოქმედებად არ იქნა მიჩნეული და ამოღებულ იქნა მომდევნო გამოცემებიდან („Poison perdu“, „Le Limaçon“, „Doctrine“, „Les Cornues“).
  5. ეს წიგნი შეიცავდა რემბოს ადრეული პერიოდის (1870–1871) თითქმის ყველა ცნობილ ლექსს, ზოგიერთ გვიანდელ ლექსს 1872 წლიდან (ე.წ. Derniers vers: „Mémoire“, „Fêtes de la faim“, „Jeune ménage“, „Est-elle almée ?...“, „Patience“, რომელიც მომდევნო გამოცემებში შეესაბამება „Bannières de mai“-ს, „Entends comme brame...“ – მაგრამ „Âge d'or“, „Éternité“ და „Michel et Christine“-ის გამოკლებით, რომლებიც 1891 წლის კრებულში შევიდა), და ხუთ ლექსს „ილუმინაციებიდან“, რომლებიც არ იყო 1886 წლის ორიგინალურ გამოცემაში („Fairy“, „Guerre“, „Génie“, „Jeunesse“, „Solde“); ამგვარად, სახელის მიუხედავად, კრებული მაინც შორს იყო სრულყოფილებისგან და შეიცავდა ლექსს „Poison perdu“, რომელიც მოგვიანებით რემბოსთვის შეცდომით მიწერილად ჩაითვალა. 1870–1871 წლების ცნობილი ლექსებიდან კვლავ აკლდა: „Ce qu'on dit au poეტე à propos de fleurs“, „Les douaniers“, „Les mains de Marie-Jeanne“, „Les sœurs de charité“, „L'étoile a pleuré rose...“, „L'homme juste“. 1891 წლის კრებულში არ იყო შესული მხოლოდ ორი ლექსი, რომელიც 1895 წლის გამოცემაში მოხვდა: „Les étrennes des orphelins“ და „Les corbeaux“.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Capetanakis, J. Lehmann, რედ. (1947), Demetrios Capetanakis: A Greek Poet in England, pp. 53–71
  • Everdell, William R. (1997), The First Moderns: Profiles in the Origins of Twentieth Century Thought, Chicago: University of Chicago Press
  • Fowlie, Wallace (1953), Rimbaud's Illuminations: A Study in Angelism, London: Harvill Press
  • Godchot, Colonel [Simon] (1936), Arthur Rimbaud ne varietur I: 1854–1871, Nice: Chez l'auteur
  • Godchot, Colonel [Simon] (1937), Arthur Rimbaud ne varietur II: 1871–1873, Nice: Chez l'auteur
  • Gosse, Edmund William (1911). „Rimbaud, Jean Arthur“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 23 (11th ed.). pp. 343–344.
  • James, Jamie (2011), Rimbaud in Java: The Lost Voyage, Singapore: Editions Didier Millet, ISBN 978-981-4260-82-4
  • Lehmann, John (1983), Three Literary Friendships, London: Quartet Books, ISBN 978-0-704-32370-4
  • Magedera, Ian H. (2014), Outsider Biographies; Savage, de Sade, Wainewright, Ned Kelly, Billy the Kid, Rimbaud and Genet: Base Crime and High Art in Biography and Bio-Fiction, 1744–2000., Amsterdam and New York: Rodopi, ISBN 978-90-420-3875-2
  • Ross, Kristin (2008), The Emergence of Social Space: Rimbaud and the Paris Commune, Radical thinkers, 31, London: Verso, ISBN 978-1844672066

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 RKDartists
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 1 2 Find a Grave — 1996.
  7. 1 2 BD Gest’
  8. 1 2 NooSFere — 1999.
  9. 1 2 GeneaStar
  10. 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  11. 1 2 Babelio — 2007.
  12. 1 2 3 4 abART
  13. 1 2 MEHI – Media Art Database
  14. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  15. Рембо Артюр // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. 1 2 3 Catalog of the German National Library
  17. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.10.50/invnr/188/file/NL-HaNA_2.10.50_188_0079
  18. https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.10.50.02/invnr/593/file/NL-HaNA_2.10.50.02_593_0063?eadID=2.10.50.02&unitID=593&query=
  19. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118601032 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  20. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  21. PalmarèsALCG, 2015.
  22. Пистолет, из которого был ранен Рембо, продан за 430 тысяч евро / под ред. BBC News — 2016.
  23. 1 2 3 Lefrère 2001, pp. 27–28; Starkie 1973, p. 30.
  24. Robb 2000, pp. 422–426.
  25. Mendelsohn, Daniel (29 August 2011). „Rebel Rebel“. The New Yorker. New York City: Condé Nast. ციტირების თარიღი: 19 June 2016.
  26. Lefrère 2001, pp. 11 & 35.
  27. Lefrère 2001, pp. 18 & 1193.
  28. 1 2 Starkie 1973, pp. 25–26.
  29. Lefrère 2001, pp. 27–28.
  30. 1 2 Starkie 1973, p. 31.
  31. Robb 2000, p. 7.
  32. Lefrère 2001, pp. 16–18 & 1193.
  33. 1 2 Starkie 1973, pp. 27–28.
  34. Lefrère 2001, p. 15: "ფრანგ. renfermée, têtue et taciturne".
  35. Nicholl 1999, p. 94; Robb 2000, p. 50: ეხება ვიქტორ ჰიუგოს ლექსს "Ce que dit la bouche d'ombre", კრებულიდან „განსჯანი“, 1856.
  36. Harding, Jeremy (1998-07-30). „Delirium“. London Review of Books. 20 (15). ISSN 0260-9592. ციტირების თარიღი: 2026-04-24.
  37. Lefrère 2001, pp. 31–32; Starkie 1973, p. 30.
  38. 1 2 3 Lefrère 2001, pp. 27–29.
  39. Lefrère 2001, p. 31.
  40. 1 2 Robb 2000, p. 12.
  41. 1 2 Lefrère 2001, p. 35.
  42. Starkie 1973, p. 33.
  43. 1 2 Rickword 1971, p. 4.
  44. Starkie 1973, p. 36.
  45. Jeancolas 1998, p. 26.
  46. Ivry 1998, p. 12.
  47. Delahaye 1974, p. 273.
  48. Rickword 1971, p. 9.
  49. Starkie 1973, p. 37.
  50. Robb 2000, p. 32.
  51. Starkie 1973, p. 39.
  52. Robb 2000, p. 30.
  53. Robb 2000, pp. 33–34; Lefrère 2001, pp. 104 & 109.
  54. Steinmetz 2001, p. 29.
  55. Robb 2000, pp. 33–34.
  56. Starkie 1973, pp. 48–49; Robb 2000, p. 40.
  57. 1 2 Robb 2000, pp. 41–42.
  58. 1 2 Robb 2000, p. 44.
  59. 1 2 Robb 2000, pp. 46–50.
  60. 1 2 Robb 2000, pp. 46–50; Starkie 1973, pp. 60–61.
  61. Robb 2000, p. 51; Starkie 1973, pp. 54–65.
  62. Ivry 1998, p. 22.
  63. Ivry 1998, p. 24.
  64. Ivry 1998, p. 29.
  65. Robb 2000, p. 102.
  66. Robb 2000, p. 109.
  67. Ivry 1998, p. 34.
  68. Robb 2000, Ch. "Nasty Fellows".
  69. Robb 2000, Ch. "Savage of the Latin Quarter".
  70. Bernard & Guyaux 1991.
  71. Robb 2000, p. 184.
  72. 1 2 Robb 2000, pp. 196–197.
  73. 1 2 3 4 Robb 2000, pp. 218–221; Jeancolas 1998, pp. 112–113.
  74. Harding & Sturrock 2004, p. 160.
  75. 1 2 Robb 2000, pp. 223–224.
  76. რემბო არტურ - ხევში მძინარე
  77. Robb 2000, p. 241.
  78. Robb 2000, p. 264.
  79. Albert Camus, L'homme révolté, "Surréalisme et révolution", p. 118-121.
  80. Robb 2000, p. 278.
  81. Robb 2000, pp. 282–285.
  82. Robb 2000, p. 299.
  83. Porter 1990, pp. 251–252.
  84. Jeancolas 1998, p. 164.
  85. Robb 2000, p. 313.
  86. Nicholl 1999, pp. 159–165.
  87. Nicholl 1999, p. 231.
  88. Goodman 2001, pp. 8–15.
  89. Ben-Dror, Avishai (2014). „Arthur Rimbaud in Harär: Images, Reality, Memory“. Northeast African Studies. East Lansing, Michigan: Michigan State University Press. 14 (2): 159–182. doi:10.14321/nortafristud.14.2.0159. S2CID 143890326.
  90. Dubois 2003, p. 58.
  91. Dubois 2003, p. 59.
  92. Letter to the Vice-consul de France, Émile de Gaspary, 9 November 1887, in Œuvres complètes, Bibliothèque de la Pléiade, 1979, p. 461.
  93. Letter from 30 July 1887.
  94. Letter from 4 August 1888.
  95. Testimony from Jules Borelli to English biographer Enid Starkie and Paterne Berrichon; testimony from Armand Savouré to Georges Maurevert and Isabelle Rimbaud (J.-J. Lefrère, Arthur Rimbaud, Fayard, 2001, p. 1047-1048 and 1074).
  96. 1 2 Robb 2000, pp. 418–419.
  97. 1 2 3 Robb 2000, pp. 422–424.
  98. Robb 2000, pp. 425–426.
  99. Nicholl 1999, pp. 298–302.
  100. Robb 2000, pp. 440–441.
  101. Bernhard, T., "Jean-Arthur Rimbaud", The Baffler, Nr. 22, pp. 148–156, April 2013.
  102. Haine, Scott (2000) The History of France, 1st, Santa Barbara, California: Greenwood Press, გვ. 112. ISBN 0-313-30328-2. 
  103. Robb 2000, pp. 79–80.
  104. "Lettre à Georges Izambard du 13 mai 1871". Abelard.free.fr. Retrieved on May 12, 2011.
  105. Kwasny 2004, p. 147.
  106. "A Paul Demeny, 15 mai 1871 დაარქივებული 25 May 2011 საიტზე Wayback Machine. ". Abelard.free.fr. Retrieved on 12 May 2011.
  107. [https://www.aura.ge/101-poezia/12470-artur-rembo--mtvrali-xomaldi.html არტურ რემბო — „მთვრალი ხომალდი“ (გივი გეგეჭკორის, პაოლო იაშვილის და დავით წერედიანის თარგმანები)
  108. MacLeish 1965, p. 147.
  109. Antoine Adam, « Notices, Notes et variantes », in Œuvres complètes, Gallimard, coll. « Bibliothèque de la Pléiade », 1988, p. 924-926.
  110. Quoted in Rodolphe Darzens' preface of the 1891 edition of Arthur Rimbaud's Poésies, page XI (original source not provided). « Et alors, en mai 1886, une discovery inespérée, ma foi, presque incroyable; celle de l'unique plaquette publiée par Arthur Rimbaud de la Saison en Enfer, « espèce de prodigieuse autobiographie psychologique écrite dans cette prose de diamant qui est sa propriété exclusive », s'exclame Paul Verlaine. »
  111. Arthur Rimbaud (1957). "Introduction". Illuminations, and other prose poems. Translated by Louise Varèse. New York: New Directions Publishing. p. XII.
  112. Peyre, Henri, Foreword, A Season in Hell and Illuminations by Arthur Rimbaud, translated by Enid Rhodes, New York: Oxford, 1973, p. 14-15, 19–21.
  113. Alain Borer, Rimbaud en Abyssinie, Seuil, 1984, p. 358. « Rimbaud, c'est surtout ce silence qu'on ne peut oublier et qui, quand on se mêle d'écrire soi-même, est là, obsédant. Il nous interdit même de nous taire; car il l'a fait, cela, mieux que personne. »
  114. Robb 2000, p. xiv.
  115. Rimbaud, trans. & ed. by W. Mason, Rimbaud Complete (New York: Modern Library, 2003), pp. 361–375.
  116. Rimbaud, trans. & ed. by Mason, I Promise to Be Good: The Letters of Arthur Rimbaud (New York: Modern Library, 2004).
  117. 1 2 Rimbaud, trans. & ed. by W. Fowlie, Rimbaud: Complete Works, Selected Letters, A Bilingual Edition (Chicago & London: University of Chicago Press, 1966), p. 35.
  118. Fowlie & Whidden 2005, p. xxxii.
  119. Illuminations – Premières publications
  120. Rimbaud, Arthur (2008). Complete Works, 1st Harper Perennial Modern Classics, New York, NY: HarperPerennial. ISBN 978-0-06-156177-1. OCLC 310371795. 
  121. Arthur Rimbaud: Collected Poems, Martin Sorrell, Oxford University Press, 2009, p. 25.
  122. Polizzotti, M., Bob Dylan's Highway 61 Revisited (New York & London: Continuum, 2010), pp. 38–39.
  123. Vagg, Stephen (14 June 2021). „Forgotten Australian TV Plays: A Season in Hell“. Filmink.
  124. Rudari, Frederico (2024-03-29). „Role-taking, role-making: the mask as a tool in David Wojnarowicz's Arthur Rimbaud in New York“. Revista de História da Arte (ინგლისური). F. 2024. Role-taking: 78–95. doi:10.34619/ftkc-vdub. ISSN 1646-1762.
  125. Kéchichian, Patrick (8 November 1991). „« Rimbaud le fils », de Pierre Michon : Rimbaud en chair et en mots“. Le Monde. ციტირების თარიღი: 7 March 2026.
  126. Alchemy of the Word.
  127. Clements, Andrew (2016-06-23). „Henze: Being Beauteous; Kammermusik CD review – strange, fragile, ecstatic music“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2024-07-17.
  128. Denise Roger (1924-2005) fr. ციტირების თარიღი: 2024-07-17
  129. Carsten Pieter Thiede & Matthew D'Ancona, 1997, The Jesus Papyrus, Phoenix/Orion Books, p13