შინაარსზე გადასვლა

ქურციკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეირანი)
ქურციკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი:  მცოხნელები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  გაზელი
სახეობა:  ქურციკი
ლათინური სახელი
Gazella subgutturosa (Güldenstädt, 1780)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 8976

ქურციკი, ჯეირანი (ლათ. Gazella subgutturosa) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. ძირითადად ბალახეულით იკვებება.

ქურციკი გვხვდება ირანში, სომხეთში, ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. საქართველოში იშვიათად შემოდის აზერბაიჯანიდან და ერთეულების სახით გვხვდება შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში. XIX საუკუნის II ნახევარში ქურციკი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში: სამგორის, გარდაბნის, შირაქისა და ელდარის ველებსა და ნახევრად უდაბნოს ზონაში. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა ქურციკის გავრცელების ადგილები XX საუკუნის 20-40-იან წლებში, ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით ფართოდ ათვისების გამო.

გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. საქართველოში ქურციკის ადგილისამყოფელს წარმოადგენს ღია ველები უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ავშნიანი მლაშე ნიადაგებით.

დედალი ქურციკი გამრავლებაში მონაწილეობს 18-19 თვის ასაკიდან, მამალი — 2.5 წლიდან. ქერშილობა ნოემბრის მეორე ნახევრიდან ეწყებათ და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. მაკეობა 5-5,5 თვეს გრძელდება. აპრილ-მაისში შობს 1-2, იშვიათად 3 თიკანს. პოლიგამური ცხოველია.

კონკურენტები და მტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქურციკის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს ის, რომ მის ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ. ბუნებრივი მტრებია: მგელი, ტურა და მელა. გარკვეულ ზიანს აყენებს მეცხვარე და მაწანწალა ძაღლები, მოზარდი ქურციკისათვის ზიანი არწივებსაც მოაქვთ.

დასაცავად მიღებული ზომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის ბოლოს საქართველოში ქურციკი გადაშენდა. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[1] ქურციკზე ნადირობა აკრძალულია.

2013 წლიდან, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი. 2019 წლის მონაცემებით, ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი იყო შემოყვანილი აზერბაიჯანიდან და გაშვებული საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე.[2] სამინისტროს მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ქურციკების რაოდენობა 150-მდე აღწევს.[3]

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 14-15, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  • ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოვეთა სამყარო, ტ. III: ხერხემლიანები, თბ., 1963.
  • Соколов И. И. Млекопитающие [в 3 т.]. т. 1. — М.-Л., 1958.
  • როდონაია თ., საქართველოს სანადირე-სარეწაო ძუძუმწოვართა ჰელმინთები, თბ., 1972.
  1. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2020.
  2. „ქურციკების გადასარჩენად სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა“. mtisambebi.ge. 2019-02-11. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „სოფლის მეურნეობა: ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებულია, მათი რაოდენობა 150-მდე აღწევს“. tabula.ge. 2020-12-14. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)