რობერტ II (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ II
Robert II
Robert II (Alba) i.JPG
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 26 მარტი, 1371
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1371
მმართ. დასასრული: 19 აპრილი, 1390
წინამორბედი: დეივიდ II
მემკვიდრე: რობერტ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 მარტი, 1316
დაბ. ადგილი: რენფრუშირი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 19 აპრილი, 1390
გარდ. ადგილი: ერშირი, შოტლანდია
მეუღლე: ელიზაბეთ მური
ეუფემია დე როსი
შვილები: რობერტ III, უოლტერი
რობერტი, ალექსანდერი
დეივიდი, უოლტერი
თომასი
მარჯორი, ჯოანა
იზაბელა, ქეთრინი
ელიზაბედი
დინასტია: სტიუარტები
მამა: უოლტერ სტიუარტი
დედა: მარჯორი ბრიუსი
რელიგია: კათოლიციზმი

რობერტ II, რობერტ სტიუარტი (ინგლ. Robert II of Scotland; დ. 2 მარტი, 1316, რენფრუშირი — გ. 19 აპრილი, 1390, ერშირი) — შოტლანდიის მეფე, სტიუარტების დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ქვეყანას მართავდა 1371-1390 წლებში. ტახტზე ავიდა ბიძის, დეივიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ სტიუარტი დაიბადა 1316 წელს. იგი იყო უოლტერ სტიუარტისა და რობერტ I-ის ქალიშვილის, მარჯორი ბრიუსის ვაჟი. 1318 წლიდან ის ითვლებოდა რობერტ I-ის სავარაუდო მემკვიდრედ, მაგრამ მან ეს ტიტული 1324 წელს დაკარგა, მას შემდეგ, რაც რობერტის ვაჟი, დეივიდ II დაიბადა. 1326 წელს, მამის, უოლტერ სტიუარტის გარდაცვალების შემდეგ, რობერტი 10 წლის ასაკში გახდა სტიუარტების ოჯახის მე-7 მეთაური. 1329 წელს, რობერტ I-ის გარდაცვალებისა და დეივიდ II-ის გამეფების შემდეგ, შოტლანდიის პარლამენტმა კვლავ დაუბრუნა რობერტ სტიუარტის ტახტის მემკვიდრის ტიტული.

1332 წელს ედუარდ ბალიოლმა დაამხო დეივიდ II და მისი რეგენტი, რანდოლფ მორეელი. რვა წლის მეფე იძულებული გახდა, მეუღლესთან ერთად საფრანგეთში გაქცეულიყო. 1334 წელს რანდოლფ მორეელმა და რობერტმა შოტლანდიაში ძალაუფლება მოიპოვეს. ერთი წლის განმავლობაში, ისინი ემიგრაციაში მყოფი მეფის რეგენტებად ითვლებოდნენ. 1338 წელს რობერტი ქვეყნის ერთადერთ რეგენტად იქცა და მთელი ძალუფლება მის ხელთ აღმოჩნდა. ის სამი წლის განმავლობაში, დეივიდ II-ის დაბრუნებამდე განაგებდა ქვეყანას.

1341 წელს დეივიდ II-მ ძალაუფლება აღიდგინა და საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. იგი უკვე სრულწლოვანი იყო და ერთპიროვნულად დაიწყო ქვეყნის მართვა. 1346 წელს მეფემ ინგლისთან ომი წამოიწყო. დურჰამთან გამართულ ბრძოლაში, შოტლანდიის არმია დამარცხდა და დეივიდი ტყვედ ჩავარდა. აქედან გამომდინარე, რობერტ სტიუარტი კიდევ ერთხელ გახდა რეგენტი. 1357 წელს, ედუარდ III-სთან მოლაპარაკებების შედეგად, დეივიდ II-ს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. ამ დროს, მეფე უკვე 33 წლის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰყავდა მემკვიდრე. მას განსაკუთრებით აწუხებდა ეს საკითხი, რადგან არ სურდა ბრიუსების მმართველობა შეწყვეტილიყო. მემკვიდრის ყოლის მიზნით, მან მეორედ იქორწინა, მაგრამ შვილი მაინც არ ეყოლა.

ამის შემდეგ, ედუარდ III-მ გამოთქვა აზრი, რომ დეივიდის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისის ტახტის მემკვიდრეს სრული უფლება ჰქონოდა შოტლანდიის ტახტზე. 1363-1364 წლებში რობერტს საკუთარი ტიტულის დაცვა მოუხდა. საბოლოოდ, შოტლანდიის პარლამენტმა ინგლისის მეფის შემოთავაზება უარყო.

1371 წელს გარდაიცვალა დეივიდ II. ტახტზე 55 წლის რობერტი ავიდა. ის ნაკლებად ერეოდა სახელმწიფო მართვის საქმეებში. მას ფაქტობრივად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ინგლის-შოტლანდიის ომში, რომელიც 1378-1388 წლებში მიმდინარეობდა. 1384 წლიდან, ქვეყანას რობერტის უფროსი ვაჟი, ჯონი განაგებდა (რომელსაც გამეფების შემდეგ სახელი შეეცვალა და რობერტ III უწოდეს). რობერტ II გარდაიცვალა 1390 წლის 19 აპრილს, ერშირში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ II ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად, ელიზაბედ მურზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან მას ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ეყოლა. მეორედ, იგი ეუფემია დე როსზე დაწორწინდა და მასთან ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ეყოლა. აგრეთვე, რობერტს მინიმუმ რვა არალეგალური შვილი ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barrell, Andrew D. M. (2000), Medieval Scotland, Cambridge University Press, ISBN 0-521-58602-X
  • Boardman, Stephen (2007), The Early Stewart Kings: Robert II and Robert III, 1371–1406, The Stewart Dynasty in Scotland Series, Edinburgh: John Donald, an imprint of Birlinn Ltd, ISBN 1-904607-68-3
  • Boardman, S. I. (May 2006), Robert II, Oxford Dictionary of National Biography (online რედ.), Oxford University Press, http://www.oxforddnb.com/view/article/23713. წაკითხვის თარიღი: 19 Oct 2008
  • Broun, Dauvit; MacGregor, Martin, რედ-ები. (2007), „The Gaelic World and the Early Stewart Court, Stephen Boardman“, Mìorun Mòr nan Gall, ‘The Great Ill-Will of the Lowlander’? Lowland Perceptions of the Highlands, Medieval and Modern (1st რედ.), Glasgow: the Centre for Scottish and Celtic Studies, University of Glasgow, OCLC 540108870

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]