ალექსანდრე III (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე III
Alasdair III na h-Alba
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 1249 წლის 13 ივლისი
მმართ. დასაწყისი: 1249 წლის 6 ივლისი
მმართ. დასასრული: 1286 წლის 19 მარტი
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: მარგარეტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1241 წლის 4 სექტემბერი
გარდ. თარიღი: 1286 წლის 19 მარტი (44 წლის)
მეუღლე: 1. მარგარეტ პლანტაგენეტი
2. იოლანდა
დინასტია: დანკელდები
მამა: ალექსანდრე II
დედა: მარი დე კუსი

ალექსანდრე IIIშოტლანდიის მეფე 1249-1286 წწ-ში. მან ნორვეგიელთა უკანასკნელი შეტევა მოიგერია და შოტლანდიელები ერთიან ერად ჩამოაყალიბა ინგლისელთა მომძლავრების საპასუხოდ. მისი მმართველობა შოტლანდიის „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული.

ფრანგი დედოფლის, მარი დე კუსისა და შოტლანდიის მეფე ალექსანდრე II-ის ვაჟი ალექსანდრე 1241 წლის 4 სექტემბერს, როქსბურგში დაიბადა. მამამისმა მკაფიო საზღვარი გაავლო ინგლისთან და ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტო სიმშვიდის ხანას დაუდო სათავე. ალექსანდრე 7 წლის იყო, როცა გვირგვინი დაადგეს, ათი წლისას კი ინგლისის მეფის, ჰენრი III-ის თერთმეტი წლის ქალიშვილი, მარგარეტი შერთეს ცოლად. ჰენრიმ თავი „სახელმოხვეჭილი შოტლანდიის მეფის უმთავრეს კანცლერად“ დაინიშნა, რაც შოტლანდიაზე კონტროლის დაწესების ინგლისის გეგმის ნაწილი იყო. 1255 წელს ჰენრიმ ლორდთა საგანგებოდ შერჩეული დიდი საბჭო ჩამოაყალიბა შოტლანდიის სამართავად. ამან შოტლანდიას ავტონომია დააკარგვინა, მაგრამ ინგლისთან მშვიდობის დამყარებას შეუწყო ხელი.

ალექსანდრე III-ის კორონაცია

ალექსანდრემ ქვეყნის მართვა სრული უფლებით 1262 წლიდან დაიწყო. რადგან სამხრეთიდან საფრთხეს აღარ მოელოდა, დასავლეთისა და ჩრდილოეთის საზღვრების დადგენას შეუდგა. მან ნორვეგიის მეფე ჰოკონ IV-ს დასავლეთ კუნძულებზე შოტლანდიის უფლების აღიარება მოსთხოვა, როგორც მამამისი მოითხოვდა 1249 წელს. როდესაც ჰოკონმა უარით უპასუხა, ალექსანდრეს ერთ-ერთმა დიდებულმა - როსის გრაფმა სკაიზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა. ჰოკონმა სწრაფად უპასუხა. 1263 წლის ივლისში იგი 150 ხომალდით გაემგზავრა შოტლანდიისაკენ. ჰოკონი ქირქუოლთან შეჩერდა უფრო მეტი მეომრის მოლოდინში, მაგრამ მზის დაბნელება ცუდად ენიშნა.

ალექსანდრე III-ის ქანდაკება, ედინბურგი

ნორვეგიელთა ფლოტს მენის მეფე მაგნუსიც შეუერთდა სკაის ყურეში. ერთობლივი ძალებით მათ კინტაირის ნახევარკუნძული და ბიუტის კუნძული დაიკავეს. აგვისტოს ბოლოსათვის ნორვეგიელთა ხომალდები არანს შემოერტყნენ გარს, ამასობაში კი ალექსანდრე ეირში იცდიდა. ორ ლაშქარს ოციოდე მილი აშორებდა. ალექსანდრემ ბერები გაგზავნა ზავის ჩამოსაგდებად, მათ შოტლანდიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები წაიღეს და დაევალათ, რაც შეიძლება დიდხანს გაეჭიანაურებინათ მოლაპარაკება. თითოეული დღე ალექსანდრეს სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან მისი დროშის ქვეშ უფრო და უფრო მეტი შოტლანდიელი მეომარი ერთიანდებოდა, ჰოკონი კი მაშველ ჯარს აღარსაიდან მოელოდა. ალექსანდრე უფრო მეტად იყო დაცული, რადგან მისი ჯარი ხმელეთზე იყო, ხოლო ნორვეგიელი მეომრები ხომალდებზე, თანაც შემოდგომა ახლოვდებოდა.

დიპლომატიური ვიზიტი სექტემბრის ბოლომდე გაჭიანურდა. ჰოკონმა შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა და სკანდინავიელები ფერთ-ოფ-ქლაიდისაკენ გაიჭრნენ. შოტლანდიელებიც მოემზადნენ ბრძოლისათვის, მაგრამ პირველ ოქტომბერს ქარიშხალი ამოვარდა და ჰოკონის ფლოტი მიმოფანტა.

მომდევნო ორ დღეს ჯარებს შორის არეულ-დარეული შეტაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ნორვეგიელები მიხვდნენ, რომ ლარგსის ბრძოლა წაგებული იყო. მათ მწყობრად გაცურეს ლამლაშის უბისაკენ, არანთან, სადაც დაირაზმნენ, მაგრამ უკვე შინისაკენ მიმავალნი. ჰოკონი თავის მებრძოლებს არ გაჰყოლია, ის დეკემბერში დაიღუპა ორკნეისთან თავშესაფრის ძიებისას. მისმა ვაჟმა მაგნუს V-მ ჰებრიდისა და მენის კუნძულები ალექსანდრეს გადასცა. კუნძულების ბელადებს აიძულეს შოტლანდიის ხელისუფლება ცნობა, მაგრამ დასავლეთის კუნძულები ჯერ კიდევ ნომინალურად ეკუთვნოდა შოტლანდიას.

1275 წელს ალექსანდრეს მეუღლე შვილების სიკვდილის შემდეგ მალე გარდაიცვალა. ალექსანდრემ ხელახლა იქორწინა ფრანგ პრინცესა იოლანდაზე და მემკვიდრის შეძენის იმედი მიეცა. ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ ალექსანდრემ ედინბურგის ციხესიმაგრეში უმაღლესი საბჭო მიატოვა იოლანდასთან გასამგზავრებლად. გზად ამინდი გაუარესდა და მეფეს გზა აებნა. მისი ცხენი უმხედროდ დაბრუნდა. მეორე დღეს მეფის ცხედარი ქინგჰორნის კლდის ძირში იპოვნეს. მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი - „ნორვეგიელი ქალწული“ პაპის ტახტზე ავიდა. მართალია არც ერთი სრულწლოვანი მამაკაცი მემკვიდრეთა შორის არ იყო, მაგრამ ინგლისთან სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას ბევრი არაფერი აკლდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“, N 10 (157), 2012 წ., გვ. 38-39.