წიგნი იესო ნავეს ძისა
წიგნი იესო ნავეს ძისა, იესო ნავეს ძე (ებრ. יְהוֹשֻׁעַ בִּן-נוּן, იეშუა ბინ ნუნ) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეექვსე კანონიკური წიგნი. პირველი წინასწარმეტყველთა წიგნი. ებრაული ტრადიციის მიხედვით წიგნის ავტორად ითვლება თავად იესო ნავეს ძე (იმ უკანასკნელი სტრიქონების გარდა, სადაც მოთხრობილია მისი გარდაცვალება და დაკრძალვა. ტრადიციისავე მიხედვით მათი ავტორია წინასწარმეტყველი სამუილი). წიგნის სახელწოდებაც სწორედ მისი მთავარი გმირის, იესო ნავეს ძის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ნიშნავს „იაჰვე იხსნის“. წიგნი მოსდევს მოსეს ხუთწიგნეულს და მემკვიდრეა იმის, ვინც ისრაელი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. მასთან მჭიდრო კავშირშია და თითქოს და აგრძელებს კიდეც მას. სწორედ ამ მსგავსების გამო მრავალი ბიბლიის კრიტიკოსი (დილმანი და სხვ.) ამ წიგნს მიაკუთვნებს მოსეს ხუთწიგნეულს და მოიხსენიებს „ექვსწიგნეულად“. ქრისტიანულ კანონში იესო ნავეს ძის წიგნი მიჩნეულია პირველ ისტორიულ წიგნად, ებრაულ კანონში კი ძველ წინასწარმეტყველთა პირველ წიგნად. ნაწარმოები სამ ნაწილად იყოფა:
- I — პირველი ნაწილი: ისრაელთა ქანაანში შესვლისა და მათ პირველ დაპყრობათა შესახებ მოგვითხრობს;
- II — მეორე ნაწილი: აღწერს ქანაანის ტერიტორიულ დაყოფას ისრაელის 12 ტომს შორის;
- III — მესამე ნაწილი: კი ეპილოგის ფუნქციას ასრულებს. მასში აღწერილია იესო ნავეს ძის დასკვნითი სიტყვა და შექემის დიდი თავყრილობა, რომლის დროსაც ტომებმა ერთმანეთთან რელიგიური შეთანხმება დადეს.
წიგნი მოგვითხრობს ებრაელი ხალხის ისტორიას მოსეს გარდაცვალებიდან იესო ნავეს ძის გარდაცვალებამდე (1272-1244 წლები ძვ.წ.აღ.) და აღწერს ებრაული არმიის ქმედებებსა და საბრძოლო წესებს. დღევანდელი სახის მიღებამდე წიგნმა ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული პროცესი გაიარა, საბოლოო ფორმა მან ქრისტიანული ხანის დადგომამდე მცირე ხნით ადრე მიიღო.
თემატური გეგმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ებრაელთა გადასვლა იორდანეზე (თავი 3-4);
- იერიქონის დაპყრობა (თავი 5-6);
- ომი ჰაღაისთან (თავი 7-8);
- ომი ადონისედეკის ამორეველური კოალიციის წინააღმდეგ (თავი 9-10); ქებრონის აღება (10:36-37);
- იესო ნავეს ძის ჯარი აღწევს ქალაქ სიდონამდე (11:7) და ანგრევს ქალაქ ხაცორს (11:10-11);
- დაპყრობილი მიწების განაწილება ისრაელის ტომთა შორის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.