შიბლიანის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შიბლიანის წმინდა თევდორეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე. თარიღდება XVIII საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (10×6,2 ). კედლები ძირითადად ნაგებია თანაბარი ზომის, რიყის ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები) და არქიტექტურული ელემენტები კვადრატული აგურითაა ნაწყობი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი შეისრულთაღოვანია. თვით თაღი მოქცეულია აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილ, ოთხკუთხა არეში, რომელსაც აგვირგვინებს აგურისავე, სამსაფეხურიანი ფრიზი. მისი ქვედა და ზედა საფეხურები კუთხით გამოშვერილი აგურების თითო რიგისგან შედგება, შუა საფეხური კი ჩვეულებრივად დაწყობილი აგურების ერთი რიგით. დასავლეთ შესასვლელი შიგნიდანაც თაღოვანია, სამხრეთისა — სწორკუთხა. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელიც დარბაზისგან მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე გადაყვანილი თაღითაა გამიჯნული. აფსიდი გეგმით ოდნავ დეფორმირებული ნახევარწრეა. მის გვერდებში სამი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია (ორი ჩრდილოეთითაა — სხვადასხვა დონეზე, ერთი — სამხრეთით), ღერძზე კი — თაღოვანი სარკმელი. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა, პილასტრების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი, ოდნავ შეისრული საბჯენი თაღებით, სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრები დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათ შესაბამისი კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. თაღების ქუსლებთან აგურით გამოყვანილი, ორსაფეხურიანი იმპოსტებია. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი დასავლეთ კედელშია — კარის ასწვრივ, ორი — ჩრდილო კედელში. ყველა სარკმელს (აღმოსავლეთ სარკმლის გარდა) თითქმის თარაზული რაფა აქვს. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: ჩრდილო მხრიდან, კედლის ბოლოში, მიუშენებიათ ნახევარწრიული კონტრფორსი; დაახლოებით 70 სანტიმეტრით აუმაღლებიათ გრძივი კედლები, რამაც სახურავის ფერდების დახრილობა, თავდაპირველთან შედარებით, რამდენამდე შეამცირა. 2008-2009 წლებში, ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია. რემონტის დროს ეკლესიის შიგნითა კედლები (კამარის ქუსლის დონემდე) ცემენტისა და ქვიშის სქელი ნარევით შეულესავთ და შეუთეთრებიათ. შელესილი და შეთეთრებულია გარეთა კედლებიც. კედლების ზედაპირი, როგორც შიგნით, ისე გარეთ, უსწორმასწოროა, ხორკლიანი. გარედან შელესილობის გარეშე მხოლოდ შესასვლელების თავზე არსებული, შეღრმავებული არეებია დატოვებული. ეკლესიის სახურავი დაბურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]