ჩოხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართლ-კახური ჩოხა-ახალუხი XIX საუკუნე

ჩოხა (აზერ. Çuxa; ინგშ. чокхи; ლეზ. чухва; ხუნძ. чухъа; ლეზ. чухва; ყაბ.-ბალყ. чепкен; ოს. цухъхъа (диг. цохъа); ჩეჩ. чокхиб; აფხ. акәымжәы; ადიღ. фащэ; სომხ. չուխա; რუს. Черкеска; ყაბარ. цей) — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. სიტყვა ჩოხის ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ენებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად — საჩოხე შალის ქსოვილსაც. მეგრულად ჩოხას ერქვა ღართი, ამავე სახელით ქსოვილსაც იხსენიებდნენ.

ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. არსებობს ე. წ. სამამაკაცო და სადიაცო ჩოხები.

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგისათვის დამოწმებულია ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:

1. ხევსურული ჩოხა — მოკლე უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისაგან, აზღოტებისაგან. წინა მხარე, ფარაგი, მდიდრულად იყო მორთული აპლიკაციებით. გვერდებზე ჰქონდა კალთის შენაჭერი, ჩაქი, ანუ სამხედრო, რომელიც წელამდე ამოდიოდა. ჩოხაზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მ. შ. ჯვრები (ხატნი).
2. ქართლ-კახური ჩოხა — გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.
3. ზოგადკავკასიური ჩოხა (რუს. Черкеска) — ძირითადად ისევე იკერებოდა, ოღონდ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ იყო მორგებული. მკერდის ორსავე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვებს აბამდნენ, რომელტაც თავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის ისე ფაბრიკული მაუდისაგან (შავი, რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ყავისფერი, ან უფრო იშვიათად სხვა ფერისა).

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩოხა ხმარებიდან გამოვიდა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩოხა&oldid=3269497“-დან