ქართლის აჯანყება
ქართლის აჯანყება 1742–1745 — ქართლის მოსახლეობის ბრძოლა სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ. გამოიწვია მძიმე გადასახადმა (დაახლოებით ახლანდელი 6 ათასი ტ პური), რომელიც ნადირ-შაჰმა ქართლის მოსახლეობას დააკისრა (მანამდე შაჰმა ქართლს დაახლოებით 9 ათასი ტ პური წაართვა, ნაცვლად შეწერილი დაახლოებით 1800 ტ). მოსახლეობას აუტანელ ტვირთად აწვა ყიზილბაშური ხარკი („მალუჯათი“), ჯარის სავალდებულო შენახვა („ნუქერი“), სპარსეთის ჯარისათვის „სურსათის“ გადასახადი და ა. შ. აჯანყება დამთავრდა. მიუხედავად აჯანყების დამარცხებისა, ნადირ-შაჰი იძულებული გახდა ქართლში ქრისტიანი მეფე დაენიშნა და ქართლის სამეფოსთვის გარკვეული შეღავათი მიეცა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჯანყებას სათავეში ჩაუდგა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი, რომელიც ნადირ-შაჰის მიერ ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დანიშნული. აჯანყებულები ქსნისა და არაგვის ხეობებში გამაგრდნენ. კახეთის მეფემ თეიმურაზ II-მ მათ მხარი არ დაუჭირა. თბილისის ხანმა საპაასუხოდ დააპატიმრა თბილისში მყოფი ქართველი დიდებულები. ნადირ-შაჰი დიდ ლაშქრობას აწრობდა დაღესტანში და ძალიან სჭირდებოდა ტრანსპორტი, ამიტომ მან თბილისის ხანს გაათავისუფლებინა დიდებულები და ამბოხებულებს შერიგება და პატიება შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ თბილისის ხანი შეიჭრა შიდა ქართლში, დაწვა მოსავალი, დაარბია მოსახლეობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხე დაიკავა.
ამილახვარი გადავიდა ბორჯომის ხეობაში და კავშირი დაამყარა ახალციხის ფაშასთან. ფაშა აჯანყებულებს აწოდებდა ტყვია-წამალსა და თოფ-ზარბაზანს სურამის ციხის გასამაგრებლად, ასევე ახმარდა ოსმალთა რაზმებსაც. ამილახვარმა ქართლში მიიწვია ბაქარი, რომელიც იმჟამად ასტრახანში იმყოფებოდა და გზებს ეძებდა სამეფო ტახტის დასაკავებლად. მალე ქართველ თავადთა შორის მტრობამ იჩინა თავი. ამილახვარმა სამაჩაბლო დაარბია, შიდა ქართლის თავადებმა - ქვემო ქართლი. შინაომები გაჩაღდა ცალკეულ საგვარეულოებს შიგნითაც. აჯანყება თანდათან შინაფეოდალურ ომად იქცა. აჯანყებაში აშკარად ჩაერთო ოსმალეთის იმპერიაც, რომელმაც ახალციხის ფაშა იუსუფ III გაგზავნა აჯანყებულების დასახმარებლად დიდი რაზმითა და ფულით. აჯანყებული ქართლის თავადების წინააღმდეგ აქტიურად გამოვიდა თეიმურაზ II. მან აიღო არაგვისა და ქსნის ხეობები, ხოლო ერეკლე ბატონიშვილმა აჩაბეთთან ბრძოლაში ბრძოლაში დაამარცხა ამილახვარი. ამილახვრისა და ახალციხის ფაშის ჯარებმა გორსა და რუიისს შორის დაამარცხეს თეიმურაზი და თბილისის ხანი, მაგრამ გორის ციხის აღება ვერ შეძლეს. იუსუფის მიერ დაღესტანში დიდძალი ფულით გაგზავნილ ლეკთა ბელად მალაჩის საგურამოსთან დახვდა ერეკლე და დაამარცხა. იუსუფ III-მ მოხსნა საკუთარი ჯარი და აწყურში დაბრუნდა, ამილახვარი კი სურამის ციხეში გამაგრდა. 1744 წლის ივნისში შაჰმა თეიმურაზ II-ს ქართლის მეფობა უბოძა. ქართლში თეიმურაზის მომხრეები მომრავლდნენ.
თეიმურაზმა ვერ შეძლო ციხეზე პირდაპირი იერიშის მიტანა და ალყა შემოარტყა მას. 1745 წლის დასაწყისში ამილახვარი სურამის ციხეში იყო გამომწყვდეული. ალყის დროს ნადირ-შაჰმა ერთხელ კიდევ სცადა ამილახვარის შერიგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ამილახვარს ამ დროს განუდგა ქართლის მთავარეპისკოპოსი კირილე II, რომელიც მანამდე მასთან ერთად იმყოფებოდა სურამის ციხეში. ციხე საარტილერიო ცეცხლის გამო ძლიერ დაზიანდა და ალყას ვეღარ უძლებდა. 5 თვის ალყის შემდეგ ციხე დაეცა. ამილახვარი მოლაპარაკებაზე წავიდა თეიმურაზის მეუღლესთან, თამარ დედოფალთან და თეიმურაზ II-მ შაჰის მოთხოვნით ამილახვარი ირანში გაგზავნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 466.
- ბერძენიშვილი, ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965
- გვრიტიშვილი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში (გივი ამილახვრის აჯანყება), «მიმოხილვა», 1953, [ტ.] 3.
- ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 60-75.