ქამალ ჯუმბლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამალ ჯუმბლატი
არაბ. كمال جنبلاط
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი 1917
დაბადების ადგილი შუფი, მთიანი ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 16 მარტი 1977 (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი შუფი, მთიანი ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება წმინდა იოსების უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, ლიბანის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი Licentiate
რელიგია დრუზი
პარტია ლიბანის პროგრესულ-სოციალისტური პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი, ადვოკატი
მამა ფუად ჯუმბლატი
დედა ნაზირა ჯუმბლატი
მეუღლე/ები May Arslan
შვილ(ებ)ი ვალიდ ჯუმბლატი
ჯილდოები საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის"

ქამალ ჯუმბლატი  (არაბ.: كمال فؤاد جنبلاط‎; 6 დეკემბერი 1917 – 16 მარტი 1977) —  გამოჩენილი ლიბანელი პოლიტიკოსი, ლიბანის პროგრესული სოციალისტური პარტიის (პსპ) დამფუძნებელი, სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი, ლიბანის დრუზთა თემის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ლიდერი. ლაურეატი საერთაშორისო ლენინური პრემიისა "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის"  (1972). იგი ეკუთვნოდა ქურთული წარმოშობის გავლენიან ლიბანურ ოჯახს, ჯუმბლატებს (ჯანპოლადოვს), რომელიც XVI საუკუნიდან იყო ცნობილი. ლიბანელი პოლიტიკოსის.ვალიდ ჯუმბლატის მამა.[1][2][3]

ქამალ ჯუმბლატი ხელმძღვანელობდა "ლიბანის ნაციონალურ პატრიოტულ ძალებს" - რიგი ლიბანური პარტიებისა და მოძრაობების ალიანსს ("ლიბანის კომუნისტური პარტია (LCP)", "არაბი ნაციონალისტების მოძრაობა" (DAN) "," BAAS ", SSNP," Murabitun ”,” კომუნისტური მოქმედების ორგანიზაცია ”და სხვები), წამოაყენა პოლიტიკური რეფორმების პროგრამა და მოითხოვა ხელისუფლების ორგანიზების არსებული კონფესიური სისტემის სერიოზული შეცვლა, ქვეყნის ქრისტიანული საზოგადოების უფლებების შეზღუდვა. ჯუმბლატის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნამდვილი მიზეზი იყო მისი მგზნებარე სურვილი გამხდარიყო ლიბანის პრეზიდენტი, რაც არ დაუშვა სახელმწიფოს ეთნო-კონფესიურმა სისტემამ ეროვნული პაქტის საფუძველზე.

1961-64 და 1970-76 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან ლიბანის კომუნისტური პარტიის და სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის ლეგიტიმაცია მოახდინა,  რომლებიც შემდგომ პროგრესულ-სოციალისტური პარტიის (პსპ )მოკავშირეები გახდნენ ლიბანის სამოქალაქო ომში.[4]

ლიბანის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის 13 აპრილს ბეირუთში მოხდა შეიარაღებული შეტაკებები  პალესტინელ ბოევიკებს და მემარჯვენე ქრისტიან ფალანგისტ მილიციას შორის, რომელიც მალე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში. პარტიების სპოზიციები დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყო: მაშინ, როდესაც მემარჯვენე ქრისტიანები მოითხოვდნენ ჯერ ძალადობის შეჩერებას, შემდეგ კი ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას, ლიბანის ნაციონალურ პატრიოტულ ძალების (NPF) განცხადება იყო „ მშვიდობა არ იქნება, სანამ რეფორმები არ განხორციელდება“.[5]

1976 წლის იანვარში, ჯუმბლატმა და ნაციონალ-პატრიოტული  ძალების (NPF) სხვა ლიდერებმა ლიბანელი მუფთის ჰასან ხალედის სახლში შეხვედრის შემდეგ, დახმარების თხოვნით მიმართეს სირიის პრეზიდენტს ჰაფეზ ასადს, რადგან მას შემდეგ, რაც ქრისტიანულმა მილიციამ დაარბია პალესტინის სამხედრო ბაზები ბეირუთის რაიონებში კარანტინისა და მასლაჰის მხრიდან, ნაციონალ-პოლიტიკური ძალები და პალესტინელების შენაერთები მარცხის პირას იყვნენ. ასადის ბრძანებით, სირიაში განლაგებული პალესტინის განმათავისუფლებელი არმიის პალესტინის დივიზიები გაგზავნეს ლიბანში ნაციონალ-პატრიოტული ძალების დასახმარებლად. მას შემდეგ, რაც სირიიდან მიიღო დახმარება, ჯუმბლატმა განაცხადა ლიბანის საკითხის შეიარაღებული გზით მოგვარების შესახებ და პირობა დადო, რომ ლიბანის სისტემის  სრულ რევოლუციას მოახდენდა.[6][7]

1976 წლის თებერვალში, ჯუმბლატმა და ნაციონალ-პატრიოტული  ძალების ხელმძღვანელობამ უარყვეს სირიელების  შემუშავებული და პრეზიდენტისა და ქრისტიანი პოლიტიკოსების მიერ მიღებული "კონსტიტუციური დოკუმენტი", რომელიც გამოხატავდა მუსლიმური  თემის მოთხოვნების უმეტეს ნაწილს, მაგრამ ინარჩუნებდა ქვეყანაში თანამდებობების განაწილების არსებულ კონფესიურ სისტემას. დოკუმენტის მიხედვით დრუზ ჯუმბლატს ჩამორთმეული ჰქონდა პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება, რაც მხოლოდ  ქრისტიან მარონიტების წარმომადგენელის პრეროგატივა იყო.

1976 წლის მარტში ჯუმბლატმა და პალესტინის სარდლობამ  დაიწყეს ე.წ. "საგაზაფხულო შეტევა" მთიან ლიბანში ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონზე. განსხვავებით მისი პალესტინელი მოკავშირეებისაგან, რომლებიც კომპრომისის მომხრეები იყვნენ,  ჯუმბლატი ლიბანის კონფლიქტის სამხედრო გზით  გადაწყვეტას,  მთიანი ლიბანის ქრისტიანებით დასახლებული ტერიტორიების აღებას დაჟინებით მოითხოვდა.

1976 წლის 27 მაისს აღმოსავლეთ ბეირუთში მოკლეს ქამალის და, ლინდა ატრაში. მის ბინაში უცნობი პირები შეიჭრნენ და დახვრიტეს.

ქამალ ჯუმბლატი ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან ერთად 1966 წ.

ჯუმბლატის შეურიგებელმა პოზიციამ და მისმა მცდელობებმა  ქრისტიანებთან ომი მოეგო  სხვა თემების წარმომადგენლების ხელით, მასთან დაახლოებული პოლიტიკოსების მხრიდანაც კი კრიტიკა გამოიწვია.  მაგალითად, ლიბანელი შიიტების სულიერმა ლიდერმა, მუსა სადრმა  იგი დაადანაშაულა ომის გაჭიანურებასა და  "ქრისტიანებთან დაპირისპირებაში" [8]. ლიბანის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ცნობილმა სუნიტმა პოლიტიკოსმა საიბ სალამმა ჯუმბლატს უწოდა "მემარცხენეების ფასადი, რომელსაც სურს ყველაფრის განადგურება" და გააფრთხილა, რომ მუსლიმები უფლებას არ მისცემენ ჯუმბლატს მათი სახელით რომ ისაუბროს და პალესტინელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს ამის გაკეთების ნება რომ დართეს[9]. ჯერ კიდევ 1975 წლის ივნისში, იასერ არაფატმა, მარონიტი ლიდერების წარმომადგენლებთან საუბრისას, თქვა, რომ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას  არავითარი ანტაგონიზმი არ აქვს მარონიტების მიმართ. მან  ჯუმბლატს და ლიბანელი მემარცხენეებს ექსტრემიზმში დასდო ბრალი.  ჯუმბლატის პოზიციის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ასადი. ჰაფეზ ასადის აზრით, ეს არ იყო პროგრესული ძალების ბრძოლა რეაქციონერების წინააღმდეგ. ჯუმბლატის მიზანი იყო მარონიტებზე სექტანტური შურისძიება ბოლო 140 წლის განმავლობაში ლიბანში მათი ბატონობის გამო.[10][11]

ივნისში, სირიის სამშვიდობო ძალები შევიდნენ ლიბანში  ქრისტიანულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სწრაფად დაამყარეს კონტროლი ნაციონალ-პატრიოტული  ძალების და პალესტინელების მიერ კონტროლირებად ყველა უბანზე, მათ ალიანსს გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს. ჯუმბლატის სასოწარკვეთილი მცდელობა, მოლაპარაკება ეწარმოებინა  ქრისტიანებთან  ლიბანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ელიას სარქისის შუამავლობით  ეროვნულ შერიგებაზე და სირიის ძალების წინააღმდეგ  ერთობლივ მოქმედებაზე,   წარუმატებლად დასრულდა. წარუმატებელი აღმოჩნდა ჯუმბლატის მიმართვები სხვა არაბული სახელმწიფოებისა და საფრანგეთისადმი, რომ დახმარება აღმოეჩინათ სირიის ჯარებთან დაპირისპირებაში.

როდესაც დაინახა, რომ ლიბანის სახელმწიფო სისტემის ძალადობრივად შეცვლის მცდელობა კრახით დასრულდა, ჯუმბლატი განზე გადგა. თუმცა დაუფიქრებლად დაიწყო აგრესიული თავდასხმები სირიის ალავიტ ხელმძღვანელებზე.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის 16 მარტს ბეირუთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შაფის რაიონში, როდესაც ჯუმბლატი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით  გადაადგილდებოდა, მძღოლთან და დაცვასთან ერთად,  სამმა პირმა „პონტიაკის“ ერაყული სანომრე ნიშნებით   გზა გადაუკეტა და ავტომატის ჯერი დაახალა თავისა და მკერდის არეში.[12]

მკვლელების ვინაობა დაუდგენელი დარჩა, სავარაუდოდ ისინი იყვნენ პროსირიული- სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის  (SSNP) მებრძოლები. შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა დრუზებმა  ძლიერ მტერზე თავდასხმა ვერ გაბედეს და მკვლელობის ადგილის მიმდებარე სოფლებში  ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. მოკლეს 177 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ ჯუმბლატის მკვლელობასთან, მათ შორის ქალები და ბავშვები . გაანადგურეს სოფელი დეირ-დურიტი. აღმოსავლეთ ბეირუთისა და მთიანი ლიბანის ქრისტიანულ რეგიონებში ჯუმბლატის გარდაცვალების ამბავს  სიხარულით შეხვდნენ.[13][14]

2005 წელს ლიბანელი კომუნისტების ლიდერმა და  ჯუმბლატის ერთგულმა თანამოაზრემ ჯორჯ ჰავიმ ჰეფეზ ასადის ძმა-რიფაატი მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა.  რამდენიმე დღის შემდეგ  ჯორჯ ჰავი მანქანაში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]