ქალი სარკეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალი სარკეში
Женщина в зеркале Абашели.jpg
რუსული გამოცემის პოსტერი (1961)
ავტორი ალექსანდრე აბაშელი
ილუსტრატორი სპირიდონ ცინცაძე, ა. ბანძელაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
თემა უცხო ცივილიზაცია
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამოცემის თარიღი 1930
გვერდი 200

ქალი სარკეშიალექსანდრე აბაშელის ფანტასტიკური რომანი, რომელიც 1930 წელს გამოიცა. ნაწარმოები მეორედ 1961 წელს გამოსცა "ლიტერატურა და ხელოვნებამ", 1968 წელს ნაკადულმა, მეოთხედ მცირე ტირაჟით 1981 წელს გრიგოლ აბაშიძის რედაქტორობით გამოსცა უცნობმა გამომცემლობამ. ბოლოს კი რომანი დაიბეჭდა სერიაში „ქართული საბჭოთა რომანი“[1], რომელშიც ასევე დაიბეჭდა კიდევ ერთი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა, ივანე ყიფიანის "ამონი, ანუ ათასი წლის შემდეგ". „ქალი სარკეში“ ამ ჟანრის ერთ–ერთი პირველ ნიმუშადაა მიჩნეული საქართველოში. ნაწარმოები თარგმნილია რუსულად და დღემდე უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე საქართველოში, რაზეც მეტყველებს მისი გამოცემების სიმრავლეც.[2] რომანი დაყოფილია რამდენიმე პირობით ნაწილად. პირველ ძირითად ნაწილში მოქმედება მიმდინარეობს დედამიწაზე, მეორე კოსმოსში, ხოლო მესამე, ყველაზე მცირე – მარსზე.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე აბაშელმა რომანი ქალი სარკეში 1930 წელს გამოაქვეყნა. რასაც მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. მწერალს აქამდე მხოლოდ მისი ლექსების კრებულებით იცნობდნენ.

რომანი ითვლება ერთ–ერთ პირველ სამეცნიერო ფანტასტიკად არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში. რომანის ერთ–ერთ გამოცემაში, რომელთან ერთად ივანე ყიფიანის „ამონიც“ შევიდა, რედაქტორები არიან გურამ გვერდწითელი და გურამ ფანჯიკიძე, ავტორი ასევე გახმაურებული და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფანტასტიკური რომანისა „სპირალი“.

ისინი შესავალში წერენ, რომ აბაშელის რომანი „ქალი სარკეში“ და ყიფიანის „ამონი, ანუ ათასი წლის შემდეგ“ ქართულ ლიტერატურაში მეცნიერულ–ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოების შექმნის პირველი ცდებია. მათი თქმით, ამ რომანების დაწერიდან დიდმა დრომ განვლო. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია. ბევრი რამ ფანტაზიიდან დღეს უკვე სინამდვილეს წარმოადგენს: ხალხის მშვიდობიან სამსახურშია ატომი, წარმატებით განხორციელდა დედამიწის თანამგზავრის გაშვება, ადამიანის ფრენა კოსმოსში. ამ და სხვა მიზეზების გამო კი მკითხველს შეიძლება ზოგიერთი რამ გულუბრყვილოდ მოეჩვენოს.[3]

რომანი ითარგმნა რუსულადაც და გამოიცა მოსკოვში 1961 წელს გამომცემლობა „Заря Востока“-ს მიერ.[4]

წიგნის სხვადასხვა გამოცემის ილუსტრაციები ეკუთვნით სპირიდონ ცინცაძეს და ა. ბანძელაძეს.[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული გამოცემის ილუსტრაცია
რუსული გამოცემის პირველი გვერდის ილუსტრაცია

1930 წელია. საქართველო. ინჟინერი გურგენ კამარელის კაბინეტში შემოდის მდივანი და ატყობინებს, რომ სტუმარი ელოდება – ინჟინერი ვაისმანი. ინჟინერი დათანხმდება მასთან შეხვედრას. ვაისმანი კამარელს შეატყობინებს მისი ახალი გამოგონების შესახებ, რომელიც ქართველის მეცნიერულმა ნაშრომმა შთააგონა და ამიტომ ეს ელექტრო ტექნოლოგია მისი სახელობის უნდა იყოს. დიდი ხნის კამათის შემდეგ კამარელი დათანხმდება უცხოელს. მალე მოიწვევენ კრებას, გააცნობენ ახალ ტექნოლოგიას, რომელიც სრულიად ცვლის ელექტრონული ძრავების აწყობის სპეციფიკას. უცხოეთიდან ჩამოვლენ მეცნიერები და შეათანხმებენ ცდის ჩატარების დროს. მალე მოეწყობა ახალი ძრავით აგებული საფრენი აპარატების გამოცდა. საქართველო მსოფლიო მეცნიერების ცენტრად იქცევა.

ამ დიდი წარმატების შემდეგ ვაისმანი დატოვებს კამარელს და უცხოეთში გაემგზავრება. ქართველ მეცნიერს დააინტერესებს უცხოელის ასეთი ნიჭი და იდუმალება და მის კაბინეტში დაუკითხავად შევა. აქ ის წააწყდება ერთგვარ სარკეს, რომელშიც გამოჩნდება ქალის გამოსახულება. კამარელს ერთი ნახვით შეუყვარდება ეს ქალი და ყველანაირად შეეცდება ამ საიდუმლოს გამოცდას თუმცა უშედეგოდ. გურგენი ქალს გლობუსს მიუტანს და დაანახვებს. ქალიც ანალოგიურად აიღებს გლობუსს, რომელიც თითქმის მთლიანად ყავისფერია. გურგენს ყველანაირი იმედი გადაეწურება, რადგან ეს მარსის გლობუსი აღმოჩნდება. მალე ვაისმანიც დაბრუნდება უცხოეთიდან და საიდუმლოს ნათელს მოჰფენს. ის კამარელს გაუმხელს, რომ მარსიდანაა გამოგზავნილი დიდი მისიით და ეს ქალი მისი მეგობარი მარსელი ასტრონომია.

ვაისმანი გაუმხელს კამარელს მის მიერ გამოძიებულ მასალებს. აღმოჩნდება, რომ ერთი საუკუნით ადრე გაუჩინარებული ბიელას კომეტა 1933 წელს დედამიწას დაეჯახება. ამ კომეტის აცილების მიზნით გამოგზავნეს მარსელი დედამიწაზე. ინჟინრები კვლავ მოიწვევენ მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და შეატყობინებენ ამ სავალალო მდგომარეობას. მალევე ატყდება პანიკა. რომის პაპი ხალხს ლოცვისკენ მოუწოდებს. ბევრი ამ მოვლენას მეორედ მოსვლას უწოდებს, ზოგი კი ღვთიურ სასჯელს. ამასობაში ინჟინრები ახალ თეორიას შეიმუშავებენ – "დედამიწის დამუხრუჭებას". რომლისთვისაც დასჭირდებათ პლანეტის ქერქების სხვადასხვა ნაწილებში მეტალის უზარმაზარი სარტყელების დაჭედება და შემდეგ ამ ნაწილების აფეთქება, ბრუნვის დროებით შესაჩერებლად. ამ იდეის გაჩენისას დაჯახებამდე 7 თვე იქნება დარჩენილი, თუმცა დედამიწის მოსახლეობა 5 თვეში შეასრულებს ამ სამუშაოს. ერთობლივ მუშაობას დროდადრო ხელს შეუშლის საერთაშორისო პანიკა, თუმცა საბოლოოდ კომეტას თავს აარიდებენ.

დედამიწის გადარჩენა მთელს კაცობრიობაში მშვიდობას მოიტანს. მარსელები დედამიწელებს სთხოვენ რამდენიმე მილიონ კვადრატულ ლიტრ წყალს, რის შემდეგაც წყლის დონე 3 მეტრით დაიწევს. როცა მეორედ მოითხოვენ იგივეს მარსელები, დედამიწის მოსახლეობა სხვადასხვანაირ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ზოგიერთი პოლიტიკოსი განაცხადებს, რომ ეს მარსის ფარული ქმედება მომოვალში კოლონიად გადააქცევს დედამიწას და პლანეტის მართვას უცხო ცივილიზაცია დაიწყებს. ინჟინერი კამარელი კი აქტიურად იცავს მარსელებს და აცხადებს, რომ დედამიწამ მეოთხედი წყალიც რომ გასცეს მარსისთვის, ეს ოდნავაც არ დააზიანებს მას. მარსთან კი ურთიერთობის გამყარებაში წაადგება.

1933 წლის ბოლოს გადაწყდება მარსზე დელეგაციის გაგზავნა ხომალდ "რაუნიტის" მეშვეობით, რომლის პილოტიც დედამიწაზე მყოფი ერთადერთი მარსელი – გუსტავ ვაისმანი იგივე მარსულად კარო იქნება. ლონდონის საერთაშორისო სხდომის შემდეგ შეირჩევა სამი პოლიტიკური პირი, რომლებიც მიიღებენ მარსზე გაფრენის უფლებას – რამზეი მაკდონალდი, არისტიდ ბრიანი და მისტერ დინგვეი. ეკიპაჟის მნიშვნელოვანი პირი კი ინჟინერი გურგენ კამარელი იქნება. ფრენა რამდენიმე კვირას გასტანს. დელეგაციის წევრები ხომალდზე შეიცნობენ უწონადობის უცნაურ მოვლენას. მარსზე მათ დიდი პატივით შეხვდებიან. ჩააცმევენ სპეციალურ სკაფანდრებს, რათა წნევის ნაკლებობით სტუმრები არ დაიღუპონ. კამარელს "სასტუმროს ნომერში" მოათავსებენ და შეატყობინებენ რომ გედა ნუავეს მალე იხილავს. მალე შემოვა მარსელი ქალი და კამარელიც ოცნებებში გადაეშვება. თუმცა გამოეღვიძება. მას საოცარი სიზმარი უნახავს. მოახლე შეატყობინებს, რომ მას ვიღაც კაცი ეწვია და ელოდება. კამარელი შეხვედრას თანხმდება. კაცი მალე შემოვა და გაეცნობა – „ინჟინერი ვაისმანი“.

ფაბულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნოლოგიები: ნაწარმოებში არის წარმოდგენილი ახალი ატომური ძრავა, რომელიც ელექტრონების მოძრაობაზეა დაფუძნებული. მეცნიერები ამის მეშვეობით აგებენ რამდენიმე საცდელ თვითმფრინავსა და მანქანას და ცდილობენ გაზარდონ როგორც მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ასევე მათი სისწრაფე და ენერგია. საბოლოოდ მარსზე გასაშვებად ისინი ანალოგიურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ და ააგებენ "გედას" – კოსმოსურ ხომალდს. თუმცა გაფრინდებიან კაროს ხომალდით – "რაუნიტი". მას შეუძლია ცენტრიდანული ძალის გამოყენებით ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნა კოსმოსური ხომალდის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო. რომანში აღწერილი ე.წ. სარკე არის დღევანდელი ტელევიზიის(ტელევიზორის) პროტოტიპი. აბაშელს აღწერილი აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შეიძლება ათეულობით კილომეტრით დაშორებული წერტილიდან უბრალო სხივის მეშვეობით გადმოიგზავნოს გამოსახულება.

სიყვარული: რომანი არ არსებობს სიყვარულის გარეშე. მთელი რომანის განმავლობაში მარსელ ასტრონომ გედა ნუავეზე შეყვარებული გურგენ კამარელის ძირითადი ამოცანა ყველაფრის მიუხედავად მისი ხილვაა. მას სიყვარული ამოძრავებს და უბიძგებს ვაისმანთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული სამუშაო. გურგენ კამარელს ერთი ნახვით ის ქალი შეუყვარდება, რომელსაც არ იცნობს და იხილავს მისთვის უცნობ სარკის გამოსახულებაში. საბოლოოდ კამარელი სიყვარულს მაინც ვერ მისწვდება.

ხალხი: ნაწარმოებში იგრძნობა, რომ ადამიანები ჯერაც არ არიან განვითარების იმ სტადიაზე, რომ შეიცნონ უცხო ცივილიზაციის არსებობის შესაძლებლობა. ისინი კვლავ სხვადასხვა მიზეზს ეძებენ ბუნებრივი კატაკლიზმის ასახსნელად(მაგ: მეორედ მოსვლა, ღვთიური სასჯელი), საეკლესიო პირები და რომის პაპი ფაქტობრივად მხოლოდ ლოცვისკენ მოუწოდებენ ხალხს, და არანაირი მოქმედების მცდელობა არ შეინიშნება თავის გადასარჩენად. რომანში ნათლად ჩანს, რომ პატარა სახიფათო მოვლენაც, კი უარყოფითად აისახება ადამიანებზე და ისინი გადარჩენის ყოველგვარ იმედს კარგავენ. ასეთ მომენტებში კი ყველაფერს თავის თავზე რამდენიმე მეცნიერი იღებს და ხალხიც მას ბრმად მიჰყვება.

ერთიანობა: რაც არ უნდა იყოს, ასეთი მასშტაბური მოვლენა დედამიწის მოსახლეობას აერთიანებს, რაც კარგად გამოჩნდა რომანში. ხალხი ერთიანდება, ერთად ლოცულობს, ერთად გლოვობს, ერთად აღფრთოვანდება, ერთად გამოხატავს უკმაყოფილებას (თუნდაც მარსელებისთვის წყლის მიცემის ფაქტის შემთხვევაში). ამ ერთიანობით განხორციელდა კამარელისა და გუსტავ ვაისმანის იდეა, დედამიწის დამუხრუჭება, რკინის სარტყელის მეშვეობით. ეს კაცობრიობის დადებითი თვისებაა.

კოსმოსური ფრენები: ნაწარმოების გამოქვეყნების დროს ჯერ კიდევ არ იყო გაშვებული ხომალდი დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. ეს ნაწარმოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოხდა. ალექსანდრე აბაშელს თითქმის ზუსტად აქვს აღწერილი კოსმოსური ხომალდის შიდა ნაწილი, უწონადობის მოვლენა და ცენტრიდანული აჩქარება. მან აღწერა ის მოვლენა, რომელიც გამოყენებული აქვს ნაწილობრივ სტენლი კუბრიკს ფილმში – 2001: კოსმოსური ოდისეა და კრისტოფერ ნოლანს ფილმში – "ვარსკვლავთშორისი". პირველ მათგანს, ისევე როგორც მის პირველწყაროს ართურ კლარკის რომანს – 2001: კოსმოსური ოდისეას საზოგადოება 1968 წელს გაეცნო. ხოლო ნოლანის ფილმი 2014 წელს გამოვიდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ აბაშელმა ერთ–ერთმა პირველმა აღწერა კოსმოსური ხომალდი ასე დეტალურად.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურგენ კამარელი - ქართველი 30 წლის ინჟინერი. ის თავისი მეცნიერული ნაშრომებით უცხოეთშიც გაითქვამს სახელს. ერთ–ერთი ასეთი ნაშრომით დაინტერესდება ამერიკელი ინჟინერი გუსტავ ვაისმანი და მას თბილისში ჩამოაკითხავს.
  • გუსტავ ვაისმანი - ამერიკელი ინჟინერი. მარსული სახელი – კარო. სინამდვილეში მარსელი აღმოჩნდება. მას გასაიდუმლოებული მისიით გამოაგზავნიან მარსიდან ამერიკაში. შემდეგ ის გაეცნობა კამარელის ნაშრომს და მისი საშუალებით ახალ ელექტრონულ ტექნოლოგიას გამოიგონებს, რომელიც ძრავას გააძლიერებს.
  • გედა ნუავე - ქალი სარკეში. მარსელი ქალი ასტრონომი. ის სპეციალური ეკრანის საშუალებით ეკონტაქტება ინჟინერებს. საბოლოოდ მას და კამარელს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ნუავე მარსულად ცხრათვალას ნიშნავს. ეს წოდება მან ცხრა ლინზიანი ტელესკოპის გამოგონებისთვის მიიღო.
  • ბაკურ შავარდნაძე - კამარელის ბრძანებით აგებული თვითმფრინავების საცდელი პილოტი.
  • რამზეი მაკდონალდი - ლონდონის დელეგაციის წევრი, რომელიც ხომალდ "გედას" გაჰყვება მარსზე.
  • არისტიდ ბრიანი - ლონდონის დელეგაციის წევრი, რომელიც ხომალდ "გედას" გაჰყვება მარსზე.
  • მისტერ დინგვეი - ლონდონის დელეგაციის წევრი, რომელიც ხომალდ "გედას" გაჰყვება მარსზე.

მარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში აღწერილი მარსი სხვა ფანტასტიკურ რომანებთან შედარებით არც ისე განსხვავებულია. რეი ბრედბერის აღწერილ მარსზე ცხოვრობდნენ ოქროსფერი კანის მფლობელი ჰუმანოიდები, რომელიც ბევრად იყვნენ ადამიანებზე განვითარებული, თუმცა დედამიწელების პირველი ექსპედიციის შემდეგ, რომელმაც მარსზე ვირუსი ჩაიტანა, ცივილიზაცია სრულად განადგურდა. თუმცა დარჩა მათი აშენებული ქალაქები, რომლებიც ძალიან ჰგავდა დედამიწის ქალაქებს. საბოლოოდ მარსი ადამიანების ხელში გადავიდა. აბაშელის შემთხვევაში, მარსზე მისი დედამიწასთან მსგავსების გამო, ანალოგიური ადამიანის რასა განვითარდა. ერთ–ერთ თავში ჩანს, რომ მარსელებს უკვირთ, თუ როგორ წარმოიქმნა დედამიწაზე განვითარებული ცივილიზაცია ამდენი წყლის გარემოცვაში. ერთადერთი მათი განსხვავება წნევის და ტემპერატურის შეგუებულობაში გამოვლინდა. ამიტომ მარსზე ჩასულ დედამიწელებს სპეციალური დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა მოუწიათ.

რომანში არსებული მარსულ სიტყვათა ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ობრა – დედამიწა
  • ედონი – ფობოსი
  • გუანა – დეიმოსი
  • ნუავე – "ცხრათვალა". ასე უწოდეს გედას იმიტომ, რომ მან ააგო ტელესკოპი ცხრა ლინზით მორთული ლინზების მრავალგვარი კომბინაციის საშუალებით ტელესკოპში შეერთებული იყო რეფრაკტორისა და რეფლექტორის ფუნქციები. ლინზებში იყო სამი მიკროსკოპი და ორი სარკე
  • რაუნიტი – კაროს კოსმოსური ხომალდი
  • აზა – მზე
  • მარსზე დროის აღრიცხვისთვის სპეციალური აღნიშვნა შემოიტანეს. მაგ: CD-18-17 არის 1924 წლის აგვისტო.
  • სუანერი – ლურჯი ყვავილი "ობრას ყვავილად" წოდებული'
  • ბიმუდუ – ვაშლის მაგვარი ხილია
  • პლანეტა ზერ B 17 - ასტეროიდი ვესტა
  • ნოგოსუ – ასტეროიდი ეროსი
  • პლანეტა ნირი – ვენერა
  • ორე – მთვარე

ფაქტები და მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ წარმოდგენილი ფაქტები 1933 წელს არა, მაგრამ დღეს უკვე ახდენილია. თუმცა მრავალი მოვლენა ტექნიკურად დაუზუსტებელი. ერთ–ერთ თავში, როცა პერსონაჟები მარსზე მიემგზავრებიან, ავტორი ახსენებს ჰერბერტ უელსისა და ჟიულ ვერნის ფანტასტიკურ რომანებს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთავარი პერსონაჟის, გურგენ კამარელის პროფესიის არჩევაში. იმ დროისთვის ჯერაც არაპოპულარული იყო სამეცნიერო ფანტასტიკა საბჭოთა კავშირში, თუმცა როგორც ცნობილია, სტალინს მოსწონდა უელსი და 1934 წლის შეხვედრის შემდეგ ბრძანა მისი ნაწარმოებები ეთარგმნათ რუსულად.[6] მიუხედავად იმისა,რომ ქალი სარკეში ბევრად ადრე 1930 წელს დაიწერა, ბიოგრაფიული ცნობებით ალექსანდრე აბაშელი ფლობდა ინგლისურ ენას და მას შეეძლო გაცნობოდა უელსის ნაშრომებს. ამ დროს ასევე პოპულარული იყო ჟიულ ვერნი. სავარაუდოა, რომ "ქალი სარკეში"–ის დაწერა სწორედ ამ ორმა ავტორმა შთააგონა ქართველ მწერალს.

ახდენილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო სათანამგზავრო კომუნიკაციები,
  • კოსმოსური ხომალდის არსებობა
  • ელექტრონული ძრავების არსებობა
  • ატომური იარაღის არსებობა
  • ცენტრიდანული ძალის გავლენით ხელოვნური მიზიდულობის ძალის შექმნა
  • სკაფანდრის მსგავსი ტანსაცმლის არსებობა. რომანში სკაფანდრის მაგივრად მარსელები დედამიწელ სტუმრებს აცმევენ სპეციალურ ტანსაცმელს, რათა დაბალი წნევისა და ტემპერატურისაგან დაიცვას ისინი.
  • პლანეტის ატმოსფეროების კვლევა
  • ტელეეკრანის ნაირსახეობის არსებობა. აღსანიშნავია, რომ 1930 წელს ტელევიზია საბჭოთა კავშირში ჯერაც არ იყო გავრცელებული. ევროპაშიც ის 1930 წლებიდან გავრცელდა. თუმცა რომანში ის სრულიად სხვა სახითაა წარმოდგენილი. ნაწარმოებში ეკრანი შემოდის სარკის სახელით, რომელზეც გამოსახულება იგზავნება შორეული წერტილებიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარსიდან. დღეს უკვე ადვილად ხელმისაწდვომია ასეთი ტექნოლოგიები, მითუმეტეს ტელევიზია.

აუხდენელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უცხო ცივილიზაციის არსებობა და მასთან ახლო კონტაქტი. მრავალი ფაქტის მიუხედავად უცხოპლანეტელების არსებობა ოფიციალურად დაუდასტურებელია.
  • მარსზე სიცოცხლის არსებობა.
  • მარსზე ატმოსფეროს და ჰაერის არსებობა. მარსს თითქმის აღარ აქვს შერჩენილი ატმოსფერო.
  • მარსზე წყლის არსებობა მცირე დოზით. ეს ფაქტი ჯერაც დაუდასტურებელია
  • კოსმოსურ ხომალდთა თერმობირთვული თუ ბირთვული ძრავების არსებობა, (პროტოტიპები არსებობს, მაგრამ სერიული წარმოება არ დაწყებულა),
  • ხელოვნური გრავიტაციის არსებობა კოსმოსური ხომალდის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო. მართალია ეს თეორიულად შესაძლებელია თუმცა ჯერ არ განხორციელებულა. მაგალითისთვის, იგივენაირად მუშაობს[7] ცენტრიფუგა
  • მარსზე პოლარული ნათების არარსებობა. დიდი ხნის მანძილზე ეს მოვლენა შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა მეცნიერებმა 2015 წელს მარსზე ამის მაგალითი აღმოაჩინეს[8]

ილუსტრაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]