2001: კოსმოსური ოდისეა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2001: კოსმოსური ოდისეა
2001: A Space Odyssey
2001 NAL.jpg
ავტორი არტურ კლარკი
გარეკანის მხატვარი ეკა ტაბლიაშვილი
ქვეყანა აშშ
ენა ქართული
სერია ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი წიგნები ბათუმში
გამოცემის თარიღი 1968
მთარგმნელი ნოდარ კუპრავა, ირაკლი სულაძე
ქართულად გამოიცა 2015
მეორე ქართული გამოცემა, 2015

2001: კოსმოსური ოდისეა“ (ინგლ. 2001: A Space Odyssey) — ართურ კლარკის საყოველთაოდ საკულტო, ეპიკური სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები, პირველი წიგნი, რომლითაც იხსნება ტეტრალოგია (სხვა კლასიფიკაციით პენტალოგია) „კოსმოსური ოდისეა“, რომელიც თავის მხრივ ოქტალოგია (სხვა კლასიფიკაციით სეპტალოგია) „ოდისეის“ პირველ, სივრცით ნაწილს წარმოადგენს. ნაწარმოები ჩაფიქრებული იყო იგივე სახელწოდების მქონე ფილმის სცენარად, რომელიც გადაიღო სტენლი კუბრიკმა. წიგნი გამოქვეყნდა ფილმის გადაღების შემდეგ 1968 წელს.

ნაწარმოებს გააჩნია წინარეისტორია, რომელიც წარმოდგენილია სამი მოთხრობის სახით — „გუშაგი“, „ექსპედიცია დედამიწაზე“ და „შეხვედრა განთიადისას“. ეს სამივე მოთხრობა უფრო ადრე დაიწერა (1948, 1949 და 1953 წლები შესაბამისად).

ქართულად პირველად ითარგმნა 1974 წელს ნოდარ კუპრავას მიერ 1970 წლის რუსული, ნორი გალის ცნობილი თარგმანიდან. რუსულმა და შესაბამისად ქართულმა გამოცემებმა განიცადა ცენზურის სასტიკი თავდასხმა. მთელი რიგი ადგილები შეიკვეცა, ხოლო ბოლო სამი თავი საერთოდ ამოიღეს. 2015 წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ ხელმეორედ გამოსცა ახალი ქართული თარგმანი, რომლის თარგმნა ამჟამად პირდაპირ დედნიდან მოხდა, შეკვეცილი ადგილები გასწორდა, ხოლო ამოღებული სამი თავი დაბრუნდა. ნოდარ კუპრავას ძირითადი ტექსტი დედანს შეადარა და შეავსო ირაკლი სულაძემ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხრობა იწყება ისტორიამდელ, გეოლოგიურ წარსულში-აფრიკაში. აქ, სამი მილიონი წლის წინ, პლეისტოცენში გვალვით გადახრუკულ სავანაში შიმშილი არსებობის ზღვარზე ამყოფებს ჩვენს უძველეს წინაპრებს-პითეკანთროპებს-გარდამავალ ფორმას მაიმუნს და პირველყოფილ ადამიანს შორის. როგორც ჩანს, ევოლუციის უმოწყალო სრბოლა პითეკანთროპებს მათში მბჟუტავ გონებიც მცირე ნაპერწკლიანად სამუდამოდ გადააშენებს. მაგრამ ერთხელაც ეს ნახევრადმაიმუნები უეცრად უცნაურ, შავ ლოდს გადააწყდებიან, რომელიც არ იჭმევა და არც თავად წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. პითეკანთროპებს უმალვე გადააწყდებოდათ მისი არსებობა, რომ არა ამ შავი ლოდის, იდეალური მართკუთხა გეომეტრიის მქონე მონოლითის უცნაური საქციელი. იგი ატყვევებს პითეკაპანთროპებს, გამოსხივების გზით სწავლობს მათ გონებას და როცა დარწმუნდება რა რომ მათ სათანადო ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნიათ, უნერგავთ ცოდნას უმარტივესი შრომითი იარაღების შესახებ, რაც პითეკანთროპებს საშალებას აძლევს შიმშილი დაიკმაყოფილონ, მოწინააღმდეგო ტომი განდევნონ და თავისუფალი დროის გამოჩენის პირობებში აზროვნება დაიწყონ. ამით გზა ეყრება პითეკანთროპების გაადამიანურებისკენ მიმავალ შეუქცევად სვლას, რის შემდეგ მონოლითი უხმაუროდ ტოვებს იქაურობას.

გადის მილიონობით წლები. მთავრდება ერთი გეოლოგიური ეპოქა და იწყება მეორე. დგას 1999 წელი. მთვარეზე, კრატერ ტიხოს ფსკერზე ადამიანები მძლავრ მაგნიტურ ანომალის აღმოაჩენენ, რომლის გათხრის შემდეგ ისინი მონოლითს ამოთხრიან. ყველასთვის ცხადი ხდება რომ იგი დედამიწისმიღმიერი სიცოცხლის ფორმის მიერ არის შექმნილი. როგორც კი მილიონობით წლის მანძილზე დამარხულ მონოლითს მზის სინათლე ეკარება, იგი უმალვე მძლავრ ელექტრომაგნიტურ იმპულსს გასტყორცნის მზის სისტემის წიაღში. ასტრონომები ადგენენ რომ ეს იმპულსი მიმართულია სატურნის თანამგზავრ იაფეთისკენ და ნასას პროექტს, რომელიც ხომალდის აგებას ითვალისწინებდა იუპიტერის და მისი თანამგზავრების საკვლევად, მიმართულება სატურნისკენ ეცვლება.

ხომალდ „დისქავერის“ ბორტზე ხუთკაციანი ეკიპაჟის მთავარი წევრებია დეივიდ ბოუმენი და ფრენკ პული. მათი და ეკიპაჟის კიდევ სამი ადამიანი წევრის (კამინსკი, უაითჰედი და ჰანტერი) გარდა, რომლებიც ამჟამად ანაბიოზში იმყოფებიან, ხომალდის ნაწილია ხელოვნური ინტელექტი ჰალ-ი (ევრისტიკული ალგორითმი). სწორედ მან ეკიპაჟის სამ, ანაბიოზში მყოფ წევრების მსგავსად იცის ექსპედიციის ნამდვილი მიზანი-სავარაუდო შეხვედრა უცხო ინტელექტთან, მაგრამ ეკრძალება ამის გამხელა ბოუმენისა და პულისთვის, სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაღწევენ.

როცა სატურნზე მიღწევამდე სულ ერთი კვირაა დარჩენილი, ლოგიკური დილემით წარმოშობილი წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა სიმართლის თქმის მორალურ მოვალეობას და ნაბრძანებ სიცრუეს შორის ჰალ-ში პიკს აღწევს; მასში ლოგიკური გადახრები იწყება, რის შედეგად იგი კლავს ეკიპაჟის ყველა წევრს ბოუმენის გარდა, თუმცა, როგორც მეორე წიგნში „2010: ოდისეა ორი“ ირკვევა, ჰალ-ი მის მოკვლასაც სცდილობს. ბოუმენი ახერხებს ხომალდზე კონტროლის აღდგენას და ჰალ-ის მეხსიერებით პერფობარათებს თიშავს ბლოკიდან, რაც კომპიუტერისთვის ფაქტობრივად სიკვდილს უდრის. მარტოდმარტო დარჩენილი ბოუმენი იაფეთისკენ მიეშურება, რომელიც თავისებური ტელეპორტი, ვარსკვლავეთის კარიბჭე აღმოჩნდება. ბოუმენი კოსმოსის უცხო რაიონში გადაიტყორცნება, სავარაუდოდ საკმაოდ შორს მზის სისტემიდან. აქ იგი უეცრად სასტუმროს აბსოლუტურად ჩვეულებრივ ნომერში აღმოჩნდება. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.ბოუმენი ამჩნევს რომ მის ირგვლივ საგნების უმეტესწილი ბუტაფორია, მაგრამ ნაწილი სავსებით რეალურია. მაგალითად საწოლი და ქანცგაწყვეტილი ბოუმენიც გადაწყვეტს რომ მოვლენებში გარკვევამდე დაისვენოს და დაიძინოს.

გაღვიძებული ბოუმენი აღმოაჩნეს რომ სასტუმროს ნომერი გაქრა, იგი პირდაპირ გალაქტიკის ცენტრში, ღია კოსმოსში იმყოფება ხომალდის, სკაფანდრის და სხეულის გარეშე. მან მატერიალური სხეული დაკარგა-იქცა რა ენერგეტიკულ სუბსტანციად, რითიც უკვდავება და არნახული შესაძლებლობები მოიპოვა.

გონს მოსული ბოუმენი სინათლის სიჩქარეზე ბევრად სწრაფად ბრუნდება დედამიწაზე, სადაც მის ორბიტაზე მძრავ ატომურ ბომბს აფეთქებს. იგი ხვდება რომ რომელიღაც ზეძალამ დედამიწის მბრძანებლად, მის დამცველად და მოვლელად აქცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ნაწარმოები იგივე სიტყვებით მთავრდება, რაც პირველი ნაწილი „პირველყოფილ წყვდიადში“. სადაც პითეკანთროპების ბელადის მსგავსად, უსაზღვრო ძალაუფლება რომ მიენიჭა; ბოუმენმაც, დედამიწა რომ მიანდეს, არ იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს ამხელა ძალას და პასუხისმგებლობას; მაგრამ „რამეს აუცილებლად მოიფიქრებს“.

ფაბულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტექნოლოგიები“ ნაწარმოებში წარმოდგენილი ტექნოლოგიური ფონი ასახავს პრობლემებს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს შორის, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გაუწონასწორებელი მოქმედების მიზეზად ისევ და ისევ ადამიანისთვის დამახასიათებელი დილემები შეიძლება იქცეს, რომელსაც ადამიანი ინტუიტიურად ან შემოქმედებითად უძებნის გადაწყვეტას; ე. ი. ისეთი გზებით, რომელიც ხისტი ლოგიკით მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტისთვის უცხოა. ასეთი დაპირისპირება კი ადამიანისთვის შეიძება ფატალურადაც დამთავრდეს.

„ცივი ომი“ ნაწარმოებში იგრძნობა ცივი ომის, ზესახელმწიფოების დაპირისპირების თემა. ორბიტაზე მოძრავი ატმოური ბომბი, რომელსაც ნაწარმოების ბოლოს დეივიდ ბოუმენი აფეთქებს მისი ახლად შეძენილი შესაძლებლობების შემოწმების მიზნით, ამის ნათელი დადასტურებაა. უნდა აღინიშნოს, რომკლარკს და კუბრიკს შორის გარკვეული სხვადასხვაობა არსებობდა ამ ბომბის სცენის კონსტრუქციაზე.

„ევოლუცია“ ნაწარმოებს ფონად გასდევს ევოლუციის ბიოლოგია, როდესაც ადამიანი, როგორც სახეობა ვითარდება პირველყოფილი, პრიმიტიული პითეკანთროპიდან, თანდათანობით ხვეწს მის უნარ-ჩვევებს. მაგრამ მოულოდნელად მკითხველი აღმოაჩენს, რომ კაცობრიობა მოცემული, დღევანდელი სახით სულაც არ არის ევოლუციის საბოლოო შედეგი. ეს განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი ფაზაა. მაღალგანვითარებული უცხო ცივილიზაციის და დეივიდ ბოუმენის სახით ჩვენ ვხედავთ რომ ევოლუციის შემდეგ საფეხურს შეიძლება წარმოადგენდეს გონების გადატანა არაორგანულ სხეულში (კიბორგის ფენომენი), ხოლო მოგვიანებით, ნივთიერი სხეულისგან საერთოდ განთავისუფლება და თავისებური, ენერგეტიკული სახით არსებობა.

„კოსმოსური ფრენები“ ნაწარმოების შექმნის დროს, 1968 წელს ადამიანს მთვარეზე ჯერ არ დაედგა ფეხი. მიუხედავად ამისა, ფრენის სცენები დამუშავებულია უკიდურესად რეალისტური სიზუსტით. უნდა აღინიშნოს, რომ რომ პირველ ასტრონავტებს მთვარეზე ფეხის დადგმისას დიდი ცდუნება ჰქონდათ მართვის ცენტრში გადმოეცათ ხუმრობა შავი მონოლითის პოვნის შესახებ, თუმცა საბოლოოდ პროფესიონალიზმა გადასძალა და შედეგად არმსტრონგის ისტორიული სიტყვები მივიღეთ. ასტრონავტები ყოველთვის ეუბნებოდნენ კლარკს რომ მათ ზუსტად ისე იფრინეს და ზუსტად ის შეგრძნებები გამოსცადეს, რაც რომანშია აღწერილი. კლარკისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა.

ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„2001, კოსმოსური ოდისეა“ ხსნის ოქტალოგია (სხვა კლასიფიკაციით სეპტალოგია) „ოდისეას“. მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს „2010, ოდისეა ორი, 2061, ოდისეა სამი“ და „3001, საბოლოო ოდისეა“. ამით იხურება ოდისეას პირველი კოსმოსური ნაწილი და შემდეგ „2001, დაკარგული სამყაროების“ გავლით (რომელიც ზოგიერთი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ოდისეის სამყაროს, ზოგით კი არა) იხსნება სამნაწილიანი დროით ოდისეა - „დროის თვალი, მზის ქარიშხალი“ და ოქტალოგიის ბოლო, ფინალური წიგნი - „პირველქმნილები“.

სხვაობა ფილმთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა რომ ფილმი და წიგნი ერთდროულად იქმნებოდა, უნდა ითქვას რომ ფილმი წიგნის გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს და მასში ბევრი რამ გამოტოვებული ან გამარტივებულია. სხვაობა ფილმს და წიგნს შორის გამოწვეული იყო როგორც იმდროინდელი ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობებით, ასევე კლარკის და კუბრიკის შეხედულებების სხვადასხვაობით. ყველაზე დიდი სხვაობა მდგომარეობს დანიშნულების პლანეტის შეცვლასა (წიგნში სატურნი, ფილმში იუპიტერი) და ჰალ-ის სიკვდილის ვერსიაში. გარდა ამისა, ფილმში არის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი როგორც სტილისტურ0-დეკორაციული, ასევე შინაარსობრივი სხვაობები.

მაშინ როდესაც წიგნის სტილი უფრო თანმიმდევრული, თხრობით-ლოგიკურია, ფილმი უპირატესად ვიზუალურ ეფექტებს და თეატრალურ დეკორაციებს ემყარება. წიგნში პროფესორი ჰეივუდ ფლოიდი შთამბეჭდავი, ენერგიული და მიზანმიმართული პერსონაჟია, ფაქტობრივად თავად ავტორის განსახიერება. მაშინ როდესაც ფილმში უინტერესო და მოსაწყენი ფრენით დათრგუნული გმირი. იმ ფაქტმა რომ სატურნის რგოლების გადმოცემა იმდროინდელი ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების გამო ბევრად რთულდებოდა, გამოიწვია როგორც ფილმში, ასევე მომდევნო წიგნებში სატურნის იუპიტერით შეცვლა. მოგვიანებით ფილმის პროდიუსერმა, დაგლას ტრუმბალმა სატურნის უფრო დამუშავებული მოდელი თავის სადებიუტო ფილმში „მდუმარე სრბოლა“ გამოიყენა.

მნიშვნელოვანი განსხვავებებია ჰალ-ის, ფრენკ პულის და დეივიდ ბოუმენის ურთიერთობასა და ბოლოს ფრენკ პულის სიკვდილში. არსებითად განსხვავებულია მთავარი ანტენის AE-35 ბლოკთან დაკავშირებული სცენები. ასევე განსხვავდება წიგნის სცენა ფილმის სცენისგან, სადაც დეივიდ ბოუმენი იღებს გადაწყვეტილებას ჰალ-ის გათიშვის შესახებ. წიგნში ბოუმენი ცდილობს ეკიპაჟის დანარჩენი წევრების გაღვიძებას, როდესაც ჰალ-ი საჰაერო ტვირთმიმღების კარს აფეთქებს; ღია კოსმოსში გატყორცნილი ჰაერი ანაბიოზის ჰიპოთერმულ კამერებში მოთავსებულ ეკიპაჟს მყისიერად ჰკლავს და თავად ბოუმენიც სიკვდილის პირზე მიჰყავს. ფილმში მკვდარი ფრენკ პულის გადასარჩენად ბოუმენი კოსმოსში გადის და უკან დაბრუნებულს ხომალდზე ჰალ-ი აღარ უშვებს. სწორედ ეს ხაზი გრძელდება „2010, ოდისეა ორშიც“. ფილმში ჰალ-ის ასეთი ქცევა უფრო ინტრიგებითაა შემოსილი, მაშინ როდესაც წიგნში გარკვევით ნათქვამია, რომ ჰალ-ის ანომალური გადახრა წარმოქმნა დილემამ სიმართლის თქმის და სიმართლის დამალვის მოვალეობებს შორის.

წიგნში მონოლითი გამჭვირვალეა, ფილმში მთლიანად შავი. მოგვიანებით, დანარჩენ წიგნებშიც შავი მონოლითის იდეა ბატონდება. განსხვავებულია მონოლითის პროპორციებიც. წიგნისეული პროპორცია 1:4:9 -პირველი სამი რიცხვის კვადრატი ჩანაცვლებულია 0.65:4:9 და 1:6:14, რათა მონოლითი უფრო თხელი და მაღალი, და ამდენად, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.

ფილმში არ არის მოხსენიებული დეივიდ ბოუმენის ცნობილი ფრაზა, რომელიც აღმოჩენას აჯამებს: „ღმერთო ჩემო, ის სავსეა ვარსკვლავებით!“

კლარკის პროგნოზები 2001 წლისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახდენილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო სათანამგზავრო კომუნიკაციები,
  • „ჰილტონის“ სასტუმროთა ქსელი,
  • ელექტრონული პლანშეტი,
  • ტელეფონის ნომერთა ადრესაცია,
  • 2001 წელს კომპიუტერმა ადამიანს ჭადრაკში აჯობა,
  • ჯიბის კომპიუტერები-ფაქტობრივად თანამედროვე მობილური ტელეფონები, აიპადები, აიპოდები და სხვა პლანშეტები,
  • კომეტის (წიგნში ასტეროიდის) ბომბარდირება სამეცნიერო-კვლევითი ზონდებით,
  • ნაწარმოებში #7794 ასტეროიდი აღმოაჩინეს 1997 წელს. #7794 ასტეროიდი 1996 წელს აღმოაჩინეს, თუმცა პირველად მას 1980 წელს მიაკვლია ყირიმის ობსერვატორიამ და შემდეგ დაკარგა. ნაწარმოების მსგავსად, რეალური #7794 ასტეროიდიც ასტეროიდთა მთავარ სარტყელში მდებარეობს,
  • იუპიტერის ატმოსფეროს კვლევა,
  • ნაწარმოების შექმნის დროს (1968) ცნობილი იყო იუპიტერის 11 თანამგზავრის არსებობა, კლარკმა თანამგზავრების რიცხვი 36-მდე გაზარდა, თუმცა 2001 წელს იუპიტერის მხოლოდ 28 თანამგზავრის შესახებ იყო ცნობილი. ახლა (2015) ვიცით რომ მათი რიცხვი 67-ია და როგორც ჩანს, ეს რაოდენობა კვლავ გაიზრდება.
  • საბჭოთა კავშირის არარსებობა.

აუხდენელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ მცირე, ორი კოლონიის არსებობა მთვარეზე. სავარაუდოდ, პირველი კოლონია 2020-2025 წლებში დაფუძნდება,
  • პილოტირებული ფრენები მარსის ორბიტის მიღმა. პირველი პილოტირებული მისია საკუთრივ მარსზე 2020-2030 წლებში იგეგმება,
  • კომერციული ფრენები ღია კოსმოსში. ჯერჯერობით კომერციული ფრენები და ისიც დაბალ, გარეატმოსფერულ ორბიტებზე ახალი დაწყებულია,
  • იუპიტერის კვლევა მრავალრიცხოვანი თანამგზავრებით. ეს პროექტი მუშავდება,
  • ხელოვნურ თანამგზავრები რეალურად ჯერჯერობით შორს დგანან ნაწარმოებში აღწერილი რაოდენობის და მრავალფეროვნებისგან,
  • კომოსურ ხომალდთა თერმობირთვული თუ ბირთვული ძრავების არსებობა, (პროტოტიპები არსებობს, მაგრამ სერიული წარმოება არ დაწყებულა),
  • ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ინტონაციით ჯერჯერობით არ მეტყველებს,
  • ხელოვნური გრავიტაციის არსებობა კოსმოსური ხომალდის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო,
  • ანაბიოზის ტექნოლოგიები (ჰიპოთერმული კამერები).

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]