ფცის კოშკი
ფცის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის ცენტრში, მდინარე დასავლეთის ფრონის მარცხენა ნაპირზე. ერთი ხელნაწერი საბუთის ცნობით, კოშკი აგებულია 1799-1800 წლებში.
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 0,2 მეტრი) ნაგებია რიყის ქვით, ზოგან გამოყენებულია აგური. შემორჩენილია სამი სართული. ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული (დამხმარე სათავსი) შიგნით წრიულია (დიამეტრი 5,6 მეტრი) და გადახურულია კონუსური მაკარით. კედლებში დატანებულია კიბე, ნახევარწრიული ბუხარი, სამი სწორკუთხა ნიში და სამი სარკმელი. მეორე სართული საცხოვრებელი და სათავდაცვოა. იგი რვაგვერდაა და გადახურულია რომბებით მორთული შეკრული კამარით, რომლის ძირში ორი სარკმელია. კედლებში, კარისა და ბუხრის გარდა, დატანებულია სათოფურები, ოთხ წახნაგში და ნიშებია ორმაგი სათოფურებით. მესამე სართულიც წრიულია, გადახურვა ხის ჰქონდა. კედლებში ბუხარი და პატარა სწორკუთხა ნიშნებია ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. ჩრდილოეთ ფასადზე, კარის თავზე გამოსახულია ჯვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 403.