ფსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსოვი

თეთრთავა ფსოვი (Haliaeetus leucocephalus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ფსოვი
ლათინური სახელი
Haliaeetus (Savigny, 1809)

ფსოვი, თეთრკუდა არწივი (ლათ. Haliaeetus) — ფრინველთა გვარი ქორისნაირთა რიგისა. გავრცელებულია მთელ დედამიწის ზურგზე (გარდა სამხრეთ ამერიკისა).

მისი სხეულის სიგრძეა 75—100 სმ, ფრთების შლილი — 2—2,5 . მოიცავს 8 სახეობას, რომელთაგან გრძელკუდა ფსოვი (ლათ. Haliaeetus eeucorypnus) გავრცელებულია კასპიის ზღვიდან იმიერბაიკალამდე. თეთრმხრება ფსოვი (ლათ. Haliaeetus pelagicus) — წყნარი ოკეანის ნაპირებზე; თეთრთავა ფსოვი (ლათ. Haliaeetus leucocephalus) — კომანდორის კუნძულებზე; ჩვეულებრივი ფსოვი (ლათ. Haliaeetus albicilla) — ევრაზიაში, ისლანდიაში, გრენლანდიაში, ზამთრობით — ჩრდილოეთ აფრიკაში, იშვიათად საქართველოშიც. წინათ გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურსა და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენსა და თეთრი წყაროს მიდამოებში, ქვაბლიანსა და აჭარის წყლის სათავეებთან. ამჟამად მეტად მცირერიცხოვანია, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ცხოვრობს ზღვების, ტბების, მდინარეების ნაპირებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, იშვიათად კლდეში, დებს 1—3 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ფსოვი იკვებება თევზებით, ლეშით, წვრილი ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. მათი რაოდენობა ყველგან მკვეთრად მცირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]