შინაარსზე გადასვლა

ფრანკენშტაინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფრანკენშტაინი“

ავტორი მერი შელი[1]
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი 1 იანვარი, 1818[2] და 1818
წინამორბედი History of a Six Weeks' Tour
მომდევნო Valperga
პირველი გამოცემა, 1818.

ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე (ინგლ. "Frankenstein; or, The Modern Prometheus") — ბრიტანელი ავტორის, მერი ვოლსტოუნკრაფტ შელის 1818 წლის რომანი. ნაწარმოები მოგვითხრობს ვიქტორ ფრანკენშტაინის, ახალგაზრდა მეცნიერის, ისტორიას, რომელიც არაორდინალური სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად გონიერ არსებას ქმნის. შელიმ წიგნზე მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, 1818 წლის 1 იანვარს კი, როცა ავტორის 20 წლის იყო, ანონიმურად გამოქვეყნდა რომანის პირველი გამოცემა, ხოლო ავტორის სახელითურთ ნაწარმოები პირველად მკითხველმა პარიზში, 1821 წლის გამოცემაში იხილა.

შელიმ 1815 წელს ევროპის გარშემო იმოგზაურა, მოძრაობდა მდინარე რაინის გასწვრივ გერმანიაში და გაჩერდა გერნსჰაიმში, ფრანკეშტეინის ციხიდან 17 კილომეტრში, სადაც, ლეგენდის მიხედვით, ორი საუკუნის წინ რიგითი ალქიმიკოსი ექსპერიმენტებს ატარებდა.[3][4][5] ამის შემდეგ იგი გადადის ჟენევაში, შვეიცარიაში, სადაც წიგნის სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ვითარდება. ამ დროს იგი ხშირად საუბრობდა გალვანიზმე, სხვადასხვა ოკულტურ საკითხზე, საკუთარ შეყვარებულთან და მომავალ მეუღლესთან, პერსი შელთან ერთად. ცნობილია, რომ 1816 წლისთვის მერიმ, პერსიმ და ლორდ ბაირონმა მოაწყვეს ერთგვარი შეჯიბრი, თუ ვინ შეთხზავდა ყველაზე კარგ საშინელებათა ჟანრის ისტორიას.[6] დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მერიმ, ფრანკენშტაინს გადამხდარი ამბით შთაგონებულმა, გადაწყვიტა, სწორედ მასზე დაეწერა რომანი.[7]

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკენშტაინი გაჟღენთილია გოთიკური ლიტერატურისა და რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებით, ამერიკელი ავტორი და კრიტიკოსი - ბრაიან ოლდისი - აღიქვამდა მას, როგორც პირველ ნამდვილ სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიას. მისი მტკიცებით, სხვა, უფრო ძველი ნაწარმოებების გმირებისგან განსხვავებით, მთავარი გმირი იღებს მიზანმიმართულ გადაწყვეტილებას და ექპერიმენტთა უდიდეს ნაწილს ლაბორატორიაში ატარებს, რითაც იგი დიდ სამეცნიერო შედეგებს აღწევს.[8] რომანმა უდიდესი გავლენა იქონია როგორც ლიტერატურაზე, ისევე პოპ-კულტურაზეც; თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ჩამოაყალიბა საშინელებათა ისტორიების, ფილმებისა და პიესების სრული ერთობა - ანუ, სხვაგვარად, საშინელებათა ჟანრი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კულტურაში,ფრანკენშტაინის სახელით, ხშირად მიუთითებენ არა არსების შემქმნელზე, არამედ თავად არსებაზე.[9][10][11]

1931 წლის ფილმი "ფრანკენშტაინი" მიიჩნევა ამ რომანის ყველაზე გამორჩეულ კინოადაპტაციად, რომელშიც მთავარი როლი ბორის კარლოფმა შეასრულა.[12]

რომანი დაწერილია ეპისტოლარული ფორმით, რომელიც ასახავს მიმოწერას კაპიტან რობერტ უოლტონსა და მის დას, მარგარეტ უოლტონს სავილს შორის. ოდესღაც უოლტონი ოცნებობდა, გამხდარიყო მწერალი და ცდილობდა კიდეც, პოპულარობა მოეპოვებინა სამწერლო საქმიანობაში, მაგრამ ამჟამად ცოდნის გაფართოებისა და სახელის მოხვეჭის მიზნით მიემგზავრება ჩრდილოეთ პოლუსზე. მოგზაურობისას ეკიპაჟმა შენიშნა ძაღლების მარხილი, რომელსაც გიგანტური ფიგურა მართავდა. ამ დროს ეკიპაჟს მოუწია ნახევრად გაყინული და გამოფიტული მამაკაცის, ვიქტორ ფრანკენშტაინის შეფარება. როგორც აღმოჩნდა, ვიქტორს სწორედ ის გიგანტური მარხილი დადევნებოდა. ამის შემდეგ, ფრანკენშტეინი იწყებს ნელ-ნელა აღდგენას და იმის გამო, რომ უოლტონში ხედავს იმავე, მსგავს აკვიატებასა და დაუოკებელ სულს, უყვება საკუთარი უბედურების ისტორიას. ამის შემდეგ უკვე ვეცნობით ფრანკენშტაინის წარსულს.

ფრანკენშტაინის მონათხრობი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკენშტაინი დაიბადა ჟენევაში, შეძლებულ არისტოკრატთა ოჯახში. იგი ბავშვობიდან გატაცებული იყო იდუმალის შეცნობით და ოკულტური საკითხებისადმი დიდი მიდრეკილებით, მოზარდობისას კი ეცნობოდა ისეთივე ცნობილ ალქიმიკოსთან ნამუშევრებს, როგორებიც არიან პარაცელსუსი და კორნელიუს აგრიპა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამა ვიქტორი გაგზავნა სასწავლებლად ინგოლშტადტის პრესტიჟულ უნივერსიტეტში. იქ ის საკუთარი მასწავლებლის - ვალდმანის - გავლენით დაინტერესდა სიცოცხლისა და სიკვდილის წარმოშობის მიზეზით.

ორწლიანი კვლევის შემდეგ ვიქტორმა იპოვა გზა, როგორ გარდაქმნას უსულო ნივთიერება ცოცხალ მატერიაში და ამ აღმოჩენის დახმარებით მან შექმნა და გააცოცხლა გიგანტი. ახლადაღმოჩენილმა არსებამ შეაშინა ვიქტორი თავისი გარეგნობით, რამაც აიძულა მეცნიერი, გაქცეულიყო ლაბორატორიიდან. მას აგრეთვე სიცხის შეტევაც დაემართა.

გამოჯანმრთელების შემდეგ ვიქტორი ცდილობს, დაივიწყოს მომხდარი, თუმცა მალევე გაიგებს, რომ მისი უმცროსი ძმა - უილიამი - მოკლეს. ვიქტორი ბრუნდება ჟენევაში, ერთხელ ტყეში ღამით სეირნობისას კი მის მიერ შექმნილი მონსტრი შენიშნა. სასამართლომ უილიამის სიკვდილში დამნაშავედ სცნო ფრანკენშტაინების მსახური, ჯასტინ მორიცი, რადგან სწორედ მის ხელტ აღმოაჩინეს უილიამის მედალიონი. მორიცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ვიქტორი კარგად ხვდებოდა, რომ დამნაშავე არა მორიცი, არამედ მისი შემოქმედების ნაყოფია.

ამის შემდეგ, ურჩხული კვლავ ხვდება ვიქტორის და ეუბნება, რომ მან ლაპარაკი ერთი ოჯახის დახმარებით ისწავლა. ის ამ პერიოდში თურმე მათი სახლის ბეღელში ცხოვრობდა, რა დროსაც ფრანგული ენა აითვისა. ოჯახის უსინათლო წევრთან დამეგობრებისდ მცდელობის შემდეგ, იგი ამავე ოჯახის წევრებმა ცემეს, მისი საშინელი გამომეტყველებისდა გამო. ვიქტორმა ურჩხული საწვიმაში გამოწყობილი შენიშნა, რომელიც მან საკუთარი ლაბორატორიიდან წამოიღო. შემდეგ ურჩხულმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც თავისი სიმახინჯის გამო ყველგან განდევნეს, შემთხვევით გადაეყარა უილიამს და როცა გაიგო ვინ იყო, მოკლა.

მონსტრი ვიქტორს სთხოვს ქალი პატარძლის შექმნას. ვიქტორი თანხმდება და ერთ კუნძულზე გადადის სამუშაოს მიზნით, ღთუმცა, როცა გააცნობიერებს, რომ მისი ქმნილებების წყალობით დედამიწაზე არა ერთი, არამედ უამრავი მონსტრი შეიძლება გაჩნდეს, ის ანადგურებს ქალ მონსტრს. განრისხებული ურჩხული კი, შურისძიების მიზნით, ვიქტორის საუკეთესო მეგობარს - ჰენრი კლერვალს - სიცოცხლეს გამოასალმებს.

ჟენევაში დაბრუნებული სასოწარკვეთილი ვიქტორი ცოლად მოიყვანს საკუთარ ბავშვობის მეგობარს, ელიზაბეტ ლავენზას, მაგრამ ქორწილის ღამეს მის საძინებელში მონსტრი შემოდის და პატარძალს ახრჩობს. ელიზაბეტის სიკვდილის გამო მალევე გარდაიცვლება მისი მამა. შედეგად, მთელი ოჯახი აფორიაქდა, ვიქტორი კი შურიძიების პირობას დებს და საკუთარ ქმნილებას ძებნას უწყებს, რომელიც საკუთარ შემოქმედს ჩრდილოეთ პოლუსამდე ადევნინებს თავს.

ამ ამბის მომსმენი და ვიქტორის შემხედვარე უოლტონი გადაწყვეტს, აღარ გარისკოს მეტი და ეკიპაჟს უკან დახევისკენ უხმობს. მალევე ვიქტორ ფრანკენშტაინი კვდება. უოლტონი მალევე მეცნიერის სხეულთან ერთად აღმოაჩენს ურჩხულს. აქ ვეცნობით მის სინანულს, ჩადენილი სისასტიკის გამო კი გადაწყვეტს გადავიდეს ჩრდილოეთით და თავი მოიკლას. შედეგად, მონსტრი გემიდან გარბის.

თანამედროვე პრომეთე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თანამედროვე პრომეთე “ არის რომანის ქვესათაური (თუმცა თანამედროვე გამოცემები ახლა მას აშორებენ და მხოლოდ შესავალში ახსენებენ).[13] პრომეთე, ბერძნული მითოლოგიაში, იყო ტიტანი, რომელმაც შექმნა ადამიანები ღმერთების გამოსახულებით, რათა მათში, ზევსის ბრძანებით, სული ჩაეშვათ. შემდეგ პრომეთემ ადამიანებს ასწავლა ნადირობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან მოატყუა ზევსი, რომ მიეღო ადამიანებისგან „უხარისხო შეთავაზებები“, ზევსმა კაცობრიობისგან ცეცხლი შეინარჩუნა. პრომეთემ ზევსს ცეცხლი წაართვა კაცობრიობისთვის. როდესაც ზევსმა ეს აღმოაჩინა, პრომეთეს სამუდამო სასჯელი მიუსაჯა კავკასიონის კლდეზე დაბმით, სადაც ყოველდღე არწივი ჯიჯგნიდა მის ღვიძლს, მხოლოდ იმისთვის, რომ ღვიძლი მეორე დღესვე აღედგინა მისი, როგორც ღმერთის უკვდავების გამო.

როგორც ერთგვარი პითაგორელი და ჯოზეფ რიტსონის ნაწარმოების "Abstinance from Animal Food as a Moral Duty" გავლენის ქვეშ მყოფი, მერი შელი პრომეთეს ხედავდა არა როგორც გმირს, არამედ როგორც ბოროტ ძალას და ადანაშაულებდა მას დედამიწისთვის ცეცხლის მოტანაში, რის შედეგადაც კაცობრიობა ხორცის ჭამის მანკიერებამდე დაეცა.

როგორც ტერმინი, "თანამედროვე პრომეთე" მომდინარეობს იმანუელ კანტისგან, რომელმაც ბენჯამინ ფრანკლინს "თანამედროვეობის პრომეთე" უწოდა, ელექტრონიკაში გაწეული წვლილისდა გამო.[14]

ვილა დიოდატი ჟენევის მახლობლად - ადგილი, სადაც მერი შელი, პერსი შელი და ლორდ ბაირონი ისვენებდნენ.

1816 წლის ზაფხული უკიდურესად ცივი და წვიმიანი აღმოჩნდა - ეს იყო ე.წ. "წელი ზაფხულის გარეშე", მსგავსი უამინდობა კი დაკავშირებული იყო ვულკან ტამბორას ამოფრქვევასთან.[15][16] განმანათლებელ ინგლისელთა ჯგუფი შეიკრიბა ვილა დიოდატში, ჟენევის მახლობლად. ძლიერი უამინდობის გამო, დამსვენებლები ვერ ახერხებდნენ სახლიდან გასვლას და იძულებულნი გახდნენ, დროის უდიდესი ნაწილი ბუხართან გაეტარებინათ.

აქ ცნობილი ლიტერატურული გაეცნო გერმანულ საშინელებათა ზღაპრების კრებულს - ფანტასმაგორიანა (1812).[17] წიგნმა იმდენად დიდი გავლენა იქონია მწერლებზე, რომ ბაირონმა შესთავაზა თავის კოლეგებს, მოეწყოთ ერთგვარი შეჯიბრება - რაც შეიძლება მოკლე დროში ვინ უფრო საშიშ ისტორიას დაწერდა.[18] სწორედ აქ შეადგინა ბაირონმა მოთხრობა, რომელიც საფუძვლად დაედო დოქტორ ჯონ პოლიდორის ნაწარმოებს ვამპირი (1819), ხოლო მერი შელი, რომელიც იმ დროს მესმერიზმით იყო დაინტერესებული, შეადგინა ნაწარმოები მეცნიერისა და მის მიერ შექმნილი ურჩხულის შესახებ.

თავად ავტორი ირწმუნებოდა, რომ მან სახელი ფრანკენშტაინი სიზმარში იხილა. გერმანული სახელწოდება ფრანკენშტაინი ნიშნავს "ფრანკების ქვას" და ასოცირდება გერმანიაში არსებულ სხვადასხვა ლოკაციასთან, მათ შორის ფრანკენშტაინის ციხესთან. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს უშუალოდ ფრანკენშტაინის ციხის არაერთი ანალოგი, მათ შორის ქალაქ დარმშტადტთან, აგრეთვე ქალაქ პფალიცთან, ზაბკოვიცე შლასკიესთან, რომელიც დაკავშირებულია ფრანკენშტაინის მესაფლავეების საქმესთან და სხვა მრავალთან. თუმცა, სხვადასხვა მკვლევარი ამ ლოკაციის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ასე მაგალითად, რუმინელი აკადემიკოსი რადუ ფლორესკუ ვარაუდობდა, რომ მერი და პერსი ესტუმრნენ დარმშტადის მახლობლად არსებულ ფრანკენშტაინის ციხეს, რომელშიც ალქიმიკოსი იოჰან კონრად დიპელი ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანის სხეულზე.[19] სწორედ ეს უკანასკნელი, ლუიჯი გალვანისთან ერთად, მიიჩნევა მთავარი გმირის - ვიქტორის - ერთ-ერთ პროტოტიპად.

ნაწარმოების არსზე და მის იდეაზე დიდი გავლენა იქონია ჯონ მილტონის პოემამ - დაკარგული სამოთხე. მეტიც, არსებობს ვერსია, რომ სახელ "ვიქტორის" შთაგონება შელიმ სწორედ ამ წიგნიდან მიიღო.[20][21] მილტონი ხშირად მოიხსენიებს ღმერთს, როგორც "გამარჯვებულს დაკარგულ სამოთხეში" და ვიქტორის მიერ სიცოცხლის შექმნა რომანში შედარებულია ღმერთის მიერ სიცოცხლის დაკარგულ სამოთხეში შექმნასთან. გარდა ამისა, შელის მიერ ურჩხულის ასახვა დიდწილად ეხმიანება სატანის პერსონაჟს დაკარგულ სამოთხეში .

არსებობს ვერსია, რომ ფრანკენშტაინის ჩამოყალიბებაზე ინგლისელი ქიმიკოსისა და გამომგონებლის, ჰამფრი დეივის იდეებმაც დიდი გავლენა იქონია. მეორე გამოცემის (1821) განხილვისას ერთ-ერთი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ბრიტანელი წიგნში - ქიმიური ფილოსოფიის ელემენტები - მეცნიერი წერდა:

"მეცნიერებამ მიანიჭა ადამიანს ძალაუფლება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შემოქმედებითი. მან საშუალება მისცა ადამიანს, შეცვალოს მისი გარემო და გარშემომყოფები"

პერსისა და ბაირონის მიერ განხილული იდეები სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ იმდროინდელი მეცნიერებისთვის დიდად საინტერესო და იდუმალებით მოცულ საკითხს წარმოადგენდა. მათ განიხილეს ერასმუს დარვინისა და ლუიჯი გალვანის იდეები და შოტლანდიელი ექიმის, ჯეიმზ ლინდის ექსპერიმენტები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საუბარში ზემოხსენებული წიგნის ავტორიც იყო ჩართული, რომანში იგრძნობა ამ მეცნიერთა იდეებიც.

შელიმ წიგნზე მუშაობა 1817 წლის აპრილ/მაისში დაასრულა, ხოლო გამოსცა 1818 წლის 1 იანვარს, ლონდონის პატარა გამომცემლობა Lackington, Hughes, Harding, Mavor, & Jones-ში. იგი გამოიცა ანონიმურად, წინასიტყვაობაში შევხვდებოდით ავტორის მეუღლის მიერ დაწერილ წინასიტყვაობას, რომელშიც ეწერა, რომ რომანი ფილოსოფოსსა და ავტორის მამას - უილიამ გოდვინს - მიეძღვნა. თავდაპირველად გაიყიდა მისი 500 ეგზემპლარი, რომელიც სამტომეულისგან შედგებოდა.

სამი წლის შემდეგ წიგნი გამოიცა პარიზში, სადაც ნაწარმოების ავტორის ვინაობა გაჟღერდა.

1831 წელს მერი შელიმ ნაწარმოების მეორეჯერ გამოსცა დიდ ბრიტანეთში.

განსხვავებები 1818 და 1831 წლების გამოცემებს შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • პირველ გამოცემაში იყო ეპიგრაფი ჯონ მილტონის პოემიდან დაკარგული სამოთხე, 1831 წლის გამოცემაში კი ავტორმა ეს უკანასკნელი ამოიღო.
  • მეორე გამოცემაში პირველი თავი გაიხლიჩა და ორ ნაწილად დაიყო.
  • თუ პირველ გამოცემაში ელიზაბეთი მოხსენიებული იყო, როგორც ვიქტორის ბიძაშვილი, მეორე გამოცემაში ელიზაბეთი გვევლინება, როგორც დაობლებული, გაღატაკებული და ვიქტორისთვის უცხო პიროვნება.
  • ორიგინალურ ტექტსში ვიქტორი უფრო ფამილიარულად არის დახასიათებული, რასაც ვერ ვიტყვით მეორე გამოცემის შემთხვევაში - ამჯერად, შელი კრიტიკულია მისი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მიმართ.
  • შელიმ ამოიღო მრავალი მითითება სამეცნიერო იდეებზე, რომლებიც პოპულარული იყო 1818 წლისთვის - ანუ მაშინ, როცა რომანი პირველად გამოიცა.
  • 1831 წლის გამოცემაში, მრავალი პერსონაჟის დიალოგი მთლიანად ამოღებულია.

გამომდინარე 1818 წლის ანონიმური გამოცემისა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა კარგი რეკომენდაცია არ გაუწია ამ ნაშრომს. შოტლანდიელი პოეტი, უოლტერ სკოტი წიგნზე საუბრისას წერდა:[22]

"ესაა არაჩვეულებრივი ზღაპარი, რომელშიც ავტორი, როგორც ჩანს, გვაზიარებს პოეტური წარმოსახვის უჩვეულო ძალებს"

რიჩარდ ჰოლმსი რომანში იკვლევდა სულიერი მარტოობის, იზოლაციისა და გარიყულობის საკითხებს. ის აღნიშნავს, რომ სექსუალობის ძალა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და ინარჩუნებს მათ ადამიანურ საზოგადოებაში, აქ განადგურებულია მეწყვილეს, მეორის შეყვარებულის, ერთის მხრივ, ფრანკენშტეინის და მეორეს მხრივ, ურჩხულის მიერ. ისევე როგორც მათი სექსუალური ბედნიერების ორმხრივი იმედი და რომ შედეგად ორივე კარგავს კავშირს ადამიანურ საზოგადოებასთან, ორივე ხდება აუტსაიდერი, გარიყული, იტანჯებიან თავიანთი დანაშაულის ცოდნით და შურისძიების სურვილით.

2019 წელს BBC News-მა ფრანკენშტაინი 100 ყველაზე გავლენიანი რომანების სიაში შეიყვანა. 2021 წელს იგი შეიყვანეს ბრიტანული კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების ექვსეულში.

ამერიკელმა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ავტორმა, აიზეკ აზიმოვმა, შემოიღო ტერმინი ფრანკენშტაინის კომპლექსი, რომელიც გულისხმობს ჰუმანოიდი რობოტების მიმართ შიშს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://catalogue.bnf.fr/ark:/12148/cb11953887q
  2. (unspecified title)ISBN 0-8018-5975-1
  3. Hobbler, Dorthy and Thomas. The Monsters: Mary Shelley and the Curse of Frankenstein. Back Bay Books; 20 August 2007.
  4. Garrett, Martin. Mary Shelley. Oxford University Press, 2002
  5. Seymour, Miranda. Mary Shelley. Atlanta, GA: Grove Press, 2002. pp. 110–11
  6. McGasko, Joe. Her 'Midnight Pillow': Mary Shelley and the Creation of Frankenstein. ციტირების თარიღი: 2019-02-18
  7. Shelley, Mary. Paragraphs 11–13, "Introduction" Frankenstein (1831 edition) დაარქივებული January 2014, საიტზე Wayback Machine. Gutenberg
  8. The Detached Retina: Aspects of SF and Fantasy by Brian Aldiss (1995), p. 78.
  9. Bergen Evans, Comfortable Words, New York: Random House, 1957
  10. Bryan Garner, A Dictionary of Modern American Usage, New York, Oxford: Oxford University Press, 1998.
  11. Merriam-Webster's Dictionary of American English, Merriam-Webster: 2002.
  12. Anderson, John (2022-01-25). 'Boris Karloff: The Man Behind the Monster' Review: A Very Different Creature“. The Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-01-26.
  13. For example, the Longman study edition published in India in 2007 by Pearson Education
  14. RoyalSoc.ac.uk დაარქივებული 12 May 2013 საიტზე Wayback Machine. "Benjamin Franklin in London." The Royal Society. Retrieved 8 August 2007.
  15. Marshall, Alan. (January 2020) Did a Volcanic Eruption in Indonesia Really Lead to the Creation of Frankenstein?.
  16. Sunstein, 118.
  17. Dr. John Polidori, "The Vampyre" 1819, The New Monthly Magazine and Universal Register; London: H. Colburn, 1814–1820. Vol. 1, No. 63.
  18. paragraph 8, Introduction, Frankenstein 1831 edition
  19. Florescu 1996, p. 48–92.
  20. Wade, Phillip. "Shelley and the Miltonic Element in Mary Shelley's Frankenstein." Milton and the Romantics, 2 (December, 1976), 23–25.. ციტირების თარიღი: 5 August 2011
  21. Jones 1952, p. 496–97.
  22. Scott, Walter (March 1818). „Remarks on Frankenstein, or the Modern Prometheus; A Novel“. Blackwood's Edinburgh Magazine: 613–620. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2020. ციტირების თარიღი: 14 January 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანკენშტაინი“-დან