ტროის ცხენი
ტროის ცხენი — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც ბერძნებმა შიგ ოდისევსი და სხვა რჩეული გმირები ჩასხეს. ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროის კარებთან და თითქოს ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან გააბრუნეს. ტროელებმა ეს ღმერთების მიერ მიძღვნილ საჩუქრად მიიღეს, დაუჯერეს ცბიერ ტყვე სინონის რჩევას და ლაოკოონის წინასწარმეტყველების მიუხედავად ცხენი დიდის გაჭირვებით ქალაქში შეაგორეს. მხოლოდ აპოლონის ქურუმი ლაოკოონი აღუდგა წინ ამ განზრახვას.
ტროის აღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს. ეს მითი ასახულია ჰომეროსის ეპოსში, ვერგილიუსის — „ენეიდაში“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროის ცხენი“ დანაელთა (ბერძნებს დანაელებსაც უწოდებდნენ) საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ რაიმეს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 296 - თბილისი, „განათლება“, 1972.
|